ნაწილი 16
წინასწარმეტყველ ჯოზეფ სმითის მეშვეობით პიტერ ვიტმერ უმცროსისთვის მიღებული გამოცხადება, ქ. ფეიეტი, ნიუ-იორკი, 1829 წ. ივნისი. (იხ. მე-14 ნაწილის შესავალი). პიტერ ვიტმერ უმცროსი მოგვიანებით გახდება მორმონის წიგნის რვა მოწმიდან ერთ-ერთი.
1–2, უფლის ხელი მთელ დედამიწაზეა გაწვდილი; 3–6, სახარების ქადაგება და სულთა გადარჩენა არის ის, რაც ყველაზე ძვირფასია.
1 ყური დამიგდე, ჩემო მსახურო, პიტერ, და მოისმინე სიტყვები იესო ქრისტესი, შენი უფლისა და გამომსყიდველისა.
2 ვინაიდან, აჰა, გელაპარაკები სიმკაცრითა და ძალით, ვინაიდან ჩემი ხელი მთელ დედამიწაზეა გაწვდილი.
3 და გეტყვი იმას, რაც არავინ იცის, ჩემსა და შენს გარდა –
4 ვინაიდან მრავალჯერ ისურვე, ჩემგან გაგეგო ის, რაც შენთვის ყველაზე ძვირფასი იქნებოდა.
5 აჰა, კურთხეული ხარ ამისთვის და ჩემი მცნებების შესაბამისად ჩემი სიტყვების განცხადებისთვის.
6 და აჰა, გეუბნები, რომ ყველაზე ძვირფასი რამ შენთვის იქნება ამ ხალხისთვის მონანიების შესახებ უწყება, რათა სულები მოიყვანო ჩემთან, რათა მათთან ერთად განისვენო ჩემი მამის სასუფეველში. ამინ.