2010-2019
მოწინააღმდეგის დასაძლევი ძალა
2019 წ. ოქტომბრის გენერალური კონფერენცია


მოწინააღმდეგის დასაძლევი ძალა

როგორ ვიპოვოთ ეს სიმშვიდე, გვახსოვდეს, ვინ ვართ და დავძლიოთ მოწინააღმდგეგის სამი ხერხი.?

დებო და ძმებო, მადლობას გიხდით იმისთვის, რომ თავად ხდებით და სხვებსაც ეხმარებით, გახდნენ იესო ქრისტეს ჭეშმარიტი მიმდევრები და ტკბებით წმინდა ტაძრის კურთხევებით. მადლობას გიხდით სიკეთისთვის. თქვენ შესანიშნავები ხართ; თქვენ ისეთი ლამაზები ხართ.

მე ვლოცულობ იმაზე, რომ ამოვიცნოთ სულიწმინდის დამადასტურებელი გავლენა, როცა სრულად გავიაზრებთ, რომ ღვთის შვილები ვართ. „ოჯახი: მოწოდება მსოფლიოს“ აცხადებს: „ყოველი ადამიანი—მამაკაცი და ქალი—ღმერთმა შექმნა თავის ხატად. თითოეული არის ზეციერი მშობლების საყვარელი სულიერი ძე ან ასული, რის გამოც ყოველ მათგანს გააჩნია ღვთაებრივი ბუნება და ბედისწერა“. ჩვენ ვართ „რჩეული სულები, რომლებიც უნდა მოსულიყვნენ ჟამთა სისრულეში, უკანასკნელი დღეების დიადი საქმისთვის საფუძვლის ჩაყრაში მონაწილეობის მისაღებად“. პრეზიდენტმა რასელ მ. ნელსონმა განაცხადა: „თქვენ სულების სამყაროში გასწავლეს, რათა მზად ყოფილიყავით ყველაფრისთვის, რასაც გადააწყდებოდით ამ უკანასკნელი დღეების მიწურულს.(იხ. მ&ა 138:56). ეს სწავლება თქვენშია“.

თქვენ ღვთის რჩეული ძენი და ასულნი ხართ. თქვენ გაქვთ მოწინააღმდეგის დასაძლევი ძალა. თუმცა მოწინააღმდეგემ იცის, ვინ ხართ. მან იცის თქვენი ღვთიური მემკვიდრეობის შესახებ და ეძიებს, დააკნინოს თქვენი მიწიერი და ზეციური პოტენციალი სამი ხერხით:

  • მოტყუება

  • ყურადღების გადატანა

  • გულგატეხილობა

მოტყუება

მოწინააღმდეგე იყენებდა მოტყუების იარაღს მოსეს დღეებშიც. უფალმა განუცხადა მოსეს:

„აჰა, შენ ხარ ჩემი შვილი. …

მე მაქვს შენთვის საქმე, … და შენ ხარ ჩემი მხოლოდშობილის დარი“.

მალე ამ დიდებული ხილვის შემდეგ სატანა ეცადა, მოეტყუებინა მოსე. საინტერესოა მისი სიტყვები: „მოსე, ძეო კაცისა, თაყვანი მეცი“. მოტყუება მხოლოდ სატანას თაყვანისცემისკენ მოწოდებაში არ იყო, მოტყუება ასევე იყო ის, რომ მან მოსეს უწოდა ძე კაცისა. გაიხსენეთ, რომ უფალმა სულ ცოტა ხნის წინ უთხრა მოსეს, რომ იგი ღვთის ძე იყო, მხოლოდშობილის მსგავსად შექმნილი.

მოწინააღმდეგე შეუბრალებლად ცდილობდა მოსეს მოტყუებას, მაგრამ მოსემ წინააღმდეგობა გაუწია, როცა უთხრა: „მომშორდი, სატანა, რადგან მხოლოდ ღმერთს ვეთაყვანები, რომელიც არის დიდების ღმერთი“. მოსეს ახსოვდა, ვინც იყო - ღვთის შვილი.

უფლის სიტყვები მოსესადმი მიგვესადაგება მეც და თქვენც. ჩვენ ვართ შექმნილნი ღვთის ხატად და მსგავსად და მას ჩვენთვის საქმე აქვს. მოწინააღმდეგე ცდილობს, მოგვატყუოს, რომ დავივიწყოთ, ვინ ვართ სინამდვილეში. თუ ჩვენ არ გვესმის, ვინ ვართ, ძნელი იქნება, დავინახოთ, რანი შეიძლება გავხდეთ.

ყურადღების გადატანა

მოწინააღმდეგე ცდილობს, გადაიტანოს ჩვენი ყურადღება ქრისტედან და მისი აღთქმული გზიდან. უხუცესმა რონალდ ა. რასბანდმა გაგვიზიარა ეს სიტყვები: „მოწინააღმდეგის ჩანაფიქრია - გადაიტანოს ჩვენი ყურადღება სულიერი მოწმობიდან, როცა უფლის სურვილია - გაგვანათლოს და ჩაგვრთოს თავის საქმეში.

ჩვენს დროში უამრავ რამეზე გადაგვაქვს ყურადღება: ტვიტერი, ფეისბუქი, ვირტუალური რეალობის თამაშები და მრავალი სხვა. ეს ტექნოლოგიები საოცარია, მაგრამ თუ ფრთხილად არ ვიქნებით, ისინი გადაგვირთავენ ყურადღებას ჩვენი ღვთიური პოტენციალის შესრულებიდან. მათი შესაფერისი გამოყენება კი მოგვანიჭებს ზეციურ ძალას და ნებას დაგვრთავს, გავხდეთ სასწაულების მოწმენი მაშინ, როცა ვეძიებთ გაფანტული ისრაელის შეკრებას საბურველის ორივე მხარეს.

მოდით, ფრთხილად ვიყოთ და ნუ ვაქცევთ ტექნოლოგიების გამოყენებას საყოფაცხოვრებო აუცილებლობად. გამუდმებით ეძიეთ ამ ტექნოლოგიების მეშვეობით მხსნელთან დაახლოვება და მისი საქმის შესრულება მაშინ, როცა ვემზადებით მხსნელის მეორე მოსვლისთვის.

გულგატეხილობა

ბოლოს, მოწინააღმდეგეს სურს, ვიყოთ გულგატეხილნი. შეიძლება ეს დაგვემართოს, როცა სხვებს ვადარებთ თავს ან ვგრძნობთ, რომ არ ვცხოვრობთ სტანდარტების თანახმად, თუნდაც ჩვენი საკუთარი სტანდარტებით.

როცა დავიწყე სადოქტორო პროგრამაზე მუშაობა, გულგატეხილი ვიყავი. პროგრამა მხოლოდ ოთხ სტუდენტს იწვევდა იმ წელს, ის სტუდენტები კი საუკეთესონი იყვნენ. მათ უფრო მაღალი ნიშნები ჰქონდათ, მეტი გამოცდილება უფრო მაღალ თანამდებობებზე და ისინი ძალიან თავდაჯერებულები იყვნენ. პროგრამაში მონაწილეობის ორი კვირის შემდეგ გულგატეხილობა და ეჭვი შემომეპარა - თითქმის მთლიანად მომიცვა.

გადავწყვიტე, რომ თუ ამ ოთხწლიან პროგრამას დავამთავრებდი, ყოველ სემესტრში მორმონის წიგნს წავიკითხავდი. ყოველ დღე კითხვისას უფალი მახსენებდა, რომ სულიწმინდა მასწავლიდა ყველაფერს და ყველაფერს გამახსენებდა. ამან კვლავ დამიდასტურა, რომ ვარ ღვთის ძე და შემახსენა, რომ არ უნდა ვადარებდე თავს სხვებს. მე მივიღე ჩემი ღვთიური როლის რწმენა წარმატების მისაღწევად.

ჩემო ძვირფასო მეგობრებო, ნურავის ნუ მოაპარინებთ თქვენს ბედნიერებას. ნუ ადარებთ საკუთარ თავს სხვებს. გახსოვდეთ, მხსნელის მოსიყვარულე სიტყვები: „მშვიდობას გიტოვებთ თქვენ, ჩემს მშვიდობას გაძლევთ თქვენ. სოფელი რომ იძლევა, ისე კი არ გაძლევთ.“ ნუ შეკრთება თქვენი გული და ნურც შეშინდება“.

აბა, როგორ ვაკეთებთ ამას? როგორ ვიპოვოთ ეს სიმშვიდე, გვახსოვდეს, ვინ ვართ და დავძლიოთ მოწინააღმდგეგის სამი ხერხი?

პირველი: გვახსოვდეს, რომ პირველი და დიდი მცნებაა გიყვარდეს ღმერთი მთელი გულით, ძალითა და ღონით. ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ, უნდა იყოს მოტივირებული მისი და მისი ძის მიმართ სიყვარულით. როცა მცნებების დაცვის მეშვეობით ვანვითარებთ მამისა და ძის მიმართ სიყვარულს, ჩვენი საკუთარი თავისა და სხვების მიმართ სიყვარულის უნარი იზრდება. ჩვენ მოვემსახურებით ოჯახს, მეგობრებსა და მოყვასს იმის გამო, რომ ვიხილავთ მათ უფლის თვალებით - როგორც ღვთის ძენსა და ასულებს.

მეორე: ყოველ დღე, ყოველ დღე, ყოველ დღე ილოცეთ მამაზეციერისადმი იესო ქრისტეს სახელით. ლოცვის მეშვეობით ჩვენ ვგრძნობთ ღმერთის სიყვარულს და გამოვხატავთ ჩვენს სიყვარულს მის მიმართ. ლოცვის მეშვეობით ჩვენ ვამჟღავნებთ მადლიერებას და ვითხოვთ ძალასა და გამბედაობას, რათა დავუმორჩილოთ ჩვენი ნება ღვთის ნებას და ყველაფერში მივიღოთ მისი მითითებები.

მე გაგულიანებთ, „ილოცოთ მამისადმი მთელი გულის ძალით, რათა აღივსოთ ამ სიყვარულით, … რომ იქცეთ მის შვილებად; რათა მისი გამოცხადებისას ჩვენ ვიყოთ მისი მსგავსნი”.

მესამე: წაიკითხეთ და შეისწავლეთ მორმონის წიგნი ყოველ დღე, ყოველ დღე, ყოველ დღე. როცა მე მორმონის წიგნს ვსწავლობ, საქმე უკეთ მიდის, თუკი გონებაში რამე შეკითხვა მაქვს. როცა გონებაში შეკითხვით ვკითხულობთ, ჩვენ შეგვიძლია, მივიღოთ გამოცხადება და მივხვდეთ, რომ წინასწამეტყველმა ჯოზეფ სმითმა სიმართლე თქვა, როცა განაცხადა: „მორმონის წიგნი არის ყველაზე სწორი წიგნი დედამიწაზე … და მისი სწავლებების დამორჩილებით ადამიანი უფრო დაუახლოვდება ღმერთს, ვიდრე სხვა რომელიმე წიგნის სწავლებების მიხედვით“. მორმონის წიგნი მოიცავს ქრისტეს სიტყვებს და გვეხმარება, გვახსოვდეს, ვინ ვართ.

ბოლოს, ყოველ კვირას ლოცვით მიიღეთ ზიარება, ყოველ კვირას, ყოველ კვირას, ყოველ კვირას. მღვდლობის წეს-ჩვეულებებისა და აღთქმების მეშვეობით, ზიარების ჩათვლით, თქვენს ცხოვრებაში ვლინდება ღვთაებრივი ძალა. უხუცესი დევიდ ა. ბედნარი გვასწავლიდა: „ზიარების წეს-ჩვეულება არის წმინდა და განმეორებადი მოწვევა გულწრფელი მონანიებისკენ და სულიერი აღორძინებისკენ. ზიარების მიღების აქტი, როგორც ასეთი, არ გვაშორებს ცოდვას. მაგრამ როცა შეგნებულად ვემზადებით და მონაწილეობას ვიღებთ ამ წმინდა წეს-ჩვეულებაში, მოდრეკილი გულითა და მომნანიებელი სულით, მაშინ ჩვენია დაპირება, რომ უფლის სული მუდამ იქნება ჩვენთან“.

როცა მორჩილებით ვიღებთ ზიარებას, ჩვენ ვიხსენებთ იესოს ტანჯვას წმინდა გეთსიმანიის ბაღში და მის მსხვერპლს ჯვარზე. ჩვენ გამოვხატავთ მადლიერებას მამისადმი თავისი მხოლოდშობილი ძის, ჩვენი მხსნელის გამოგზავნისთვის და ვამჟღავნებთ ჩვენს მზაობას, დავიცვათ მისი მცნებები და ყოველთვის გვახსოვდეს იგი. ზიარებასთან დაკავშირებულია სულიერი ცოდნა - იგი არის პირადული, ძლიერი და საჭირო.

მეგობრებო, გპირდებით, რომ როცა ვცდილობთ, მთელი გულით გვიყვარდეს ღმერთი, ვლოცულობთ იესო ქრისტეს სახელით, ვსწავლობთ მორმონის წიგნს, ლოცვით ვიღებთ ზიარებას, ჩვენ გვექნება უნარი უფლის ძალით, დავძლიოთ მოწინააღმდეგის მაცდური ხრიკები, შევამციროთ ყურადღების გადამრთველი გავლენა, რომელიც აკნინებს ჩვენს ღვთიურ პოტენციალს და გადავლახავთ გულგატეხილობას , რომელიც ამცირებს ჩვენს უნარს, ვიგრძნოთ მამაზეციერისა და მისი ძის სიყვარული. ჩვენ სრულად გავიგებთ, ვინ ვართ, ვართ რა ღვთის ძენი და ასულნი.

დებო და ძმებო, გიზიარებთ ჩემს სიყვარულს და ვაცხადებ ჩემს მოწმობას: მამაზეციერი ცოცხალია და იესო არის ქრისტე. მე მიყვარს ისინი. უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესია არის ღვთის სასუფეველი დედამიწაზე. ჩვენ გვაკისრია ღვთიური დავალება - ისრაელის შეკრება და მესიას მეორე მოსვლისთვის სამყაროს მომზადება. იესო ქრისტეს სახელით, ამინ.