წმინდა წერილი
მოძღვრება და აღთქმები 119


ნაწილი 119

წინასწარმეტყველ ჯოზეფ სმითის მეშვეობით მიღებული გამოცხადება, ფარ ვესტი, მისური, 8 ივლისი, 1838 წ. ლოცვაზე „უფალო, მიუთითე შენს მსახურს, რამდენს მოითხოვ შენი ხალხის ქონებიდან მეათედში“ თხოვნის საპასუხოდ. ამ გამოცხადებამდე მეათედის კანონი, როგორც ეს დღეს გვესმის, ჯერ არ იყო მოცემული ეკლესიაში. ტერმინი მეათედი, რაც ამ ლოცვაში და წინა გამოცხადებებში არის ციტირებული (64:23; 85:3; 97:11) ნიშნავდა არა მხოლოდ ერთ მეათედს, არამედ ყველაფერს ნებაყოფლობით შემოწირულს ან ეკლესიის ფონდში შეტანილს. უფალმა მანამდე უბოძა ეკლესიას მიძღვნისა და ქონების მმართველობის კანონი, რომელიც მიიღეს წევრებმა (უმთავრესად წინამძღვარმა უხუცესებმა) როგორც აღთქმა, რომელიც უნდა ყოფილიყო მარადიული. წარუმატებლობის გამო, ვინაიდან მრავალი არ იცავდა ამ აღთქმას, უფალმა ის დროებით უკან წაიღო და მის ნაცვლად მთელ ეკლესიას უბოძა მეათედის კანონი. წინასწარმეტყველი ეკითხებოდა უფალს, მათი ქონებიდან რა ნაწილს ითხოვდა იგი წმინდა მიზნებისთვის. პასუხი იყო ეს გამოცხადება.

1–5, წმინდანებმა უნდა გადაიხადონ ნამატი ქონების და შემდეგ როგორც მეათედი, ყოველწლიურად თავიანთი შემოსავლის ერთი მეათედი; 6–7, ასეთი გზით განიწმინდება სიონის მიწა.

1 ჭეშმარიტად, ასე ამბობს უფალი: მე მოვითხოვ, მათი მთელი ზედმეტი ქონება ხელში გადაეცეს ჩემი ეკლესიის ეპისკოპოსს სიონში,

2 ჩემი სახლის ასაშენებლად და სიონის საძირკველის ჩასაყრელად, სამღვდელოებისთვის და ჩემი ეკლესიის პრეზიდენტთა ვალებისთვის.

3 და ეს იქნება ჩემი ხალხის მიერ მეათედის გადახდის დასაწყისი.

4 და ამის შემდეგ, რომლებიც ამგვარად მეათედით არიან ვალდებულნი, გადაიხდიან ერთ მეათედს თავიანთი შემოსავლიდან ყოველწლიურად; და ეს იქნება უცვლელი კანონი მათთვის სამუდამოდ, ჩემი წმინდა სამღვდელოებისთვის, – ამბობს უფალი.

5 ჭეშმარიტად გეუბნებით: იქნება ასე, რომ ყოველი, ვინც სიონის მიწაზე იკრიბება, ვალდებული იქნება, გადაიხადოს მეათედი საკუთარი ზედმეტი ქონებიდან და უნდა დაიცვან ეს კანონი, თორემ არ იქნებიან ცნობილნი ღირსეულად, იცხოვრონ თქვენ შორის.

6 და გეუბნებით, ჩემი ხალხი თუ არ დაიცავს ამ კანონს, რათა წმინდა ჰყოს იგი და ამ კანონით განწმინდოს სიონის მიწა ჩემთვის, რათა იქ სრულდებოდეს ჩემი წესები და განაჩენები, რათა ის იყოს ყველაზე წმინდა, აჰა, ჭეშმარიტად გეუბნებით, ეს თქვენთვის სიონის მიწა არ იქნება.

7 და ეს იქნება სიონის ყოველი პალოსთვის მაგალითი. სწორედ ასე. ამინ.