2010-2019
ქორწინება: უყურე და ისწავლე
აპრილი 2013


ქორწინება: უყურე და ისწავლე

უფლის დაპირებანი ვრცელდება იმათზე, ვინც მისდევს ცხოვრების იმ მაგალითს, რომელიც ეხმარება ბედნიერი, წმინდა ცოლ-ქმრული ურთიერთობების დამყარებაში.

რამოდენიმე წლის წინ, ერთ საღამოს, მე და ჩემი მეუღლე ვსტუმრობდით ჩვენს ერთ-ერთ ვაჟთან, მის მეუღლესთან და შვილებთან ერთად. ეს იყო ტიპიური საღამო ოჯახთან, სადაც არიან პატარა ბავშვები: ხმაურიანი და მხიარული. სადილის შემდეგ მე და ჩვენი ოთხი წლის შვილიშვილი, ანა, ჯერ კიდევ მაგიდასთან ვისხედით. როცა დაინახა, რომ მთელი ყურადღება მისკენ მქონდა მიმართული, იგი სკამზე დადგა და თვალი თვალში გამიყარა. როცა დარწმუნდა, რომ მე მას ვუყურებდი, საზეიმოდ მიბრძანა: უყურე და ისწავლე. შემდეგ მან მიმღერა და იცეკვა.

ანას დარიგება – „უყურე და ისწავლე“, იყო ჩვილთა პირით ნათქვამი სიბრძნე. ჩვენ იმდენი რამ შეგვიძლიავისწავლოთ ყურებითა და შემდეგ იმის განხილვით, რაც ვიხილეთ და ვიგრძენით. ამის გათვალისწინებით, ნება მომეცით გაგიზიაროთ რამოდენიმე პრინციპი, რომელიც შევნიშნე შესანიშნავი, ერთგული ქორწინებების დაკვირვებით. ამ პრინციპებმა ააშენეს ძლიერი, კარგი ოჯახები, რომლებიც შეესაბამებიან ზეციურ პრინციპებს. მოდით ერთად განვიხილოთ ისინი და ვისწავლოთ მათზე.

პირველი: მე შევნიშნე, რომ ყველაზე ბედნიერ ქორწინებაში როგორც ქმარი, ისევე ცოლი, ურთიერთობას უყურებენ, როგორც ძვირფას მარგალიტს, შეუფასებელ განძს. ისინი ორივენი ტოვებენ მშობლებს და იღებენ დაქორწინების გადაწყვეტილებას – შექმნან ოჯახი, რომელიც უსასრულოდ გაიფურჩქნება. მათ ესმით, რომ მიჰყვებიან ღვთის მიერ ნაკურთხ გზას. მათ იციან, რომ ვერც ერთი სხვა ურთიერთობა ვერ მოუტანს მათ ამდენ სიხარულს, სიკეთეს ან პირად სრულყოფას. უყურე და ისწავლე: საუკეთესო საოჯახო პარტნიორები განიხილავენ თავიანთ ქორწინებას, როგორც ფასდაუდებელს.

მეორე: რწმენა. წარმატებული ქორწინება შენდება იესო ქრისტესა და მისი სწავლებების მიმართ ერთგულებაზე.1 მე შევნიშნე, რომ შეუღლებული წყვილები, რომლებმაც შექმნეს სამაგალითო ოჯახები, რწმენის ნიმუშის განსახიერებას წარმოადგენენ. ყოველ კვირას ესწრებიან ზიარებასა და სხვა შეკრებებს, ატარებენ საოჯახო საღამოებს, ლოცულობენ და სწავლობენ წმინდა წერილებს, როგორც ერთად, ისევე ცალ-ცალკე და პატიოსნად იხდიან მეათედს. ისინი ერთობლივად ეძიებენ სიკეთესა და მორჩილებას. ისინი არ განიხილავენ მცნებებს, როგორც გაშლილ მაგიდას, რომლიდანაც მათ შეუძლიათ აირჩიონ ყველაზე სასურველი რამ.

რწმენა არის ყოველი ღირსების საფუძველი, რომელიც აძლიერებს ქორწინებას. რწმენის გაძლიერებას მოჰყვება ქორწინების გაძლიერება. რწმენა იზრდება, როცა ჩვენ მცნებებს ვიცავთ და რწმენის ზრდასთან ერთად იზრდება ქორწინების ჰარმონია და ბედნიერება. ასე რომ, ძლიერი ოჯახის შესაქმნელად, აუცილებელია მცნებების დაცვა. უყურე და ისწავლე: უფალი იესო ქრისტეს რწმენა არის ბედნიერი მარადიული ქორწინების საფუძველი.

მესამე; მონანიება. ბედნიერი ოჯახი ეყრდნობა მონანიების ძღვენს. მე ხშირად მინახავს, როგორ დალოცა ამ შესანიშნავმა პრინციპმა მრავალი ოჯახი. ყოველ ჩვენთაგანს ქორწინებაში შეაქვს ძალაც და სისუსტეც. მონანიება არის ყოველი კარგი ცოლ-ქმრული ურთიერთობის აუცილებელი ელემენტი. მეუღლეები, რომლებიც რეგულარულად ახდენენ საკუთარი თავის გულწრფელ შეფასებას და დაუყოვნებლივ იღებენ მონანიებისა და გაუმჯობესებისკენ საჭირო ზომებს განიცდიან ცოლ-ქმრულ ურთიერთობაში სამკურნალო ბალზამის ეფექტს. მონანიება შველის ჰარმონიისა და სიმშვიდის აღდგენასა და შენარჩუნებას.

თავმდაბლობა მონანიების არსია. თავმდაბლობა არის უანგარო, ეგოიზმის გარეშე; ის არ ცდილობს გაიტანოს თავისი და არ საუბრობს მორალური უპირატესობის თვალსაზრისით. პირიქით, თავმდაბლობა, რბილად2 პასუხობს და კეთილგანწყობით ისმენს, არა საკუთარი პოზიციის დასაცავად, არამედ გაგების სურვილით. თავმდაბლობას ესმის, რომ ვერავის ვერ გამოცვლი, მაგრამ რწმენით, ძალისხმევითა და ღვთის დახმარებით, ჩვენ შეგვიძლია განვიცადოთ საკუთარი გულის ძლიერი შეცვლა.3 გულის ძლიერ შეცვლას მოჰყვება ის, რომ სხვებს, განსაკუთრებით მეუღლეებს, რბილად ვექცევით. 4 თავმდაბლობა ნიშნავს, რომ ცოლიც და ქმარიც ცდილობენ დალოცონ, დაეხმარონ და აამაღლონ ერთმანეთი, ყოველი გადაწყვეტილების მიღებისას წინ მეუღლე დააყენონ. უყურე და ისწავლე: მონანიება და თავმდაბლობა აშენებენ ბედნიერ ქორწინებას.

მეოთხე: პატივისცემა. მე შევნიშნე, რომ შესანიშნავ, ბედნიერ ქორწინებაში მეუღლეები ერთმანეთს თანაბარ პარტნიორებად აღიქვავენ. ნებისმიერი დროის ან ქვეყნის წესები, რომლების მიხედვითაც ქმარი დომინირებს ან ცოლს ექცევა, როგორც მეორეხარისხოვან პარტნიორს, არღვევენ ღვთიურ კანონს და უნდა შეიცვალონ სწორი პრინციპებისა და ქცევის ნიმუშებით.

წარმატებულ ქორწინებებში მეუღლეები ერთად იღებენ გადაწყვეტილებებს, ცოლსაც და ქმარსაც თანაბარი უფლებები აქვთ და მოქმედებენ, როგორც სრული მონაწილენი.5 ასეთი მეუღლეები პირველ ადგილზე აყენებენ ოჯახს და უწევენ ერთმანეთს დახმარებას საზიარო ვალდებულებებში.6 მათი ქორწინებები დაფუძნებულია თანამშრომლობაზე და არა მოლაპარაკებების წარმოებაზე. მათთვის ოჯახური სადილი და სადილის შემდეგ ოჯახთან გატარებული დრო ხდება მათი მთელი დღის აზრი და საუკეთესო ძალისხმევის შედეგი. ისინი თიშავენ კომუნიკაციისა და გართობის საშუალებებს იმისთვის, რომ დაეხმარონ საოჯახო ვალდებულებების შესრულებაში. ისინი მაქსიმალურად იყენებენ ყველა საშუალებას იმისთვის, რომ ყოველ ღამე იკითხონ შვილებთან ერთად და ორივე მეუღლე მონაწილეობას იღებს პატარების დაძინების პროცესში. ისინი ერთად იძინებენ. შეძლებისდაგვარად, ცოლი და ქმარი გვერდიგვერდ ასრულებენ ყველაზე მნიშვნელოვან საქმეს – ოჯახურ საქმიანობას.

იქ, სადაც პატივისცემაა – გამჭვირვალობაა, გამჭვირვალობა კი ბედნიერი ქორწინების აუცილებელი ელემენტია. ურთიერთ პატივისცემასა და გამჭვირვალობაზე აგებულ ქორწინებაში არ არსებობს საიდუმლოებები ამა თუ იმ საკითხებზე. ცოლი და ქმარი ერთად იღებენ გადაწყვეტილებებს ფინანსურ საკითხებში და ორივენი ფლობენ სრულ ინფორმაციას.

ერთგულება არის პატივისცემის ფორმა. წინასწარმეტყველები გვასწავლიან, რომ წარმატებულ ქორწინებაში ცოლ-ქმარი ერთმანეთის სრულიად ერთგულნი არიან. 7 ისინი სოციალურ ქსელებში ყველანაირად ღირსეულად იქცევიან. მათ არაფერი არა აქვთ გასაიდუმლოებული ინტერნეტში. ისინი ერთმანეთს უზიარებენ ქსელის პაროლებს. ისინი არ უყურებენ ვირტუალურ სურათებს ისე, რომ ამან შელახოს მათი მეუღლის წმინდა ნდობა. ისინი არასდროს ამბობენ ან აკეთებენ არაფერს ისეთს, რაც ფიზიკურად ან ვირტუალურად არის მიუღებელი. უყურე და ისწავლე: საოცარი ქორწინება არის სრულიად პატივისცემით, გამჭვირვალობითა და ერთგულებით შემკული.

მეხუთე: სიყვარული. ყველაზე ბედნიერი ქორწინებები, რომლებიც მინახავს, ასხივებენ მორჩილებას ერთი ყველაზე ბედნიერი მცნების მიმართ – იცხოვრეთ სიყვარულში.8 ქმრებთან მიმართებაში უფალმა გვიბრძნა, რომ უნდა მთელი გულით გვიყვარდეს ცოლი და მივეწებოთ მხოლოდ მას და სხვას არავის.9 საეკლესიო ინსტრუქციების სახელმძღვანელო გვასწავლის: „მიეწებო ნიშნავს იყო სრულიად თავდადებული და ერთგული ვიღაცის მიმართ. შეუღლებული წყვილები ეწებებიან ღმერთს და ერთმანეთს, მსახურებით, სიყვარულითა და ერთმანეთისა და ღვთის მიმართ აღთქმების ერთგულებით. „როგორც ცოლი, ისევე ქმარი „ უკან ტოვებენ მარტოხელა ცხოვრებას და მათთვის პირველი პრიორიტეტი ხდება მათი ქორწინება. ... ისინი არავის და არაფერს არ აძლევენ იმის ნებას, რომ რაიმემ გადაფაროს ღმერთთან და ერთმანეთთან დადებული აღთქმის ერთგულების პრიორიტეტი.10 უყურე და ისწავლე: წარმატებულ მეუღლეებს სრული ერთგულებით უყვართ ერთმანეთი.

არიან ისეთნი, ვისი ქორწინებაც არ არის ისეთი ბედნიერი, როგორც მათ სურდათ, რომ ყოფილიყო ან ისეთნი, ვინც ვერ შექმნა ოჯახი ან გაცილებულია ან არის მარტოხელა მშობელი ან სხვადასხვა მიზეზების გამო ვერ ქორწინდებიან. ასეთი ვითარებები შესაძლოა იყოს სავსე სირთულეებითა და გულისტკივილით, მაგრამ არ უნდა გაგრძელდეს მარადის. თქვენ, ვინც იმყოფებით ასეთ ვითარებაში, მაგრამ მხნედ აკეთებთ ყველაფერს, რაც თქვენს ძალაშია11, ზეცამ უხვად დაგლოცოთ. ეძიეთ მარადიული ქორწინების იდეალი, იმავდროულად ეცადეთ და მოემზადეთ კიდევაც იყოთ ღირსეული მეუღლე. დაიცავით მცნებანი და ენდეთ უფაალსა და მის თქვენდამი სრულყოფილ სიყვარულს.12

მორმონის წიგნში არის ერთ-ერთი ასეთი მეტად სასიამოვნო მუხლი, რომელშიც ნათქვამია, რომ ისინი შეუღლდნენ და მიიღეს დალოცვა იმ მრავალი დაპირების თანახმად, რომელსაც მათ უფალი დაპირდა.13 უფლის დაპირებანი ვრცელდება იმათზე, ვინც მისდევს ცხოვრების იმ მაგალითს, რომელიც ეხმარება ბედნიერი, წმინდა ცოლ-ქმრული ურთიერთობების დამყარებაში. ეს ლოცვა-კურთხევები მოდის, როგორც იესო ქრისტეს სახარების ერთგული ცხოვრების სასიამოვნო, ბუნებრივი შედეგი.

მე მადლიერი ვარ ჩემი არაჩვეულებრივი მეუღლის, ქესის, რომელიც მთელი ჩემი ცხოვრების სიყვარულს წარმოადგენს.

ქორწინება არის ღვთის ძღვენი ჩვენთვის; ჩვენი ქორწინების ხარისხი კი არის ძღვენი ჩვენგან მისთვის. მე ვმოწმობ ჩვენი საყვარელი ზეციური მამის საოცარი გეგმის შესახებ, რომელიც გვაძლევს მარადიული, შესანიშნავი ქორწინების საშუალებას. იესო ქრისტეს სახელით, ამინ.