წმინდა წერილი
მოძღვრება და აღთქმები 38


ნაწილი 38

წინასწარმეტყველ ჯოზეფ სმითის მეშვეობით მიღებული გამოცხადება ქ. ფაიეტი, ნიუ-იორკის ოლქი, 2 იანვარი, 1831 წ. ეკლესიის კონფერენციის მსვლელობისას.

1–6, ქრისტემ შექმნა ყოველი არსებული; 7–8, იგი არის თავის წმინდანთა შორის, რომლებიც მას მალე იხილავენ; 9–12, ყოველი ხორციელი გახრწნილია მის წინაშე; 13–22, მან შეინახა აღთქმული მიწა თავის წმინდანთათვის ამჟამიდან მარადისობამდე; 23–27, წმინდანებს ნაბრძანები აქვთ, იყვნენ ერთიანნი და ერთმანეთი ძმებივით დააფასონ; 28–29, ნაწინასწარმეტყველებია ომები; 30–33, წმინდანები ზეციდან მიიღებენ ძალას და უნდა წავიდნენ ყველა ერებს შორის; 34–42, ეკლესიას ნაბრძანები აქვს, იზრუნოს ღარიბებსა და გაჭირვებულებზე და ეძიოს მარადიული სიმდიდრენი.

1 ასე ამბობს უფალი, თქვენი ღმერთი, იესო ქრისტე, დიადი არსი ყოვლისა, მე ვარ ალფა და ომეგა, დასაწყისი და დასასრული, იგი, რომელიც ზემოდან უცქერდა უკიდეგანო მარადისობასა და ზეცის ცაბაოთ სერაფიმებს, სანამ ქვეყანა შეიქმნებოდა;

2 იგი, რომელმაც იცის ყველაფერი, ვინაიდან ჩემ თვალწინ არის ყოველივე;

3 მე ვარ ის, რომელმაც წარმოთქვა და შეიქმნა დედამიწა და ყოველივე არის ჩემ მიერ შექმნილი.

4 მე ვარ ის, რომელმაც გულში ჩავიკარი ენოქის სიონი; და ჭეშმარიტად გეუბნებით, რომლებმაც იწამეს ჩემი სახელი – ვინაიდან მე ვარ ქრისტე, მათ ვქომაგობდი მამის წინაშე, ჩემი სახელითა და ჩემი დაღვრილი სისხლის სათნოებით.

5 მაგრამ, აჰა, ბოროტთა ნარჩენს ვაკავებ ბნელეთის ჯაჭვებში დიდი განკითხვის დღემდე, რომელიც დედამიწის დასასრულის დღეს მოვა;

6 სწორედ ასე ვბრძანებ, რომ ბოროტნი დაკავებულ იქნენ, რომლებსაც არ სურთ ჩემი ხმის მოსმენა, იქვავებენ გულს და მათი ბედისწერაა – ვარამი, ვარამი, ვარამი.

7 მაგრამ, აჰა, ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით, რომ ჩემი მზერა მოპყრობილია თქვენზე. ვარ თქვენ შორის და თქვენ ვერ მხედავთ.

8 მაგრამ, მალე მოვა დღე, როდესაც თქვენ მიხილავთ და გაიგებთ, რომ მე ვარ; ვინაიდან მალე გაიფლითება ბნელეთის საბურველი და რომელიც არ არის განწმენდილი, იმ დღეს ვერ გადაიტანს.

9 ამიტომ, წელზე შემოირტყით და მოემზადეთ. აჰა, თქვენია სამეფო და მტერი ვერ დაგამარცხებთ.

10 ჭეშმარიტად გეუბნებით, თქვენ ხართ წმინდანი, მაგრამ ყველანი არა; და არ არის სხვა არავინ, რომელიც მოვიწონე;

11 ვინაიდან, ყოველი ხორციელი გახრწნილია ჩემ წინაშე; და ბნელეთის ძალა გავრცელდება დედამიწაზე ადამიანთა შვილებს შორის, ღვთის ცაბაოთ წინაშე –

12 რის გამოც დუმილი მეფობს, იტანჯება მარადისობა და ანგელოზები ელიან დიად ბრძანებას, რათა მოიმკან დედამიწა, რომ ღვარძლი შეკრიბონ ცეცხლში დასაწვავად; და აჰა, მტერი ერთიანია.

13 და ახლა, დაგანახებთ საიდუმლოს, რაც საიდუმლო საკნებშია, რათა დროთა განმავლობაში აღვასრულო თქვენი განადგურება და თქვენ ეს არ იცოდით;

14 მაგრამ, ახლა ამას გეუბნებით და კურთხეულნი ხართ, არა თქვენი ურჯულოების გამო, არც თქვენი ურწმუნო გულებისთვის; ვინაიდან, ჭეშმარიტად, ზოგიერთი თქვენგანი არის დამნაშავე ჩემ წინაშე, მაგრამ მე მოწყალე ვიქნები თქვენი სისუსტეებისადმი.

15 ამიტომ, ამიერიდან იყავით ძლიერნი, ნუ გეშინიათ, ვინაიდან თქვენია სასუფეველი.

16 და თქვენი ხსნისთვის გაძლევთ ბრძანებას, ვინაიდან შევისმინე თქვენი ლოცვები და ღარიბებმა შემომჩივლეს; და ჩემ მიერ შექმნილია მდიდარი და ჩემია ყოველი ხორციელი და არ ვარ მიკერძოებული.

17 და შევქმენი დედამიწა მდიდარი და აჰა, ეს არის ჩემი კვარცხლბეკი, ამიტომ მასზე კვლავ დავდგები.

18 და გთავაზობთ და ღირსად გთვლით, რომ მოგცეთ უფრო მეტი სიმდიდრენი, თავად აღთქმული მიწა, სადაც მოედინება რძე და თაფლი, სადაც არ იქნება წყევლა, როდესაც მოვა უფალი;

19 და გიბოძებთ მას თქვენი მემკვიდრეობის მიწად, თუ ეძებთ მას მთელი თქვენი გულით.

20 და ეს იქნება ჩემი აღთქმა თქვენთან: მას დაეუფლებით, როგორც თქვენი მემკვიდრეობის მიწას, ასევე თქვენი შვილების მემკვიდრეობისთვის სამუდამოდ, სანამ იარსებებს დედამიწა და მას დაეუფლებით მარადისობაში და მეტად აღარ გადაივლის.

21 მაგრამ, ჭეშმარიტად გეუბნებით, რომ დროთა განმავლობაში არ გეყოლებათ არც მეფე და არც მმართველი, ვინაიდან მე ვიქნები თქვენი მეფე და ზედამხედველი.

22 ამიტომ, მოისმინეთ ჩემი ხმა, მომყევით და იქნებით თავისუფალი ხალხი; და როცა მოვალ, არ გექნებათ კანონები, ჩემი კანონების გარდა, ვინაიდან მე ვარ თქვენი კანონმდებელი და წინ რა აღუდგება ჩემს ხელს?

23 მაგრამ, ჭეშმარიტად გეუბნებით, ერთმანეთს ასწავლეთ იმ მოწოდების შესაბამისად, რომელზეც თქვენ დაგნიშნეთ;

24 დაე, ყოველმა ადამიანმა დააფასოს საკუთარი ძმა, როგორც საკუთარი თავი; და ჩემ წინაშე ჩვევად ჰქონდეს სათნოება და სიწმინდე.

25 და კვლავ გეუბნებით: დაე, ყოველმა ადამიანმა დააფასოს საკუთარი ძმა, როგორც საკუთარი თავი.

26 ვინაიდან, თქვენ შორის რომელ ადამიანს ჰყავს თორმეტი შვილი და არ არის მიკერძოებული და ისინი მორჩილად ემსახურებიან მას და ერთს ეტყვის: ჩაიცვი მანტია და აქ დაჯექი; და მეორეს: ჩაიცვი ძველმანები და იქით დაჯექი – და გადახედავს თავის შვილებს და იტყვის: ვარ სამართლიანი?

27 აჰა, მოგეცით ეს იგავის სახით და ეს ჭეშმარიტად ჩემზეა. გეუბნებით: იყავით ერთიანნი, თუ არ იქნებით ერთიანნი, მაშინ ჩემი არ ხართ.

28 და კვლავ, გეუბნებით: მტერი საიდუმლო საკნებში ცდილობს თქვენი სიცოცხლის მოსწრაფებას.

29 გესმით ომების შესახებ შორეულ ქვეყნებში და ამბობთ, რომ მალე დიდი ომები იქნება შორეულ ქვეყნებში, მაგრამ არაფერი იცით თქვენი საკუთარი მიწის ადამიანთა გულებზე.

30 გეუბნებით ამას თქვენი ლოცვების გამო; ამიტომ, დაიუნჯეთ სიბრძნე მკერდში, რადგან ადამიანთა სიბოროტემ არ გაცნობოთ ყოველივე ეს თავიანთი სიბოროტით, იმდაგვარად, რომ თქვენს ყურებს ეტყვის უფრო მაღალი ხმით, რომელიც შეაზანზარებს დედამიწას; მაგრამ, თუ მზად იქნებით – არ შეგეშინდებათ.

31 რომ გამოაღწიოთ მტრის ძალაუფლებას და ჩემ წინაშე შეიკრიბოთ სამართლიან ხალხად, შეუბღალავნი და უმწიკვლონი –

32 ამიტომ, ამ მიზნით მოგეცით ბრძანება, წახვიდეთ ოჰაიოში და იქ გიბოძებთ ჩემს კანონს; და იქ მიიღებთ ძალას ზეციდან;

33 და იქიდან, რომლებსაც მე ვისურვებ, წავლენ ყველა ერს შორის და მათ უფალი ეტყვის, რა უნდა აკეთონ; ვინაიდან, დიდი საქმე მაქვს მათთვის მომზადებული, რადგან გადარჩება ისრაელი და გავუძღვები მათ, საითაც მსურს და ვერანაირი ძალა ვერ აღუდგება ჩემს ხელს.

34 და ახლა, ამ მხარეში, ეკლესიას ვაძლევ ბრძანებას, რომ მათ შორის ზოგიერთი ადამიანი დაინიშნოს მოწოდებაზე და ისინი უნდა დაინიშნონ ეკლესიის ხმით;

35 ისინი მიხედავენ ღარიბებსა და გაჭირვებულებს და დაეხმარებიან მათ, რომ არ დაიტანჯონ; და იმ ადგილზე გააგზავნიან მათ, სადაც ვუბრძანე;

36 და ეს იქნება მათი სამუშაო – მართონ ამ ეკლესიის ქონების საკითხები.

37 და მათ, ვისაც აქვთ ფერმები, რომელთა გაყიდვაც შეუძლებელია, დაე, თავიანთი შეხედულებისამებრ იჯარით გასცენ ან მიატოვონ.

38 თვალყური ადევნეთ, რომ ყველაფერი დაცული იყოს და როდესაც ადამიანს ებოძება ზეციდან ძალა და გაიგზავნება, ყოველივე ეს უნდა დაგროვდეს ეკლესიის წიაღში.

39 და თუ ეძებთ სიმდიდრეს, რომელიც მამის ნებაა, რომ გიბოძოთ, მაშინ იქნებით ყოველ ადამიანზე მდიდარნი, ვინაიდან გექნებათ მარადიული სიმდიდრე; ასე რომ, დედამიწის სიმდიდრე არის ჩემი, რათა გიბოძოთ; მაგრამ, მოერიდეთ ამპარტავნობას, რომ არ იქცეთ ძველ ნეფიელებად.

40 და კვლავ გეუბნებით: გაძლევთ ბრძანებას, რომ ყოველმა ადამიანმა, უხუცესმა, მღვდელმა, მასწავლებელმა და ასევე წევრმა იმუშაოს მთელი ძალით, საკუთარი ხელის შრომით, რათა მოამზადოს და აღასრულოს ის, რაც მე ვბრძანე.

41 დაე, თქვენი ქადაგება იყოს გამაფრთხილებელი ხმა, ყოველი ადამიანისა თავისი მოყვასისთვის, სიმშვიდითა და თვინიერებით.

42 და გაეცალეთ ბოროტთ. თავი გადაირჩინეთ. განიწმინდეთ თქვენ, უფლის ჭურჭლის მატარებელნო. სწორედ ასე. ამინ.