ნაწილი 36
წინასწარმეტყველ ჯოზეფ სმითის მეშვეობით ედვარდ პატრიჯისთვის მიღებული გამოცხადება, ქ. ფაიეტთან ახლოს, ნიუ-იორკის ოლქი, 9 დეკემბერი, 1830 წ. (იხ. 35-ე ნაწილის შესავალი). ჯოზეფ სმითის ისტორიაში წერია, რომ ედვარდ პატრიჯი „იყო ნიმუში ღვთისმოშიშობისა და უფლის ერთ-ერთი უდიდესი ადამიანი.“
1–3, უფალი ხელს ასხამს ედვარდ პატრიჯს სიდნეი რიგდონის ხელით; 4–8, ყოველი ადამიანი, რომელიც მიიღებს სახარებასა და მღვდლობას, მოწოდებულია, წავიდეს და იქადაგოს.
1 ამას ამბობს უფალი ღმერთი, ძლევამოსილი ისრაელისა: აჰა, მე გეუბნები, ჩემო მსახურო, ედვარდ, რომ ხარ კურთხეული; შეგენდო ცოდვები და ხარ მოწოდებული, იქადაგო ჩემი სახარება საყვირის ხმით;
2 და მე ხელს დაგასხამ ჩემი მსახურის, სიდნეი რიგდონის, ხელით და მიიღებ ჩემს სულს, სულიწმინდას, ნუგეშისმცემელს, რომელიც გასწავლის სასუფევლის მშვიდობისმოყვარე საქმეებს;
3 და მაღალი ხმით გამოაცხადებ: ოსანა, დაე, კურთხეული იყოს უზენაესი ღმერთის სახელი.
4 და ახლა, გაძლევ ამ მოწოდებასა და ბრძანებას ყოველი ადამიანის შესახებ –
5 რომ ყოველი, რომელიც მოვა ჩემს მსახურებთან, სიდნეი რიგდონთან და ჯოზეფ სმით უმცროსთან, ამ მოწოდებისა და ბრძანების მიღებით, იქნება ხელდასხმული და გაგზავნილი ერთა შორის მარადიული სახარების საქადაგებლად –
6 იღაღადებენ რა მონანიებას, იტყვიან: გადაირჩინეთ თავი ამ გარყვნილი თაობისგან და ცეცხლიდან გამოდით, სამოსიც კი შეიძულეთ, რომელიც წაბილწულია ხორციელით.
7 და ეს ბრძანება მიეცემა ჩემი ეკლესიის უხუცესებს, რომ ყოველი ადამიანი, რომელიც მიიღებს ამას გულის მიზანსწრაფვით, ხელდასხმულ იქნეს და გაიგზავნოს, ჩემი ნათქვამის თანახმად.
8 მე ვარ იესო ქრისტე, ძე ღვთისა, ამიტომ, წელზე შემოირტყით და მე მოულოდნელად მოვალ ჩემს ტაძარში. სწორედ ასე. ამინ.