ნაყოფი
გამუდმებით გქონდეთ მზერა და გული მიპყრობილი ჩვენს მხსნელზე, იესო ქრისტეზე, და მარადიულ სიხარულზე, რომელიც მოდის მხოლოდ უფლის მეშვეობით.
ვიცი, რასაც ფიქრობთ! კიდევ ერთი გამოსვლა და ჩვენ მოვუსმენთ პრეზიდენტ ნელსონს. იმის იმედით, რომ რამდენიმე წუთი ყურადღებით იქნებით ჩვენი საყვარელი წინასწარმეტყველის მოლოდინში, შევარჩიე ძალიან საინტერესო თემა; უნდა ვისაუბრო ნაყოფზე.
კენკრა, ბანანი, საზამთრო, მანგო თუ უფრო ეკზოტიკური ხილი, როგორიცაა კივანო ან ბროწეული, თავისი ფერით, ტექსტურითა და სიტკბოთი დიდი ხანია ძვირფასი დელიკატესია.
მიწიერი მსახურებისას მხსნელმა შეადარა კარგი ნაყოფი მარადიული ფასეულობის ცნებებს. მან თქვა: „მათი ნაყოფით შეიცნობთ მათ“. „ყოველი კარგი ხე ნაყოფსაც კარგს იძლევა “. იგი გვაგულიანებდა, მოგვეკრიფა „ნაყოფი საუკუნო სიცოცხლისათვის “.
იმ ცოცხალ ხილვაში, რომელიც მორმონის წიგნიდან არის ცნობილი, წინასწარმეტყველი ლეხი აღმოაჩენს თავს „ბნელ და პირქუშ გავერანებულ ადგილას“. იქ არის მღვრიე წყალი, პირქუში სიბნელე, უცნაური გზები და აკრძალული ბილიკები, ისევე, როგორც რკინის მოაჯირი სწორი, ვიწრო ბილიკის გასწვრივ, რომელსაც მივყავართ ლამაზ ხესთან „ბედნიერების მომტანი ნაყოფით“. ლეხი იხსენებს იმ ხილვას და ამბობს: „ვიგემე … იმის ნაყოფი; .… ის იყო ყველაზე ტკბილი, რომელიც ოდესმე … მიგემია. „და როდესაც ვიგემე მისი ნაყოფი, მან აღავსო ჩემი სული ძალზედ დიდი სიხარულით.„ ეს ნაყოფი იყო “სხვა [ყველა] ხილზე [ყველაზე] სასურველი“.
ხისა და ნაყოფის მნიშვნელობა
რისი სიმბოლოა ეს ხე თავისი ყველაზე ძვირფასი ნაყოფით? იგი წარმოადგენს „ღვთის სიყვარულს“ და აცხადებს ჩვენი მამაზეციერის გამოსყიდვის საოცარ გეგმას. „რადგან იქამდე შეიყვარა ღმერთმა სოფელი, რომ მისცა თავისი ერთადერთი ძე, რათა არავინ, ვინც მას ირწმუნებს, არ დაიღუპოს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სისოცხლე“.
ეს ძვირფასი ნაყოფი არის მხსნელის შეუდარებელი გამოსყიდვის საოცარი დალოცვების სიმბოლო. ჩვენ არა მხოლოდ კვლავ ვიცხოვრებთ ამ მიწიერი ცხოვრების შემდეგ, არამედ იესო ქრისტეში ჩვენი რწენის, მონანიებისა და მცნებების დაცვის მეშვეობით ცოდვები მოგვეტევება და ერთ მშვენიერ დღეს, განწმენდილნი, დავდგებით მამისა და ძის წინაშე.
ამ ხის ნაყოფის დაგემოვნება ასევე არის სიმბოლო იმისა, რომ ჩვენ მივიღეთ აღდგენილი სახარების წეს-ჩვეულებები და აღთქმები - ნათლობა, სულიწმინდის ძღვენი და შესვლა უფლის სახლში, რათა შევიმოსოთ ზეციური ძალით. იესო ქრისტეს მადლის მეშვეობით და აღთქმების პატივისცემით, ჩვენ ვიღებთ განუზომელ დაპირებას, რომ მარადისობაში ვიცხოვრებთ ჩვენს მართალ ოჯახთან ერთად.
არ არის საკვირველი, რომ ანგელოზმა აღწერა ნაყოფი როგორც „ყველაზე სასიხარულო სულისათვის “. ეს ჭეშმარიტად ასეა!
ერთგულად დარჩენის სირთულე
როგორც ყველამ ვისწავლეთ, მას შემდეგაც კი, რაც დავაგემოვნეთ აღდგენილი სახარების ძვირფასი ნაყოფი, სულაც არ არის ადვილი, დარჩე ერთგული. როგორც მრავალჯერ ითქვა ამ კონფერენციაზე, ჩვენ ისევ ვდგებით ტყუილის, ყურადღების გადატანის, დაბნეულობის, მღელვარების, ხიბლისა და ცდუნების წინაშე, რაც ცდილობს, გადაიბიროს ჩვენი გულები იმ სიხარულიდან და სილამაზიდან, რაც გამოგვიცდია, როცა მივყვებოდით უფალს.
ამ უბედურებების გამო ლეხის ხილვა ასევე გაფრთხილებას მოიცავს! მდინარის მეორე მხარეს არის დიდი შენობა, სადაც ყველა ასაკის ხალხი თითით მიანიშნებს, დასცინის და აბუჩად იგდებს იესო ქრისტეს მართალ მიმდევრებს.
ადამიანები იმ შენობაში ამცირებენ და დასცინიან მათ, ვინც მცნებებს იცავს, აქვთ რა იმედი, დააკნინონ და შეურაცხყონ მათი რწმენა იესო ქრისტეში და მის სახარებაში. და მორწმუნეებზე ამ სიტყვიერი ეჭვისა და შეურაცხყოფის შეტევების გამო ზოგიერთს, ვინც ნაყოფი დააგემოვნა, შერცხვა. საერო სიყალბე ხიბლავს მათ; ისინი ნაყოფს ზურგს აქცევენ და უფლის სიტყვებით რომ ვთქვათ: „გადაცვივდნენ აკრძალულ ბილიკებზე და დაიკარგნენ“.
დღევანდელ სამყაროში მოწინააღმდეგემ დაიქირავა საუკეთესო ბრიგადები, რომლებიც დამატებით საათებშიც მუშაობენ, რათა ოპერატიულად მიაშენონ იმ დიდ შენობას. ეს მიშენებები გავრცელდა მდინარის მიღმა, იმედით, რომ დაიპყრობენ ჩვენს სახლებს იმ დროს, როცა ისინი, ვინც თითით მიანიშნებენ და დასცინიან, დღე და ღამე გაჰკივიან ინტერნეტ მეგაფონებით.
პრეზიდენტმა ნელსონმა აგვიხსნა: „მოწინააღმდეგე აოთხმაგებს თავის მცდელობებს, დაანგრიოს დამოწმებები და შეაფერხოს უფლის საქმე“. მოდით, გვახსოვდეს ლეხის სიტყვები: „ჩვენ მას არ ვუსმენდით“
ჩვენ არ უნდა გვეშინოდეს, თუმცა სულ სადარაჯოზე უნდა ვიდგეთ. ზოგჯერ უმნიშვნელო რამეს შეუძლია ჩვენი სულიერი ბალანსის დარღვევა. გთხოვთ, ნუ დართავთ ნებას თქვენს შეკითხვებს, შეურაცხყოფას, ურწმუნო მეგობრებს ან დასანან შეცდომებს და გულგატეხილობას, შეგაქცევინონ ზურგი ტკბილ, სუფთა და სულის დამაკმაყოფილებელ კურთხევებზე, რომლებიც მოდის ამ ხის ძვირფასი ნაყოფისგან. გამუდმებით გქონდეთ მზერა და გულები მიპყრობილი ჩვენს მხსნელზე, იესო ქრისტეზე და მარადიულ სიხარულზე, რომელიც მოდის მხოლოდ მისი მეშვეობით.
ჯეისონ ჰოლის რწმენა
ივნისში მე და ქესი ჯეისონ ჰოლის დაკრძალვაზე ვიყავით. იგი 48 წლის ასაკში გარდაიცვალა და უხუცესთა ქვორუმის პრეზიდენტად მსახურობდა.
აი ჯეისონის სიტყვები იმ მოვლენასთან დაკავშირებით, რომელმაც მისი ცხოვრება შეცვალა:
„15 წლის ასაკში ყვინთვის დროს უბედური შემთხვევა მოხდა. … კისერი მოვიტეხე და წელს ქვემოთ პარალიზებული დავრჩი. სრულად დავკარგე ქვედა კიდურების კონტროლი და ნაწილობრივ - ხელების. ვეღარ დავდიოდი, ვერ ვიდექი, … ვერ ვჭამდი. ძლივს ვსუნთქავდი და ვლაპარაკობდი.
„ძვირფასო ზეციერო მამავ, - ვევედრებოდი; მხოლოდ ხელები რომ მქონოდა, ავიტანდი ამას. გთხოვ, მამა, გთხოვ. …
„… მამავ, ფეხებს არ გთხოვ, გევედრები ხელებზე“.
ჯეისონმა ვერასოდეს ვეღარ შეძლო ხელების ამოძრავება. გესმით ხმა იმ დიდი შენობიდან? „ჯეისონ ჰოლ, ღმერთს არ ესმის შენი ლოცვები! თუ ღმერთი მოსიყვარულეა, რატომ დაგტოვა ამ მდგომარეობაში? რატომ უნდა გწამდეს ქრისტე? ჯეისონ ჰოლს ესმოდა მათი ხმები, მაგრამ ყურადღებას არ აქცევდა მათ. ამის ნაცვლად იგი ნადიმობდა ხის ნაყოფით. მისი რწმენა იესო ქრისტეში ურყევი გახდა. მან დაამთავრა უნივერსიტეტი და სოლთ ლეიქ ტაძარში ცოლად შეირთო კოლეტ კოლმანი, რომელიც მან აღწერა, როგორც „ჩემი ცხოვრების სიყვარული“. 16 წლის ქორწინების შემდეგ სხვა სასწაული მოხდა - მათ ძვირფასი ვაჟი, კოლმანი შეეძინათ.
როგორ გაზარდეს მათ რწმენა? კოლეტმა ახსნა: ჩვენ გვწამდა ღმერთის გეგმის. და მან იმედი მოგვცა. ჩვენ ვიცოდით, რომ დადგებოდა დღე, როცა ჯეისონი განიკურნებოდა. … ჩვენ ვიცოდით, რომ ღმერთმა უზრუნველყო ჩვენთვის მხსნელი, ვისი გამომსყიდველი მსხვერპლი შესაძლებელს ხდის, წინ ვიაროთ, როცა გვსურს, დავნებდეთ“.
ჯეისონის დაკრძალვაზე მისმა 10 წლის ვაჟმა, კოლმანმა, თქვა, რომ მამამ ასწავლა მას: „მამაზეციერს აქვს ჩვენთვის გეგმა, რომ მიწიერი ცხოვრება მშვენიერი იქნებოდა და ჩვენ გვეყოლებოდა ოჯახები. … მაგრამ … ჩვენ მოგვიწევდა სირთულეების გადალახვა და დავუშვებდით შეცდომებს“.
კოლმანმა გააგრძელა: მამაზეციერმა გამოაგზავნა თავისი შვილი, იესო, დედამიწაზე. მას სრულყოფილად უნდა შეესრულებინა საქმე. ადამიანები უნდა განეკურნა. მას ადამიანები უნდა შეეყვარებინა. შემდეგ ეტანჯა ყველა ჩვენი ცოდვისთვის, ტკივილისა და მწუხარებისთვის. შემდეგ იგი ჩვენთვის აღესრულა“. შემდეგ კოლმანმა დაამატა: „ამის გამო, იესომ იცის, ამ წუთას რას ვგრძნობ“.
„იესოს გარდაცვალებიდან სამი დღის შემდეგ იგი … ისევ მოევლინა ცოცხლად, სრულყოფილი სხეულით. ეს ჩემთვის მნიშვნელოვანია, რადგან ვიცი, რომ … მამაჩემის სხეული იქნება სრულყოფილი და ჩვენ ერთად ვიქნებით, როგორც ოჯახი.
„ყოველ ღამე, პატარაობიდან მოყოლებული, მამა მეუბნებოდა: ‘მამას უყვარხარ, მამაზეციერს უყვარხარ, და შენ კარგი ბიჭი ხარ’“, - დაასრულა კოლმანმა
სიხარული მოდის იესო ქრისტეს გამო
პრეზიდენტმა რასელ მ. ნელსონმა ახსნა, რატომ ჰქონდათ ჰალების ოჯახს სიხარული და იმედი. მან თქვა:
„სიხარული, რომელსაც განვიცდით, დიდად არ არის დაკავშირებული ჩვენი ცხოვრების ვითარებასთან და მთლიანად უკავშირდება ჩვენი ცხოვრების ფოკუსს.
„როცა ჩვენი ცხოვრება ფოკუსირებულია ღმერთის ხსნის გეგმაზე, იესო ქრისტეზე და მის სახარებაზე, ჩვენ შეგვიძლია, ვიგრძნოთ სიხარული, მიუხედავად იმისა, ხდება რამე ჩვენს ცხოვრებაში თუ არა. სიხარული მოდის მისგან და მის გამო. იგი ყოველივე სიხარულის წყაროა. …
„თუ შევხედავთ სამყაროს . …, ჩვენ ვერასდროს ვერ ვიგემებთ სიხარულს.… [სიხარული] არის ძღვენი, რომელიც მოდის, როცა ჩვენ ძლიერ ვცდილობთ, ვიცხოვროთ მართალი ცხოვრებით, როგორც ეს გვასწავლა ქრისტემ“.
დაბრუნების დაპირება
თუ თქვენ ხის ნაყოფის გარეშე იყავით რაღაც გარკვეული დრო, მე გპირდებით, რომ მხსნელის ხელები ყოველთვის გახსნილია თქვენთვის. იგი სიყვარულით გიწვევთ: „მოინანიეთ და მოდით ჩემთან“. მისი ნაყოფი უხვად არის და ყოველთვის სეზონურია. მას ფულით ვერ იყიდი, თუმცა არავის, ვისაც პატიოსნად სურს ეს ნაყოფი, არ ეუბნებიან მასზე უარს.
თუ გსურთ იმ ხესთან დაბრუნება და კიდევ ერთხელ ნაყოფის დაგემოვნება, დაიწყეთ ლოცვა მამაზეციერისადმი. გწამდეთ იესო ქრისტე და მისი გამოსყიდვის მსხვერპლის ძალა. გპირდებით, რომ თუ თქვენი „ყოველი აზრი“ მხსნელს დაუკავშირდება, იმ ხის ნაყოფი თქვენი იქნება, ის თქვენთვის გემრიელი იქნება, სულისთვის სასიხარულო, „ღვთის ყველა ძღვენთა შორის ყველაზე ძვირფასი ძღვენი“.
სამი კვირის წინ ვიხილე მხსნელის ნაყოფისგან მომავალი სიხარულის სრული სურათი, როცა მეუღლესთან, ქესისთან ერთად დავესწარი ლისაბონის ტაძრის მიძღვნას პორტუგალიაში. აღდგენილი სახარების ჭეშმარიტების ხილი მისაწვდომი გახდა პორტუგალიისთვის 1975 წ, როცა ქვეყანამ რელიგიური თავისუფლება მიიღო. მრავალმა ღირსეულმა წმინდანმა, ვინც პირველად დააგემოვნა ნაყოფი იმ დროს, როცა არ იყო მრევლი, სამლოცველოები და უახლოესი ტაძარი 1000 მილზე შორს იყო მათგან, ჩვენთან ერთად გაიხარა, რადგან ეს ძვირფასი ნაყოფი ახლა უფლის სახლში პორტუგალიაში, ლისაბონშია. როგორ პატივს ვცემ და ვამაყობ ამ უკანასკნელ დღეთა წმინდანებით, რომლებმაც გული არ გაიგრილეს მხსნელის მიმართ.
მხსნელმა თქვა: „ვინც ჩემში რჩება და მე მასში იგი ბევრ ნაყოფს ისხამს, რადგან უჩემოდ არაფრის კეთება არ შეგიძლიათ.
როცა ამ დილით პრეზიდენტი ნელსონი ესაუბრებოდა ეკლესიის წევრებს მთელს მსოფლიოში, მან თქვა: „ჩემო ძვირფასო დებო და ძმებო, თქვენ ხართ ცოცხალი მაგალითი იმ ნაყოფისა, რომელიც მოდის იესო ქრისტეს სწავლებების მიხედვით ცხოვრებისგან“. და შემდეგ მან დაამატა: „მადლობას გიხდით! მიყვარხართ“!
გვიყვარხართ, პრეზიდენტო ნელსონ.
მე ვარ თვითმხილველი გამოცხადების ძალისა, რომელიც სუფევს ჩვენს ძვირფას პრეზიდენტზე. იგი არის ღვთის წინასწარმეტყველი. და ლეხის მსგავსად, პრეზიდენტი რასელ მ. ნელსონი გვიხმობს ჩვენ და ღმერთის მთელ ოჯახს, მოვიდეთ და ვიგემოთ იმ ხის ნაყოფი. დაე, ვიქონიოთ მორჩილება და ძალა, მივყვეთ მის რჩევას.
მე მორჩილად ვმოწმობ, რომ იესო ქრისტე არის ძე ღვთისა. მის სიყვარულს, ძალასა და მადლს მოაქვს ის, რის გამოც ყველაფერი ფასეული ხდება. მე ამას ვმოწმობ იესო ქრისტეს სახელით, ამინ.