იარომის წიგნი
თავი 1
ნეფიელები იცავენ მოსეს რჯულს, მოელიან ქრისტეს მოსვლას და მიწაზე აყვავდებიან. მრავალი წინასწარმეტყველი შრომობს, რათა შეინარჩუნოს ადამიანები ჭეშმარიტების გზაზე. დაახლოებით 399–361 წწ. ჩვენს წელთაღრიცხვამდე.
1 ახლა, აჰა, მე, იარომი, ვწერ რამდენიმე სიტყვას მამაჩემის, ენოსის, ბრძანების შესაბამისად, რათა ჩვენი გვარტომობა იყოს ჩაწერილი.
2 და რადგან ეს ფირფიტები პატარებია და ეს სიტყვები დაწერილია იმ მიზნით, რომ სარგებელი მოუტანონ ჩვენს ძმებს, ლამანიელებს, აუცილებელია, რომ მე ცოტაოდენი დავწერო, მაგრამ არ დავწერ ჩემს წინასწარმეტყველებებზე და არც ჩემს გამოცხადებებზე. რადგან იმაზე მეტი რა შემიძლია დავწერო, რაც ჩემმა მამებმა დაწერეს? რადგან, ნუთუ მათ არ გაგვანდეს ხსნის გეგმა? მე გეუბნებით, დიახ; და ეს საკმარისია ჩემთვის.
3 აჰა, აუცილებელია, რომ ბევრი გაკეთებულიყო ამ ხალხს შორის მათი გაქვავებული გულების, დაყრუებული ყურებისა და მათი გონების დაბნელების და მათი ქედფიცხელობის გამო; მიუხედავად ამისა, ღმერთი ძალზედ მოწყალეა მათ მიმართ და ჯერჯერობით არ აღუგვია ისინი მიწის პირიდან.
4 და ჩვენ შორის არიან ბევრნი, რომლებსაც აქვთ მრავალი გამოცხადება, რადგან ისინი არ არიან ყველანი ქედფიცხელნი. და ყველანი, რომლებიც არ არიან ქედფიცხელნი და აქვთ რწმენა, თანაზიარნი არიან სულიწმინდასთან, რომელიც უცხადებს ადამიანთა შვილებს, მათი რწმენის შესაბამისად.
5 და ახლა, აჰა, ორასი წელი გავიდა და ნეფის ხალხი მყარად დამკვიდრდა ამ მიწაზე. ისინი ცდილობდნენ მოსეს რჯულისა და შაბათი დღის წმინდად დაცვას უფლისათვის. და არ ბილწობდნენ; არც მკრეხელობდნენ. და ქვეყნის კანონებიც იყო ძალზედ მკაცრი.
6 და ისინი ამ მიწის პირზე, შორს იყვნენ გაფანტულნი, ასევე ლამანიელებიც. და ისინი იყვნენ უფრო მეტად მრავალრიცხოვანნი, ვიდრე ნეფიელები; და მათ უყვარდათ ხოცვა და მხეცთა სისხლს სვამდნენ.
7 და იყო ასე, რომ ისინი მრავალჯერ მოვიდნენ ჩვენი, ნეფიელების, წინააღმდეგ საომრად. მაგრამ ჩვენი მეფენი და წინამძღვარნი იყვნენ ძლევამოსილნი უფლის რწმენაში; და ისინი ხალხს ასწავლიდნენ უფლის გზას; ამიტომ, ჩვენ გავუძელით ლამანიელებს და გამოვრეკეთ ჩვენი მიწებიდან და დავიწყეთ ჩვენი ქალაქების ან ჩვენი მემკვიდრეობის ყველანაირი ადგილების გამაგრება.
8 და ჩვენ ძალზედ გავმრავლდით და გავფართოვდით მიწის პირზე; და გავხდით ძალზედ მდიდარნი ოქროთი და ვერცხლით და ძვირფასი ნივთებით, ხისგან ნატიფი ნაკეთობებით, ნაგებობებითა და მექანიზმებით, ასევე რკინითა და სპილენძით და თითბრით და ფოლადით, ვაკეთებდით რა ყველანაირ იარაღს მიწის დასამუშავებლად და საბრძოლო იარაღს, დიახ, ბასრად წაწვეტებულ ისარსა და კაპარჭს, ხელშუბსა და სატყორცნ შუბს და ყოველგვარ საომარ სამზადისს.
9 და რადგან ჩვენ მომზადებულნი ვიყავით ლამანიელთა დასახვედრად, მათ ჩვენ წინააღმდეგ წარმატებას ვერ მიაღწიეს. მაგრამ დამოწმდა უფლის სიტყვა, რომელიც მან ჩვენს მამებს უთხრა: რამდენადაც დაიცავთ ჩემს მცნებებს, იმდენად აყვავდებით ამ მიწაზე.
10 და იყო ასე, რომ უფლის წინასწარმეტყველნი ემუქრებოდნენ ნეფის ხალხს, ღვთის სიტყვის მიხედვით, რომ თუ არ დაიცავენ მცნებებს და ჩაცვივდებიან შეცოდებაში, მიწის პირიდან იქნებიან განადგურებულნი.
11 ამიტომ, წინასწარმეტყველებიცა და მღვდლებიც და მასწავლებლებიც ბეჯითად შრომობდნენ, მთელი თავიანთი სულგრძელობით მოუწოდებდნენ ხალხს სიბეჯითისაკენ, ასწავლიდნენ რა მოსეს რჯულს და იმ მიზანს, რომლისთვისაც ის იყო მოცემული; არწმუნებდნენ მათ, დალოდებოდნენ მესიას და ეწამათ მისი მოსვლა ისე, თითქოს ის უკვე მოსული იყო. და ამგვარად ასწავლიდნენ ისინი მათ.
12 და იყო ასე, რომ ამგვარი ქმედებით ისინი მათ მიწის პირიდან განადგურებისაგან იცავდნენ, რადგან ისინი ქენჯნიდნენ მათ გულებს სიტყვით, გამუდმებით უბიძგებდნენ მათ მონანიებისკენ.
13 და იყო ასე, რომ ორას ოცდათვრამეტმა წელმა ჩაიარა – ომებსა და განხეთქილებებში და უთანხმოებაში – დროის უმეტესმა ნაწილმა.
14 და მე, იარომი, არ ვწერ მეტს, რადგან ფირფიტები პატარებია. მაგრამ, აჰა, ჩემო ძმებო, თქვენ შეგიძლიათ მიმართოთ ნეფის სხვა ფირფიტებს, რადგან, აჰა, მათზეა ამოტვიფრული ჩანაწერები ჩვენს ომებზე, მეფეთა ნაწერების მიხედვით ან რაც მათ ბრძანეს, რომ ჩაწერილიყო.
15 და მე გადავცემ ამ ფირფიტებს ჩემი შვილის, ომნის, ხელში, რათა ისინი შენახულ იქნენ ჩემი მამების ბრძანებების შესაბამისად.