ნაწილი 109
კირტლანდის ტაძრის კურთხევისას წარმოთქმული ლოცვა, ოჰაიო, 27 მარტი, 1836 წ. წინასწარმეტყველის მიერ დაწერილი განცხადების შესაბამისად, ეს ლოცვა მან მიიღო გამოცხადებით.
1–5, კირტლანდის ტაძარი აშენდა როგორც ადგილი, კაცის ძის შესასვლელად; 6–21, ეს უნდა იყოს ლოცვის, რწმენის, სწავლის, ბრწყინვალების, წესისა და ღვთის სახლი; 22–33, დაე, დამარცხდნენ მოუნანიებელნი, რომლებიც უპირისპირდებიან უფლის ხალხს; 34–42, დაე, წმინდანები შეიმოსონ ძალით, სიონში სამართლიანთა შესაკრებად; 43–53, დაე, წმინდანები გამოხსნილ იქნენ იმ საშინელისგან, რაც უწმინდურთა თავზე უნდა გადმოიღვაროს უკანასკნელ დღეს; 54–58, დაე, მზად იყვნენ სახარებისთვის ერები, ხალხები და ეკლესიები; 59–67, დაე, გამოსყიდულ იქნენ იუდეველები, ლამანიელები და მთელი ისრაელი; 68–80, დაე, წმინდანები დაგვირგვინდნენ ბრწყინვალებითა და ღირსებით და მოიპოვონ მარადიული ხსნა.
1 შენს სახელს მადლობა, უფალო ღმერთო ისრაელისა, რომელიც იცავ აღთქმას და ავლენ მოწყალებას მსახურებისადმი, რომლებიც სამართლიანად დადიან შენთან ერთად მთელი გულით –
2 შენ, რომელმაც უბრძანე შენს მსახურებს, შენი სახელისთვის აეგოთ სახლი ამ ადგილას [კირტლანდი].
3 და ახლა, შენ ხედავ, უფალო, რომ შენმა მსახურებმა აღასრულეს შენი ბრძანებისამებრ.
4 და ახლა გთხოვთ, წმინდა მამაო, შენი წიაღის ერთადერთი ძის იესო ქრისტეს სახელით, რომლის სახელითაც შესაძლოა, ადამიანთა შვილებს მიეცეთ ხსნა – ჩვენ გთხოვთ, უფალო, მიიღე ეს სახლი. ჩვენი, შენი მსახურების, ხელის ქმნილება, რომელიც გვიბრძანე, აგვეშენებინა.
5 ვინაიდან იცი, რომ ეს სამუშაო შევასრულეთ დიდი განსაცდელისას; და ჩვენს სიღარიბეში გავიღეთ სახსრები, რათა შენს სახელზე აგვეგო სახლი, რომ კაცის ძეს ადგილი ჰქონოდა, გამოცხადებოდა თავის ხალხს.
6 და როგორც გვითხარი ბოძებულ გამოცხადებაში, გვიწოდე რა მეგობრები, სიტყვებით: მოიწვიეთ თქვენი საზეიმო კრება, როგორც მე გიბრძანეთ;
7 ვინაიდან ყველას არ აქვს რწმენა, ბეჯითად ეძიეთ და ასწავლეთ ერთმანეთს სიბრძნის სიტყვები; დიახ, ეძიეთ საუკეთესო წიგნებში სიბრძნის სიტყვები, ეძიეთ ცოდნა, არა მარტო სწავლით, ასევე რწმენით;
8 ჩამოყალიბდით, მოამზადეთ ყოველივე, რაც საჭიროა და ჩამოაყალიბეთ სახლი, დიახ ლოცვის სახლი, მარხვის სახლი, რწმენის სახლი, სწავლების სახლი, დიდების სახლი, წესრიგის სახლი, ღვთის სახლი;
9 რათა თქვენი შემოსვლები იყოს უფლის სახელით, რათა თქვენი წასვლები იყოს უფლის სახელით, რათა ყოველი თქვენი მისალმება იყოს უფლის სახელით, უზენაესისკენ ხელებაღმართული –
10 და ახლა, წმინდა მამაო, გთხოვთ, დაგვეხმარო შენს ხალხს, შენი მადლით, ჩვენი საზეიმო კრების მოწვევაში, რათა ეს გაკეთდეს შენს სადიდებლად და შენი ღვთაების მისაღებად;
11 და ისეთი წესით, რომ ღირსეულად გვცნო შენს თვალში, აღსასრულებლად დაპირებისა, რომელიც მოგვეცი შენს ხალხს, ჩვენთვის მოცემულ გამოცხადებაში.
12 რათა შენი ბრწყინვალება მოეფინოს შენს ხალხსა და ამ შენს სახლს, რომელსაც ახლა გიძღვნით, რომ იყოს განწმენდილი და ნაკურთხი, რათა იყოს წმინდა, რათა შენი წმინდა თანადგომა მუდამ იყოს ამ სახლში;
13 დაე, ყოველმა ადამიანმა, რომელიც უფლის სახლის ზღურბლს გადააბიჯებს, იგრძნოს შენი ძალა და იძულებული გახდეს აღიაროს, რომ შენ განწმინდე ის და რომ ეს შენი სახლია, ადგილი შენი სიწმინდისა.
14 და ნება გვიბოძე, წმინდა მამაო, რომ ყოველმა, ვინც გეთაყვანება ამ სახლში, ისწავლოს სიბრძნის სიტყვები საუკეთესო წიგნებში და ეძიოს ცოდნა არა მარტო სწავლით, ასევე რწმენით, როგორც შენ ბრძანე;
15 რათა გაიზარდონ შენში და მიიღონ სულიწმინდის სისავსე და ჩამოყალიბდნენ შენი კანონების შესაბამისად და მზად იყვნენ, მიიღონ ყოველივე, რაც საჭიროა;
16 დაე, ეს სახლი იყოს ლოცვის სახლი, სახლი მარხვის, სახლი რწმენის, სახლი დიდებისა და ღმერთის ანუ შენი სახლი;
17 რათა ყოველი შემოსვლა შენი ხალხისა ამ სახლში იყოს უფლის სახელით;
18 რათა ყოველი მათი გასვლა ამ სახლიდან იყოს უფლის სახელით;
19 რათა ყოველი მათი მისალმება იყოს უფლის სახელით, წმინდა ხელებით, უზენაესისკენ აღმართული;
20 რათა არცერთ უწმინდურს არ მიეცეს შენს სახლში შემოსვლის ნება მის დასაბინძურებლად;
21 და როდესაც შენი ხალხი შესცოდავს, ნებისმიერმა მათგანმა სწრაფად მოინანიოს და მობრუნდეს შენთან, მოიპოვოს კეთილგანწყობა შენს თვალში და აღდგენილ იქნეს კურთხევებში, რომლებიც შენი ბრძანებით უნდა გადმოიღვაროს მათზე, რომლებიც ქედს გიხრიან შენს სახლში.
22 და გთხოვთ, წმინდა მამაო, რომ შენი მსახურნი ამ სახლიდან წავიდნენ შენი ძალით შეიარაღებულნი და შენი სახელი იყოს მათზე, ბრწყინვალება მათ გარშემო და შენმა ანგელოზებმა იზრუნონ მათზე;
23 და ამ ადგილიდან მათ დაუმოწმონ ძალზედ დიადი და ბრწყინვალე ამბები, ჭეშმარიტებაში, დედამიწის კიდეებამდე, რათა მათ იცოდნენ, რომ ეს არის შენი საქმე და ხელი გაქვს გამოწვდილი, რათა აღასრულო ის, რაზეც წინასწარმეტყველთა პირით ლაპარაკობდი უკანასკნელი დღეების შესახებ.
24 ჩვენ გთხოვთ, წმინდა მამაო, დააფუძნო ხალხი, რომელიც გეთაყვანება, ღირსეულად ატარებს სახელს და იქნება ღირსეული აქ, შენს სახლში, ყოველ თაობაში და სამარადისოდ;
25 რომ მათ წინააღმდეგ დამზადებული არანაირი იარაღი არ იყოს წარმატებული; რამეთუ ვინც მათ ორმოს უთხრის, მასში თავად ჩავარდეს;
26 რომ სიბოროტის არცერთ შეთქმულებას არ შესწევდეს ძალა, აღიმართოს და სძლიოს შენს ხალხს, რომელზეც შენი სახელი იქნება მინიჭებული ამ სახლში;
27 თუ რომელიმე ხალხი აჯანყდება ამ ხალხის წინააღმდეგ, დაე, შენი რისხვა დაენთოს მათ წინააღმდეგ;
28 და თუ ისინი შემუსრავენ ამ ხალხს, შენ მათ შემუსრავ; იბრძოლებ შენი ხალხისთვის, როგორც ეს ბრძოლის დღეს გააკეთე, რათა გამოხსნილ იყვნენ ყოველი მტრის ხელიდან.
29 ჩვენ გთხოვთ, წმინდა მამაო, შეაცბუნე და გააოგნე და ჩააგდე სირცხვილსა და საგონებელში ყოველი, ვინც ავრცელებდა ცრუ ამბებს საზღვარგარეთ, მთელს მსოფლიოში, შენი მსახურისა ან მსახურთა წინააღმდეგ, თუ არ მოინანიებენ, როდესაც მარადიული სახარება ეუწყება მათ ყურს;
30 დაე, ყოველი მათი საქმე არარაობად იქცეს და განადგურდეს სეტყვითა და სასჯელით, რომელსაც მოავლენ მათზე შენს მრისხანებაში, რათა ბოლო მოეღოს სიცრუესა და პირშავობას შენი ხალხის წინააღმდეგ.
31 რამეთუ, შენ იცი, უფალო, რომ შენი მსახურნი უდანაშაულონი არიან შენ წინაშე, შენს სახელზე დამოწმებისას, რისთვისაც დაიტანჯნენ ყოველივე ამით.
32 ამიტომ, გევედრებით, ამ უღელისგან გამოგვიხსენი საბოლოოდ და სრულად;
33 უფალო, ჩამოაგდე ის, ჩამოაგდე ის შენი მსახურთა კისერთაგან შენი ძალით, რათა შევძლოთ ამ თაობას შორის აღდგომა და შენი სამუშაოს შესრულება.
34 ო, იეჰოვა, შეიწყალე ეს ხალხი, ვინაიდან ყოველი ადამიანი სცოდავს, შეუნდე შენს ხალხს შეცოდებანი, დაე, წაიშალოს ისინი სამუდამოდ.
35 დაე, შენს მსახურთა ზეთისცხება ჩაიბეჭდოს მათზე ზეციური ძალით.
36 დაე, ეს აღსრულდეს მათზე ისე, როგორც ორმოცდამეათე დღეს; დაე, ენების ძღვენი გადმოიღვაროს შენს ხახლზე ცეცხლის გაპობილი ენებივით და მათი თარგმნაც.
37 დაე, შენი სახლი აღივსოს შენი ბრწყინვალებით, ვითარცა ძლიერი ქარტეხილით მოსული.
38 მიაღებინე აღთქმის დამოწმება შენს მსახურებს, რათა როდესაც წავლენ და აუწყებენ შენს სიტყვას, შეძლონ კანონის ჩაბეჭვდა და შენს წმინდანთა გულების მომზადება იმ სასჯელისთვის, რომელსაც აპირებ, მრისხანებით მოავლინო დედამიწის მცხოვრებზე, მათი შეცოდებების გამო, რათა შენი ხალხი უბედურების დღეს არ დაეცეს.
39 და რომელ ქალაქშიც არ უნდა შევიდნენ შენი მსახურნი, ამ ქალაქის ხალხი თუ მიიღებს მათ დამოწმებას, დაე, შენი მშვიდობა და შენი ხსნა იყოს ამ ქალაქზე; რათა მათ შეკრიბონ მართალნი იმ ქალაქიდან და მოვიდნენ ისინი სიონში ან მის პალოებში, ადგილებში, რომლებიც შენ დაუნიშნე, მარადიული სიხარულის სიმღერებით.
40 და სანამ ეს არ აღსრულდება, დაე, ნუ დაატყდება შენი სასჯელი იმ ქალაქს.
41 და რომელ ქალაქშიც არ უნდა შევიდნენ შენი მსახურნი, თუ იმ ქალაქის ხალხი არ მიიღებს მათ დამოწმებას და შენი მსახურები გააფრთხილებენ მათ, რომ თავი გადაირჩინონ ამ გარყვნილი თაობისგან, დაე, იმ ქალაქს მოევლინოს, იმგვარად, როგორც ითქვა შენი წინასწარმეტყველთა პირით.
42 მაგრამ, იეჰოვა, გემუდარებით, გამოიხსენი შენი მსახურნი მათი ხელიდან და განწმინდე ისინი მათი სისხლისგან.
43 ო, უფალო, არ ვხარობთ ჩვენი მოყვასის განადგურებით, მათი სულები ძვირფასია შენ წინაშე;
44 მაგრამ, შენი სიტყვა უნდა აღსრულდეს. შეეწიე შენი მადლით შენს მსახურებს, რათა თქვან: იყოს შენი ნება, უფალო, და არა ჩვენი.
45 ჩვენ კიცით, რომ შენ წინასწარმეტყველთა პირით იწინასწარმეტყველე უკანასკნელ დღეებში საზარელი მოვლენები ბოროტთათვის, რომ გადმოღვრი შენს სასჯელს უზომოდ;
46 ამიტომ, უფალო, გამოიხსენი შენი ხალხი ბოროტთა უბედურებისგან; შესაძლებლობა მიეცი შენს მსახურებს, ჩაბეჭდონ კანონი და გაამტკიცონ დამოწმება, რათა მზად იყვნენ დაწვის დღისთვის.
47 ჩვენ გთხოვთ, წმინდა მამაო, არ დაივიწყო ისინი, რომლებიც გააძევეს მისურის ჯექსონის ოლქის მცხოვრებლებმა თავიანთი მემკვიდრეობის მიწებიდან და დაამსხვრიე ეს გაჭირვების უღელი, რომელიც მათ დააწვა.
48 შენ იცი, უფალო, რომ ისინი ძალზედ შევიწროებულ და დატანჯულ იქნენ ბოროტი ადამიანების მიერ და ჩვენი გული მწუხარებით მოზღვავებულია მათი მძიმე ტვირთის გამო.
49 უფალო, როდემდე დაუშვებ, რომ ეს ხალხი იტანდეს ამ გაჭირვებას და მათი უდანაშაულოთა ღაღადი აღწევდეს შენს ყურამდე და სისხლი მათი მოდიოდეს დამოწმებად შენ წინაშე და არ გამოავლენ შენს დამოწმებას მათთვის?
50 უფალო, შეიწყალე ბოროტთა ბრბო, რომელმაც გააძევა შენი ხალხი, რათა შეწყვიტონ ძარცვა, რომ მოინანიონ ცოდვები, თუ შესაძლებელი იქნება მონანიება.
51 მაგრამ, თუ არ მოინანიებენ – გაიშიშვლე მკლავი, უფალო, და გამოიხსენი, რაც სიონად დანიშნე შენი ხალხისთვის.
52 და ეს თუ ვერ იქნება სხვაგვარად, რათა შენ წინაშე შენი ხალხის საქმე არ დაიღუპოს, დაე, დაენთოს შენი რისხვა და მათ დაატყდეთ თავს შენი გულისწყრომა, რათა გამოეფიტოთ, როგორც ფესვები, ასევე რტოები ზეცის ქვეშ;
53 მაგრამ, რამდენადაც მოინანიებენ, ხარ რა მოწყალე და ლმობიერი და შეაბრუნებ შენს რისხვას, როდესაც შეხედავ შენი ზეთცხებულის სახეს.
54 შეიწყალე, უფალო, დედამიწის ყოველი ერი; შეიწყალე ჩვენი მიწის მმართველები; დაე, ის პრინციპები, რომლებიც ასე ღირსეულად და კეთილშობილურად დაიცვეს ჩვენმა მამებმა, სახელდობრ ჩვენი მიწის კონსტიტუცია, დაფუძნებულ იქნეს სამუდამოდ.
55 არ დაივიწყო მეფენი, უფლისწულნი, კეთილშობილნი და დიდებულნი დედამიწისა, ყოველი ხალხი და ეკლესია, ყოველი ღარიბი, ღატაკი და გაჭირვებული დედამიწაზე;
56 დაე, მათ გული მოულბეთ, როდესაც შენი მსახურნი წავლენ შენი სახლიდან, ო, იოეჰოვა, რათა გააზიარონ დამოწმება შენს სახელზე; დაე, მათმა ცრურწმენამ გზა დაუთმოს ჭეშმარიტებას და შენმა ხალხმა კეთილგანწყობა მოიპოვოს ყველას თვალში.
57 რათა დედამიწის ყველა კიდემ იცოდეს, რომ ჩვენ, შენმა მსახურებმა, მოვისმინეთ შენი ხმა და რომ შენ გაგვაგზავნე;
58 რათა ყველა მათთაგან, შენმა მსახურებმა, იაკობის შვილებმა, შეძლონ მართალთა შეკრება, რომ აუშენოს წმინდა ქალაქი შენს სახელს, როგორც შენ მათ უბრძანე.
59 გთხოვთ, დაუნიშნო სიონს სხვა პალოებიც იმის გარდა, რაც დანიშნე, რათა შენი ხალხის შეკრება გრძელდებოდეს დიდი ძალით და სიდიადით, რათა შენი სამუშაო სამართლიანობაში შემცირდეს.
60 უფალო, ახლა, ეს სიტყვები, უფალო, შენ წინაშე წარმოვთქვით გამოცხადებებისა და მცნებებთან მიმართებაში, რომლებიც გვიბოძე ჩვენ წარმართებთან ერთად.
61 მაგრამ შენ იცი, რომ გაქვს დიდი სიყვარული იაკობის შვილებისადმი, რომლებიც დიდი ხანი გაფანტულნი იყვნენ მთებში, ღრუბლიან და ბნელ დღეს.
62 ამიტომ, გთხოვთ, შეიწყალო იაკობის შვილები, რათა ამ საათიდან დაიწყოს იერუსალიმის გამოსყიდვა.
63 და დაიწყოს დავითის სახლზედ მონობის უღელის მსხვრევა;
64 და იუდას შვილებმა დაიწყონ დაბრუნება მიწებზე, რომლებიც შენ უბოძე აბრაამს, მათ მამას.
65 და დაუშვი, რომ იაკობის ნარჩენნი, რომლებიც თავიანთი შეცოდების გამო იყვნენ დაწყევლილნი და ნაცემნი, თავიანთი ველური და გარეული მდგომარეობიდან მოქცეულ იქნენ მარადიული სახარების სისრულისკენ;
66 რათა დათმონ სისხლისღვრის იარაღი და შეწყვიტონ ჯანყი.
67 დაე, ისრაელის ყოველი გაფანტული ნარჩენი, რომელიც გაძევებულ იქნა დედამიწის კიდეებამდე, ჭეშმარიტების გააზრებამდე მივიდეს, იწამოს მესია, გამოხსნილ იქნეს ჩაგვრიდან და გაიხაროს შენ წინაშე.
68 უფალო, არ დაივიწყო შენი მსახური, ჯოზეფ სმით უმცროსი და ყოველი მისი გაჭირვება და დევნა – როგორ დადო აღთქმა იეჰოვასთან და აღგითქვა შენ, ძლევამოსილო ღმერთო იაკობისა – და ბრძანებები, რომლებიც მას მიეცი და რომ იგი გულწრფელად ცდილობს, აღასრულოს შენი ნება.
69 შეიწყალე, უფალო, მისი მეუღლე და შვილები, რათა ამაღლდნენ შენს გარემოცვაში და დაცულნი იყვნენ შენი მფარველი ხელით.
70 შეიწყალე ყოველი მათი ახლო ნათესავი, რათა მათი ცრურწმენა დამსხვრეული და გახვეტილი იქნეს შორს, როგორც ნიაღვრით, რათა მოქცეულ და გამოხსნილ იქნენ ისრაელთან და იცოდნენ, რომ შენ ხარ ღმერთი.
71 არ დაივიწყო, უფალო, პრეზიდენტები, შენი ეკლესიის ყოველი პრეზიდენტი, რათა შენი მარჯვენა ხელით აამაღლო ყოველი, ოჯახთან და ახლო ნათესავებთან ერთად, რათა უკვდავყოფილი იქნეს მათი სახელები და იყოს მარადიული ხსოვნა თაობიდან თაობაზე.
72 არ დაივიწყო მთელი შენი ეკლესია, უფალო, ყველა მისი ოჯახითა და ახლო ნათესავით, ყველა მისი ავადმყოფითა და ტანჯულით, ყველა მისი ღარიბითა და დედამიწის თვინიერით; რათა სასუფეველი, რომელიც ხელუხლებლად ჩამოაყალიბე, გადაიქცეს დიდ მთად და აღავსოს მთელი დედამიწა.
73 რათა შენი ეკლესია გამოვიდეს ბნელეთის უდაბნოდან და გაანათოს ბრწყინვალედ, ვითარცა მთვარემ, კაშკაშად, როგორც მზემ და ალმებიანი ჯარივით თავზარდამცემად.
74 და იყოს მორთული პატარძალივით იმ დღისთვის, როდესაც გამოაჩენ ზეცას და აიძულებ მთებს, დამდაბლდნენ შენ წინაშე და ველებს – ამაღლდნენ, გასწორდება უსწორმასწორო ადგილები, რათა შენმა ბრწყინვალებამ აღავსოს დედამიწა;
75 ვინაიდან, როდესაც საყვირის ხმა დაჰყვირებს გარდაცვლილთათვის, აყვანილ ვიქნებით ღრუბლებში შენთან შესახვედრად, რათა მარად უფალთან ვიყოთ;
76 რათა ჩვენი სამოსი იყოს წმინდა, რათა ვიყოთ სამართლიანობის სამოსელით შემოსილნი, ხელში ბზის ტოტებითა და თავზე ბრწყინვალების გვირგვინით, მარადიული სიხარულით დაჯილდოებულნი მთელი ჩვენი ტანჯვისთვის.
77 ო, უფალო, ღმერთო ყოვლადძლიერო, შეისმინე ჩვენი თხოვნა და გვიპასუხე ზეციდან, შენი წმინდა საცხოვრებლიდან, სადაც ტახტზე ზიხარ, შემოსილი ბრწყინვალებით, დიდებით, ძალაუფლებით, სიდიადით, ძლევამოსილებით, ბატონობით, ჭეშმარიტებით, სამართლიანობით, სამსჯავროთი, გულმოწყალებით და უსასრულო სისავსით, მარადისობიდან მარადისობამდე.
78 შეისმინე, შეისმინე, შეისმინე ჩვენი, უფალო! და გვიპასუხე თხოვნაზე და მიიღე ამ სახლის შენ მიმართ მიძღვნა, ჩვენი ხელის ნაშრომი, რომელიც შენს სახელზე ავაგეთ;
79 ასევე ეს ეკლესია, რათა მას ვუბოძოთ შენი სახელი და დაგვეხმარე შენი სულის ძალით, რათა შევძლოთ ჩვენი ხმების გაერთიანება იმ კაშკაშა ელვარე სერაფიმებთან შენი ტახტის გვერდზე, ქება-დიდების შეძახილებით, ვუმღეროთ ჰოსანა ღმერთსა და კრავს!
80 დაე, ეს შენი ზეთცხებულნი, შეიმოსონ ხსნით და შენმა წმინდანებმა ხმამაღლა სიხარულით შესძახონ. ამინ – ამინ.