სახარების გაზიარებაში სიხარულის პოვნა
ჩვენ გვყავს მოსიყვარულე მამა ზეცაში რომელიც გველის, მივუბრუნდეთ მას, რათა დალოცოს ჩვენი და ჩვენს ირგვლივ მყოფთა ცხოვრება.
ერთ-ერთი ჩემი საყვარელი საბავშვო სიმღერა იწყება ამ სიტყვებით:
რა უბრალო და მშვენიერი ჭეშმარიტების განაცხადია, რომელიც გვწამს!
ჩვენ, როგორც უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიის წევრებმა, ვიცით, ვინც ვართ. ჩვენ ვიცით, რომ „ღმერთი არის ჩვენი სულთა მამა. ჩვენ ვართ … მისი შვილები და მას ვუყვარვართ. ჩვენ [მასთან ზეცაში] ვცხოვრობდით, სანამ [მოვევლინეთ] დედამიწას“.
ჩვენ ვიცით ღმერთის გეგმა. ჩვენ იქ მასთან ერთად ვიმყოფებოდით, როდესაც მან ეს გეგმა წარადგინა. ჩვენი მამაზეციერის „მიზანი, საქმე და დიდება იმაშია, რომ ყოველი ჩვენგანისთვის უზრუნველყოს თავისი კურთხევებით ტკბობა. მან … გვიბოძა სრულყოფილი გეგმა თავისი მიზნის შესასრულებლად. ჩვენ გავიაზრეთ და მივიღეთ ეს … ბედნიერების გეგმა, … გამოსყიდვა და … ხსნა, სანამ მოვევლინებოდით დედამიწას.
„ღვთის გეგმის ცენტრალური ნაწილია იესო ქრისტე. იესო ქრისტემ, გამოსყიდვის მეშვეობით, აღასრულა თავისი მამის მიზანი და ყოველი ჩვენგანისთვის გახადა შესაძლებელი, დავტკბეთ უკვდავებითა და ამაღლებით. სატანა ანუ ეშმაკი, ღვთის გეგმის მტერია და ასე იყო დასაბამიდან.
„თავისუფალი არჩევანი ანუ არჩევანის საშუალება არის ღმერთის ერთ-ერთი უდიდესი ძღვენი თავისი შვილებისთვის. … ჩვენ უნდა ავირჩიოთ - მივყვეთ იესო ქრისტეს თუ სატანას“.
ეს არის ის მარტივი ჭეშმარიტება, რომელიც შეგვიძლია, სხვებს გავუზიაროთ.
მოდით, მოგიყვებით იმ პერიოდის შესახებ, როცა დედაჩემმა ასეთი მარტივი ჭეშმარიტება გაუზიარა სხვებს უბრალო საუბარში, როცა იგრძნო ამის საშუალება.
მრავალი წლის წინ დედა ჩემს ძმასთან ერთად არგენტინაში ბრუნდებოდა. დედას ფრენა არასოდეს არ უყვარდა, ამიტომ მან სთხოვა ერთ-ერთ ჩემს ვაჟს, სიმშვიდისა და უსაფრთხოების კურთხევა მიეცა მისთვის. ჩემმა ვაჟმა იგრძნო, რომ ბებიასთვის განსაკუთრებული მითითება უნდა მიეცა სულიწმნინდისგან, რათა შეძლებოდა მრავალი ადამიანის გულის შეხება და გაძლიერება, ვისაც სახარების გაგების სურვილი ჰქონდა.
სოლთ ლეიქის აეროპორტში დედას და ჩემს ძმას შეხვდათ 7 წლის გოგონა, რომელიც ოჯახთან ერთად ბრუნდებოდა სათხილამურო კურორტიდან. მისმა მშობლებმა შენიშნეს, რომ გოგონა დიდ ხანს საუბრობდა დედაჩემთან და ჩემს ძმასთან და გადაწყვიტეს, ჩართულიყვნენ საუბარში. მათ თავი წარადგინეს, როგორც ედუარდომ, მარია-სუზანამ და გიადა პოლი. ამ ოჯახებს შორის ბუნებრივი, თბილი კავშირი დამყარდა.
ორივე ოჯახს უხაროდა, რომ ბუენოს აირესის რეისით ერთად იმგზავრებდნენ არგენტინაში. საუბრის გაგრძელებისას დედამ შენიშნა, რომ ოჯახს არასოდეს არ სმენოდა იესო ქრისტეს აღდგენილი ეკლესიის შესახებ.
ერთ-ერთი პირველი შეკითხვა, რომელიც სუზანმა დასვა, იყო: „მომიყევით იმ ლამაზ მუზეუმზე, რომლის თავზეც ოქროს ქანდაკება დგას“.
დედაჩემმა აუხსნა, რომ ის ლამაზი შენობა მუზეუმი კი არა უფლის ტაძარი იყო, სადაც ჩვენ ღმერთთან აღთქმებს ვდებთ, რათა შევძლოთ მასთან დაბრუნება და ცხოვრება, როცა ამის დრო დადგება. სუზანა გამოუტყდა დედაჩემს, რომ სოლთ ლეიქსში წასვლამდე იგი ლოცულობდა, რათა რამეს გაეძლიერებინა მისი სული.
ფრენის დროს დედაჩემმა გაუზიარა უბრალო, თუმცა ძლიერი დამოწმება სახარებაზე და მოუწოდა სუზანას, მოეძებნა თავის მშობლიურ ქალაქში მისიონერები. სუზანამ ჰკითხა დედაჩემს: „როგორ ვიპოვი მათ“?
დედამ უპასუხა: „შეუმჩნევლები არ დაგრჩებიან; ეს ან ორი ახალგაზრდა მამაკაცი იქნება თეთრი პერანგებითა და ჰალსტუხებით ან ორი ახალგაზრდა სასიამოვნოდ ჩაცმული ქალი და მათ ყოველთვის უკეთიათ სამკერდე ნიშნები მათი სახელებითა და წარწერით: „უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესია“.
ოჯახებმა ტელეფონის ნომრები გაცვალეს და ერთმანეთს ბუენოს აირესის აეროპრტში დაემშვიდობნენ. სუზანამ, რომელიც შემდგომ ჩემი კარგი მეგობარი გახდა, ბევრჯერ მითხრა, რომ ძალიან არ უნდოდა აეროპორტში დედაჩემთან დაშორება. მან თქვა: „დედაშენი ანათებდა. მე ვერ აგიხსნი, მაგრამ მის ირგვლივ სინათლე იყო, რომელთანაც განშორება არ მინდოდა.
როგორც კი სუზანა მშობლიურ ქალაქში დაბრუნდა, იგი ქალიშვილთან, გიადასთან, ერთად სუზანას დედასთან გაემგზავრა ამ გამოცდილების გასაზიარებლად. დედა მისგან რამდენიმე ქუჩის იქით ცხოვრობდა. როცა ისინი მანქანით მიდიოდნენ, სუზანამ ორი ახალგაზრდა მამაკაცი დაინახა, რომლებიც ჩაცმულები იყვნენ ისე, როგორც დედაჩემმა აღწერა. მან მანქანა შუა ქუჩაში გააჩერა, გადმოვიდა და ჰკითხა ამ ორ ახალგაზრდას: „თქვენ შემთხვევით იესო ქრისტეს ეკლესიიდან ხომ არ ხართ“?
მათ უპასუხეს: „დიახ“.
„მისიონერები“? - ჰკითხა მან.
ორივემ უპასუხა: „კი“.
შემდეგ მან უთხრა: „დასხედით მანქანაში; თქვენ ჩემთან მოდიხართ, გაკვეთილი უნდა ჩამიტაროთ“.
ორი თვის შემდეგ მარია სუზანა მოინათლა. მისი ქალიშვილი, გიადა, ასევე მოინათლა, როცა 9 წლის გახდა. ჩვენ ახლაც ვმუშაობთ ედუარდოსთან და მიუხედავად ყველაფრისა, მაინც გვიყვარს იგი.
იმ დროიდან სუზანა გახდა ერთ-ერთი საუკეთესო მისიონერი, რომელიც ოდესმე მინახავს. იგი მოსიას შვილებს ჰგავს, მას მრავალი სული მოჰყავს ქრისტესთან.
ერთ-ერთ ჩვენს საუბარში მე ვკითხე მას: „რა საიდუმლო გაქვს ამისთანა? როგორ უზიარებ სხვებს სახარებას“?
მან მიპასუხა: „ძალიან უბრალოდ. ყოველ დღე, სახლიდან გასვლამდე, მე ვლოცულობ მამაზეციერისადმი და ვთხოვ მას, მიმიყვანოს იმასთან, ვისაც ცხოვრებაში სახარება სჭირდება. მე ზოგჯერ თან მორმონის წიგნი მიმაქვს ან დასარიგებელი ფურცლები მისიონერებისგან და როცა საუბარს ვიწყებ ვინმესთან უბრალოდ ვეკითხები, სმენია მას თუ არა რამე ეკლესიის შესახებ.
სუზანამ ასევე თქვა: „ზოგჯერ უბრალოდ გაღიმებული ვდგავარ, როცა მატარებელს ველოდები. ერთხელ მამაკაცმა შემომხედა და მკითხა: „რატომ გეღიმებათ’? მან ცოტა გამაკვირვა.
„მე ვუპასუხე: „მეღიმება, რადგან ბედნიერი ვარ“!
„შემდეგ მან თქვა: ‘და რა გიხარიათ ასე ძალიან?’
„მე მივუგე: ‘უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიის წევრი ვარ და ეს მახარებს. გსმენიათ რამე ამის შესახებ“?
როცა მან თქვა „არა“, დედამ ბარათი მისცა და დაპატიჟა საკვირაო წირვაზე. მომავალ კვირას დედა მას კარებში მიეგება.
პრეზიეტნი დალინ ოუქსი გვასწავლიდა:
„არსებობს სამი რამ, რისი გაკეთებაც შეუძლია ყოველ წევრს სახარების გაზიარების მიზნით …
პირველი: ჩვენ შეგვიძლია ყველამ ვილოცოთ, გვქონდეს სურვილი, დავეხმაროთ ხსნის საქმის ამ მნიშვნელოვანი ნაწილის შესრულებაში. …
„მეორე: ჩვენ შეგვიძლია, დავიცვათ მცნებები. … ერთგულ წევრებთან ყოველთვის იქნება მხსნელის სული … რათა წინ გაუძღვეს, როცა ისინი ეძიებენ, მიიღონ მონაწილეობა იესო ქრისტეს აღდგენილი სახარების გაზიარების დიად საქმეში.
„მესამე, ჩვენ შეგვიძლია, ვილოცოთ შთაგონებისთვის, რათა გავიგოთ, ჩვენ რისი გაკეთება შეგვიძლია … იმისთვის, რომ სხვებს გავუზიაროთ სახარება … [და] ვილოცოთ იმის ვალდებულებით, რომ ვიმოქმედებთ მიღებული შთაგონების მიხედვით“.
დებო და ძმებო, ბავშვებო, ახალგაზრდებო, შეგვიძლია, დავემსგავსოთ ჩემს მეგობარს, სუზანას, და სხვებს გავუზიაროთ სახარება? შეგვიძლია, მოვიწვიოთ მეგობარი, რომელიც ჩვენი მრწამსის არ არის, მოვიდეს ჩვენთან ეკლესიაში კვირას? ან იქნებ მორმონის წიგნი ვაჩუქოთ ნათესავს ან მეგობარს? შეგვიძლია, დავეხმაროთ სხვებს, იპოვონ წინაპრები FamilySearch (ფემილი სერჩ) საიტზე ან გავუზიაროთ მათ, რა ვისწავლეთ ამ კვირის განმავლობაში, როცა ვსწავლობდით პროგრამას მოდი, მომყევი მე? შეგვიძლია, უფრო დავემსგავსოთ იესო ქრისტეს და გავუზიაროთ სხვებს ის, რასაც მოაქვს სიხარული ჩვენს ცხოვრებაში? ყველა ამ კითხვაზე პასუხია - „კი“! ჩვენ ეს შეგვიძლია!
წმინდა წერილში ვკითხულობთ, რომ „იესო ქრისტეს ეკლესიის წევრები გამოაგზავნეს, რათა ‘იშრომონ უფლის ვენახში ადამიანთა სულების გადასარჩენად’ (მოძრვრება და აღთქმები 138:56). ხსნის ეს საქმე მოიცავს წევრთა მისიონერულ სამუშაოს, მოქცეულების დაკავებას, ნაკლებად აქტიური წევრების გააქტიურებას, სატაძრო და ოჯახური ისტორიის საქმესა და სახარების სწავლებას“.
ძვირფასო მეგობრებო, უფალს ვჭირდებით ისრაელის შესაკრებად. მოძღვრება და აღთქმებში მან თქვა: „არ იფიქრო წინასწარ იმაზე, რას იტყვი; მაგრამ გამუდმებით დაიუნჯეთ გონებაში სიცოცხლის სიტყვები და მიეცემა საჭირო დროს ყოველ ადამიანს ის, რაც მას სჭირდება“.
და ამის გარდა, კიდევ დაგვპირდა:
„და თუ ასე იქნება, თქვენ იშრომებთ მთელი თქვენი დღეები იმისათვის, რომ მონანიება შთააგონოთ ამ ხალხს და მოიყვანოთ მხოლოდ ერთი სული ჩემთან. როგორი დიდი იქნება თქვენი ბედნიერება მასთან, მამაჩემის სასუფეველში!
„და ახლა, როდესაც ჩემთან მოიყვანთ ერთ სულს მამაჩემის სასუფეველში, თქვენი ნეტარება იქნება დიდი, და რამხელა იქნება თქვენი ბედნიერება, თუ მრავალ სულს მოიყვანთ ჩემთან!”
ის საბავშვო სიმღერა, რომლითაც დავიწყე, მთავრდება ასეთი ღრმა მტკიცებულებით:
მე ვმოწმობ, რომ ეს სიტყვები ჭეშმარიტია და რომ ჩვენ გვყავს მოსიყვარულე მამა ზეცაში, რომელიც გველის, მივუბრუნდეთ მას, რათა დალოცოს ჩვენი და ჩვენს ირგვლივ მყოფთა ცხოვრება. დაე, ყველას გვქონდეს ჩვენი დებისა და ძმების ქრისტესთან მოყვანის სურვილი. მე ვლოცულობ ამაზედ იესო ქრისტეს სახელით, ამინ.