2010-2019
მეორე დიდი მცნება
2019 წ. ოქტომბრის გენერალური კონფერენცია


მეორე დიდი მცნება

ჩვენი ყველაზე დიდი სიხარული მოდის, როცა ვეხმარებით ჩვენს დებსა და ძმებს.

ჩემო ძვირფასო დებო და ძმებო, მადლობას გიხდით იმისთვის, რომ ყველაფერს აკეთებთ საბურველის ორივე მხარეს ისრაელის შესაკრებად, ოჯახების გასაძლიერებლად და იმ ადამიანების ცხოვრების დასალოცად, ვინც გასაჭირში იმყოფება. მადლობას გიხდით იმისთვის, რომ იესო ქრისტეს ჭეშმარიტი მოწაფეების ცხოვრებით ცხოვრობთ. თქვენ იცით და სიყვარულით ემორჩლებით უფლის ორ დიდ მცნებას - გიყვარდეს ღმერთი და გიყვარდეს შენი მოყვასი.

ბოლო ექვსი თვის განმავლობაში მე და და ნელსონი შევხვდით ათასობით წმინდანს ჩვენი მოგზაურობისას ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში, წყნარი ოკეანის კუნძულებსა და შეერთებული შტატების სხვადასხვა ქალაქებში. მოგზაურობისას ვიმედოვნებთ, რომ თქვენი რწმენა ძლიერდება. ჩვენ კი ყოველთვის ვბრუნდებით წევრებისა და მეგობრების მიერ გაძლიერებული ჩვენი რწმენით. მინდა გაგიზიაროთ სამი მნიშვნელოვანი მომენტი ჩვენ მიერ ბოლოს მიღებული გამოცდილებიდან.

პრეზიდენტი ნელსონი ახალ ზელანდიაში
პრეზიდენტი ნელსონი ახალ ზელანდიაში

მაისში მე და და ნელსონი უხუცეს გერიტ ვ. გონგსა და და სუზან გონგთან ერთად ვმოგზაურობდით წყნარი ოკეანის სამხრეთისკენ. როცა ახალ ზელანდიაში, ოკლანდში ვიყავით, ჩვენ პატივი გვერგო, შევხვედროდით ორ იმამს კრაისტჩერჩის მეჩეთებიდან ახალ ზელანდიაში, სადაც ორი თვით ადრე საშინელი ძალადობის აქტის შედეგად უდანაშაულო მლოცველები დახვრიტეს.

ჩვენ ვუთანაგრძნეთ ამ სხვა რწმენის დებსა და ძმებს და გამოვხატეთ ერთობლივი ვალდებულება რელიგიურ თავისუფლებასთან დაკავშირებით.

ჩვენ ასევე შევთავაზეთ მოხალისეთა დახმარება და მცირე ფინანსური დახმარებაც მათი მეჩეთების აღსადგენად. ჩვენი შეხვედრა ამ მუსულმანურ ლიდერებთან აღვსილი იყო ძმობის თბილი გამოხატვით.

ეტლის მიმღებები არგენტინაში
ეტლის მიმღებები არგენტინაში

აგვისტოში უხუცეს ქუენტინ ლ. ქუქსა და და მერი ქუქთან ერთად მე და და ნელსონი შევხვდით ცალკეულ პირებს აგრენტინაში, ბუენოს აირესში. მრავალი მათგანი არ იყო ჩვენი მრწამსის, მაგრამ მათი ცხოვრება შეიცვალა უკანასკნელ დღეთა წმინდანთა ინვალიდის ეტლების მიღებით. ჩვენთვის შთამაგონებელი იყო მათი სიხარულით აღსავსე მადლიერება გადაადგილების საშუალების მიღების გამო.

მესამე ძვირფასი გამოცდილება სულ რამდენიმე კვირის წინ გვქონდა აქ, სოლთ ლეიქ სითიში. იგი უკავშირდება წერილს, რომელიც მივიღე დაბადების დღეზე 14 წლის გოგონასგან, პირობით დავარქვათ მას მერი.

მერიმ დაწერა ის, რაც ორივეს გვაკავშირებს: თქვენ გყავთ 10 შვილი. ჩვენ გვყავს 10 შვილი. თქვენ საუბრობთ მანდარინის დიალექტზე. შვიდი ბავშვი ჩვენს ოჯახში, ჩემ ჩათვლით, ჩინეთიდან იშვილეს, ასე რომ მანდარინი ჩვენი მშობლიური ენაა. თქვენ კარდიო ქირურგი ხართ. ჩემს დას ჰქონდა ორი ოპერაცია ღია გულზე. თქვენ მოგწონთ ორ საათიანი საეკლესიო შეხვედრები. ჩვენც მოგვწონს ორ საათიანი საეკლესიო შეხვედრები. „თქვენ გაქვთ აბსოლუტური სმენა. ჩემს ძმას აქვს აბსოლუტური სმენა. იგი ჩემსავით ბრმაა“.

მერის სიტყვებმა გული ამიჩუყა. მან არა მხოლოდ თავისი დიდი სული მაჩვენა, არამედ მისი დედ-მამის თავდადებაც.

უკანასკნელ დღეთა წმინდანები, ისევე როგორც იესო ქრისტეს სხვა მიმდევრები, ყოველთვის ეძებენ სხვების დახმარების, ამაღლებისა და სიყვარულის გზებს. ისინი, ვინც მზად არიან, ეწოდოთ უფლის ხალხი, „და მზად [არიან] ატარ[ონ] ერმანეთის ტვირთი … იგლოვ[ონ] მათთან ერთად, ვინც გლოვობს… ანუგეშ[ონ] ისინი, რომლებსაც სჭირდებათ ნუგეში.“

ისინი ჭეშმარიტად ეძიებენ, იცხოვრონ პირველი და მეორე მცნების მიხედვით. როცა ჩვენ გვიყვარს ღმერთი მთელი გულით, იგი აბრუნებს ჩვენს გულებს სხვების კეთილდღეობასთან ლამაზ, სათნო წრეზე.

შეუძლებელი იქნებოდა, დაგვეთვალა, რამდენ საათს ატარებენ დღეში უკანასნელ დღეთა წმინდანთა მსახურებაში მთელს მსოფლიოში, მაგრამ შესაძლებელია დაითვალო ის სიკეთე, რომელსაც ეკლესია აკეთებს, როგორც ორგანიზაცია მამაკაცებისა და ქალების, ბიჭებისა და გოგოების დასალოცად, კონკრეტულად კი მათთვის, ვისაც დახმარება ესაჭიროება.

ეკლესიის ჰუმანიტარული საქმე დაიწყო 1984 წელს. მაშინ დაიწყო ეკლესიაში მარხვა, რათა შეგროვილიყო თანხები აღმოსავლეთ აფრიკაში საშინელი გვალვის გამო დაზარალებული მოსახლეობისთვის. ეკლესიის წევრებმა შეწირეს 6.4 მილიონი დოლარი მხოლოდ იმ ერთ მარხვის დღეს.

შემდეგ - უხუცესი ბალარდი ეთიოპიაში

შემდეგ უხუცესი მ. რასელ ბალარდი და ძმა გლენ ლ. პეისი გააგზავნეს ეთიოპიაში, რათა დაედგინათ ამ წმინდა ფონდის საუკეთესოდ გამოყენების გზები. ეს მცდელობა გახდა დასაწყისი იმისა, რაც დღეს ცნობილია, როგორც უკანასკნელ დღეთა წმინდანთა საქველმოქმედო ფონდი.

იმ დროიდან უკანასკნელ დღეთა წმინდანთა ფონდმა ორ მილიარდ დოლარზე მეტი დახარჯა მთელს მსოფლიოში გაჭირვებულთა დასახმარებლად. ეს დახმარება მიდის ადამიანებთან მიუხედავად მრწამსის, ეროვნების, რასის, ორიენტაციის, სქესისა თუ პოლიტიკური მოსაზრებებისა.

და ეს არ არის ყველაფერი. უფლის ეკლესიის გაჭირვებაში მყოფ წევრთა დასახმარებლად ჩვენ სიყვარულით ვიცავთ მარხვის უძველეს კანონს. ჩვენ ვშიმშილობთ, რათა დავეხმაროთ მშივრებს. ყოველი თვის ერთი დღის განმავლობაში ჩვენ ვშიმშილობთ და საკვებზე დაზოგილ თანხას (და იმაზე მეტს) ვწირავთ გასაჭირში მყოფთათვის.

მე არასდროს არ დამავიწყდება ჩემი პირველი ჩასვლა დასავლეთ აფრიკაში 1986 წ. წმინდანები ჩვენს შეკრებებზე მრავლად მოდიოდნენ. მატერიალურად მათ უმრავლესობას ძალიან ცოტა რამ ჰქონდათ, მაგრამ ისინი მეტწილად უმწიკვლო თეთრ ტანსაცმელში გამოწყობილნი მოდიოდნენ.

მე ვკითხე პალოს პრეზიდენტს, როგორ ახერხებდა იგი ისეთი უპოვარი წევრების პატრონობას. მან მიპასუხა, რომ მათი ეპისკოპოსები უკეთ იცნობდნენ თავიანთ ხალხს. თუ წევრები დღეში ორჯერ იკვებებოდნენ, მათ არ სჭირდებოდათ დახმარება. მაგრამ თუ ისინი დღეში ერთხელ იკვებებოდნენ ან მაგასაც ვერ ახერხებდნენ, ოჯახის დახმარებითაც კი, ეპისკოპოსები უზრუნველყოფდნენ კვებას მარხვის შემოწირულობიდან. შემდეგ მან ეს ნიშანდობლივი ფაქტი დაამატა: მათი მარხვის შემოწირულობები როგორც წესი აღემატებოდა ხარჯებს. ამ შემთხვევაში ზედმეტი თანხა იგზავნებოდა სხვა ადგილებში მათ დასახმარებლად, ვისი საჭიროებებიც მათ საჭიროებებს აღემატებოდა. ამ საოცარმა აფრიკელმა წმინდანებმა მასწავლეს მარხვის კანონის ძალისა და სულის შესახებ.

ჩვენ, როგორც ეკლესიის წევრები, ვგრძნობთ სიახლოვეს ყველასთან, ვინც იტანჯება. ჩვენ, ვართ რა ღვთის შვილები, ყველანი და-ძმანი ვართ. ჩვენ ყურს ვუგდებთ ძველი აღთქმის რჩევას: „ხელგაშლილი იყო შენი ძმის მიმართ, შენი ღარიბისა და შენი გლახაკის მიმართ“.

ჩვენ ასევე ვცდილობთ, ვიცხოვროთ უფალ იესო ქრისტეს სწავლების მიხედვით, როგორც ეს ჩაწერილია მათე 25:

„ვინაიდან მშიოდა და საჭმელი მომეცით, მწყუროდა და მასვით, უცხო ვიყავი და მიმიღეთ:

„შიშველი ვიყავი და შემმოსეთ, სნეული ვიყავი და მომინახულეთ, საპყრობილეში ვიყავი და მომაკითხეთ. …

„. … რაც გაუკეთეთ ერთს ამ ჩემს უმცირეს ძმათაგანს, მე გამიკეთეთ“.

ნება მიბოძეთ, მოვიყვანო სულ რამდენიმე მაგალითი იმისა, როგორ მიყვება ეკლესია მხსნელის სწავლებას.

ეპისკოპოსის საწყობი

შიმშილობის აღმოსაფხვრელად ეკლესია მთელს მსოფლიოში ამუშავებს ეპისკოპოსის 124 საწყობს. ამის ხარჯზე ყოველწლიურად დაახლოებით 400 000 შეკვეთა გაიცემა გასაჭირში მყოფ პირებზე. იმ ადგილებში, სადაც არ არსებობს მსგავსი საწყობები, ეპისკოპოსები და მრევლის პრეზიდენტები მარხვის შემოწირულობის ფონდიდან იღებენ თანხას გაჭირვებული წევრების დასახმარებლად.

თუმცა, შიმშილობის პრობლემა ეკლესიის საზღვრებს სცდება. იგი მთელს მსოფლიოში იზრდება. გაერთიანებული ერების ბოლო ანგარიშის მიხედვით 820 მილიონ ადამიანზე მეტი ანუ ყოველი მეცხრე ადამიანი დედამიწის ზურგზე სათანადოდ ვერ იკვებება.

რა გამომაფხიზლებელი სტატისტიკაა! რაოდენ მადლიერნი ვართ თქვენი შემოწირულობებისთვის. თქვენი წრფელი გულუხვობის წყალობით მილიონობით ადამიანი მთელს მსოფლიოში მიიღებს საჭირო საკვებს, ტანსაცმელს, დროებით საცხოვრებელს, ეტლებს, წამალს, დასალევ წყალს და უამრავ სხვა დახმარებას.

უამრავი დაავადება მთელს მსოფლიოში გამოწვეულია გაბინძურებული წყლის გამო. დღევანდელი მონაცემებით ეკლესიის ჰუმანიტარული ინიციატივით 76 ქვეყნის ასობით თემში დასალევი წყალი გაიყვანეს.

ამის კარგი მაგალითია ლუპუტა, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა. ქალაქში, სადაც მოსახლეობა 100 000 აღემატება, არ იყო წყლის გაყვანილობა. მოქალაქეებს უწევდათ დიდი მანძილების გამოვლა უსაფრთხო წყაროდან წყლის ასაღებად. 18 მილის (29 კმ) მოშორებით აღმოაჩინეს მთის წყარო, მაგრამ ქალაქში მცხოვრებლები იქ ვერ აღწევდნენ.

გათხრითი სამუშაოები

როცა ჩვენმა ჰუმანიტარულმა მისიონერებმა შეიტყვეს ამის შესახებ, ისინი დაუკავშირდნენ ლუპუტას ხელმძღვანელებს; უზრუნველყეს ისინი მასალებით და ასწავლეს, როგორ შეეყვანათ ქალაქში წყალი. ლუპუტას მცხოვრებლები სამი წლის განმავლობაში თხრიდნენ ერთი მეტრის სიღრმის თხრილებს კლდისა და ჯუნგლების გავლით. ერთობლივი მუშაობის შედეგად დადგა ის ბედნიერი დღე, როცა სუფთა წყალი ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდა იმ სოფელში.

წყლის ზიდვა

ეკლესია ასევე ეხმარება დევნილებს, არიან ისინი სამოქალაქო ომის, ბუნების ძალისა თუ რელიგიური დევნის მსხვერპლნი. ამჟამად 70 მილიონ ადამიანზე მეტი განდევნილია საკუთარი საცხოვრებელი ადგილიდან.

დევნილთათვის მსახურება

მხოლოდ 2018 წ ეკლესიამ უზრუნველყო პირველი დახმარების ნაკრებებით დევნილები 56 ქვეყანაში. ამის გარდა, ეკლესიის მრავალი წევრი მოხალისის როლში ეხმარება დევნილებს თემში ინტეგრაციის პროცესში. მადლობას გიხდით ყოველ თქვენგანს, ვინც ეხმარებით მათ, ვინც ახალი სახლის მოწყობას ცდილობს.

ტანსაცმლის დარიგება

შეერთებულ შტატებში დეზერეტ ინდასთრისთვის გულუხვი შემოწირულობების ხარჯზე ყოველწლიურად მილიონობით ფუნტი ტანსაცმელი გროვდება. ადგილობრივი ეპისკოპოსები იყენებენ ამ წყაროს გაჭირვებული წევრებისთვის, თუმცა უდიდესი ნაწილი გადაეცემა საქველმოქმედო ორგანიზაციებს, რომლებიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით ანაწილებენ მას.

გასულ წელს ეკლესიამ 35 ქვეყანაში 300 000 ადამინაზე მეტს გაუწია ოფთალმოლოგიური მომსახურება, ათასობით დედასა და ბავშვს - ახალშობილთა მოვლის პროგრამა და 50 000 მეტი ადამიანი უზრუნველყეს ინვალიდის ეტლით.

ყველამ კარგად იცის, რომ ეკლესია ერთ-ერთი პირველია, ვინც ჩნდება ტრაგედიის ადგილებში. ქარიშხლის დაწყებამდე ეკლესიის ხელმძღვანელები და პერსონალი შესაბამის ადგილებში ადგენენ გეგმებს იმის თაობაზე, როგორ მიაწვდიან დაზარალებულებს საჭირო ნივთებს და მოხალისეების დახმარებას.

დამხმარე ხელებთან ერთად მსახურება

მხოლოდ გასულ წელს ეკლესიამ მსოფლიო მასშტაბით განახორციელა 100 -ზე მეტი პროექტი ქარიშხლისგან, ხანძრისგან, წყალდიდობისგან, მიწისძვრისგან და სხვა სტიქიური უბედურებებისგან დაზარალებული ადამიანებისთვის. სადაც შესაძლებელია, ჩვენი ეკლესიის „დამხმარე ხელების“ მოხალისეები ყვითელ ჟილეტებში დიდ ჯგუფებად მობილიზებულები არიან სტიქიის მსხვერპლთა დასახმარებლად. მრავალი თქვენგანის მსგავსი მსახურება მზრუნველობის არსს წარმოადგენს.

ჩემო ძვირფასო დებო და ძმებო, ჩემ მიერ აღწერილი ღონისძიებები უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიის ჰუმანიტარული ფრთის მხოლოდ მცირე ნაწილია. და თქვენ ხართ ისინი, ვინც ამას შესაძლებელს ხდით. გასაკვირი არ არის, რომ თქვენი სამაგალითო ცხოვრება, თქვენი დიდსულოვნება და დამხმარე ხელები მრავალი თემისა და სახელმწიფო ხელმძღვანელების ქების საგანი ხდება.

მას შემდეგ, რაც ეკლესიის პრეზიდენტი გავხდი, გაოცებული ვარ, რამდენმა პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა და ელჩმა გულწრფელად გადამიხადა მადლობა მათი ხალხისთვის ჩვენი ჰუმანიტარული დახმარების გამო. და მათ გამოხატეს მადლიერება იმ ძალისთვის, რომელსაც ჩვენი ერთგული წევრები შემატებენ მათ ქვეყანას როგორც ერთგული, წვლილის შემომტანი მოქალაქეები.

მე ასევე მიკვირდა, როცა მსოფლიო ლიდერები ეწვეოდნენ პირველ პრეზიდენტობას და გამოხატავდნენ იმედს , რომ მათ მიწაზე დაარსდებოდა ეკლესია. რატომ? იმიტომ, რომ მათ იციან: უკანასკნელ დღეთა წმინდანები დაეხმარებიან ძლიერი ოჯახებისა და თემების შექმნაში და გააუმჯობესებენ ადამიანების ცხოვრებას იქ , სადაც ისინი იმყოფებიან.

რასაც არ უნდა ვეძახდეთ სახლს, ეკლესიის წევრებს მხურვალე გრძნობა აქვთ ღმერთის მამობისა და ადამიანების ძმობის მიმართ. ასე რომ, ჩვენი ყველაზე დიდი სიხარული მოდის, როცა ვეხმარებით ჩვენს დებსა და ძმებს, სადაც არ უნდა ვცხოვრობდეთ ამ სამყაროში.

სხვების დახმარება - შეგნებული ძალისხმევა სხვების ზრუნვისთვის ისევე ან იმაზე მეტად, როგორც საკუთარ თავზე, არის ჩვენი სიხარული. ამას დავამატებდი: განსაკუთრებით მაშინ, როცა ეს ჩვენთვის არც თუ ისე მოსახერხებელია ან საჭიროებს ჩვენი კომფორტის ზონიდან გამოსვლას.. Lამ მეორე დიდი მცნების მიხედვითცხოვრება არის გასაღები ,რათა გახდე იესო ქრისტეს ჭეშმარიტი მოწაფე.

ჩემო ძვირფასო დებო და ძმებო, თქვენ ხართ ცოცხალი მაგალითი ნაყოფისა, რომელიც მოჰყვება იესო ქრისტეს სწავლების მიხედვით ცხოვრებას. მადლობას გიხდით! მიყვარხართ!

მე ვიცი, რომ ღმერთი ცოცხალია. იესო არის ქრისტე. მისი ეკლესია აღდგენილ იქნა ამ უკანასკნელ დღეებში თავისი ღვთიური დანიშნულების შესასრულებლად. მე ამას ვმოწმობ იესო ქრისტეს სახელით, ამინ.