გენერალური კონფერენცია
ღვთიური სიყვარული მამაზეციერის გეგმაში
2022 წ. აპრილის გენერალური კონფერენცია


ღვთიური სიყვარული მამაზეციერის გეგმაში

აღდგენილი ეკლესიის დოქტრინისა და სტრატეგიის მიზანია, მოამზადოს ღვთის შვილები ხსნისა და ამაღლების უმაღლეს საფეხურამდე.

სახარების გეგმა გვიჩვენებს მამაზეციერის სიყვარულს ყოველი მისი შვილისადმი. ამის გასაგებად საჭიროა, ვეძიოთ მისი გეგმისა და მცნებების წვდომა. მას იმდენად ძლიერად უყვარს თავისი შვილები, რომ მან გაიმეტა თავისი მხოლოდშობილი ძე, იესო ქრისტე, გამხდარიყო ჩვენი მხსნელი და გამომსყიდველი, რათა დატანჯულიყო ჩვენთვის და სიცოცხლე შეეწირა. უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს აღდგენილ ეკლესიაში ჩვენ გვაქვს მამაზეციერის გეგმის უნიკალური წვდომა. ეს გვაძლევს საშუალებას, სხვანაირად შევხედოთ მიწიერ ცხოვრებას, ღვთიურ სამსჯავროს, რომელიც მას მოჰყვება და ღვთის ყოველი შვილის დიდებულ საბოლოო დანიშნულების ადგილს.

მიყვარხართ, ძვირფასო დებო და ძმებო. მე მიყვარს ღვთის ყოველი შვილი. როდესაც იესოს ჰკითხეს, „რომელი მცნებაა დიდი რჯულში“? მან თქვა, რომ ღმერთისა და მოყვასის სიყვარული ღვთის დიდ მცნებათა შორის პირველია.1 ეს მცნებები პირველია, რადგან ისინი გვიწვევს სულიერი ზრდისკენ, ვცდილობთ რა მივბაძოთ ღვთის ჩვენ მიმართ სიყვარულს. ნეტავ, ყველას უკეთ გვესმოდეს უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიაში დაარსებული, ჩვენი მამაზეციერისა და მისი ძის, იესო ქრისტეს, სიყვარულით სავსე დოქტრინა და სტრატეგია. რასაც აქ ვამბობ მიმართულია იმის ახსნაზე, თუ როგორ ხსნის ღვთის სიყვარული ამ დოქტრინას და ეკლესიის შთაგონებულ სტრატეგიას.

I.

ძირითადად სამსჯავროზე ასეთი მცდარი წარმოდგენა აქვთ: მიწიერი ცხოვრების ბოლოს კარგი ადამიანები მიდიან ე.წ. ზეცაში ცუდი ადამიანები კი მარადიულ სამყოფებელში სახელად ჯოჯოხეთი. ასეთი მცდარი წარმოდგენა მხოლოდ ორი საბოლოო დანიშნულების ადგილს გულისხმობს ანუ რომ ისინი, ვინც ვერ შეასრულებენ სამოთხისთვის საჭირო ყველა მცნებას, აუცილებლად ჯოჯოხეთისთვის იქნებიან განწირულნი.

მოსიყვარულე მამაზეციერს უკეთესი გეგმა აქვს თავისი შვილებისთვის. იესო ქრისტეს აღდგენილი ეკლესიის გაცხადებული დოქტრინა გვასწავლის, რომ ღვთის ყოველი შვილი— იმდენად მცირე გამონაკლისის გარდა, რომ ამის აქ განხილვა არც ღირს, საბოლოოდ აღმოჩნდებიან დიდებისსასუფეველში.2 „ჩემი მამის სახლში ბევრი სავანეა“,3 იესო ასწავლიდა. თანამედროვე გამოცხადებიდან ვიცით, რომ ეს სავანეები დიდების სამ სასუფეველს ეკუთვნის. სამსჯავროზე ყოველი ჩვენგანი განისჯება ჩვენი საქმეებისა და გულის საწადელის მიხედვით.4 იქამდე კი უნდა დავიტანჯოთ მოუნანიებელი ცოდვებისთვის. წმინდა წერილი ნათლად საუბრობს ამაზე.5 შემდეგ ჩვენი სამართლიანი მსაჯული გაგვამწესებს ბრწყინვალების ერთ-ერთ სასუფეველში. ასე რომ, როგორც თანამედროვე გამოცხადებიდან ვიცით, „განსჯიან მათ [ყველას] თავიანთი საქმეებისამებრ და ყოველი ადამიანი საკუთარი საქმეებისამებრ მიიღებს თავის სამფლობელოს, სავანეებში, რომელნიც მომზადებულია“;6

უფალმა არჩია, შედარებით მცირეოდენი ეთქვა ამ ორი სასუფევლის დიდების შესახებ. ბრწყინვალების ყველაზე მაღალი სასუფევლის შესახებ კი, რომელსაც ბიბლია აღწერს როგორც „მზის დიდებას“, პირიქით - მრავალი რამ გაგვიმხილა უფალმა.7

„ცელესტიალურ“ ბრწყინვალებაშაში8 არის სამი საფეხური ანუ ხარისხი.9 მათ შორის ყველაზე მაღალია ცელესტიალურ სასუფეველში ამაღლება, სადაც ჩვენ შეგვიძლია, დავემსგავსოთ მამასა და მის ძეს, იესო ქრისტეს. იმისათვის, რომ დაგვეხმაროს ღვთიური თვისებების განვითარებაში და ბუნების შეცვლაში, რაც აუცილებელია ჩვენი ღვთაებრივი პოტენციალის რეალიზაციისთვის, უფალმა გაგვიმხილა მოძღვრება და დაამყარა მარადიულ კანონზე დაფუძნებული მცნებები. ამას ვასწავლით უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიაში, რადგან ამ აღდგენილი ეკლესიის დოქტრინისა და სტრატეგიის მიზანია - მოამზადოს ღვთის შვილები ხსნისთვის ცელესტიალურ სასუფეველში, კონკრეტულად კი - ამაღლებისთვის მის უმაღლეს საფეხურამდე.

ერთგულებისთვის ღვთის ტაძრებში დადებული აღთქმები და დაპირებები არის გასაღები. აი რატომ ვაშენებთ ტაძრებს მთელ მსოფლიოში, რაზედაც ასე ლამაზად გვიმღერა გუნდმა. ზოგი გაოცებულია ამის გამო და არ ესმის, რომ ტაძრის აღთქმებსა და წეს-ჩვეულებებს მივყავართ ამაღლების მიღწევისკენ. ამის გაგება შესაძლებელია მხოლოდ დიდების სამი სასუფევლის კონტექსტში. მამაზეციერმა, ყოველი თავისი შვილისადმი დიდი სიყვარულის გამო, დიდების სხვა სასუფევლებიც გვიბოძა, როგორც გუშინ უხუცესმა ქუენტინ ლ. კუკმა აგვიხსნა და ისინი ბევრად უფრო მშვენიერია იმაზე, რისი წარმოდგენაც შეგვიძლია.10

იესო ქრისტეს გამოსყიდვა ყოველივე ამას შესაძლებელს ხდის. მან გაგვიცხადა, რომ „ადიდებს მამას და გადაარჩენს ყოველს მისი ხელით შექმნილს“.11 ამ ხსნას გვიბოძებენ დიდების სხვადსხვა სასუფეველში. ჩვენ ვიცით თანამედროვე გამოცხადებიდან, რომ „ყოველ სასუფეველს ნაბოძები აქვს კანონი“.12 მნიშვნელოვანია:

„რომელსაც არ შეუძლია ცელესტიალური სასუფევლის კანონის დაცვა, ვერ აიტანს ცელესტიალურ ბრწყინვალებას.

„და რომელიც ვერ იცავს ტერესტრიალური სასუფევლის კანონს, ვერ აიტანს ტერესტრიალურ ბრწყინვალებას.

და რომელიც ვერ იცავს ტელესტიალური სასუფევლის კანონს, ვერ აიტანს ტელესტიალურ ბრწყინვალებას.”13

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ბრწყინვალების სასუფეველი, რომელსაც მივიღებთ ბოლო სამსჯავროზე, განისაზღვრება იმკანონებით, რომლების დაცვასაც ვირჩევთ ჩვენი მოსიყვარულე მამაზეციერის გეგმაში. ამ გეგმას ექვემდებარება მრავალი სასუფეველი, ასე რომ ყოველ ღვთის შვილს გაამწესებენ იმ სასუფეველში, რომლის „ატანას“ შეძლებს.

II.

უფლის აღდგენილი ეკლესიის სწავლებანი და სტრატეგია ისე გამოიყენებენ ამ მარადიულ ჭეშმარიტებას, რომ მათი სრულად წვდომა შესაძლებელია მხოლოდ ჩვენი მოსიყვარულე მამაზეციერის გეგმის კონტექსტშში ყოველი მისი შვილის მიმართ.

ასე რომ, ჩვენ პატივს ვცემთ პირად თავისუფალ არჩევანს. მრავალმა ადამიანმა იცის ამ ეკლესიის დიდი ძალისხმევის შესახებ რელიგიურ თავისუფლებისთვის ხელის შეწყობასთნ მიმართებაში. ეს მცდელობები მიმართულია ჩვენი მამაზეციერის გეგმის განხორციელებაზე. ჩვენ ვეძიებთ, დავეხმაროთ ყოველ მის შვილს - არა მხოლოდ ჩვენს წევრებს - ისარგებლონ არჩევნის ძვირფასი თავისუფლებით.

ამის მსგავსად ჩვენც ზოგჯერ გვეკითხებიან, რატომ ვაგზავნით მისიონერებს ამდენ ერში, ქრისტიანებთანაც კი. ჩვენ ასევე გვეკითხებიან, რატომ ვუწევთ უზარმაზარ ჰუმანიტარულ დახმარებას ადამიანებს, რომლებიც არ არიან ჩვენი ეკლესიის წევრები და არ ვუკავშირებთ ამას ჩვენს მისიონერულ ძალისხმევას. ჩვენ ამას ვაკეთებთ, რადგან უფალმა გვასწავლა, მივიღოთ ყველა მისი შვილი როგორც ჩვენი ალალი და-ძმა და გვსურს, ყველას გავუზიაროთ ჩვენი სულიერი და მიწიერი სიუხვე.

მარადიული დოქტრინა ასევე უზრუნველყოფს გამორჩეული პერსპექტივით ბავშვებს. ამ პერსპექტივით ჩვენ ვუყურებთ შვილების ყოლასა და აღზრდაც როგორც ღვთიური გეგმის ნაწილს. იმ ადამიანებისთვის, ვისაც ამაში მონაწილეობის ძალა ეძლევათ, ეს არის სიხარულის მომგვრელი, წმინდა ვალდებულება. ამიტომ, ჩვენ გვევალება, ვასწავლოთ და ვიბრძოლოთ იმ პრინციპებისა და პრაქტიკისთვის, რომლებიც უზრუნველყოფს საუკეთესო პირობებს ბავშვების განვითარებისა და ბედნიერებისთვის ღვთის გეგმის ფარგლებში.

III.

და ბოლოს, უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესია ტყუილად არ არის ცნობილი, როგორც ოჯახზე ორიენტირებული ეკლესია. მაგრამ კარგად არ არის გასაგები რეალობა, რომ ჩვენი ოჯახზე ორიენტირება არ შემოიფარგლება მხოლოდ მიწიერი ურთიერთობებით. მარადიული ურთიერთობები ასევე ფუნდამენტალურია ჩვენი თეოლოგიისთვის. აღდგენილი ეკლესიის მისიაა, დაეხმაროს ღვთის ყოველ შვილს, გახდეს ღირსი იმისა, რაც ღმერთმა ჩაიფიქრა მათთვის, როგორც საბოლოო დანიშნულების ადგილი. ქრისტეს გამოსყიდვა ყველასთვის შესაძლებელს ხდის მარადიულ ცხოვრებას (ამაღლებას ცელესტიალურ სასუფეველში), რასაც, დედა ევას თქმით „ღმერთი ყოველ მორჩილს უბოძებს“.14 ეს ხსნაზე მეტია. პრეზიდენტმა რასელ მ. ნელსონმა შეგვახსენა: “ღვთის მარადიულ გეგმაში ხსნა ინდივიდუალურია რამ არის, მაგრამ ამაღლება ოჯახის საქმეა“.15

ჩვენთვის მნიშვნელოვანია ღვთის გამოცხადება, რომ ამაღლების მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ მამაკაცსა და ქალს შორის მარადიული ქორწინების აღთქმების ერთგულებით.16 ამ ღვთიური დოქტრინის გამო ჩვენ ვქადაგებთ, რომ „სქესი არის აუცილებელი თვისება პიროვნების წინამიწიერი, მიწიერი და მარადიული იდენტურობისთვისა და დანიშნულებისათვის.“17

ამიტომაც მოითხოვა უფალმა თავისი აღდგენილი ეკლესიისგან, წინააღმდეგობა გაეწია სოციალურ და იურიდიულ ზეწოლისთვის - დაეთმოთ უფლის დოქტრინა ქალისა და მამაკაცის ქორწინებაზე და არ დათანხმებოდნენ ცვლილებებს, რომლების შედეგადაც სქესი იცვლება, ხდება გაურკვეველი ან შლის განსხვავებას მამაკაცისა და ქალს შორის.

აღდგენილი ეკლესიის პოზიცია ამ ფუნდამენტალურ საკითხებზე ხშირად იწვევს დაპირისპირებას. ჩვენ ეს გვესმის. ჩვენი მამაზეციერის გეგმის ნაწილია „ყველაფერს ჰქონდეს საპირისპირო“18 და სატანას ყველაზე მძაფრი წინააღმდეგობა მიმართულია იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ამ გეგმისთვის. შესაბამისად, ის ცდილობს, შეეწინააღმდეგოს ამაღლებისკენ წინსვლას ქორწინების დამახინჯებით, შვილების არყოლით და სქესის გაურკვევლობით, . თუმცა ვიცით, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ჩვენი მოსიყვარულე მამაზეციერის ღვთაებრივი მიზანი და გეგმა არ შეიცვლება. პირადი ვითარება შეიზლება შეიცვალოს და ღმერთის გეგმა გვარწმუნებს, რომ დროთა განმავლობაში ერთგულებს, რომლებიც იცავენ მცნებებს, ექნება საშუალება, გახდნენ ყოველი დაპირებული კურთხევის ღირსნი.

უნიკალური ფასეული სწავლება, რომელიც დაგვეხმარება, მოვემზადოთ მარადიული სიცოცხლისთვის - „ღმერთის ყველა ძღვენთა შორის უდიდესი ძღვენისთვის“20 გახლავთ 1995 წლის მოწოდება მსოფლიოს.21 მისი განცხადებები, რა თქმა უნდა, განსხვავდება ზოგიერთი ამჟამინდელი კანონის, პრაქტიკისა და ადვოკატირებისგან, როგორიცაა კოჰაბიტაცია და ერთსქესოვანთა ქორწინება. ისინი, ვისაც სრულად არ ესმის მამის სიყვარულით სავსე გეგმა მისი შვილებისადი და ამაღლების დოქტრინა, შეიძლება განიხილავდნენ ამ მოწოდებას როგორც უბრალოდ ცვლად განცხადებას ან პოლიტიკას. პირიქით, უკანასკნელ დღეთა წმინდანები ადასტურებენ, რომ მოწოდება მსოფლიოს, რომელიც დაფუძნებულია შეუქცევად დოქტრინაზე, განსაზღვრავს ოჯახური ურთიერთობების ტიპს, სადაც შეიძლება მოხდეს ჩვენი მარადიული განვითარების ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი.

ეს გახლავთ უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს აღდგენილი ეკლესიის უნიკალური დოქტრინისა და პოლიტიკის კონტექსტი.

IV.

მიწიერი ცხოვრების მრავალ ურთიერთობასა და ვითარებაში ყოველ ჩვენგანს უწევს განსხვავებებთან ერთად ცხოვრება. როგორც ქრისტეს მიმდევრებმა, რომლებსაც უნდა გვიყვარდეს მოყვასი, ჩვენ უნდა მშვიდობიანად ვიცხოვროთ მათთან, ვისაც ჩვენნაირად არ სწამს. ჩვენ ყველანი მოსიყვარულე მამაზეციერის შვილები ვართ. ყოველ ჩვენგანს მან უბოძა ცხოვრება სიკვდილის შემდეგ და საბოლოო ჯამში, ბრწყინვალების სასუფეველი. ღმერთს სურს, რომ ყველანი ვისწრაფოდეთ მისი უმაღლესი შესაძლო კურთხევებისკენ მისი უმაღლესი მცნებების, აღთქმებისა და წეს-ჩვეულებების დაცვით, რაც კულმინაციას აღწევს მის წმინდა ტაძრებში, რომლებიც მთელ მსოფლიოში შენდება. ჩვენ უნდა ვეძიოთ, გავუზიაროთ მარადისობის ეს ჭეშმარიტებანი სხვებს. მაგრამ იმ სიყვარულით, რომელიც გვმართებს ყველა ჩვენი მოყვასისადმი, ჩვენ ყოველთვის გაგებით ვეკიდებით მათ გადაწყვეტილებებს. როგორც გვასწავლიდა წინასწარმეტყველი მორმონის წიგნიდან, ჩვენ უნდა წინ მივიწევდეთ, “ღმერთისა და ყოველი ადამიანისადმი სიყვარულით“.22

როგორც პრეზიდენტმა რასელ მ.ნელსონმა განაცხადა ჩვენს ბოლო კონფერენციაზე: „კაცობრიობის ისტორიაში ჯერ არასოდეს არ ყოფილა დრო: როცა ცოდნა მხსნელის შესახებ იყო ამაზე მეტად საჭირო ყოველი ადამიანის სულისთვის. …. ქრისტეს წმინდა დოქტრინა უცვლელი და მარადიულია. ეს ყველას ცხოვრებას ცვლის, ვისაც იგი ესმის და ეძიებს, გამოიყენოს თავის ცხოვრებაში “.23

დაე, ყველამ გამოვიყენოთ ეს წმინდა დოქტრინა საკუთარ ცხოვრებაში. მე ამაზე ვლოცულობ იესო ქრისტეს სახელით, ამინ.

ამობეჭდვა