2010-2019
მხსნელის შეხება
2019 წ. ოქტომბრის გენერალური კონფერენცია


მხსნელის შეხება

როცა ჩვენ ქრისტესთან მივალთ, ღმერთი მოვა ჩვენს გადასარჩენად, იქნება ეს განკურნება თუ ძალის მიცემა ნებისმიერი სიტუაციის გასამკლავებლად.

დაახლოებით ორი ათასი წლის წინ მხსნელი ჩამოვიდა მთიდან მას შემდეგ, რას ასწავლა ნეტარების მცნებები და სახარების სხვა პრინციპები. სიარულისას მას მიუახლოვდა კეთროვანი. კაცმა გამოხატა პატივისცემა და მოკრძალება იესოს მიმართ, მუხლი მოიყარა, ელოდა რა მისგან ტანჯვისგან განთავისუფლებას. მისი თხოვნა უბრალო იყო: „უფალო, თუ გინდა, შეძლებ ჩემს განწმედას“.

მხსნელმა ხელი გაუწოდა, შეეხო მას და თქვა: „განიწმიდე“.

აქედან გამომდინარე ვხედავთ, რომ მხსნელს ყოველთვის სურს ჩვენი დალოცვა. ზოგი დალოცვა მაშინვე მოდის ჩვენთან, ზოგს მეტი დრო სჭირდება და ზოგი შეიძლება ამ ცხოვრებაში ვერც მოგვესწროს, მაგრამ დალოცვა თავის დროზე მოვა.

ჩვვენც, კეთროვნის მსგავსად, შეგვიძლია, ვიპოვოთ ძალა და ნუგეში ამ ცხოვრებაში, თუ მივიღებთ უფლის ნებას და გვეცოდინება, რომ მას სურს ჩვენი დალოცვა. ჩვენ შეგვიძლია, ვიპოვოთ ძალა იმისთვის, რომ წინ აღვუდგეთ ყველა სირთულეს, ნებისმიერ ცდუნებას, ასევე გავერკვიოთ ჩვენს ვითარებაში და ბოლომდე გავუძლოთ მას. რა თქმა უნდა, ცხოვრების ყველაზე მძიმე მომენტში მხსნელის ძალა გაღრმავდა, როცა მან უთხრა მამას: „იყოს ნება შენი“.

კეთროვანის ეს თხოვნა არ იყო თამაში ან მოთხოვნა. მისი სიტყვები გვიმხელს მორჩილებას, დიდი მოლოდინით, მაგრამ ამავდროულად გულწრფელი სურვილით - აღსრულდეს მხსნელის ნება. ეს არის განწყობის ის მაგალითი, რომლითაც ჩვენ უნდა მივიდეთ ქრისტესთან. ჩვენ უნდა მივიდეთ ქრისტესთან იმ რწმენით, რომ მას აწ და მარადის ჩვენთვის საუკეთესო სურს ამ ცხოვრებაშიც და მარადიულშიც. მას აქვს მარადისობის ხედვა, რომელიც ჩვენ არ გვაქვს. ჩვენ უნდა მოვიდეთ ქრისტესთან გულწრფელი სურვილით, რომ ჩვენი ნება შთაინთქება მამის ნებაში, როგორც ეს ქრისტეს შემთხვევაში იყო. ეს მოგვამზადებს მარადიული ცხოვრებისთვის.

ძალიან ძნელია, წარმოიდგინო იესოსთან მისული კეთროვნის ფიზიკური და ემოციური ტანჯვა. კეთრი აზიანებს ნერვებს, კანს და იწვევს ფიზიკურ დეფორმაციასა და ხეიბრობას. ამის გარდა, საზოგადოებაში ჩნდებოდა სტიგმა კეთრის მიმართ. კეთროვანს უნდა მიეტოვებინა საყვარელი ადამიანები და საზოგადოებისგან უნდა განცალკევებულიყო. კეთროვნები ითვლებოდნენ ფიზიკურად და სულიერად უწმინდურებად. ამ მიზეზის გამო მოსეს კანონი მოითხოვდა, რომ კეთროვნებს დახეული ტანსაცმელი სცმოდათ და სიარულისას უნდა დაეძახათ: „უწმინდური“! დაავადებულნი და ყველასგან მოძულებულნი, კეთროვნები ამთავრებდნენ სიცოცხლეს მიტოვებულ სახლებში ან აკლდამებში. ძნელი არ არის, წარმოიდგინო, რომ კეთროვანი, რომელიც მხსნელს მიუახლვდა, გულგატეხილი იყო.

შეიძლება ჩვენც ასე თუ ისე გულგატეხილობას ვგრძნობთ, ჩვენი თუ სხვა ადამიანების ქმედებების გამო, იმ პირობების გამო, რომლების მართვა შეგვიძლია ან არ შეგვიძლია. ასეთ მომენტებში ჩვენ შეგვიძლია, ჩვენი ნება უფალს ჩავაბაროთ.

რამდენიმე წლის წინ ჩემმა მეუღლემ, მეორე ნახევარმა, ჩემმა საუკეთესო ნაწილმა, ზულმამ, ერთ-ერთი ჩვენი შვილის ქორწილამდე ორი კვირით ადრე ცუდი ამბავი შეიტყო. მას პაროდიდულ ჯირკვალზე კისტა ჰქონდა, რომელიც სწრაფად იზრდებოდა. სახე უსივდებოდა, რის გამოც მისთვის სასწრაფოდ რთული ოპერაცია უნდა ჩაეტარებინათ. მას გონებაში უამრავი აზრი უტრიალებდა , რაც მძიმედ დააწვა გულზე. სიმსივნე ავთვისებიანი ხომ არ არის? როგორ წარიმართებოდა გამოჯანმრთელების პროცესი? სახე პარალიზებული ხომ არ დარჩებოდა? რამდენად ძლიერი იქნებოდა ტკივილი? სახეზე სამუდამოდ ხომ არ დარჩებოდა იარა? სიმსივნე ხელმეორედ ხომ არ გაიზრდებოდა? შეძლებდა ჩვენი ვაჟის ქორწილში ყოფნას? როცა იგი საოპერაციოში იწვა, გულგატეხილი იყო.

იმ მნიშვნელოვან მომენტში სულიწმინდამ ჩასჩურჩულა, რომ მას უფლის ნება უნდა მიეღო. ამის შემდეგ მან გადაწყვიტა, მიენდოს ღმერთს. მას ძლიერი შეგრძნება ჰქონდა იმისა, რომ შედეგის მიუხედავად უფლის ნება მისთვის საუკეთესო რამ იქნება. მალე იგი ოპერაციისთვის დააძინეს.

მოგვიანებით, მან პოეტურად დაწერა დღიურში: „საოპერაციო მაგიდაზე მე ქედი მოვიხარე შენ წინაშე, შენს ნებას მივენდე და დამეძინა. მე ვიცოდი, რომ შემეძლო შენი ნდობა, რადგან შენგან ვერაფერი ცუდი ვერ მოვიდოდა.

მან, მამისადმი საკუთარი ნების დამორჩილებით, იპოვა ძალა და ნუგეში. იმ დღეს ღმერთმა იგი დიდად დალოცა.

რა ვითარებაშიც არ უნდა ვიყოთ, ჩვენ შეგვიძლია, გამოვამჟღავნოთ რწმენა, რათა ქრისტესთან მოვიდეთ და ვიპოვოთ ღმერთი, რომელსაც ვენდობით. როგორც ერთ-ერთმა ჩემმა შვილმა, გაბრიელმა, დაწერა ერთხელ:

წინასწარმეტყველის სიტყვებით რომ ვიმსჯელოთ, ღმერთის სახე მზეზე კაშკაშაა.

და მისი თმა თოვლზე თეთრია.

მისი ხმა კი ჩქარი მდინარესავით ღრიალებს,

და მასთან შედარებით ადამიანი არაფერია. …

როცა ვიაზრებ, რომ მეც არაფერი ვარ, ვითრგუნები.

და მხოლოდ მაშინ ხელების ცეცებით ვპოულობ გზას ღმერთისკენ, რომელსაც ვენდობი.

და მხოლოდ მაშინ აღმოვაჩენ ღმერთს, რომელსაც ვენდობი.

ღმერთი, რომელსაც ვენდობით, აძლიერებს ჩვენს იმედს. ჩვენ შეგვიძლია, ვენდოთ მას, რადგან მას ვუყვარვართ და ყოველ ვითარებაში ჩვენთვის საუკეთესო სურს.

კეთროვანი მიუახლობდა უფალს იმედის ძალის გამო. ამასოფელმა ვერ გადაუწყვიტა პრობლემა, ნუგეშიც კი ვერ მისცა. ასე რომ, მხსნელის უბრალო შეხება მისი მარადიული სულისთვის მოფერების მსგავსი იქნებოდა. მხოლოდ თუ წარმოვიდგენთ, რა ღრმა გრძნობები უნდა ჰქონოდა კეთროვანს მხსნელის შეხების გამო, განსაკუთრებით მაშინ, როცა გაიგონა სიტყვები: „განიწმიდე:

როგორც ეს ამბავი გადმოგვცემს, „მყისვე განიწმიდა იგი“.

ჩვენც შეგვიძლია, ვიგრძნოთ მხსნელის მოსიყვარულე მკურნალი ხელი. რა სიხარულს, იმედსა და მადლიერებას ვიღებთ სულში იმის ცოდნით, რომ მას სურს, დაგვეხმაროს განწმენდაში! როცა ჩვენ ქრისტესთან მივალთ, ღმერთი მოვა ჩვენს გადასარჩენად, იქნება ეს განკურნება თუ ძალის მიცემა ნებისმიერი სიტუაციის გასამკლავებლად.

ნებისმიერ შემთხვევაში მისი ნების მიღება და არა ჩვენის დაგვეხმარება, გავერკვიოთ შექმნილ ვითარებაში. ვერაფერი ცუდი ვერ მოვა უფლისგან. მან იცის, რა არის ჩვენთვის უკეთესი. შეიძლება მან იმწუთასვე ვერ მოგვაშოროს ტვირთი. ზოგჯერ მას შეუძლია, შეგვიმსუბუქოს ტვირთი, როგორც ეს მოხდა ალმასა და მისი ხალხის შემთხვევაში. საბოლოო ჯამში აღთქმების გამო ტვირთი შემსუბუქდება ამ ცხოვრებაში ან წმინდა აღდგომის დროს.

უფლის ნების მიღების გულწრფელი სურვილი ჩვენი მხსნელის ღვთაებრივი ბუნების გააზრებასთან ერთად დაგვეხმარება ისეთი რწმენის განვითარებაში, როგორიც კეთროვანმა აჩვენა, რათა განწმენდილიყო. იესო ქრისტე არის სიყვარულის, იმედის, განკურნების ღმერთი, ღმერთი, რომელსაც სურს ჩვენი დალოცვა და განწმენდაში დახმარება. ზუსტად ეს სურდა მას, სანამ დედამიწას მოევლინებოდა, როცა თავისი ნებით მოისურვა ჩვენი გადარჩენა, თუკი შევცოდავდით. ეს სურდა მას გეთსიმანიის ბაღში, როცა არაადამიანური ტკივილი განიცადა ცოდვების დასაფარი აგონიის დროს. ეს სურს მას ახლა, როცა ევედრება ჩვენთვის მამაზეციერს. აი რატომ მისი ხმა აქამდე გვიხმობს: „მოდით ჩემთან, ყოველნო მაშვრალნო და ტვირთმძიმენო, და მე მოგასვენებთ თქვენ“.

მას შეუძლია ჩვენი განკურნება და ამაღლება, რადგან მას აქვს ამის შესაძლებლობა. მან თავის თავზე აიღო სხეულისა და სულის ყოველგვარი ტკივილი, რათა მისი შიგნეული აღვსილიყო მოწყალებით და შეძლებოდა ჩვენი დახმარება, განკურნება და ამაღლება. აბინადაის მიერ ნათქვამი ესაიას სიტყვები ამას ლამაზად და გრძნობით გადმოსცემს.

„მან იტვირთა ჩვენი მწუხარება და ზიდა ჩვენი დარდი. …

„… ის ჩვენი შეცოდებებისთვის იყო დაჭრილი, ჩვენი ურჯულოებისთვის დალეწილი; მას დააწვა სასჯელი ჩვენი მშვიდობისთვის; და მისი ჭრილობებით ჩვენ განვიკურნეთ.“

იგივე კონცეფციაა გადმოცემული ამ პოემაში:

„ო, ნაზარეველო დურგალო,

ეს გული დაიმსხვრა და ვეღარ გამთელდება,

ეს ცხოვრება თითქმის სიკვდილამდე განადგურდა,

შეგიძლია მათი შეკეთება, დურგალო“?

და მისი კეთილი ხელით,

მისი ცხოვრება ჩაქსოვილია

ჩვენს დანგრეულ ცხოვრებაში

მაგრამ კვლავ ავღორძინდებით, ყოველივე განახლდება“.

„დამსხვრეული გულის [სუბსტანცია],

სურვილი, ამბიცია, იმედი და რწმენა,

მოგყავს სრულყოფილებაში,

„ო, ნაზარეველო დურგალო“!

თუ გრძნობთ, რომ რამენაირად არ ხართ სუფთა, თუ უიმედოდ გრძნობთ თავს, იცოდეთ, რომ შეგიძლიათ, განიწმინდოთ, უკეთ იგრძნოთ თავი, რადგან უფალს უყვარხართ. გწამდეთ, რომ ვერაფერი ცუდი ვერ მოვა უფლისგან.

რადგან იგი „ყოველივეზე ქვემოთ დაეშვა“, იგი შესაძლებელს ხდის, ყოველივე, რაც ჩვენს ცხოვრებაში დაზიანდა, აღდგეს, რათა შევურიგდეთ ღმერთს. მისი მეშვეობით ყველაფერი მოგვარდება, დედამიწაზეც და ზეცაშიც და უფლის ჯვარზე დაღვრილი სისხლის გამო მშვიდობა დამყარდება“.

მოდით, მივიდეთ ქრისტესთან და გადავდგათ ყველა ამისთვის საჭირო ნაბიჯი. და როცა ასე მოვიქცევით, დაე, გვქონდეს ისეთი განწყობა, როცა შევძლებთ, ვთქვათ: „უფალო, თუ გინდა, შეძლებ ჩემს განწმედას “. თუ ასე მოვიქცევით, ჩვენ შეიძლება მივიღოთ მოძღვრის სამკურნალო შეხება და ამასთან ერთად მისი ტკბილი ხმის ექო: „განიწმიდე“.

მხსნელი არის ღმერთი, რომელსაც შეიძლება, ვენდოთ. იგი არის ქრისტე, ზეთცხებული, წმინდა მესია, რომელზედაც ვმოწმობ მისი წმინდა სახელით, თავად იესო ქრისტეს სახელით, ამინ.