2010-2019
იტვირთეთ ჩვენი ჯვარი
2019 წ. ოქტომბრის გენერალური კონფერენცია


იტვირთეთ ჩვენი ჯვარი

იტვირთო შენი ჯვარი და მიჰყვე მხსნელს ნიშნავს, გააგრძელო რწმენით სიარული უფლის გზაზე და არ დატკბე ამაქვეყნიური ჩვევებით.

ძვირფასო დებო და ძმებო, ბოლო ორი დღის განმავლობაში ჩვენ მივიღეთ შესანიშნავი სწავლებები ჩვენი ხელმძღვანელებისგან. მე ვმოწმობ, რომ თუ ჩვენ ვცდილობთ, გამოვიყენოთ ეს შთაგონებული და დროული სწავლებები ცხოვრებაში, უფალი, თავისი მადლით, დაეხმარება ყოველ ჩვენგანს ჯვრის ზიდვაში და შეგვიმსუბუქებს ტვირთს.

ფილიპეს კესარიის მხარეს მხსნელმა განუცხადა თავის მოწაფეებს, რა ელოდა მას უხუცესების, მღვდელმთავრებისა და მწიგნობრებისგან იერუსალიმში. მან კონკრეტულად თავის გარდაცვალებასა და დიდებულ აღთქმაზე უამბო მათ. იმ დროს მის მოწაფეებს სრულად არ ესმოდათ მისი ღვთიური მისია დედამიწაზე. თავად პეტრემ, როცა გაიგონა მხსნელის სიტყვები, გვერდზე გაიყვანა იგი და უსაყვედურა: „შეიწყალე თავი, უფალო, ნუმც ყოფილა ეგრე“.

იმისთვის, რომ მოწაფეებს გაეგოთ, რომ უფლის საქმისადმი თავდადებულება მოიცავს მორჩილებასა და ტანჯვას, მხსნელმა მრავალმნიშვნელოვნად განაცხადა:

„ვისაც უნდა, რომ მომყვეს, უარყოს თავისი თავი, აიღოს თავისი ჯვარი და მომდიოს მე.

„ვინაიდან, ვისაც სურს თავისი სული გადაარჩინოს, ის დაღუპავს მას. ხოლო ვინც ჩემი გულისთვის დაღუპავს სულს, ის მოიპოვებს მას.

„რა სარგებელი ექნება ადამიანს, თუ მთელ ქვეყანას შეიძენს, თავის სულს კი დაღუპავს? ან რას გაიღებს ადამიანი თავისი სულის სანაცვლოდ?“

ამ განცხადებით მხსნელმა ხაზი გაუსვა იმას, რომ ყოველ ადამიანმა, რომელსაც სურს, მიჰყვეს უფალს, უნდა უარყოს საკუთრი თავი და აკონტროლოს თავისი სურვილები, მადა, ვნებები, მსხვერპლად შეწიროს ყოველივე, საჭიროების შემთხვევაში საკუთარი სიცოცხლეც კი, რადგან სრულად ემორჩილება მამის ნებას - ზუსტად ისე, როგორც უფალი. ფაქტობრივად, ეს არის სულის ხსნის საფასური. იესომ მიზანმიმართულად და მეტაფორულად გამოიყენა ჯვრის სიმბოლო, რათა მის მოწაფეებს უკეთ გაეგოთ, უფლისადმი რა მსხვეპლს და თავდადებას მოითხოვს ყოველივე ეს. ჯვრის სიმბოლო კარგად იყო ცნობილი მის მოწაფეებისთვისა და რომაული იმპერიის მცხოვრებთათვის, რადგან რომაელები აიძულებდნენ ადამიანს, რომელიც ჯვარზე უნდა გაეკრათ, იმ ჯვრის ან გადაჯვარედინებული კოჭების ტარებას დასჯის ადგილამდე.

მხოლოდ მხსნელის აღდგომის შემდეგ მოწაფეებს გონება გაეხსნათ და შეძლეს, გაეგოთ ყოველივე, რაც უფლის შესახებ იყო დაწერილი და ის, რაც მათ იმ დროიდან მოეთხოვებოდათ.

ამის მსგავსად ყოველმა ჩვენგანმა უნდა გახსნას გონება და გული, რათა უფრო ღრმად გაიაზროს ჯვრის აღებისა და უფლის მიყოლების საკუთარი როლი. წმინდა წერილიდან ვიცით, რომ მათ, ვინც მზად არიან, იტვირთონ ჯვარი, იმდენად უყვართ იესო ქრისტე, რომ უარს ამბობენ ყოველივე უღმერთოზე და ამასოფლის ვნებებზე და იცავენ უფლის მცნებებს.

ჩვენი გადაწყვეტილება - განვდევნოთ ყველაფერი, რაც ეწინააღმდეგება ღვთის ნებას და შევწიროთ ყველაფერი, რასაც გვთხოვენ, რათა მივყვეთ მის სწავლებას, დაგვეხმარება, ბოლომდე გავძლოთ იესო ქრისტეს სახარების გზაზე, მაშინაც კი, როცა დავდგებით სირთულეების, სულის სისუსტის, სოციალური წნეხისა ან საერო ფილოსოფიების წინაშე, რომლებიც ეწინააღმდეგება უფლის სწავლებას.

მაგალითად, მათ, ვინც ჯერ ვერ იპოვეს მარადიული თანამგზავრი და თავს ეულად ან უიმედოდ გრძნობენ ან გაყრილები, რომლებიც მიტოვებულად და დავიწყებულად გრძნობენ თავს ვარწმუნებ, რომ თუ ისინი მიიღებენ მხსნელის მიწვევას და აიღებენ საკუთარ ჯვარს და მიჰყვებიან მას, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ რწმენითა და კეთილშობილებით მიჰყვებით უფლის გზას და არა მიწიერი ჩვევებით, რაც საბოლოო ჯამში ჩამოგვაშორებდა ღვთის სიყვარულსა და წყალობას.

იგივე პრინციპი ეხება მათ, ვინც იმავე სქესის მიმართ გრძნობს ლტოლვას და იმედგაცრუებულად და უსუსურად გრძნობს თავს. იქნებ ამის გამო ზოგიერთი თქვენგანი ფიქრობს, რომ იესო ქრისტეს სახარება თქვენი აღარ არის. ამ შემთხვევაში მე გარწმუნებთ, რომ ყოველთვის არსებობს მამაღმერთის, მისი ბედნიერების გეგმის, იესო ქრისტესა და მისი გამოსყიდვის მსხვერპლის, ასევე მათი მოსიყვარულე მცნებების დაცვის იმედი. თავისი სრულყოფილი სიბრძნით, ძალით, სამართალითა და მოწყალებით უფალი ჩაგვბეჭდავს, როგორც თავისიანს, რათა შევძლოთ მის გარემოცვაში მოსვლა და მივიღოთ მარადიული ხსნა, თუ მყარად და უდრეკად ვიდგებით მისი მცნებების დაცვის გზაზე და ყოველთვის უხვად შევასრულებთ კეთილ საქმეს.

ვინც სერიოზული ცოდვები ჩაიდინა, ამ მოწვევის მიღება ნიშნავს, დაიმდაბლო თავი უფლის წინაშე, მიიღო რჩევა ეკლესიის ხელმძღვანელებისგან, მოინანიო და ზურგი შეაქციო ჩადენილ ცოდვებს. ეს პროცესი ასევე დალოცავს ყველას, ვინც ებრძვის სავალალო ჩვევებს, ოპიოიდების, ნარკოტიკებისა, ალკოჰოლისა და პორნოგრაფიის ჩათვლით. ამ ნაბიჯების გადადგმა უფრო ახლოს მიგიყვანთ მხსნელთან, რომელიც საბოლოოდ გაგანთავისუფლებთ დანაშაულის, სინანულის, სულიერი და ფიზიკური მონობისგან. გარდა ეკლესიური ხელმძღვანელების დახმარებისა, თქვენ ასევე მოისურვებთ მხარდაჭერას ოჯახისგან, მეგობრებისგან და კომპეტენტურ სამედიცინო და ოჯახის კონსულტანტებისგან.

გთხოვთ, არასდროს არ დაყაროთ ფარ-ხმალი, გინდაც რამდენჯერმე ზედიზედ განიცადოთ მარცხი და არ ჩათვალოთ, რომ არ შეგიძლიათ ცოდვებისა და ჩვევების დაძლევა. უარესია, შეწყვიტო მცდელობები და დარჩე სისუსტესა და ცოდვაში! ყოველთვის ძალიან ეცადეთ და საქმეში გამოამჟღავნეთ შიდა ჭურჭლის გაწმენდის სურვილი, როგორც ამას მხსნელი გვასწავლიდა. ზოგჯერ გარკვეული სირთულეების გადალახვა თვეების განმავლობაში უწყვეტი მცდელობების შემდეგ ხდება. მორმონის წიგნში გვაქვს დაპირება, რომელიც ყოველ ვითარებას ეხება: „მადლით გადავრჩებით, მას შემდეგ, რაც გავაკეთებთ ყველაფერს, რაც ჩვენ შეგვიძლია“. გთხოვთ, გახსოვდეთ, რომ მხსნელის მადლის ძღვენი „დროის თვალსაზრისით აუცილებლად არ ნიშნავს, რომ ეს მოხდება ‘მას შემდეგ’, რაც ყველაფერს მოვიმოქმედებთ. შეიძლება მისი მადლი იმ დრომდე ადრე, იმ დროს ან იმ დროის შემდეგ მივიღოთ, როცა მცდელობებს მოვუმატებთ“.

მე ვმოწმობ, რომ თუ ჩვენ გამუდმებით ვცდილობთ, გადავლახოთ სირთულეები, ღმერთი დაგვლოცავს რწმენის ძღვენით, რათა განვიკურნოთ და საოცრებების მოწმენი გავხდეთ. იგი იმას მოახდენს ჩვენთვის, რაც თავად არ შეგვიძლია.

ამის გარდა, მათთვის, ვინც გრძნობს სიმწარეს, წყრომას, წყენას ან მიჯაჭვულია მწუხარებით რაიმეს, რასაც მისი აზრით იგი არ იმსახურებს, აიღო საკუთარი ჯვარი და მიჰყვე მხსნელს ნიშნავს, ცდილობდე, გვერდზე გადადო ეს გრძნობები და მოუბრუნდე უფალს, რათა მან გაგვინთავისუფლოს გონება ამ მდგომარეობისგან და დაგვეხმაროს სიმშვიდის პოვნაში. სამწუხაროდ, თუ მიჯაჭვულნი ვართ ნეგატიურ გრძნობებსა და ემოციებზე, ჩვენ აღმოვაჩენთ, რომ ვცხოვრობთ უფლის სულის გავლენის გარეშე. ჩვენ ვერ მოვინანიებთ სხვებისთვის მაგრამ შეგვიძლია, მივუტევოთ მათ, თუკი უარს ვიტყვით იმაზე, რომ ვიყოთ მათი მძევლები, ვინც ზიანი მოგვაყენა.

წმინდა წერილი გვასწავლის, რომ არსებობს გამოსავალი ამ სიტუაციებიდან - მოვიწვიოთ მხსნელი, რათა დაგვეხმაროს, გაქვავებული გული ახალი გულით შევიცვალოთ. იმისთვს, რომ ეს მოხდეს საჭიროა, მივიდეთ უფალთან ჩვენი სისუსტეებით და შევევედროთ დახმარება და მიტევება, განსაკუთრებით იმ წმინდა მომენტში, როცა ყოველ კვირას ვიღებთ ზიარებას. მოდით, ვეძიოთ მისი მიტევება; გადავდგათ მნიშვნელოვანი, მძიმე ნაბიჯი და მივუტევოთ ყველას, ვინც გული გვატკინა, რათა ჩვენმა ჭრილობებმა შეხორცება დაიწყოს. მე გპირდებით, რომ თუ ასე მოიქცევით, თქვენი ღამეები იმ შვებით სავსე იქნება, რომელიც უფალთან ჰარმონიაში ყოფნიდან მოდის.

1839 წ. ლიბერთის ციხეში ყოფნისას, წინასწარმეტყველმა ჯოზეფ სმითმა დაწერა მიმართვა ეკლესიის წევრებისადმი, მოიცავდა რა წინასწარმეტყველებებს, რომლებიც ასე კარგად შეეფერება ამ სიტუაციებს. მან დაწერა: „ყველა ტახტი და სასუფეველი, სამთავრო და ძალა, გამოეცხადება და მიეცემა ყველას, ვინც ღირსეულად ბოლომდე გაძლებს იესო ქრისტეს სახარებისთვის. ასე რომ, ვინც აიღებს საკუთარ თავზე მხსნელის სახელს რწმენით მის დაპირებებში და ბოლომდე გაძლებს - გადარჩება და შეძლებს ღმერთის გარემოცვაში ყოფნას უსასრულო ბედნიერების მდგომარეობაში.

დებო და ძმებო, ჩვენ ყველანი სხვადასხვა პირობების წინაშე ვდგებით ცხოვრებაში, რის გამოც თავს მოწყენილად, უსუსურად, უიმედოდ და ზოგჯერ დასუსტებულადაც ვგრძნობთ. ზოგი ასეთი გრძნობა ალბათ კითხვას ბადებს უფლისადმი: „რატომ ვხვდები ასეთ სიტუაციებში“? ან „რატომ გამიცრუვდა იმედები? მე ხომ ყველაფერს ვაკეთებ, რაც ჩემს ძალაშია, რათა ვატარო ჯვარი და მივყვე მხსნელს!“

ჩემო ძვირფასო მეგობრებო, უნდა გვახსოვდეს, რომ საკუთარი ჯვრის აღება მოიცავს ღვთის წინაშე თავის დამდაბლებას, მისა და მის უსაზღვრო სიბრძნის ნდობას. ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ იგი იცნობს ყოველ ჩვენგანს და იცის ჩვენი საჭიროებები. ასევე საჭიროა იმ ფაქტის მიღება, რომ უფლის დრო ჩვენი დროისგან განსხვავდება. ზოგჯერ ჩვენ ვეძიებთ კურთხევებს და უფალს დროს ვუნიშნავთ მათ შესასრულებლად. ჩვენ ერთგულებით ვერ წავუყენებთ უფალს პირობას, დანიშნულ დროში აგვისრულოს სურვილები. როცა ასე ვიქცევით, ჩვენ ვემსგავსებით სკეპტიკოს ნეფიელებს ძველი დროიდან, რომლებიც დასცინოდნენ ძმებს, ამბობდნენ რა რომ ლამანიელ სამუელის სიტყვების აღსრულებას ვადა გაუვიდა და ამით ქმნიდნენ არეულობას მორწმუნეთა შორის. ჩვენ უნდა ვენდოთ უფალს იმდენად, რომ მშვიდად ვიყოთ და ვიცოდეთ, რომ იგი ღმერთია და იცის ყოველივე და ყოველ ჩვენგანს იცნობს.

უხუცესი სოარესი და კალამასის მსახურებაში

მე არც თუ ისე დიდი ხნის წინ მქონდა შესაძლებლობა, გამეწია მზრუნველობა ქვრივი დისთვის, ფრანკა კალამასისთვის, რომელსაც პროგრესირებადი დაავადება აქვს. და კალამასი იყო პირველი თავის ოჯახში, რომელიც იესო ქრისტეს ეკლესიის წევრი გახდა. მისი მეუღლე არ მონათლულა, იგი მისიონერებთან შეხვედრებზე უარს არ ამბობდა და ხშირად საეკლესიო შეკრებებსაც ესწრებოდა. მიუხედავად ამისა და კალამასი ოთხ შვილთან ერთად დარჩა ეკლესიის ერთგული და ოთხივე შვილი იესო ქრისტეს სახარების მიხედვით გაზარდა. მისი მეუღლის გარდაცვალებიდან ერთი წლის შემდეგ და კალამასი და მისი ოთხი შვილი ერთად გაემგზავრნენ ტაძარში და მიიღეს მონაწილეობა წმინდა წეს-ჩვეულებებში. ისინი ერთად ჩაიბეჭდნენ როგორც ოჯახი. ამ წეს-ჩვეულებებთან დაკავშირებულმა დაპირებებმა მოუტანა მას დიდი სიხარული, იმედი და ბედნიერება, რაც დაეხმარა მას, გაეგრძელებინა ცხოვრება.

კალამასის ოჯახი ტაძარში

როცა მას ავადმყოფობის პირველი სიმპტომები გაუჩნდა, ეპისკოპოსმა კურთხევა მისცა. იმ დროს მან განუცხადა ეპისკოპოსს, რომ მზად იყო, მიეღო უფლის ნება, რითაც გამოხატა განკურნების რწმენა და რწმენა, რომ ბოლომდე გაუძლებდა ავადმყოფობას.

ჩემი ვიზიტის დროს, როცა და კალამასის ხელი მეჭირა და მას თვალებში ვუყურებდი, მას სახეზე რაღაც ანგელოზური ნათება ემჩნეოდა. ეს იყო მისი ღვთის გეგმისადმი რწმენის ანარეკლი და კიდევ მისთვის ღმერთის სიყვარულისა და გეგმის იმედი. მე ვიგრძენი მისი ურყევი გადაწყვეტილება, ბოლომდე გაეძლო რწმენაში ანუ ყველა სირთულის მიუხედავად, ეტარებინა ჯვარი. ამ დის ცხოვრება არის ქრისტეს დამოწმება, მისი რწმენის განაცხადი და მისი თავდადებულება უფლისადმი.

ძვირფასო დებო და ძმებო, მინდა დაგიმოწმოთ, რომ საკუთარი ჯვრის აღება და მხსნელის გაყოლა მოითხოვს ჩვენგან, მივყვეთ მის მაგალითს და ვცდილობდეთ, დავემსგავსოთ მას, მოთმინებით გავუმკლავდეთ ცხოვრებისეულ პირობებს, უარვყოთ ბუნებრივი ადამიანის სურვილები და მივენდოთ უფალს. მეფსალმუნემ დაწერა:

„მიენდე უფალს: გამხნევდი და გაიმაგრე გული: და გქონდეს უფლის იმედი“.

„ის არის დამხმარე და მფარველი ჩვენი“.

მე ვმოწმობ, რომ მოძღვრის კვალდაკვალ სიარულითა და იმის მოლოდინით, ვინც ჩვენი ცხოვრების მკურნალია, ჩვენ სულს მოსვენებას მივცემთ, ტვირთს კი მსუბუქს და ადვილად სატარებელს გავხდით. ამაზე მე ვმოწმობ იესო ქრისტეს წმინდა სახელით, ამინ.