დასკვნითი სიტყვა
პირადი ღირსეულობა მოითხოვს გონებისა და გულის სრულ მოქცევას, რათა დავემსგავსოთ უფალს
ჩემო საყვარელი დებო და ძმებო, ამ ისტორიული კონფერენციის დასასრულს, მადლობას ვწირავთ უფალს გზავნილების შთაგონებისთვის და დამაფიქრებელი მუსიკისთვის. ჩვენ ჭეშმარიტად ვისიამოვნეთ სულიერი ნადიმით.
ჩვენ ვიცით, რომ იესო ქრისტეს აღდგენილი სახარება მოუტანს იმედსა და სიხარულს მათ, ვინც მოისმენს და მიიღებს უფლის სწავლებას. ჩვენ ასევე ვიცით, რომ ყოველი სახლი შეიძლება გახდეს რწმენის ჭეშმარიტი სალოცავი, სადაც სიმშვიდე, სიყვარული და უფლის სული დაისადგურებს.
რა თქმა უნდა, აღდგენის დამაგვირგვინებელი მარგალიტი წმინდა ტაძარია. მისი წმინდა წეს-ჩვეულებები და აღთქმები მთავარია მათთვის, ვინც მზადაა, მიესალმოს მხსნელს მეორე მოსვლისას. ამჟამად ჩვენ გვაქვს 166 მოქმედი ტაძარი და მრავალი კიდევ აშენების პროცესშია.
ყოველი ახალი და განახლებული ტაძრის მიძღვნამდე გაიმართება ღია კარის დღე. მრავალი ადამიანი, ვინც ჩვენი მრწამსის არ არის, მიიღებს მონაწილეობას ამ ტაძრების ტურებში და რაიმეს შეიტყობს სატაძრო კურთხევების შესახებ. და ზოგიერთი მნახველი მოისურვებს, მეტი შეიტყოს. ზოგი გულწრფელად იკითხავს, როგორ უნდა გახდეს ტაძრის კურთხევების მიღების ღირსი.
ჩვენ, როგორც ეკლესიის წევრები, მზად უნდა ვიყოთ, ვუპასუხოთ მათ კითხვებს. ჩვენ შეგვიძლია ავუხსნათ, რომ სატაძრო კურთხევები ხელმისაწვდომია ყველასთვის, ვინც საამისოდ მოემზადება. მაგრამ სანამ მიძღვნილ ტაძარში შევლენ, ისინი ამის ღირსნი უნდა იყვნენ. უფალს სურს, ყოველმა მისმა შვილმა მიიღოს მარადიული კურთხევები, რომლებიც ხელმისაწვდომია მის ტაძარში. მან მიგვითითა, რა უნდა გააკეთოს ყოველმა ადამიანმა იმისთვის, რომ გახდეს ღირსი უფლის სახლში შესვლისა.
კარგი იქნება, დავიწყოთ სწავლება იმით, რომ ყურადღება მივაქციოთ ტაძრის გარე მხარეზე ამოკვეთილ სიტყვებს: „სიწმინდე უფალს; უფლის სახლი“. პრეზიდენტ ჰენრი ბ. აირინგისა და მრავალი სხვა ადამიანის დღევანდელმა გზავნილმა შთაგვაგონა, უფრო წმინდანი გავხდეთ. ყოველი ტაძარი წმინდა ადგილია; ყოველი ტაძარში მოსიარულე ცდილობს, გახდეს უფრო წმინდა.
ტაძარში შესვლასთან დაკავშირებული ყოველი მოთხოვნილება უკავშირდება პირად სიწმინდეს. ამ მზაობის მისაღწევად ყოველმა ადამიანმა, რომელსაც სურს, დატკბეს ტაძრის კურთხევებით, უნდა გაიაროს ორი გასაუბრება: პირველი - ეპისკოპოსთან, ეპისკოპოსის მრჩეველთან ან მრევლის პრეზიდენტთან; მეორე - პალოს პრეზიდენტთან ან მისიის პრეზიდენტთან ან მის ერთ-ერთ მრჩეველთან. ამ გასაუბრების დროს დაგისვამენ რამდენიმე კითხვას.
ზოგიერთ შეკითხვაში არც თუ ისე დიდი ხნის წინ შეტანილი იყო ცვლილებები მეტი გამჭვირვალობისთვის. ახლა მინდა, მიმოვიხილო ისინი თქვენთვის:
-
გაქვთ რწმენა და დამოწმება ღმერთის, მარადიული მამის, მისი ძის იესო ქრისტესი და სულიწმინდისა?
-
გაქვთ იესო ქრისტეს გამოსყიდვის დამოწმება, ასევე მისი როლის, როგორც თქვენი მხსნელისა და გამომსყიდველისა?
-
გაქვთ იესო ქრისტეს სახარების აღდგენის დამოწმება?
-
უჭერთ მხარს უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიის პრეზიდენტს როგორც წინასწარმეტყველს, წინასწარმჭვრეტს და განმცხადებელს და როგორც ერთადერთ ადამიანს დედამიწაზე, რომელიც უფლებამოსილია, გამოიყენოს მღვდლობის ყველა გასაღები?
უჭერთ მხარს პირველი პრეზიდენტობისა და თორმეტ მოციქულთა ქვორუმის წევრებს როგორც წინასწარმეტყველებს, წინასწარმჭვრეტლებს და განმცხადებლებს?
უჭერთ მხარს ეკლესიის მთავარ ხელმძღვანელებსა და ადგილობრივ ხელმძღვანელებს?
-
უფალმა თქვა, რომ ყველაფერი „სისუფთავეში უნდა გაკეთდეს“ მის წინაშე (იხ.მოძღვრება და აღთქმები 42:41).
ცდილობთ მორალურ სისუფთავეს ფიქრებსა და ქცევაში?
ცხოვრობთ უბიწოების კანონის მიხედვით?
-
მიჰყვებით იესო ქრისტეს სწავლებებს პირად ქცევასა და საზოგადოებაში, ოჯახის წევრებთან და სხვებთან ურთიერთობისას?
-
უჭერთ მხარს ან ხელს უწყობთ უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიის საპირისპირო სწავლებებს, საქმიანობასა თუ მოძღვრებას?
-
ცდილობთ, დაიცვათ შაბათის დღე წმინდად სახლში და ეკლესიაში; დაესწროთ შეკრებებს; მოემზადოთ ზიარებისთვის, ღირსეულად მიიღოთ იგი და იცხოვროთ ჰარმონიაში სახარების კანონებთან და მცნებებთან?
-
ცდილობთ, იყოთ პატიოსანი ყველა საქმეში?
-
იხდით მთლიან მეათედს?
-
გესმით სიბრძნის სიტყვა და იცავთ მას?
-
გაქვთ რაიმე ფინანსური ვალდებულებები ყოფილი მეუღლის ან შვილების მიმართ?
თუ გაქვთ, ასრულებთ ამ ვალდებულებებს მიმდინარე მომენტში?
-
იცავთ ტაძარში დადებულ აღთქმებს, სატაძრო სამოსის ტარების ჩათვლით, როგორც ეს გასწავლეს შემოსვისას?
-
გაქვთ ჩადენილი სერიოზული ცოდვები ცხოვრებაში, რომლებიც საჭიროებს სამღვდელოების ხელმძღვანელებთან განხილვას, როგორც თქვენი მონანიების ნაწილი?
-
თვლით საკუთარ თავს ღირსეულად, შეხვიდეთ უფლის სახლში და მიიღოთ მონაწილეობა სატაძრო წეს-ჩვეულებებში?
ხვალ ეკლესიის ხელმძღვანელები მთელი მსოფლიოს მასშტაბით მიიღებენ სატაძრო რეკომენდაციის ამ განახლებულ კითხვარს.
იმის გარდა, რომ ამ კითხვებზე გულახდილი პასუხები უნდა გაიცეს გასაგებია, რომ ტაძარში მოსიარულე ყოველმა ზრდასრულმა ადამიანმა ჩვეულებრივი ტანისამოსის ქვეშ უნდა ატაროს სამღვდელოების წმინდა სამოსი. ეს არის შინაგანი ვალდებულების სიმბოლო იმისა, რომ ყოველდღიურად ვეცდებით, დავემსგავსოთ უფალს. ეს ასევე გვახსენებს, დავრჩეთ ერთგულნი ყოველდღიური აღთქმებისა და ყოველ დღე უფრო მაღლა და წმინდად ვიაროთ აღთქმის გზაზე.
ერთი წუთით მინდა მივმართო ახალგაზრდებს. გვინდა შეგაგულიანოთ, გახდეთ ღირსნი შეზღუდული გამოყენების სატაძრო რეკომენდაციისა. თქვენ დაგისვამენ მხოლოდ იმ შეკითხვებს, რომლებიც ეხება თქვენს მზადებას ჩანაცვლებითი ნათლობისა და წევრად დამტკიცების წეს-ჩვვეულებების ჩატარებისთვის. ჩვენ ძალიან გვიხარია თქვენი მზადება და ღირსეულობა, მიიღოთ მონაწილეობა ამ წმინდა სატაძრო სამუშაოში. მადლობას გიხდით!
უფლის სახლში შესასვლელად საჭირო პირადი ღირსეულობა მოითხოვს დიდ პირად სულიერ მზადებას. მაგრამ უფლის დახმარებით შეუძლებელი არაფერია. გარკვეულ წილად ტაძრის აშენება უფრო ადვილია, ვიდრე ტაძრისთვის მზად მყოფი ადამიანების მოძებნა. პირადი მზაობა მოითხოვს უფლის მსგავსად გონებისა და გულის სრულ მოქცევას, პატიოსან მოქალაქეობას, გახდე კარგი მაგალითი და უფრო წმინდა ადამიანი.
მე ვმოწმობ, რომ მსგავს მოსამზადებელ სამუშაოს მოაქვს უთვალავი კურთხევა ამ ცხოვრებაში და წარმოუდგენელი კურთხევები მომავალ ცხოვრებაში, თქვენი ოჯახის მარადისობაში „გაუთავებელი ბედნიერების“ მდგომარეობაში ყოფნის“ ჩათვლით.
ახლა, მინდა შევეხო სხვა თემას - მომავალი წლის გეგმები. 2020 წ. გაზაფხულს იქნება 200 წელი ჯოზეფ სმითის თეოფანიიდან, რაც ცნობილია, როგორც პირველი ხილვა. მამაღმერთი და მისი საყვარელი ძე, იესო ქრისტე, გამოეცხადნენ ჯოზეფს, 14 წლის ბიჭს. ეს მოვლენა საფუძვლად დაედო იესო ქრისტეს სახარების აღდგენას თავის სისავსეში, ზუსტად ისე, როგორც ეს წმინდა ბიბლიაში იყო ნაწინასწარმეტყველები.
შემდეგ იყო ზეციური მაცნეების თანმიმდევრული გამოცხადება, მორონის, იოანე ნათლისმცემლისა და ადრეული მოციქულების - პეტრეს, იაკობისა და იოანესი. შემდეგ იყვნენ სხვები - მოსე, ილია და ელიასი. ყოველმა მათგანმა მოიტანა ღვთიური უფლებამოსილება, კიდევ ერთხელ დალოცოს ღვთის შვილები დედამიწაზე.
საოცრებაა, რომ ჩვენც მივიღეთ მორმონის წიგნი: კიდევ ერთი დამოწმება იესო ქრისტეს შესახებ, რაც არის წმინდა ბიბლიის თანმდევი. მოძღვრება და აღთქმებში და ძვირფას მარგალიტში გამოქვეყნებულმა გამოცხადებებმა ასევე დიდად გააფართოვა ღვთის მცნებებისა და მარადიული ჭეშმარიტების ჩვენი წვდომა.
აღდგენილ იქნა მღვდლობის გასაღებები და წოდებები, მოციქულის, სამოცდაათიანელთა, პატრიარქის, მღვდელმთავრის, უხუცესის, ეპისკოპოსის, მასწავლებლისა და დიაკვანის ჩათვლით. ქალები, რომლებსაც უფალი უყვართ, გაბედულად მსახურობენ მოწყალების საზოგადოებაში, დაწყებით საზოგადოებაში, ახალგაზრდა ქალების, საკვირაო სკოლისა და სხვა ეკლესიურ მოწოდებებში ანუ იესო ქრისტეს სრულად აღდგენილი სახარების ყველა მნიშვნელოვან რგოლში.
ასე რომ 2020 წელს დაერქმევა ორასწლოვანი. აპრილის გენერალური კონფერენცია ყველა კონფერენციებისგან განსხვავებული იქნება. ვიმედოვნებ, რომ მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში ყოველი წევრი და ოჯახი მოემზადება უნიკალური კონფერენციისთვის, რომელიც მიეძღვნება აღდგენილი სახარების საფუძვლის ხსოვნას.
იქნებ ამისთვის მოსამზადებლად ისურვოთ, გადაიკითხოთ ჯოზეფ სმითის პირველი ხილვის გადმოცემა „ძვირფას მარგალიტში“. მომყევით მე -ს მომდევნო წლის სასწავლო კურსი მორმონის წიგნს დაეთმობა. შეიძლება, გაგიჩნდეთ სურვილი, დაუფიქრდეთ მნიშვნელოვან კითვებს, როგორიცაა: „როგორ შეიცვლებოდა ჩემი ცხოვრება, თუ მორმონის წიგნიდან შეძენილ ცოდნას უცებ წამართმევდნენ“? ან „როგორ შეცვალა ჩემი და ჩემი საყვარელი ადამიანების ცხოვრება მოვლენებმა, რომლებიც მოჰყვა პირველ ხილვას?“ ასევე, ახლა ხელმისაწვდომია მორმონის წიგნზე აგებული ვიდეოები, რომლების გამოყენებაც შეგიძლიათ პირადულ და ოჯახურ სწავლებაში.
აირჩიეთ თქვენთვის შეკითხვები. შეადგინეთ თქვენი საკუთარი გეგმა. ჩაიძირეთ აღდგენის დიდებულ ნათელში. და ყოველივე ამის შესრულების შემდეგ, აპრილის კონფერენცია არა მხოლოდ ნიშანდობლივი, არამედ დაუვიწყარი გახდება.
ახლა, დასასრულს, გიტოვებთ ჩემს სიყვარულსა და კურთხევებს. დაე, ყოველ დღე ყოველი თქვენგანი ხდებოდეს უფრო ბედნიერი და წმინდა. ამავდროულად გარწმუნებთ, რომ გამოცხადება გრძელდება ეკლესიაში და გაგრძელდება უფლის ხელმძღვანელობით „სანამ ღვთის მიზნები არ შესრულდება და დიდი იეღოვა არ გვეტყვის, რომ საქმე შესრულდა“.
მე გლოცავთ და გიდასტურებთ ჩემს სიყვარულს დამოწმებით: ღმერთი ცოცხალია! იესო არის ქრისტე. ეს არის მისი ეკლესია და ჩვენ ვართ მისი ხალხი. იესო ქრისტეს წმინდა სახელით, ამინ.