წმინდა წერილი
მოძღვრება და აღთქმები 63


ნაწილი 63

წინასწარმეტყველ ჯოზეფ სმითის მეშვეობით მიღებული გამოცხადება, კირტლანდი, ოჰაიო, 1831 წ. 30 აგვისტო. წინასწარმეტყველი, სიდნეი რიგდონი და ოლივერ ქაუდერი ჩავიდნენ კირტლანდში 27 აგვისტოს, მისურიდან მოგზაურობის შემდეგ. ჯოზეფ სმითის ისტორია აღწერს ამ გამოცხადებას: „ეკლესიის ადრეულ დღეებში იყო ძლიერი მისწრაფება ღვთის სიტყვის მიღებისკენ ყოველ საკითხზე, რომელიც რამენაირად ეხებოდა ჩვენს ხსნას; და ვინაიდან სიონი იმჟამად იყო ყველაზე მნიშვნელოვანი ამქვეყნიური საკითხი, მე მივმართე უფალს წმინდანთა შეკრების შესახებ, მიწის შეძენასა და სხვა საკითხებზე.“

1–6, მრისხანების დღე დაატყდება ბოროტთ; 7–12, რწმენით მოდის ნიშნები; 13–19, გულით მრუშნი უარყოფენ რწმენას და აღმოჩნდებიან ცეცხლის ტბაში; 20, მორწმუნენი მიიღებენ მემკვიდრეობას გარდაქმნილ დედამიწაზე; 21, ფერისცვალების მთაზე მომხდარი ამბის ჩანაწერები ჯერ არ გამოქვეყნებულა; 22–23, მორჩილნი მიიღებენ სასუფევლის საიდუმლოებებს; 24–31, მემკვიდრეობა სიონში უნდა შეძენილ იქნეს; 32–35, უფალი უშვებს ომებს და ბოროტნი ხოცავენ ბოროტთ; 36–48, წმინდანები უნდა შეიკრიბონ სიონში და უზრუნველყონ თანხები მის აღსაშენებლად; 49–54, კურთხევები უზრუნველყოფილია ერთგულთათვის, მეორედ მოსვლისას, აღდგომისა და ათასწლეულის ჟამს; 55–58, ეს არის გაფრთხილების დღე; 59–66, უფლის სახელს ამაოდ ახსენებენ ისინი, რომლებიც ამას აკეთებენ უფლებამოსილების გარეშე.

1 ყური დაუგდეთ, ხალხო, გაიხსენით გული, შორიდან მოუსმინეთ; და გაიგეთ, თქვენ, რომლებიც საკუთარ თავს უწოდებთ უფლის ხალხს, მოუსმინეთ უფლის სიტყვასა და მის ნებას თქვენ შესახებ.

2 დიახ, ჭეშმარიტად ვამბობ, მოისმინეთ მისი სიტყვა, რომლის რისხვა დაენთო ბოროტისა და აჯანყებულის წინააღმდეგ;

3 რომელსაც მიჰყავს ისინი, რომლების წაყვანაც სურს და სიცოცხლეს უნარჩუნებს მათ, რომელთა შენარჩუნებაც უნდა.

4 რომელიც აღაშენებს საკუთარი ნებისა და სურვილისამებრ; და ანადგურებს, როდესაც მოისურვებს და შეუძლია, ჩააგდოს სული ჯოჯოხეთში.

5 აჰა, მე, უფალი, ვიმაღლებ ხმას და მას დაემორჩილებიან.

6 ამიტომ, ჭეშმარიტად გეუბნებით: დაე, ბოროტნი ფრთხილად იყვნენ, დაე, აჯანყებულთ ეშინოდეთ და კანკალებდნენ; დაე, ურწმუნოებმა დახურონ თავიანთი ბაგენი, ვინაიდან რისხვის დღე დაატყდებათ, როგორც ქარბუქი და ყოველი ხორციელი გაიგებს, რომ მე ვარ ღმერთი.

7 რომელიც ნიშნებს ეძებს – იხილავს ნიშნებს, მაგრამ არა ხსნისას.

8 ჭეშმარიტად გეუბნებით: თქვენ შორის არიან ისინი, რომლებიც ეძებენ ნიშნებს და ასეთები იყვნენ დასაბამიდანვე;

9 მაგრამ აჰა, რწმენა არ მოდის ნიშნებით, მაგრამ მათ, რომლებსაც სწამთ, თან სდევთ ნიშნები.

10 დიახ, ნიშნები მოდის რწმენით, არა ადამიანის ნებით ან სურვილისამებრ, არამედ უფლის ნებით.

11 დიახ, რწმენით მოდის ნიშნები დიადი საქმეებისა, ვინაიდან რწმენის გარეშე ვერცერთ ადამიანს ვერ მოიწონებს ღმერთი; და რომელსაც ღმერთი უწყრება – არ იწონებს მას, ამის გამო, ასეთს ნიშნებს არ დაანახებს, მხოლოდ რისხვაში, მათ განსასჯელად.

12 ამიტომ მე, უფალი, უკმაყოფილო ვარ თქვენ შორის მათ გამო, რომლებიც ეძებენ ნიშნებსა და საოცრებებს რწმენისთვის და არა ადამიანთა სასიკეთოდ, ჩემი სიდიადისთვის.

13 მიუხედავად ამისა, ვაძლევ მცნებებს და მრავალმა ზურგი აქცია ჩემს მცნებებს და არ იცავდნენ მათ.

14 თქვენ შორის იყვნენ მრუშები; ზოგიერთმა მათგანმა ზურგი შეგაქციათ და სხვები ჯერ კიდევ თქვენთან არიან და შემდგომში გამოვლინდებიან.

15 დაე, ასეთნი ფრთხილად იყვნენ და სწრაფად მოინანიონ, რათა განკიცხვა არ დაატყდეთ თავზე, როგორც მახე და არ გასაჯაროვდეს მათი სისულელე და ჩადენილი საქმენი მათ უკან გაჰყვება ხალხის თვალში.

16 და ჭეშმარიტად გეუბნებით, როგორც აქამდე ვთქვი: ვინც გულისთქმით უყურებს ქალს ან მრუშობს გულში, მას არ ექნება სული, მაგრამ უარყოფს რწმენას და შეეშინდება.

17 ამიტომ, მე, უფალმა, ვთქვი: რომლებსაც ეშინიათ და არ სწამთ, ყოველი ტყუილის მთქმელნი და ნებისმიერი სიცრუის კეთების მოყვარულნი, მეძავენი და ჯადოქარნი, ესენი მიიღებენ თავიანთ წილს ცეცხლისა და გოგირდის ტბაში, რაც არის მეორედ სიკვდილი.

18 ჭეშმარიტად გეუბნებით, რომ ისინი ვერ მიიღებენ მონაწილეობას პირველ აღდგომაში.

19 და ახლა, აჰა, მე, უფალი, გეუბნებით, რომ არ ხართ გამართლებულნი, ვინაიდან ყოველივე ეს არის თქვენ შორის.

20 ამისდა მიუხედავად, რომელიც რწმენით გაუძლებს და ჩემს ნებას აღასრულებს, იგი გაიმარჯვებს და მიიღებს მემკვიდრეობას დედამიწაზე, როდესაც დადგება ფერისცვალების დღე;

21 როდესაც დედამიწა ფერს იცვლის იმგვარად, როგორც ეს დავანახე ჩემს მოციქულებს მთაზე, რომლის შესახებ სრული ჩანაწერი ჯერ არ მიგიღიათ.

22 და ახლა, ჭეშმარიტად გეუბნებით: როგორც ვილაპარაკე, ჩემს ნებას გაცნობებთ. აჰა, მე ამას გაცნობებთ არა მცნების სახით, ვინაიდან ბევრნი არიან ისეთნი, რომლებიც არ იცავენ ჩემს მცნებებს.

23 ხოლო ვინც იცავს ჩემს მცნებებს, ვუბოძებ ჩემი სასუფევლის საიდუმლოებებს და ისინი იქნება მათში და მარადიული ცხოვრების მჩქეფარე სიცოცხლის წყაროდ გადაიქცევა.

24 და ახლა, აჰა, ეს არის უფლის, თქვენი ღმერთის, ნება მის წმინდანებზე, რომ შეიკრიბონ სიონის მიწაზე, მაგრამ აუჩქრებლად, რათა არ იყოს არეულობა, რაც მოიტანს ჭირს.

25 აჰა, სიონის მიწა – მე, უფალს, მიკავია ხელში;

26 მიუხედავადა ამისა, მე, უფალი, ვაძლევ კეისარს კეისრისას.

27 ამიტომ, მე, უფალს, მსურს, შეიძინოთ მიწები, რათა გქონდეთ უპირატესობა ამასოფელში, რათა გქონდეთ კანონიერი უფლება ამასოფელში, რათა არ გაღვივდეს მათში წყრომა.

28 ვინაიდან, სატანა მათ გულში თქვენ წინააღმდეგ წყრომასა და სისხლისღვრას თესავს.

29 ამიტომ, სიონის მიწა მიიღება მხოლოდ შეძენით ან სისხლით, სხვაგვარად მემკვიდრეობა არ იქნება თქვენთვის.

30 და თუ შეძენით – აჰა, თქვენ ხართ კურთხეულნი;

31 და თუ სისხლით, რადგან აკრძალული გაქვთ სისხლისღვრა, აჰა, თქვენი მტრები დაგესხმიან თავს და გაგამათრახებენ ქალაქიდან ქალაქამდე, სინაგოგიდან სინაგოგამდე და მხოლოდ რამდენიმე დარჩება მემკვიდრეობის მისაღებად.

32 მე, უფალი, ვარ განრისხებული ბოროტებზე, ჩემს სულს ვაკავებ დედამიწის მცხოვრებთაგან.

33 რისხვაში დავიფიცე და ომები დავუშვი დედამიწის პირზე და ბოროტნი დახოცავენ ბოროტთ და შიში დაატყდება ყოველ ადამიანს;

34 და წმინდანებიც ასევე ძლივს გადარჩებიან; მიუხედავად ამისა მე, უფალი, მათთან ვარ და ჩამოვალ ზეცაში ჩემი მამის გარემოცვიდან და დავწვავ ბოროტთ უქრობი ცეცხლით.

35 და აჰა, ჯერ არა, მაგრამ ეს მალე მოხდება.

36 რადგან მე, უფალმა, ყოველივე ეს დავუშვი დედამიწის პირზე, ჩემი ნებაა, რომ ჩემი წმინდანები შეიკრიბონ სიონის მიწაზე.

37 და ყოველმა ადამიანმა უნდა აიღოს სამართლიანობა საკუთარ ხელში, წელზე კი – ერთგულება და აიმაღლოს ხმა დედამიწის მცხოვრებთა გასაფრთხილებლად; აუწყოს სიტყვითა და გაქცევით, რომ ბოროტთ თავს დაატყდება აოხრება.

38 ამიტომ, დაე, ჩემმა მოწაფეებმა კირტლანდში, რომლებიც ამ ფერმაზე ბინადრობენ, მოაწესრიგონ თავიანთი საქმენი.

39 დაე, ჩემმა მსახურმა, ტიტუს ბილინგსმა, რომელიც მას მეთვალყურეობს, მოიცილოს მიწა და მოემზადოს გაზაფხულისთვის, რათა ფერმაზე მცხოვრებთან ერთად გაემგზავროს სიონის მიწაზე, გარდა მათი, რომლებსაც დავიტოვებ ჩემთვის, რომლებიც არ წავლენ, სანამ არ ვუბრძანებ.

40 და მთელი თანხა, რომლის დაზოგვაც შესაძლებელია, არ აქვს ჩემთვის მნიშვნელობა, ბევრი იქნება თუ ცოტა, გაუგზავნონ სიონის მიწაზე მათ, ვინც დავნიშნე მის მისაღებად.

41 აჰა, მე, უფალი, ვუბოძებ ჩემს მსახურს, ჯოზეფ სმით უმცროსს, ძალას, სულით განასხვაოს ისინი, რომლებიც უნდა წავიდნენ სიონში, იმ ჩემი მოწაფეებისგან, რომლებიც უნდა დარჩნენ.

42 დაე, ჩემმა მსახურმა, ნუელ კ. უიტნიმ, დაიტოვოს თავისი მაღაზია ანუ ეს მაღაზია, კიდევ ცოტა ხნით.

43 ამისდა მიუხედავად, დაე, გადასცეს მთელი თანხა, რომლის გადაცემაც შეუძლია, სიონის მიწაზე გასაგზავნად.

44 აჰა, ყოველივე ეს არის მის ხელში, დაე, მოიქცეს სიბრძნის შესაბამისად.

45 ჭეშმარიტად გეუბნებით: დაე, იგი ხელდასხმულ იქნეს იმ მოწაფეთა ზედამხედველად, რომლებიც დარჩებიან, დაე, ამ ძალაუფლებით იქნეს ხელდასხმული;

46 და ახლა, სწრაფად ეწვიეთ ეკლესიებს, განუმარტეთ რა ყოველივე ეს ჩემს მსახურთან, ოლივერ ქაუდერისთან, ერთად. აჰა, ეს არის ჩემი ნება: შეაგროვეთ თანხები, როგორც გიბრძანეთ.

47 ის დაძლევს ამასოფელს, რომელიც ერთგული და მტკიცეა.

48 ვინც აგზავნის საგანძურს სიონის მიწაზე, მიიღებს მემკვიდრეობას ამ ქვეყნად და საქმენი მისი გაჰყვება უკან და ასევე ჯილდო – იმ ქვეყნად.

49 დიახ, ნეტარ არიან გარდაცვლილნი, რომლებიც უფალში გარდაიცვალნენ ამიერიდან; როდესაც მოვა უფალი და ძველი გაქარწყლდება და ყოველივე განახლდება, ისინი მკვდრეთით აღდგებიან და შემდგომ აღარ გარდაიცვლებიან და მიიღებენ უფლის წინაშე მემკვიდრეობას წმინდა ქალაქში.

50 და კურთხეულია, ვინც იცხოვრებს, როდესაც მოვა უფალი და იქნება ერთგული; ამისდა მიუხედავად, მისთვის დანიშნულია ადამიანის ასაკში გარდაცვალება.

51 ამიტომ, ბავშვები გაიზრდებიან სიბერემდე, მოხუცებულნი გარდაიცვლებიან, მაგრამ არ იქცევიან მტვრად, არამედ თვალის დახამხამებაში გარდაიქმნებიან.

52 ამიტომ, ამ მიზნით მოციქულები უქადაგებდნენ ამასოფელს მკვდრეთით აღდგომას.

53 ეს არის მოვლენები, რომელთაც უნდა ელოდოთ; და უფლის ნათქვამისამებრ ყოველივე ეს ახლოსაა და ახდება, როდესაც დადგება დრო ანუ კაცის ძის მოსვლის დღეს.

54 და იმ საათამდე იქნებიან უგუნური ქალწულები გონიერთა შორის; და იმ საათს მოხდება სამართლიანთა სრული განცალკევება ბოროტთაგან; და იმ დღეს მოვავლენ ანგელოზებს ბოროტთა ამოსაძრობად და უქრობ ცეცხლში ჩასაყრელად.

55 და ახლა, აჰა, ჭეშმარიტად გეუბნებით: მე, უფალი, ვარ უკმაყოფილო ჩემი მსახურის, სიდნეი რიგდონის, მან თავი აიმაღლა საკუთარ გულში და არ მიიღო რჩევა, ხოლო სული დააღონა;

56 ამიტომ, მისი ნაწერი მიუღებელია უფლისთვის და მან უნდა დაწეროს სხვა; და თუ უფალი იმასაც არ მიიღებს, აჰა, იგი აღარ იქნება თანამდებობაზე, რომელზეც მე დავნიშნე.

57 და კიდევ, ჭეშმარიტად გეუბნებით: მათ, რომლებსაც გულში თვინიერებით სურთ, გააფრთხილონ ცოდვილნი მოსანანიებლად, დაე, ხელდასხმულნი იყვნენ ამ უფლებამოსილებით.

58 ვინაიდან, ეს არის გაფრთხილების დღე და არა მრავალსიტყვაობისა; ვინაიდან მე, უფალი, არ ვიქნები ის, რომელსაც დასცინეს უკანასკნელ დღეს.

59 აჰა, ზემოდან ვარ და ძალაუფლება ჩემი არის ქვევით. ვარ ყველგან, ყოველივეში და ვაღწევ ყველაფერში; ვჭვრეტ ყველაფერს და დადგება დღე, როდესაც ყოველივე მე დამექვემდებარება.

60 აჰა, მე ვარ ალფა და ომეგა, იესო ქრისტე.

61 დაე, ყოველი ადამიანი ფრთხილად იყოს, როდესაც ჩემს სახელს იღებს ბაგეზე –

62 ვინაიდან, აჰა, ჭეშმარიტად ვამბობ, რომ არიან მრავალნი, რომლებიც ამ განაჩენის ქვეშ მოექცნენ, რომლებიც უფლის სახელს იყენებენ და აკეთებენ ამას ამაოდ, უფლებამოსილების გარეშე.

63 ამიტომ, დაე, მოინანიონ თავიანთი ცოდვები ეკლესიის წევრებმა და მე, უფალი, მათ ჩემიანებად ვცნობ; სხვაგვარად, ისინი უარყოფილნი იქნებიან.

64 გახსოვდეთ: რაც ზემოდან მოდის არის წმინდა და უნდა ილაპარაკოთ მასზე მოწიწებითა და სულის კარნახით; და განსასჯელი ამაში არ არის და თქვენი ლოცვის მეშვეობით მიიღებთ სულს; ასე რომ, ამის გარეშე განსასჯელი იქნება.

65 დაე, ჩემმა მსახურებმა, ჯოზეფ სმით უმცროსმა და სიდნეი რიგდონმა, მოძებნონ სახლი იმისდამიხედვით, როგორც იქნებიან დარიგებულნი სულის მიერ ლოცვის მეშვეობით.

66 ყოველივე ეს უნდა დაიძლიოს მოთმინებით, რათა ასეთებმა მიიღონ დიდების ბევრად დიდი და მარადიული სისავსე, თუ არა და უფრო მკაცრი განსასჯელი. ამინ.