გენერალური კონფერენცია
მამაცი მოწაფეობა უკანასკნელ დღეებში
2022 წ. აპრილის გენერალური კონფერენცია


მამაცი მოწაფეობა უკანასკნელ დღეებში

მოდით, ვიქონიოთ თავდაჯერებულობა და არა მორიდება, ვაჟკაცობა და არა გაუბედაობა, ერთგულება და არა შიში, როცა უფლის ნათელს ვიცავთ ამ უკანასკნელ დღეებში.

მორალური არჩევანი არის ღვთის ძვირფასი ძღვენი თითოეული მისი შვილისთვის.1 ჩვენ „თავისუფალნი [ვართ] ა[ვირჩიოთ] თავისუფლება და მარადიული სიცოცხლე ყოველი ადამიანის დიდი ქომაგის მეშვეობით ან ა[ვირჩიოთ] ტყვეობა და სიკვდილი, ეშმაკის დამატყვევებელი ძალის მიხედვით“.2 ღმერთი არ გვაიძულებს სიკეთის კეთებას და ვერც ეშმაკი გვაიძულებს ბოროტებას.3 თუმცა, შეიძლება ვინმე ფიქრობს, რომ მიწიერი ცხოვრება არის ღმერთისა და მოწინააღმდეგის შორის შეჯიბრი და ღვთის ერთი სიტყვით „სატანა გაჩუმდება და განიდევნება. … ამ დროს ჩვენი და არა ღმერთის ძალა მოწმდება “.4

ბოლოს ჩვენ მოვიმკით ცხოვრების განმავლობაში დათესილი არჩევნის შედეგს.5 მაშ, რაზე მეტყველებს ჩვენი აზრების, სურვილების, სიტყვებისა და საქმეების საერთო ჯამი ჩვენი მხსნელის, მისი რჩეული მსახურებისა და მისი აღდგენილი ეკლესიისადმი სიყვარულის შესახებ? რა უფრო მნიშვნელოვანია ჩვენთვის - ჩვენი ნათლობა, მღვდლობა და სატაძრო აღთქმები თუ მიწიერი ქება და „მოწონება“ სოციალურ ქსელებში? არის ჩვენი უფლისადმი და მის მცნებებისადმი სიყვარული იმაზე ძლიერი, ვიდრე სიყვარული ვინმეს ან რაიმეს მიმართ ამ ცხოვრებაში?

მოწინააღმდეგე და მისი მიმდევრები ყოველთვის ეძიებდნენ ქრისტესა და მისი წინასწარმეტყველების საქმის განადგურებას. დღევანდელ სამყაროში მხსნელის მცნებები (თუ საერთოდ არ იქნა იგნორირებული) მრავალი ადამიანის მიერ უაზრო რაციონალიზმამდეა დაყვანილი. ღვთის მაცნეებს, რომლებიც ასწავლიან „უხერხულ“ ჭეშმარიტებებს, ხშირად უარყოფენ. თავად მხსნელზეც კი ამბობდნენ: „აჰა, კაცი, მჭამელი და ღვინის მსმელი“,6 აბრალებდნენ მას არეულობისა და განხეთქილების მოწყობას. სუსტი და ცბიერი სულები „თათბირობდნენ, როგორ დაეჭირათ იგი სიტყვაში“,7 და ამ ადრეული ქრისტიანების „სექტას“ „ყველგან ეწინააღმდეგებ[ოდნენ]“.8

მხსნელსა და მის ადრეულ მიმდევრებს სერიოზული შიდა და გარე წინააღმდეგობა ჰქონდათ და ჩვენც იმავეს განვიცდით. დღეს თითქმის შეუძლებელია, იყო ჩვენი რწმენის თამამი მიმდევარი და დროდადრო არ გახდე ფიზიკურად ან ვირტუალურად თითით საჩვენებელი დაცინვის მიზნით. მხსნელის კვალზე თამამად სიარული ჯილდოს მომტანია, მაგრამ ზოგჯერ შეიძლება იმ ადამიანების სამიზნე გავხდეთ, რომლებიც ქადაგებენ ფილოსოფიას „ჭამეთ, სვით და იმხიარულეთ“,9 სადაც ქრისტეს რწმენა, მორჩილება და მონანიება ჩანაცვლებულია იმ ილუზიით, რომ ღმერთი გაამართლებს მცირე ცოდვას, რადგან მას ძლიერ ვუყვარვართ.

როცა მხსნელი ამბობდა „ჩემი საკუთარი ხმით თუ ჩემი მსახურების ხმით“,10 განა იგი ჩვენს დროს არ გულისხმობდა? „ვინაიდან დადგება დრო, როდესაც საღ მოძღვრებას არ მიიღებენ, არამედ თავიანთი გულისთქმებით ამოირჩევენ ყურის მაამებელ მასწავლებლებს“ და მრავალნი „ჭეშმარიტებას აარიდებენ ყურს და ზღაპრებისაკენ მიმართავენ“?11 განა იგი არ ტიროდა: „ამაოდ მცემენ თაყვანს, რაკი ადამიანთა მცნებებს მოძღვრებასავით ასწავლიან“?12 ან არ გაგვაფრთხილა, რომ „თქვენგანაც აღდგებიან კაცები, რომლებიც უკუღმართად ილაპარაკებენ, რათა მოწაფეები გადაიბირონ?13 განა მან არ იწინასწარმეტყველა, რომ „ავს კარგს უწოდებენ“14 და „კაცის მტრები მისი შინაურები იქნებიან“?15

ჩვენზე რა ითქმის? უნდა გვეშინოდეს? პერისკოპის სიღრმეზე უნდა ვიცხოვროთ ჩვენი რელიგიის მიხედვით? რა თქმა უნდა, არა! ქრისტეს რწმენით არ უნდა გვეშინოდეს ადამიანების საყვედურების ან შეურაცხყოფის.16 როცა საჭესთან უფალია და ცოცხალი წინასწარმეტყველები გვხელმძღვანელობენ და გზას გვიკვლევენ, „ვინ გამოვა ჩვენს წინააღმდეგ“?17 მოდით, ვიქონიოთ თავდაჯერებულობა და არა მორიდება, ვაჟკაცობა და არა გაუბედაობა, ერთგულება და არა შიში, როცა უფლის ნათელს ვიცავთ ამ უკანასკნელ დღეებში.18

მხსნელმა ცხადად თქვა: „ვინც მე მაღიარებს ადამიანთა წინაშე, იმას მეც ვაღიარებ ჩემი ზეციერი მამის წინაშე. … ვინც უარმყოფს მე ადამიანთა წინაშე, მას მეც უარვყოფ ჩემი ზეციერი მამის წინაშე“.19

შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ ზოგს ღმერთი მცნებების გარეშე ურჩევნია მოდით, თამამად დავამოწმოთ უხუცეს დ. ტოდ კრისტოფერსონის სიტყვები, რომ „ღმერთი, რომელიც არ მოითხოვს არაფერს, არის არ არსებული ღმერთის ფუნქციონალური ეკვივალენტი“.20

იმ დროს, როცა ზოგიერთებს ურჩევნია, შერჩევით დაიცვან მცნებები, მოდით, სიხარულით მივიღოთ მხსნელის მოპატიჟება - „ვიცხოვროთ ღმერთის პირით ნათქვამი ყოველი სიტყვის შესაბამისად“.21

მიუხედავად იმისა, რომ ბევრს სჯერა, რომ უფალი და მისი ეკლესია ხელს უწყობს პრინციპს „რაც [ჩვენს] გულს სურს“,22 მოდით გაბედულად გამოვაცხადოთ, რომ არასწორია, აჰყვე „უმრავლესობას ბოროტებაში“,23 რადგან „ხალხს არ შეუძლია, გამოასწოროს ის, რაც ღმერთმა გამოაცხადა, რომ იყო არასწორი“.24

„გახსოვდეს, გახსოვდეს … როგორი მკაცრია [თუმცა განმათავისუფლებელი] ღმერთის მცნებები“.25 მათი ნათლად სწავლება შეიძლება ზოგჯერ შეუწყნარებლობად აღიქვას. ამიტომ, მოდით, პატივისცემით გამოვხატოთ, რომ ეს არა მხოლოდ შესაძლებელი არამედ აუცილებელიც არის - გიყვარდეს ღვთის შვილი, რომელსაც ჩვენგან განსხვავებული მრწამსი აქვს.

ჩვენ შეგვიძლია, მივიღოთ სხვები და პატივი ვცეთ მათ იმ მრწამსის ან ქმედებების მოწონების გარეშე, რომლებიც არ შეესაბამება უფლის ნებას. არ არის საჭირო, საზოგადოების მოწონებისა ან მიღებულობის საკურთხეველზე ჭეშმარიტების შეწირვა.

სიონი და ბაბილონი შეუთავსებელია. „არავის შეუძლია, ორ ბატონს ემსახუროს“.26 მოდით, ყველას გვახსოვდეს მხსნელის სულში ჩამწვდომი სიტყვები: „რატომ მიწოდებთ: უფალო, უფალო! და იმას კი არ აკეთებთ, რასაც გეუბნებით“?27

მოდით, მთელი გულით, საკუთარი ნებით, გამოვხატოთ ჩვენი სიყვარული უფლისადმი.

თუ თქვენ მოწაფეობისა და ამაოების შორის მერყეობთ, გახსოვდეთ, რომ თქვენი მოსიყვარულე მხსნელი „იწვევს ყოველ ადამიანს, რადგან მოწყალე ხელები გაწვდილია მათკენ და ეუბნება: მოინანიეთ და მიგიღებთ“.28

პრეზიდენტმა რასელ მ.ნელსონმა გვასწავლა, რომ „იესო ქრისტე შეასრულებს ზოგიერთ თავის ძლიერ საქმეს აწმყოსა და მეორე მოსვლის შუალედში“.29 მაგრამ მან ასევე გვასწავლა, რომ „ვინც ირჩევს უფლის გზას, სავარაუდოდ მოუწევს დევნის ატანა“.30 როცა „ნებას ვრთავთ უფლის ხმას, ყველა სხვა ხმაზე პრიორიტეტული გახდეს,31 ჩვენ მათ ბედს ვიზიარებთ, ვინც „მისი სახელისათვის შეურაცხყოფის ღირსნი“ არიან.32

„ნეტარია“ - თქვა უფალმა, „ვინც არ შეცდება ჩემში“.33 სხვაგან ვკითხულობთ: „დიადია მშვიდობა შენი რჯულის მოყვარულთა და არ არსებობს მათთვის დაბრკოლება“.34 არ არსებობს! მოდით, ვკითხოთ საკუთარ თავს: „ცოტა ხანს ვუძლებ, მაგრამ როცა სიტყვის გამო გასაჭირში აღმოვჩნდები ან დევნას დამიწყებენ, მწყინს?35 მყარად ვდგავარ იესო ქრისტესა და მისი მსახურების კლდეზე“?

მორალური რელატივისტები მხარს უჭერენ იმას, რომ ჭეშმარიტება მხოლოდ სოციალური კონსტრუქციაა, რომ არ არსებობს მორალური აბსოლუტები. რასაც ისინი სინამდვილეში ამბობენ არის ის, რომ არ არსებობს ცოდვა,36 რომ „რაც არ უნდა გააკეთოს ადამიანმა - არ ჩაითვლება დანაშაულებად“,37 ფილოსოფია, რომელზედაც მოწინააღმდეგე ამაყ ავტორობას აცხადებს ! მაშ მოდით, გვახსოვდეს მგლები ცხვრის ტყავში, რომელნიც ყოველთვის იბირებენ თავიანთ მხარეს და “ხშირად იყენებენ ინტელექტუალურ გამართლებებს [საკუთარი] ქცევის ხარვეზების დასაფარად“.38

თუ მართლა გვსურს, ვიყოთ იესო ქრისტეს მამაცი მოწაფენი, ჩვენ ვიპოვით გზას. თუ არა და მოწინააღმდეგე გვთავაზობს მომხიბვლელ ალტერნატივას. მაგრამ, როგორც ერთგული მოწაფეები „არ უნდა ვებოდიშებოდეთ ჩვენი მრწამსის და არც იმის გამო, რაც ვიცით, რომ არის ჭეშმარიტი“.39

და ბოლოს, ორიოდე სიტყვა ღვვთის 15 მსახურის შესახებ, რომელნიც ჩემ უკან სხედან. როცა ამქვეყნიურები „ეუბნებიან მხილველებს: ნუ იხილავთ და ნუ გვიწინასწარმეტყველებთ“,40 ერთგულები „დაგვირგვინდებიან ზეციდან კურთხევებით, დიახ, არაერთი მცნებითა და გამოცხადებით, შესაფერის დროს“.41

არ არის გასაკვირი, რომ ეს ადამიანები ხშირად ხდებიან მეხამრიდები მათთვის, ვინც უკმაყოფილონი არიან ღვთის სიტყვით, რომელსაც წინასწარმეტყველები აცხადებენ მათ, ვინც წინასწარმეტყველებს უარყოფს არ ესმით, რომ „წერილის არავითარი წინასწარმეტყველება თავისით არ განიმარტება“ და არც ადამიანის ნებით, „არამედ ადამიანები, სულიწმიდის მიერ აღძრულნი ღვთისაგან“ წარმოთქვამ[ენ] მას.42

პავლე მოციქულის მსგავსად, ამ ღვთის ადამიანებს „[არ რცხვენიათ] ჩვენი უფლის დამოწმებისა“ და არიან [უფლის] „პატიმრ[ები]“,43 იმ გაგებით, რომ დოქტრინა, რომელსაც ისინი ასწავლიან, არის არა მათი, არამედ მისი, ვინც ისინი მოიხმო. პეტრეს მსგავსად მათ „არ შე[უძლიათ], [ილაპარაკონ] ის, რაც [იხილეს] და მო[ისმინეს]“.44 მე ვმოწმობ, რომ პირველი პრეზიდენტობა და თორმეტთა ქვორუმი კარგი და პატიოსანი ადამიანები არიან, რომლებსაც უყვართ ღმერთი და მისი შვილები და რომელნიც მასაც უყვარს. მათი სიტყვები უნდა მივიღოთ, როგორც უფლის ბაგით წარმოთქმული, „მთელი მოთმინებითა და რწმენით. რამეთუ ყოველივე ამის შესრულებისას ვერ და[გვ]ძლევენ ჯოჯოხეთის ბჭენი და უფალი გაფანტავს ბნელეთის ძალებს [ჩვენ] წინაშე“.45

„ვერც ერთი უწმიდური ხელი ვერ შეაჩერებს საქმის წინსვლას“;46 ის საზეიმოდ ივლის წინ შენთან ან ჩემთან ერთად, ასევე შენსა და ჩემ გარეშე, ამიტომ „აირჩიე დღეს, ვის ემსახურები“.47 არ მოგატყუოთ და არ შეგაშინოთ დიდი და ფართო შენობიდან გამომავალმა მოწინააღმდეგის ხმაურმა. მათი სასოწარკვეთილი დეციბელები ვერანაირად ვერ შეედრება ჩუმი, წყნარი ხმის გავლენას მოდრეკილ სულსა და მომნანიებელ გულზე.

მე ვმოწმობ, რომ ქრისტე ცოცხალია, რომ იგი არის ჩვენი მხსნელი და გამომსყიდველი და რომ იგი სათავეში უდგას თავის ეკლესიას პირველი პრეზიდენტობისა და თორმეტ მოციქულთა ქვორუმის მეშვეობით და ამგვარად, გვაძლევს იმის გარანტიას, რომ „აღარ ვი[ქნებით] [ისინი]“, ვისაც „არყევს და იტაცებს მოძღვრების ყოველგვარი ქარი“.48

„იესო ქრისტეს ჭეშმარიტი მოწაფენი“ - გვასწავლიდა პრეზიდენტი ნელსონი, - „მზად არიან, გამოირჩეოდნენ, ისაუბრონ და განსხვავდებოდნენ მსოფლიოს ხალხისგან. ისინი უშიშარნი, ერთგულნი და მამაცნი არიან“.49

დებო და ძმებო, დღეს კარგი დღეა იმისთვის, რომ კარგები ვიყოთ! იესო ქრისტეს წმინდა სახელით, ამინ.

ამობეჭდვა