2012
რჩევა ბედნიერი ოჯახის არსებობისთვის
ოქტომბერი 2012


პირველი პრეზიდენტობის მოწოდება, ოქტომბერი 2012

რჩევა ბედნიერი ოჯახის არსებობისთვის

გამოსახულება
პრეზიდენტ დიტერ ფ. უხთდორფის მიერ

დიდმა რუსმა მწერალმა, ლევ ტოლსტოიმ, დაიწყო თავისი რომანი, ანა კარენინა, ასეთი სიტყვებით: „ყველა ბედნიერი ოჯახი ერთმანეთის მსგავსია; ყოველი უბედური ოჯახი უბედურია თავისებურად“.1 მე არ ვიზიარებ ტოლსტოის აზრს იმის შესახებ, რომ ყველა ბედნიერი ოჯახი ერთმანეთის მსგავსია, თუმცა აღმოვაჩინე, რომ მათ ყველას ერთი რამ აქვთ საერთო: მათ შეუძლიათ ერთმანეთის არასრულყოფილი საქციელის პატიება და დავიწყება, ასევე მხოლოდ კარგის დანახვა.

უბედურ ოჯახებში კი, ხშირად ბრალდებებს ეძებენ, უკმაყოფილონი არიან და წარსულის წყენას ვერ ივიწყებენ.

„კი, მაგრამ …“ დაიწყებენ უბედურები. „კი, მაგრამ თქვენ არ იცით, როგორ მატკინა გული“, - იტყვის ერთი. „კი, მაგრამ თქვენ არ იცით, რა საშინელი ადამიანია“, - იტყვის მეორე.

შეიძლება ორივე მართალია; ან ორივე ტყუის.

არსებობს წყენის მრავალი ფორმა. არის ტკივილის უამრავი ნაირსახეობა. მაგრამ მე შევამჩნიე, რომ ჩვენ ხშირად ვამართლებთ ჩვენს წყრომას და ვიმშვიდებთ ნამუსს იმით, რომ ვარწმუნებთ საკუთარ თავს სხვების უკეთურ ზრახვებში და ვგმობთ მათ საქციელს, როგორც ეგოისტურს და არასაპატიოს და იმავე დროს ჩვენს საკუთარ მოტივებს განვადიდებთ როგორც სუფთას და უმანკოს.

უფლისწულის ძაღლი

არის მე-13 საუკუნის ძველი უელსური ამბავი უფლისწულზე, რომელიც დაბრუნდა სახლში და ნახა თავისი ძაღლი პირგასისხლიანებული. უფლისწული სახლში შევარდა და საშინელება იხილა: ვაჟის აკვანი გადაბრუნებული დახვდა, ბავშვი კი არსად ჩანდა. აღშფოთებულმა უფლისწულმა ხმალი ამოიღო და მოკლა ძაღლი. მალე მას შვილის ტირილი შემოესმა. ბავშვი ცოცხალი იყო! პატარას გვერდით მკვდარი მგელი ეგდო. ძაღლმა, ფაქტიურად, უფლისწულის ვაჟი მგლისგან იხსნა.

მართალია, ეს ამბავი დრამატულია, მაგრამ კარგად გადმოგვცემს აზრს. ის გვიჩვენებს, რომ როდესაც სხვებს განვიკითხავთ, ჩვენ ზოგჯერ ფაქტები არ ვიცით, ზოგჯერ კი არც გვინდა, რომ ვიცოდეთ. ჩვენ გვირჩევნია გავამართლოთ საკუთარი წყრომა და ვებღაუჭებით სიმწარეს და წყენას. ზოგჯერ წყრომა თვეებისა და წლების მანძილზე არ გვტოვებს. ხანდახან მთელი ცხოვრების განმავლობაშიც კი გვაწამებს.

გაყოფილი ოჯახი

იყო მამა, რომელიც ვერ პატიობდა შვილს იმას, რომ მან მამის გზას გადაუხვია. ბიჭს ჰყავდა მეგობრები, რომლებიც მამას არ მოსწონდა და ის ხშირად აკეთებდა იმას, რაც მამის აზრით მიუღებელი იყო. ამან მამა-შვილის ურთიერთობაში განხეთქილება შეიტანა, რის შედეგადაც ბიჭი, როგორც კი მას ამის საშუალება მიეცა, სახლიდან წავიდა და აღარ დაბრუნებულა. ისინი ერთმანეთს ძალიან იშვიათად ელაპარაკებოდნენ.

მიაჩნდა მამას, რომ ის მართალი იყო? ალბათ.

მიაჩნდა შვილს, რომ ის მართალი იყო? ალბათ.

მე ვიცი, რომ ოჯახი გაიყო და გაუბედურდა, რადგან არც მამას და არც შვილს არ უნდოდა ერთმანეთის პატიება. ისინი ვერ ივიწყებდნენ წარსულის მწარე მოგონებებს. მათ სიყვრულისა და პატიების ნაცვლად გულები სიბრაზით აავსეს. არც ერთმა არ გამოიყენა ერთმანეთის ცხოვრებაზე კარგი გავლენის მოხდენის შანსი. განხეთქილება მათ შორის იმდენად დიდი აღმოჩნდა, რომ ორივენი საკუთარი ემოციების კუნძულზე სულიერ პატიმრებად იქცნენ.

საბედნიეროდ, ჩვენმა მოსიყვარულე და ბრძენმა ზეციურმა მარადიულმა მამამ მოგვიმზადა ამ ამპარტავნების დასაძლევი გზა. დიადი, უსაზღვრო გამოსყიდვა ხომ პატიებისა და შერიგების უმაღლესი ქმედებაა. მისი სიდიადე ჩემი ცნობიერების საზღვარს სცდება, მაგრამ მაინც მთელი გულითა და სულით ვამოწმებ მის რეალობასა და უსაზღვრო ძალას. მაცხოვარმა ჩვენი ცოდვებისთვის საკუთარი თავი მსხვერპლად შეწირა. მისი მეშვეობით ჩვენ მოგვეტევება.

არც ერთი ოჯახი არ არის სრულყოფილი

არავინ არ ვართ უცოდველნი. ყველანი ვუშვებთ შეცდომებს, ჩემი და თქვენი ჩათვლით. ყველას გვაქვს გული ნატკენი, ყველას გვიტკენია სხვისთვის გული.

ჩვენი მხსნელის მსხვერპლშეწირვით ჩვენ შეგვიძლია მივაღწიოთ ამაღლებასა და მარადიულ ცხოვრებას. მისი მიბაძვით და საკუთარი გულის მოლბობით, ამპარტავნების დაძლევის შედეგად, ჩვენ შეგვიძლია ოჯახში და პირად ცხოვრებაში შემოვიტანოთ შეწყნარება და პატიება. ღმერთი დაგვეხმარება უფრო ადვილად მივუტევოთ სხვებს, ბიბლიური ნათქვამის თანახმად, ერთი ათასი ნაბიჯის ნაცვლად ორი ათას ნაბიჯზე გავყვეთ სხვას, პირველმა მოვიხადოთ ბოდიში მაშინაც კი, როცა არ ვტყუივართ, უარი ვთქვათ ძველ წყენაზე და აღარ ვკვებოთ ის. მადლობა ღმერთს, რომელმაც მოგვცა მხოლოდ შობილი ძე და ძეს, რომელმაც შეწირა ჩვენთვის საკუთარი სიცოცხლე.

ჩვენ შეგვიძლია ყოველდღიურად ვიგრძნოთ ღმერთის სიყვარული. განა არ უნდა გავცეთ, ცოტათი მაინც,საკუთარი თავი მოყვასისთვის ისე, როგორც ამას ჰიმნში ვმღერით „Because I Have Been Given Much“?2 უფალმა ჩვენ მიტევების კარი გაგვიღო. ხომ კარგი იქნებოდა, რომ გვერდზე გადაგვედო ეგოიზმი და ამპარტავნება და გაგვეღო ეს დალოცვილი მიტევების კარი მათთვის, ვისაც ვებრძვით, განსაკუთრებით კი ოჯახის წევრებს?

ბოლოს და ბოლოს, ბედნიერება სრულყოფილებით კი არა, არამედ ნაბიჯ-ნაბიჯ ღვთიური პრინციპების ცხოვრებაში გატარებით წარმოიქმნება. პირველმა პრეზიდენტობამ და თორმეტ მოციქულთა ქვორუმმა განაცხადა: „ოჯახური ბედნიერება ცხოვრებაში მოიპოვება მაშინ, როცა მას უდევს საფუძვლად უფალი იესო ქრისტეს სწავლება. წარმატებული ქორწინება და ოჯახი დაფუძნებულია და შენარჩუნდება რწმენით, ლოცვით, მონანიებით, პატიებით, პატივისცემით, სიყვარულით, შეწყნარებით, შრომით, სრულფასოვანი დასასვენებელი ღონისძიებებით.“3

პატიება მოიძებნება იმ უბრალო ჭეშმარიტებებში, რომლებიც ჩვენი ზეციერი მამის ბედნიერების გეგმაშია ჩადებული. რადგან პატიება აკავშირებს პრინციპებს, ის აკავშირებს ადამიანებსაც. ის არის გასაღები, ის ხსნის ჩაკეტილ კარებებს, ის არის პატიოსანი გზის დასაწყისი და ბედნიერი ოჯახის შექმნის საუკეთესო იმედი.

ღმერთმა შეგვაძლებინოს ცოტა მეტი პატიება ოჯახში, ერთმანეთის მიმართ და საკუთარი თავის მიმართებაშიც კი. მე ვლოცულობ იმაზედ, რომ ჩვენ შევიგრძნოთ პატიების განცდა, როგორც ის ერთი შესანიშნავი საერთო თვისება, რითაც ასე გვანან ერთმანეთს ბედნიერი ოჯახები.

შენიშვნები

  1. ლევ ტოლსტოი, ანა კარენინა, კონსტანს გარნეტის თარგმანი (2008), 2.

  2. “Because I Have Been Given Much,” Hymns, no. 219.

  3. „ოჯახი: მოწოდება მსოფლიოს,“ Liahona,ნოემბერი, 2010 წ, გვ.129.

ამ მოწოდების სწავლება

„გაკვეთილის მზადებისას, ჰკითხეთ საკუთარ თავს, როგორ შეიძლება შევადაროთ პრინციპი გამოცდილებას, რომელიც ოჯახის წევრებს ჰქონიათ საკუთარ ცხოვრებაში“. „ოჯახი: მოწოდება მსოფლიოს,“ (Teaching, No Greater Call [1999], 171). მოიწვიეთ ოჯახის წევრები, გაიზიარონ პატიების გამოცდილება, რომელიც მათ ჰქონიათ პირადად ან შეუმჩნევიათ ცხოვრებაში. განიხილეთ ეს გამოცდილებები, გაამახვილეთ ყურადღება პატიების ლოცვა-კურთხევაზე. დაასრულეთ საკუთარი დამოწმებით ერთმანეთის პატიების მნიშვნელობაზე.

ამობეჭდვა