გენერალური კონფერენცია
აღთქმის გზა: მარადიული ცხოვრებისკენ მიმავალი ბილიკი
2022 წ. აპრილის გენერალური კონფერენცია


აღთქმის გზა: მარადიული ცხოვრებისკენ მიმავალი ბილიკი

სრულყოფილებისკენ მიმავალი გზა აღთქმის გზაა და იესო ქრისტე ყველა ამ წეს-ჩვეულებისა და აღთქმის ცენტრია.

ძლევამოსილმა მეფემ მოისურვა, შვილისთვის ერთ-ერთი სამეფო მფლობელობაში გადაეცა. უფლისწულს, ტახტზე ასასვლელად, ცოდნა და სიბრძნე სჭირდებოდა. ერთხელ მეფე უფლისწულს შეხვდა და თავისი გეგმა გაუზიარა. ისინი შეთანხმდნენ, რომ უფლისწული სხვა ქალაქში გაემგზავრებოდა და იქ გამოცდილებას მიიღებდა. მას იქ როგორც სირთულეები, ისე მრავალი სიკეთე ელოდებოდა. მეფემ შვილი იმ ქალაქში გააგზავნა, სადაც მას მეფისთვის ერთგულება უნდა დაემტკიცებინა და ეჩვენებინა, რომ ღირსი იყო იმ უპირატესობებისა და ვალდებულებების, რომლებიც მეფეს მასთვის ჰქონდა გამიზნული. უფლისწულს, მისი სურვილებისა და ერთგულებიდან გამომდინარე, ჰქონდა არჩევანი - მიეღო ეს უპირატესობები და ვალდებულებები ან არა. დარწმუნებული ვარ, გაინტერესებთ, რა მოუვიდა უფლისწულს. დაბრუნდა იგი თავის სამეფოში?

ძვირფასო ძმებო და დებო, ყოველი ჩვენგანი უფლისწული ან მეფის ასულია. ჩვენ მოსიყვარულე მამაზეციერმა დედამიწაზე გამოგვაგზავნა, რათა ხორციელი სხეულით დავმტკბარიყავით და იესო ქრისტეს გამოსყიდვისა და აღდგომის მეშვეობით გავმხდარიყავით უკვდავები. ჩვენ უნდა მოვემზადოთ ღვთის გარემოცვაში დასაბრუნებლად, თუმცა უნდა დავამტკიცოთ, რომ „შევასრულებთ ყოველივეს, რასაც გვიბრძანებს უფალი [ჩვენი] ღმერთი“ (აბრაამი 3:25).

მხსნელი მოგვევლინა დასახმარებლად და მამაზეციერთან დასაბრუნებელი გზის საჩვენებლად. ღვთის შვილებს იწვევენ, მოვიდნენ მხსნელთან და გახდნენ მასში სრულყოფილნი. წმინდა წერილში 90-ზე მეტი მოწვევაა, მოვიდეთ უფალთან, აქედან ნახევარზე მეტი უფლის პირადი მოწვევაა. მხსნელის მოწვევის მიღება ნიშნავს მის წეს-ჩვეულებებში მონაწილეობის მიღებას და ჩვენი მასთან აღთქმების დაცვას. იესო ქრისტე არის „გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე“ (იოანე 14:6), და იგი იწვევს „ყველას, მივიდნენ მასთან და იგემონ მისი სიკეთე და არავის არ ეუბნება უარს“(2 ნეფი 26:33).

სახარების სწავლა და სწავლება აღრმავებს ჩვენს საუბარს მამაზეციერთან და იესო ქრისტესთან და გვეხმარება, დავემსგავსოთ მათ. მიუხედავად იმისა, რომ ამაღლების დალოცვების მიღების „ზუსტი დრო და ხერხი არ გამოგვეცხადა“, ჩვენ მათში ეჭვი არ გვეპარება. (M. Russell Ballard, “Hope in Christ,” Liahona, May 2021, 55).

მღვდელმთავარი ალმა, ზარაჰემლას მიწაზე სწავლებისას, გადმოგვცემს იესო ქრისტეს მოწვევას:

„აჰა, ის იწვევს ყოველ ადამიანს, რადგან მოწყალე ხელები გაწვდილია მათკენ და ეუბნება: მოინანიეთ და მიგიღებთ.

„დიახ, იგი ამბობს: მოდით ჩემთან და იგემებთ სიცოცხლის ხის ნაყოფს“ (ალმა 5:33–34).

თავად მხსნელი გვიწვევს, მოვიდეთ მასთან, ავიღოთ მისი უღელი, რათა გვეღირსოს დასვენება ამ მშფოთვარე სამყაროში (იხ. მათე 11:28–29) ჩვენ მოვდივართ ქრისტესთან „მასში რწმენის გამომჟღავნებით, ყოველდღიური მონანიებით, ღმერთთან აღთქმების დადებით, როცა ხსნისა და ამაღლების წეს-ჩვეულებებს ვიღებთ და ამ აღთქმებს ბოლომდე გაძლებით ვიცავთ“ (General Handbook: Serving in The Church of Jesus Christ of Latter-day Saints, 1.2.1, ChurchofJesusChrist.org). სრულყოფილებისკენ მიმავალი გზა აღთქმის გზაა და იესო ქრისტე ყველა ამ წეს-ჩვეულებისა და აღთქმის ცენტრია.

მეფე ბენიამინი გვასწავლიდა, რომ დადებული აღთქმების გამო ჩვენ ვხდებით ქრისტეს ძენი და ასულნი; ჩვენ მას სულიერად ვეკუთვნით და მისი მეშვეობით ვხდებით თავისუფალნი, რადგან „არ არის ბოძებული სხვა სახელი, რომლითაც მოვა ხსნა“ (იხ. მოსია 5:7-8). ჩვენ გადავრჩებით, თუ ბოლომდე გავუძლებთ და „მი[ვყვებით] ცოცხალი ღმერთის ძის მაგალითს“ (2 ნეფი 31:16). ნეფი გვმოძღვრავდა, რომ ყველაფერი არ მიიღწევა მხოლოდ რთულ და ვიწრო ბილიკზე სიარულით; „წინ უნდა მიისწრაფოდეთ, სიმტკიცით ქრისტეში, იმედის სრულყოფილი ნათელით და ღმერთისა და ყოველი ადამიანისადმი სიყვარულით“ (იხ. 2 ნეფი 31:19–20).

ქრისტეს დოქტრინა გვეხმარება, ვიპოვოთ აღთქმის გზა და დავრჩეთ მასზე; სახარება ისეა შექმნილი, რომ უფლის დაპირებული დალოცვები მიიღება წმინდა წეს-ჩვეულებებისა და აღთქმების მეშვეობით. 2018 წ. 16 იანვარს ტელეგადაცემაში „დარჩი აღთქმის გზაზე“ ჩვენ გვმოძღვრავდა ღვთის წინასწარმეტყველი, პრეზიდენტი რასელ მ. ნელსონი. თქვენი ვალდებულება - იაროთ მხსნელის კვალზე მასთან აღთქმების დადების მეშვეობით და შემდეგ ამ აღთქმების დაიცვათ, გაგიხსნით კარს ყოველი სულიერი დალოცვისა და უპირატესობისთვის, რაც კი ხელმისაწვდომია ქალისთვის, ბავშვისთვისა თუ მამაკაცისთვის. … საბოლოო შედეგი, რომლისკენაც ყოველი ჩვენგანი მიისწრაფვის, არის უფლის სახლში უფლებამოსილებით შემოსვა, ოჯახებთან ერთად ჩაბეჭდვა, ტაძარში მიღებულ აღთქმების მიმართ ერთგულება, რაც გაგვხდის ღირსად, მივიღოთ ღვთის უდიდესი ძღვენი - მარადიული ცხოვრება. („As We Go Forward Together,” Liahona, Apr. 2018).

ღმერთი არ იტყვის უარს ურთიერთობაზე, არც მარადიული სიცოცხლის დაპირებულ დალოცვებს არ დაუკარგავს მათ, ვინც აღთქმის ერთგულია. და წმინდა აღთქმების დაცვით ჩვენ უფრო ვუახლოვდებით მხსნელს. უხუცესმა დევიდ ა. ბედნარმა გუშინ გვასწავლა, რომ სახარების აღთქმები და წეს-ჩვეულებები ჩვენს ცხოვრებაში კომპასის როლს ასრულებს - გვიჩვენებს ქრისტესთან მიმავალ მიმართულებას და გვეხმარება, დავემსგავსოთ მას.

აღთქმა არის ნიშანი ღმერთთან დასაბრუნებელ გზაზე. ნათლობის წეს-ჩვეულებებსა და სულიწმინდის ძღვენის მიღებას, მღვდლობის წეს-ჩვეულებებსა და ზიარებას მივყავართ უფლის ტაძრისკენ, რათა ვიგემოთ ამაღლების წეს-ჩვეულებები.

მსურს, აღვნიშნო ორი რამ, რასაც მხსნელმა გაუსვა ხაზი, რათა დაგვხმარებოდა აღთქმების ერთგულად დაცვაში:

  1. სულიწმინდას შეუძლია გვასწავლოს, შეგვახსენოს მხსნელის სწავლებანი და მარადჟამს იყოს ჩვენთან (იხ. იოანე 14:16, 26). მას შეუძლია, იყოს ჩვენი მარადიული მეგზური და გზამკვლევი აღთქმის გზაზე. პრეზიდენტმა რასელ მ. ნელსონმა გვასწავლა, რომ „მომავალში შეუძლებელი იქნება სულიერი გადარჩენა სულიწმინდის მუდმივი გაძღოლის, მითითების, ნუგეშისა და გავლენის გარეშე“ (“Revelation for the Church, Revelation for Our Lives,” Liahona, May 2018, 96).

  2. მხსნელმა წარადგინა ზიარების წეს-ჩვეულება, რათა ყოველთვის გვახსოვდეს იგი და რომ მისი სული ყოველთვის იყოს ჩვენთან. ნათლობა გვიხსნის მარადიული ცხოვრების კარს, ზიარება კი გვეხმარება, წინ ვიაროთ აღთქმის გზაზე. ზიარების მიღება უნდა იყოს მოწმობა მამისადმი, რომ ყოველთვის გვახსოვს მისი ძე. და როცა ყოველთვის გვახსოვს იგი და ვიცავთ მის მცნებებს, მისი სული იქნება ჩვენთან. ამ დაპირების გარდა უფალი ანახლებს დაპირებულ ცოდვების მიტევებას, თუკი მორჩილად მოვინანიებთ მათ.

როცა აღთქმების ერთგულნი ვრჩებით უნდა ვეცადოთ, ყოველთვის ვიქონიოთ სულიწმინდა, რომელიც მოგვამზადებს იმისთვის, რომ ღირსეულად მივიღოთ ზიარება და ზუსტად ასე - ჩვენ რეგულარულად ვიღებთ ზიარებას, რათა სულიწმინდა ყოველთვის იყოს ჩვენთან.

როცა ჩვენი ქალიშვილი ხუთი წლის იყო, მას მანქანა ჰქონდა, რომელიც ელემენტებზე მუშაობდა და მთელ სახლში დაატარებდა მას. ერთხელ საღამოს შვილი მოვიდა ჩემთან და მითხრა: „მამა, ჩემი მანქანა აღარ დადის. შეიძლება, შენი მანქანიდან ცოტაოდენი საწვავი ავიღოთ და ჩემს მანქანაში ჩავასხათ, რათა ისევ შევძლო მანქანით სიარული? ალბათ ჩემს მანქანასაც სჭირდება საწვავი, როგორც შენსას“.

მე შევნიშნე, რომ მანქანის ელემენტები დამჯდარი იყო და ვუთხარი, რომ დაახლოებით ერთ საათში მანქანა ისევ ივლიდა. ძალიან გახარებულმა, შვილმა მიპასუხა: კარგი! ჩვენ მას ბენზინგასამართ სადგურზე წავიყვანთ“. მე ელემენტი დენზე შევაერთე დასატენად და დაახლოებით ერთ საათში ჩემს შვილს კვლავ შეეძლო მანქანით სიარული. ანუ მან ისწავლა, რომ მნიშვნელოვანია, ყოველთვის დატენო ელემენტი დენის წყაროდან.

ზუსტად როგორც ჩვენმა ქალიშვილმა შეიტყო ელემენტისა და დენის წყაროს შორის კავშირის შესახებ, რომელიც მის სათამაშო მანქანას ატარებდა, ისე ჩვენც ვსწავლობთ იესო ქრისტეს, ზიარებისა და სულიწმინდის შესახებ. ჩვენ გვჭირდება სულიწმინდა - მიწიერი ცხოვრების ნავიგატორი, როცა ერთგულად ვიცავთ მცნებებს და ზიარება - ჩვენი სულიერი ყოფის წყარო. ნათლობის აღთქმების განახლება და ზიარების მიღება აღძრავს ყველა სხვა აღთქმის ერთგულებას. ბედნიერი დასასრული გარანტირებული გვაქვს იმ შეთხვევაში, თუ ლოცვით ვსწავლობთ, პატივს ვცემთ მაცხოვრის მოწვევას და ვტკბებით მისი დაპირებული კურთხევებით. მან თქვა: „და რომ უფრო მეტად შეძლო ამაქვეყნისგან უმწიკვლოდ თავის შენარჩუნება, იარე სამლოცველოში და ჩაატარე შენი საიდუმლოებანი ჩემს წმინდა დღეს“ (მოძღვრება და აღთქმები 59:9).

მე ვმოწმობ, რომ ვინც იცავს მცნებებს, მიიღებს „მშვიდობას ამასოფელში და მარადიულ სიცოცხლეს იმქვეყნად“ (მოძღვრება და აღთქმები 59:23). მე ვმოწმობ, რომ თუ რეგულარულად იღებთ მხსნელის სიმბოლოს ზიარების სახით, მისი სული წინ გაგიძღვებათ აღთქმის გზაზე და დაგეხმარებათ, დარჩეთ ერთგულნი თქვენი აღთქმებისა. იესო ქრისტეს სახელით, ამინ.

ამობეჭდვა