ნაწილი 47
წინასწარმეტყველ ჯოზეფ სმითის მეშვეობით მიღებული გამოცხადება, ქ. კირტლანდი, ოჰაიოს ოლქი, 8 მარტი 1831 წ. ჯონ ვიტმერი, რომელიც აქამდე მსახურობდა წინასწარმეტყველის მდივნად, ყოყმანობდა, როდესაც მას შესთავაზეს ეკლესიის ისტორიკოსის თანამდებობა ოლივერ ქაუდერის შესაცვლელად. იგი წერდა: „არ მაქვს ამის კეთების სურვილი, მაგრამ უფლის ნება შესრულდება; და ეს თუ მას სურს, ჩემი სურვილი იქნება, გამოაცხადოს ეს წინასწარმეტყველი ჯოზეფის მეშვეობით.“ ჯოზეფ სმითის ამ გამოცხადების მიღების შემდეგ ჯონ ვიტმერმა მიიღო შეთავაზება და იმსახურა დანიშნულ თანამდებობაზე.
1–4, ჯონ ვიტმერი დანიშნულია ეკლესიის ისტორიის ჩანაწერების შესანახად და წინასწარმეტყველის მწერლად.
1 აჰა, საჭიროდ მიმაჩნია, რომ ჩემმა მსახურმა, ჯონმა, აწარმოოს და შეინახოს ისტორიის ჩანაწერები და დაგეხმაროს შენ, ჩემო მსახურო, ჯოზეფ, ყოველივე იმის გადმოცემაში, რაც შენ გებოძება, იქამდე, სანამ არ მოვუწოდებ სხვა მოვალეობებზე.
2 და კიდევ, ჭეშმარიტად გეუბნები, რომ მასაც შეუძლია, ხმა აღიმაღლოს შეკრებებზე, როდესაც ეს იქნება საჭირო.
3 და კიდევ გეუბნები, რომ დაინიშნება იმისთვის, რომ მუდმივად ჩაიწეროს ეკლესიის ჩანაწერები და ისტორია; ვინაიდან, ოლივერ ქაუდერი დავნიშნე სხვა თანამდებობაზე.
4 ამიტომ, მას ეს ებოძება ნუგეშისმცემლისგან, თავისი ერთგულების შესაბამისად, რათა ჩაწეროს ყოველივე ეს. სწორედ ასე. ამინ.