გენერალური კონფერენცია
ჩვენი ურთიერთობა ღმერთთან
2022 წ. აპრილის გენერალური კონფერენცია


ჩვენი ურთიერთობა ღმერთთან

მე ვმოწმობ, რომ რაც არ უნდა მოჰყვეს ჩვენს მოკვდავ გამოცდილებას ჩვენ შეგვიძლია ვენდოთ ღმერთს და ვიპოვოთ მასში სიხარული.

ისევე, როგორც იობს ძველ აღთქმაში, ზოგიერთ ადამიანს ზოგჯერ ეუფლება გრძნობა, რომ ღმერთმა მიატოვა. იმის გამო, რომ ღმერთს აქვს ძალა, არ დაუშვას ან თავიდან აგვაცილოს ნებისმიერი გასაჭირი, ჩვენ შეიძლება გაგვიჩნდეს ცდუნება, ვიწუწუნოთ, თუ იგი ამას არ მოიმოქმედებს და ალბათ შეკითხვებიც: „თუ ვლოცულობ დახმარბისთვის და ღმერთი არ მეხმარება, როგორ უნდა მქონდეს მასში რწმენა“? ერთხელ, მძიმე ტანჯვის დროს, იობმა თქვა:

„იცოდეთ, რომ ღმერთმა გამამრუდა და გამხვია თავის ბადეში.

აჰა, ვღაღადებ: ‘ძალადობაა!’ შველას ვითხოვ, მაგრამ არ არის სამართალი“.1

პასუხად იობს ღმერთი კითხულობს: „ნუთუ გააუქმებ ჩემს სამართალს, მე გამამტყუნებ, რათა თავად გამართლდე“? ანუ სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ: გამამტყუნებ? დამადანაშაულებ, რომ თავი გაიმართლო“?3 იეჰოვა მტკიცედ ახსენებს იობს თავის ყოვლისშემძლეობასა და ყოვლისმცოდნეობას და იობი უდიდესი თავმდაბლობით აღიარებს, რომ იგი ღვთის ცოდნასთან, ძალასთან და სიმართლესთან ახლოსაც კი ვერ მივა და ვერ განიკითხავს ყოვლისშემძლეს:

„ვიცი, რომ ყველაფერი შეგიძლია“ - თქვა მან „და შენი განზრახვა არ დაბრკოლდება.

„ … ვლაპარაკობდი და არ გამეგებოდა, ჩემზე საკვირველზე და ვერაფერს ვხვდებოდი. …

„ამიტომ მძულს ჩემი თავი და ვინანიებ მტვერსა და ნაცარში“.4

საბოლოო ჯამში იობს ეღირსა უფლის დანახვა და „აკურთხა ღმერთმა იობის უკანასკნელი დღეები პირვანდელზე მეტად“.5

მართლაც, სისულელეა, ჩვენი მიწიერი ახლომხედველობით ვბედავდეთ ღმერთის განსჯას, მაგალითად, ვფიქრობდეთ: „მე არ ვარ ბედნიერი, ე.ი. ღმერთი რაღაცას არასწორად აკეთებს“. ჩვენ, მის მიწიერ შვილებს ამ დაცემულ სამყაროში, რომლებსაც ასეთი მწირი ცოდნა გვაქვს წარსულზე, აწმყოსა და მომავალზე, იგი გვიცხადებს: „ყველაფერი არსებული ჩემ წინაშეა, ვინაიდან ვცნობ ყოველ მათგანს “.6 იაკობი ბრძნულად გვაფრთხილებს: „ძმებო, ნუ შეეცდებით, ურჩიოთ უფალს, არამედ ეცადეთ მიიღოთ რჩევა მისი ხელიდან. რადგან, აჰა, თქვენ თვითონ იცით, რომ ის იძლევა რჩევას სიბრძნითა და სამართალით და დიდი წყალობით თავის ყოველ ქმნილებაზედ“.7

ზოგიერთს არასწორედ ესმის ღმერთის დაპირებები, თითქოს და მის მიმართ მორჩილება ფიქსირებული გრაფიკით გარკვეულ შედეგებს იძლევა. მათ შეიძლება იფიქრონ: „თუ ბეჯითად ვიმსახურებ სრული დროის მისიაში, ღმერთი დამლოცავს ბედნიერი ქორწინებითა და შვილებით“ ან „თუ კვირაობით საშინაო დავალებას არ გავაკეთებ, ღმერთი დამლოცავს კარგი ნიშნებით“ ან „თუ მეათედს გადავიხდი, ღმერთი დამლოცავ სასურველი სამსახურით“. თუ მოვლენები ზუსტად ასე და მოსალოდნელი გრაფიკით არ ვითარდება, მათ შეიძლება გაუჩნდეთ გრძნობა, რომ ღმერთმა უღალატა. მაგრამ ღვთიურ ეკონომიკაში ყველაფერი ასე მექანიკურად არ ხდება. ჩვენ არ უნდა ვფიქრობდეთ ღვთის გეგმაზე, როგორც კოსმოსურ სავაჭრო აპარატზე, სადაც (i) ავირჩევთ სასურველ კურთხევას, (ii) ჩავსვამთ კეთილი საქმეების საჭირო ჯამს და (iii) შეკვეთა დაუყოვნებლივ შესრულდება.8

ღმერთი ჭეშმარიტად პატივს სცემს თავის აღთქმებსა და დაპირებებს ყოველი ჩვენგანის მიმართ. ჩვენ ამაზე არ უნდა ვწუხდეთ.9 გამომსყიდველი ძალა იესო ქრისტესი, რომელიც დამდაბლდა ყოველივეზე დაბლა და შემდეგ ამაღლდა,10 რომელიც ფლობს ყოველივე ძალას ზეცაში და მიწაზე11— არის გარანტია იმისა, რომ ღმერთს შეუძლია თავისი დაპირებების შესრულება და შეასრულებს კიდევაც მათ. აუცილებელია, პატივი ვცეთ და დავემორჩილოთ მის კანონებს, მაგრამ ყველა კურთხევა, რომელიც ეფუძნება კანონის მორჩილებას12 არ არის ჩამოყალიბებული, შექმნილი და დროში დაგეგმილი ჩვენი მოლოდინების შესაბამისად. ჩვენ ყველაფერი უნდა ვაკეთოთ, მაგრამ მას დავუტოვოთ კურთხევების მართვა, როგორც მატერიალური, ისე სულიერი.

პრეზიდენტმა ბრიგამ იანგმა აგვიხსნა, რომ მისი რწმენა გარვეულ შედეგებს ან კურთხევებს კი არა არამედ მხოლოდ მის დამოწმებას და იესო ქრისტესთან ურთიერთობას ეყრდნობოდა. მან თქვა: „ჩემი რწმენა არ არის დამოკიდებული უფლის საქმეზე ზღვის კუნძულებზე, მის მიერ ხალხის აქ მოყვანაზე, … არც იმ კეთილგანწყობაზე, რომელსაც ის ანიჭებს ამა თუ იმ ხალხს, არც იმაზე, კურთხეულნი ვართ თუ არა, მაგრამ ჩემი რწმენა დამოკიდებულია უფალ იესო ქრისტეზე და ჩემს ცოდნაზე, რომელიც მისგან მივიღე“.13

ჩვენი მორჩილება და მონანიება, ჩვენი მსახურება და მსხვერპლი მნიშვნელოვანია. ჩვენ გვსურს, ვიყოთ მათ შორის, ვინც ეფერმა აღწერა, როგორც „ყოველთვის აღსავსე კეთილი საქმეებით“.14 მაგრამ ეს ასეა არა იმ ჩანაწერების გამო, რომლებიც ზეციურ საბუღალტრო წიგნებში კეთდება. ყოველივე ეს მნიშვნელოვანია, რადგან ამით ჩვენ ღვთის საქმეში ვებმევით და ვხდებით საშუალებანი, რომლებითაც ჩვენ უფალთან ვთანამშრომლობთ ჩვენს გარდაქმაში ხორციელი ადამიანიდან წმინდანამდე.15 მამაზეციერი გვთავაზობს საკუთარ თავსა და ძეს, ახლო და ხანგრძლივ ურთიერთობას მისი ძის, იესო ქრისტეს, ჩვენი მხსნელის მადლისა და შუამავლობის მეშვეობით.

ჩვენ ვართ ღვთის შვილები, უკვდავებისა და მარადიული ცხოვრებისთვის ხელდასხმულნი. ჩვენი საბოლოო დანიშნულებაა - ვიყოთ მისი მემკვიდრენი, „ქრისტეს თანამემკვიდრენი“.16 მამაზეციერი მზადაა, წინ გაუძღვეს თითოეულ ჩვენგანს აღთქმის გზაზე, რომელზედაც ყოველი ნაბიჯი გათვლილია ჩვენს პირად საჭიროებებზე და მორგებულია მის გეგმაზე ჩვენი საბოლოო ბედნიერებისთვის მასთან. ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ მზარდი ნდობა და რწმენა მამასა და ძეში, მათი სიყვარულის გრძნობის გაძლიერება და უწყვეტი ნუგეში და მითითება სულიწმინდისგან.

და მაშინაც კი, ეს გზა არ იქნება არცერთი ჩვენგანისთვის ადვილი. იმისთვის, რომ ის ადვილი იყოს, დიდი განწმენდი სამუშაოა ჩასატარებელი. იესომ თქვა:

„მე ვარ ვაზი ჭეშმარიტი, მამაჩემი კი მიწისმუშაკია.

„ყოველ უნაყოფო ლერწს ჩემში ის [მამა] მაშორებს და ყოველ ნაყოფიერს კი განწმედს, რათა მეტი ნაყოფი გამოიღოს“.17

ღმერთის მიერ განხორციელებული განწმენდის პროცესი, აუცილებლობის შემთხვევაში, ზოგჯერ დამღლელი და მტკივნეული იქნება. პავლე მოციქულის სიტყვები რომ გავიხსენოთ, ჩვენ ქრისტეს თანამემკვიდრენი ვართ; თუ … მასთან ერთად ვიტანჯებით, მასთან ერთად [უნდა] ვიდიდოთ კიდევაც“.18

ასე რომ, ამ განმწმენდი ცეცხლის შუაგულში, იმის ნაცვლად, რომ გავუჯვარდეთ ღმერთს, დაუახლოვდით მას. შეჰღაღადეთ მამას მისი ძის სახელით. იარეთ მათთან ერთად სულიწმინდის წინამძღოლობით, დღითიდღე. ნება მიეცით მათ, დროთა განმავლობაში გამოავლინონ ერთგულება თქვენ მიმართ. ჭეშმარიტად შეიცანით ისინიც და საკუთარი თავიც.19 მიანდეთ ღმერთს პირველობა.20 მხსნელი გვარწმუნებს:

„ყური დაუგდეთ მას, რომელიც ქომაგია მამასთან, რომელიც შუამდგომლობს თქვენთვის მის წინაშე —

ეუბნება: მამაო, იხილე იმის ტანჯვა და სიკვდილი, რომელმაც არ შესცოდა, რომელიც მოიწონე; იხილე დაღვრილი სისხლი შენი ძისა, სისხლი, რომელიც გაიღე, რათა განდიდებულიყო შენი სახელი;

ამიტომ, მამაო, დაინდე ეს ჩემი ძმები [და დები], რომლებსაც სწამთ ჩემი სახელი, რათა ჩემთან მოვიდნენ და მარადიული სიცოცხლე მიიღონ.“.21

განვიხილოთ ერთგული მამაკაცებისა და ქალების რამდენიმე მაგალითი, რომლებიც ენდობოდნენ ღმერთს და დარწმუნებულნი იყვნენ, რომ მისი დაპირებული კურთხევები იქნებოდა მათზე სიცოცხლეში ან სიკვდილის შემდეგ. მათი რწმენა ეფუძნებოდა არა იმას, რაც ღმერთმა გააკეთა ან არ გააკეთა კონკრეტულ ვითარებაში ან დროის მომენტში, არამედ იმაზე, რომ იცნობდნენ მას, როგორც კეთილგანწყობილ მამას და იესო ქრისტეს, როგორც მათ ერთგულ გამომსყიდველს.

როცა ელნაკანის ეგვიპტელმა მღვდელმა ცოტა რომ არ შესწირა აბრაამი, მან ღმერთს შესძახა გადარჩენისთვის და მან იგი გადაარჩინა.22 აბრაამი გახდა ყველა ერთგულის მამა, რომლის შთამომავლობა - ყოველი ოჯახი დედამიწაზე, კურთხეული იქნებოდა.23 თუმცა იმის წინ, იმავე სამსხვერპლოზე, იმავე მღვდელმა სამი ქალწული შესწირა „მათი კეთილშბილობის გამო … რათა არ ეცათ თაყვანი ხის ან ქვის ღმერთისთვის“.24 ისინი იქ მეწამეობრივი სიკვდილით დაიხოცნენ.

იოსები ძველი აღთქმიდან, რომელიც ახალგაზრდობაში საკუთარმა ძმებმა ეგვიპტეში მონობაში გაყიდეს, ტანჯვის დროს ღმერთს მიმართა. თანდათან ის დააწინაურეს თავისი ბატონის სახლში ეგვიპტეში, მაგრამ შემდეგ მთელი მისი მიღწევები გაქარწყლდა ფოტიფარის ცოლის ცრუ ბრალდებების გამო. იოსებს შეეძლო, ეფიქრა: „უბიწოების კანონის დაცვისთვის ციხე მერგო“. მაგრამ ამის ნაცვლად იგი კვლავ მოუბრუნდა ღმერთს და ციხეშიც კი წარმატებული იყო. იოსებმა კიდევ ერთი იმედგაცრუება განიცადა, როდესაც პატიმარმა, რომელსაც იგი დაუმეგობრდა, მიუხედავად იმისა, რომ შეპირდა იოსებს, ყველაფერი დაივიწყა მას შემდეგ, რაც ფარაონის სასამართლოში სანდო თანამდებობა დაიბრუნა. საბოლოოდ, როგორც იცით, უფალი ჩაერია, რათა იოსები ფარაონის გვერდით ნდობისა და ძალაუფლების უმაღლეს თანამდებობაზე დაეყენებინა, რამაც საშუალება მისცა იოსებს, გადაერჩინა ისრაელის სახლი. რა თქმა უნდა, იოსებს შეეძლო დაემტკიცებინა, „რომ ღვთის მოყვარულებს ყოველმხრივ ეწევა სასიკეთოდ“.25

აბინადაის გადაწყვეტილი ჰქონდა, შეესრულებინა ღვთიური დავალება. „მაგრამ მე ვამთავრებ ჩემს გზავნილს“ -თქვა მან „და შემდეგ არა აქვს მნიშვნელობა [რა მომივა], თუ იქნება ისე, რომ გადავრჩები“.26 იგი ვერ გადაურჩა მეწამებრივ სიკვდილს, თუმცა აუცილებლად გადარჩება ღვთის სასუფეველში, მისმა ძვირფასმა მოქცეულმა ალმამ კი, ნეფიელთა ისტორიის კურსი შეცვალა, რაც წინ უძღვება ქრისტეს მოსვლას.

ალმა და ამულეკი, მათი ვედრების პასუხად, ამონიჰას ციხიდან იხსნეს, ისინი კი, ვინც მათ დევნიდნენ, დახოცეს.27 თუმცა იმის წინ, იმავე ხალხმა მოწამე ქალები და ბავშვები გავარვარებულ ცეცხლში ჩაყარეს. ალმა, რომელიც ამ შემზარავი სცენის მოწმე გახდა, სულიწმინდამ შეაკავა, არ გამოეყენებინა ღვთის ძალა, რათა „ცეცხლისგან გადაერჩინა“28 და ღმერთს მიეღო ისინი თავის დიდებაში.29

წინასწარმეტყველი ჯოზეფ სმითი უძლური იწვა ლიბერთის ციხეში, მისურიში, ვერ ეხმარებოდა წმინდანებს, როცა მათ სახლებიდან აძევებდნენ და ქუჩაში ყრიდნენ ზამთრის სიცივეში. „ო, ღმერთი, სად ხარ“? შესძახა ჯოზეფმა. „რამდენ ხანს შეაკავებ შენს ხელს“?30 პასუხად, უფალი დაპირდა: „შენი გასაჭირი და ტანჯვა ხანმოკლე იქნება; და შემდეგ, თუ მას კარგად გაუძლებ, ღმერთი აგამაღლებს სიმაღლეებში. … შენ ჯერჯერობით არ ხარ როგორც იობი“.31

და ბოლოს, ჯოზეფს შეეძლო, იობთან ერთად განეცხადა: „რომ მომკლას კიდეც [ღმერთმა], მაინც მისი იმედი მექნება“.32

უხუცესმა ბრუკ პ. ჰეილსმა გაიხსენა და პატრიცია პარკინსონის ისტორია, რომელიც ნორმალური მხედველობით დაიბადა, მაგრამ 11 წლის ასაკში დაბრმავდა.

უხუცესი ჰეილსი იხსენებს: „მრავალი წლის განმავლობაში ვიცნობ პატს და სულ ცოტა ხნის წინ ვუთხარი, რომ აღფრთოვანებული ვარ იმით, რომ იგი ყოველთვის პოზიტიური და ბედნიერია. მან მიპასუხა: „შენ მე სახლში არ გინახივარ, ხომ ასეა? მეც მაქვს სისუსტის მომენტები. „მეც დეპრესიის საკმაოდ ძლიერი შეტევები მქონია და ბევრი მიტირია“. თუმცა - დაამატა მან, „როცა მხედველობის გაუარესება დამეწყო, ეს უცნაური იყო, მაგრამ მე ვიცოდი, რომ მამაზეციერი და მხსნელი ჩემთან და ჩემს ოჯახთან ერთად იყვნენ. … მათ, კი ვინც მეკითხება, გაბრაზებული ვარ თუ არა სიბრმავის გამო, მე ვპასუხობ: „ვისზე უნდა ვბრაზობდე? მამაზეციერი ჩემთან არის; მე მარტო არ ვარ. იგი სულ ჩემთან არის“.33

საბოლოო ჯამში ჩვენ ვეძიებთ ახლო, ხანგრძლივ ურთიერთობას მამასა და ძესთან. ეს ყველაფერს ცვლის და ძიების ღირსია. ჩვენ პავლე მოციქულთან ერთად ვმოწმობთ, რომ „ახლანდელი [მიწიერი] ტანჯვა არაფერია იმ დიდებასთან, რომელიც გამოცხადდება ჩვენ მიმართ“.34 მე ვმოწმობ, რომ რაც არ უნდა მოჰყვეს ჩვენს მოკვდავ გამოცდილებას ჩვენ შეგვიძლია ვენდოთ ღმერთს და ვიპოვოთ მასში სიხარული.

„დაენდე უფალს მთელი შენი გულით და შენს გონებას ნუ დაეყრდნობი.

„ყველა შენს გზაზე შეიცანი იგი და ის გაასწორებს შენს ბილიკებს“.35

იესო ქრისტეს სახელით, ამინ.

ამობეჭდვა