თაყვანისცემის დალოცვები
ღვთის თაყვანისცემა სულიერი ცხოვრების აუცილებელი და ცენტრალური ნაწილია. ეს არის ის, რასაც უნდა ვნატრობდეთ, ვეძიოთ და ვეცადოთ, გამოვცადოთ.
მისი მოსვლა
წმინდა წერილში ვპოულობთ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და თბილ მოვლენას - მხსნელის გამოცხადება ამერიკის კონტინენტზე მის სიკვდილისა და აღდგომის შემდეგ. ადამიანები გახდენ ისეთი ნგრევის მოწმენი, რომ „მთელმა დედამიწამ ცვლილებები განიცადა“. ჩანაწერებიდან ამ მოვლენების შესახებ ვიცით, რომ ამ კატასტროფის შემდეგ ყველანი განუწყვეტლივ ტიროდნენ. და ღრმა გლოვაში მათ სწყუროდათ განკურნება, სიმშვიდე და ხსნა.
როცა მხსნელი ზეციდან ჩამოვიდა, ადამიანები ორჯერ დაეცნენ მის ფერხთით. პირველად, როცა მან განაცხადა ღვთიური ავტორიტეტით:
„აჰა, ვარ იესო ქრისტე, რომელზეც იწინასწარმეტყველეს წინასწარმეტყველებმა, რომ მოვევლინებოდი ამ ქვეყნად.
„და აჰა, მე ვარ სინათლე და სიცოცხლე ამა ქვეყნისა“.
შემდეგ მან მოიწვია იქ მყოფნი: „ადექით და მოდით ჩემთან და შეგიძლიათ ხელით შეეხოთ ჩემს გვერდს, ასევე იგრძნოთ ლურსმნების ნაჭდევი ჩემს ხელებსა და ფეხებზე, რათა იცოდეთ, რომ ვარ ისრაელის ღმერთი, და მთელი დედამიწის ღმერთი და მომკლეს სამყაროს ცოდვებისთვის.
„და როდესაც ყველანი მივიდნენ და თავისით დარწმუნდნენ, ერთი ხმით ატირდნენ და ამბობდნენ:
„ოსანა! დალოცვილი იყოს უზენაესი ღმერთის სახელი“!
და შემდეგ, მეორედ „ისინი დაეცნენ იესოს ფერხთით“. მაგრამ ამჯერად გაცნობიერებულად, რადგან ვკითხულობთ, რომ „თაყვანი სცეს მას“.
ახლანდელი დრო
ამ წლის დასაწყისში მე დავალებით ვიმყოფებოდი შეერთებული შტატების დასავლეთი ნაწილის პალოში. ეს ჩვეულებრივი კვირადღე იყო, ჩვეულებრივი შეხვედრა, ეკლესიის ჩვეულებრივ წევრებთან. მე ვუყურებდი, როგორ შემოდიოდნენ ადამიანები სამლოცველოში და მოწიწებით მიდიოდნენ თავისუფალი ადგილებისკენ. ჰოლში ექოდ ისმოდა ბოლო წუთის ჩახშობილი საუბარი. დედები და მამები ცდილობდნენ, ზოგჯერ ამაოდ, ენერგიული ბავშვების დაწყნარებას. ჩვეულებრივი ამბავია.
მაგრამ შემდეგ, შეხვედრის დაწყებამდე, სულიწმინდით შთაგონებული სიტყვები მომივიდა აზრად.
ეს წევრები არ მოსულან მხოლოდ ვალდებულების შესასრულებლად ან კიდევ გამომსვლელის მოსასმენად.
ისინი მოვიდნენ უფრო ღრმა და მნიშვნელოვანი მიზეზის გამო.
ისინი მოვიდნენ, რათა „თაყვანი სცენ ღმერთს“.
შეხვედრა გრძელდებოდა და მე მრევლის სხვადასხვა წევრებს ვაკვირდებოდი. მათ თითქმის ღვთიური გამომეტყვლება ჰქონდათ, სიმშვიდისა და მოწიწების განწყობა. რაღაც იყო მათში ისეთი, რამაც გული გამითბო. იმ კვირას ისინი რაღაცას განსაკუთრებულს გრძნობდნენ.
ისინი თაყვანს სცემდნენ ღმერთს.
ისინი ზეციურ გრძნობებს განიცდიდნენ.
მე ამას სახეზე ვატყობდი მათ.
და მეც გავიხარე და მათთან ერთად თაყვანი ვეცი ღმერთს. და ამ დროს სულიწმინდამ დაიწყო ჩემ გულში საუბარი. და იმ დღეს მე რაღაც შევიტყვე ჩემს შესახებ, ღმერთის შესახებ და ჩვენს ცხოვრებაში ჭეშმარიტი ღვთის თაყვანისცემის შესახებაც.
თაყვანისცემა ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში
უკანასკნელ დღეთა წმინდანები არიან განსაკუთრებულნი, როცა საქმე ეხება საეკლესიო მოწოდებებზე ჩვენს მსახურებას. მაგრამ ზოგჯერ ჩვენ შეგვიძლია რუტინულად მივუდგეთ სამუშაოს, თითქოს და უბრალოდ ვასრულებთ საქმეს. ზოგჯერ ჩვენს დასწრებას შეკრებაზე და სასუფეველში მსახურებას აკლია თაყვანისცემის ელემენტი. ამის გარეშე კი, ჩვენ გვაკლია შეუდარებელი სულიერი შეხება უსასრულობასთან, რომელიც გვეკუთვნის, როგორც მოსიყვარულე მამაზეციერის შვილებს.
შემთხვევითობისგან შორი, ბედნიერი გამოვლენა - ღვთის თაყვანისცემა სულიერი ცხოვრების აუცილებელი და ცენტრალური ნაწილია. ეს არის ის, რასაც უნდა ვნატრობდეთ, ვეძიოთ და ვეცადოთ, გამოვცადოთ.
რა არის ღვთის თაყვანისცემა?
როცა თაყვანს ვცემთ ღმერთს, ჩვენ ვუახლოვდებით მას მოწიწებული სიყვარულით, თავმდაბლობითა და აღფრთოვანებით. ჩვენ ვაღიარებთ მას და ვიღებთ, როგორც უზენაეს მეფეს, სამყაროს შემოქმედსა და ჩვენს საყვარელ და უზომოდ მოსიყვარულე მამას.
ჩვენ პატივს ვცემთ მას და ვაფასებთ.
ჩვენ მას ვემორჩილებით.
ჩვენ ვამაღლებთ გულებს ძლიერ ლოცვაში, სათუთად ვეპყრობით მის სიტყვას, გვიხარია მისი მადლით და ვდებთ პირობას, რომ თავდადებული ერთგულებით მივყვებით მას.
ღვთის თაყვანისცემა იესო ქრისტეს ცხოვრების იმდენად აუცილებელი ელემენტია, რომ თუ არ მივიღებთ მას გულში, ამაოდ დავუწყებთ მას ძებნას ჩვენს საბჭოებში, ეკელსიებსა და ტაძრებში.
ჭეშმარიტ მოწაფეებს ხიბლავთ „თაყვანი სცენ მას, ვინც შექმნა ზეცა, დედამიწა და ზღვა, წყლის შადრევნები - უფლის სახელის შეღაღადებით დღისითა და ღამით“.
ჩვენ შეგვიძლია მრავალი რამ ვისწავლოთ ჭეშმარიტი თაყვანისცემის შესახებ, თუ დავაკვირდებით, როგორ ხვდებიან, ექცევიან და თაყვანს სცემენ ღვთაებრივს ის ადამიანები, რომლებიც არც თუ ისე განსხვავდებიან ჩვენგან.
გაოცება, მადლიერება და იმედი
მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში ქრისტიანულ სამყაროს ჰქონდა ყველაფერი, თუმცა თითქმის უარი თქვა იმ იდეაზე, რომ ღმერთი ჯერ კიდევ ესაუბრებოდა ადამიანებს. მაგრამ 1820 წ. გაზაფხულს ეს სამუდამოდ შეიცვალა, როცა თავმდაბალი ბიჭი ფერმიდან შევიდა პატარა ტყვეში, დაიჩოქა და ილოცა. ამ დღიდან, შესანიშნავი ხილვების, გამოცხადებებისა და ზეციური მოვლენების ნაკადი წამოვიდა დედამიწაზე და უბოძა მის მცხოვრებთ ძვირფასი ცოდნა ღმერთის ბუნებისა, მიზნის და მისი ადამიანებთან ურთიერთობების შესახებ.
ოლივერ ქაუდერიმ აღწერა ეს დღეები, როგორც „დაუვიწყარი მარადის. … რა სიხარულია! რა საოცრება! რა საკვირველება!“
ოლივერის სიტყვები გადმოგვცემს პირველ ელემენტებს, რომლებიც მოჰყვება ღვთიურის ჭეშმარიტ თაყვანისცემას - ჯადოსნური მოკრძალება და სრული მადლიერება.
ყოველ დღე, მაგრამ კვირას განსაკუთრებით, ჩვენ გვაქვს საგანგებო შესაძლებლობა, განვიცადოთ ზეცის სასწაული და მოკრძალება და შევთავაზოთ ღმერთს ჩვენი ქება მისი დალოცვილი სიკეთისა და უზომო მოწყალებისთვის.
ეს მიგვიყვანს იმედისკენ. ეს თაყვანისცემის პირველი ელემენტია.
სინათლე, ცოდნა და რწმენა
ორმოცდამეათე დღის დალოცვილ ზეიმზე, სულიწმინდამ შეაღწია ქრისტეს მოწაფეების გულებში და გონებაში, აღავსო რა ისინი სინათლითა და ცოდნით.
იმ დღემდე ისინი ზოგჯერ არ იყვნენ დარწმუნებულნი იმაში, რა უნდა ექნათ. იერუსალიმი სახიფათო ადგილი იყო უფლის მიმდევრებისთვის და ისინი ალბათ ფიქრობდნენ იმაზე, რა დაემართებოდათ მათ.
მაგრამ როცა სულიწმინდამ აღავსო მათი გულები, ეჭვი და უხალისობა გაქრა. ჭეშმარიტი თაყვანისცემის გამოცდილების მეშვეობით ღვთის წმინდანებმა მიიღეს ზეციური სინათლე, ცოდნა და გაძლიერებული მოწმობა. ამან ისინი რწმენამდე მიიყვანა.
იმ მომენტიდან დაწყებული, მოციქულები და წმინდანები მოქმედებდნენ განსაზღვრული მიმართულებით. ისინი თამამად ქადაგებდნენ იესო ქრისტეზე მთელს მსოფლიოში.
როცა ჩვენ სულში თაყვანს ვცემთ ღმერთს, ჩვენ ვიწვევთ სინათლეს და ჭეშმარიტებას სულში, რომელიც აძლიერებს ჩვენს რწმენას. ესენიც ჭეშმარიტი თაყვანისცემის აუცილებელი ელემენტებია.
მოწაფეობა და მოწყალება
მორმონის წიგნიდან ვიცით, რომ იმ მომენტიდან, როცა ალმა უმცროსი გააანთავისუფლეს საკუთარი აჯანყების შედეგის ტანჯვისგან, იგი შეიცვალა. „თამამად დადიოდა მთელ მიწაზე … და მთელ ხალხში … დაჟინებით ცდილობდა, გამოესწორებინა ზიანი, რომელიც მან ეკლესიას მიაყენა“.
მისმა ყოვლისშემძლე ღმერთის მიმართ მარადიულმა თაყვანისცემამ ენერგიული მოწაფეობის ფორმა მიიღო.
ჭეშმარიტი თაყვანისცემა გადაგვაქცევს საყვარელი მოძღვრისა და მხსნელის, იესო ქრისტეს გულწრფელ და ჭეშმარიტ მოწაფეებად. ჩვენ ვიცვლებით და უფრო ვემსგავსებით მას.
ჩვენ ვხდებით უფრო გამგებნი და ფრთხილი. უფრო მიმტევებელნი. უფრო მოსიყვარულენი.
ჩვენ გვესმის, რომ შეუძლებელია თქვა, რომ გიყვარს ღმერთი, როცა ამავე დროს გძულს, ხელს კრავ ან ანგარიშს არ უწევ შენს ირგვლივ მყოფთ.
ჭეშმარიტ თაყვანისცემას მივყავართ ურყევ გადაწყვეტილებამდე - ვიაროთ მოწაფეობის გზით. და ამის გარდაუვალი შედეგი მოწყალებაა. ესენიც თაყვანისცემის აუცილებელი ელემენტებია.
შედით მის კარიბჭეში მადლიერებით
როცა ვიხსენებ იმას, რა დაიწყო, როგორც ჩვეულებრივი კვირის დილა იმ ჩვეულებრივ სამლოცველოში, იმ ჩვეულებრივ პალოში, დღესაც გულზე მედება ის განსაკურებული სულიერი გამოცდილება, რომელმაც სამარადისოდ დალოცა ჩემი ცხოვრება.
მე მივხვდი, რომ თუ ჩვენ საუკეთესოდ განვაგებთ საკუთარ დროს, მოწოდებებს, დავალებებს, თუ მოვნიშნავთ ყველა უჯრას ჩვენი „სრულყოფილი“ ინდივიდუალის, ოჯახის ან ხელმძღვნანელის ჩამონათვალში, მაგრამ არ ვცემთ თაყვანს ჩვენს მოწყალე მხსნელს, ზეციურ მეფეს, დიდებულ ღმერთს, ჩვენ ვიკლებთ სახარების სიხარულისა და სიმშვიდის დიდ ნაწილს.
როცა თაყვანს ვცემთ ღმერთს, ჩვენ ვაღიარებთ და ვიღებთ მას იგივე პატივისცემით, როგორც ის უძველესი ხალხი ამერიკის კონტინენტზე. ჩვენ ვუახლოვდებით მას გაოცებისა და მოკრძალების გაუგონარი გრძნობით. ჩვენ მადლიერებით ვტკბებით ღვთის სიკეთით. ასე რომ, მოვიპოვებთ იმედს.
ჩვენ ვუფიქრდებით ღმერთის სიტყვას და ეს ჩვენს სულებს ავსებს სინათლითა და ჭეშმარიტებით. ჩვენ ვუმზერთ სულიერ ხედებს, რომლების დანახვაც მხოლოდ სულიწმინდის სინათლითაა შესაძლებელი. ასე რომ, ჩვენ მოვიპოვებთ რწმენას.
როცა ღმერთს თაყვანს ვცემთ, ჩვენი სული იწმინდება და ჩვენ ვდებთ პირობას, რომ ჩვენი საყვარელი მხსნელის, იესო ქრისტეს კვალზე, ვივლით. და ამ გადაწყეტილებით ჩვენ მოვიპოვებთ მოწყალებას.
როცა თაყვანს ვცემთ ღმერთს, ჩვენი გულები მიიწევს ქებაში ჩვენი დალოცვილი ღმერთისკენ დილით, შუადღეს და საღამოს.
ჩვენ გამუდმებით ვადიდებთ და პატივს მივაგებთ მას - ჩვენს სამლოცველოებში, ოჯახებში, ტაძრებში და ყოველ ჩვენს საქმიანობაში.
როცა ჩვენ თაყვანს ვცემთ ღმერთს, ჩვენ გულს ვუხსნით იესო ქრისტეს გამოსყიდვის ძალას.
ჩვენი ცხოვრება ჭეშმარიტი თაყვანისცემის გამოხატვა და ნიშანი ხდება.
ჩემო დებო და ძმებო, სულიერ გამოცდილებას ნაკლებად აქვს კავშირი იმასთან, რაც ხდება ჩვენ ირგვლივ და მჭიდროდ უკავშირდება იმას, რაც ჩვენს გულში ხდება. მე ვმოწმობ, რომ ჭეშმარიტი თაყვანისცემა გადაიყვანს ჩვეულებრივ საეკლესიო მსახურებას განსაკუთრებულ სულიერ ნადიმში. იგი გაამდიდრებს ჩვენს ცხოვრებას, გააფართოვებს ჩვენს წვდომას და გააძლიერებს ჩვენს დამოწმებებს. რადგან, როცა ჩვენ გულს მივმართავთ ღმერთისკენ, როგორც მეფსალმუნე, ჩვენ „[შევდივართ] მის კარიბჭეში ხოტბის შესხმით, მის ეზოებში - ქება-დიდებით; მადლობას [ვწირავთ] მას, [ვადიდებთ] მის სახელს!“
„რადგან კარგია უფალი, საუკუნოა წყალობა მისი; და თაობიდან თაობამდე - ჭეშმარიტება მისი!“
გულწრფელი და გულითადი თაყვანისცემით ჩვენ ავყვავდებით და გავკაჟდებით იმედში, რწმენაში და მოწყალებაში. და ამ პროცესში მივიღებთ სულში ზეციურ ნათელს, რომელიც აავსებს ჩვენს ცხოვრებას ღვთიური მნიშვნელობით, სიმშვიდითა და მარადიული სიხარულით.
ეს არის თაყვანისცემის დალოცვა ჩვენს ცხოვრებაში. მე ამას მორჩილად ვმოწმობ იესო ქრისტეს წმინდ სახელით, ამინ.