გენერალური კონფერენცია
მშვიდობის მთავრის მიმდევრები.
2023 წ. აპრილის გენერალური კონფერენცია


მშვიდობის მთავრის მიმდევრები.

როდესაც ვცდილობთ განვავითაროთ მაცხოვრის მსგავსი თვისებები, ჩვენ შეგვიძლია გავხდეთ მისი მშვიდობის იარაღი მსოფლიოში.

ზაქარიასადმი მიცემული წინასწარმეტყველების შესასრულებლად,1 იესო ტრიუმფალურად შევიდა წმინდა ქალაქში, ამხედრებული ვირზე, რომელიც ლიტერატურაში „იუდეველთა მეფეთა უძველეს სიმბოლოდ“ ითვლებოდა,2 როგორც ეს მართლაც შეეფერებოდა მეფეთა მეფეს და მშვიდობის მთავარს.3 იესოს ირგვლივ მყოფი უამრავი გახარებული მოწაფე მას გზად სამოსს, პალმის რტოებსა და სხვა ფოთლებს უფენდა. ისინი ადიდებდნენ ღმერთს და ამბობდნენ დიდი ხმით: „კურთხეულია უფლის სახელით მომავალი მეფე! მშვიდობა ცაზე და დიდება მაღალთა შინა!“4 და კვლავ: „ოსანა დავითის ძეს: კურთხეულია უფლის სახელით მომავალი; ოსანა მაღალთა შინა“.5 ეს დიდებული მოვლენა, რომელსაც ჩვენ აღვნიშნავთ, როგორც ბზობას, წინ უძღვოდა იმ მტანჯველ მოვლენებს, რომლებიც უნდა მომხდარიყო იმ საბედისწერო კვირაში, რომლის კულმინაციაც მაცხოვრის თავგანწირვა და ცარიელი საფლავის ბრწყინვალე სასწაული იქნებოდა.

ჩვენ, როგორც მისი მიმდევრები, ვართ მისი განსაკუთრებული ხალხი, მოწოდებით - გამოვაცხადოთ მისი სათნოება,6 მხარი დავუჭიროთ მშვიდობას, რომელსაც ასე გულუხვად გვთავაზობს უფალი და მისი გამომსყიდველი მსხვერპლი. ეს მშვიდობა დაპირებული საჩუქარია ყველასთვის, ვინც გული მოაბრუნა მაცხოვრისკენ და სამართლიანად ცხოვრობს; ასეთი სიმშვიდე გვაძლევს ძალას, ვისარგებლოთ მოკვდავი ცხოვრებით და შესაძლებლობას - გავუძლოთ ჩვენი მოგზაურობის მტკივნეულ განსაცდელს.

1847 წელს უფალმა მისცა კონკრეტული მითითებები პიონერ წმინდანებს, რომლებსაც სიმშვიდე სჭირდებოდათ, რათა ყოფილიყვნენ მშვიდად და ერთიანად, როდესაც მოულოდნელ სირთულეებს წააწყდებოდნენ დასავლეთისკენ მოგზაურობისას. უფალმა, სხვა საკითხებთან ერთად, დაავალა წმინდანებს: „შეწყვიტეთ ბრძოლა ერთმანეთთან; შეწყვიტეთ ერთმანეთზე ბოროტების თქმა“.7 წმინდა წერილი ადასტურებს, რომ ვინც სიმართლის საქმეს აკეთებს და ცდილობს უფლის სულის თვინიერებით სიარულს აქვთ დაპირება, რომ ექნებათ მშვიდობა, რომელიც მათ სჭირდებათ, რათა გადარჩნენ ამ არეულობაში, რომელშიც ჩვენ დღეს ცხოვრება გვიწევს.8

ჩვენ, როგორც მშვიდობის მთავრის მოწაფეებს, მოგვცეს მითითება, ვიცხოვროთ „ერთად შეკრული გულებითა და ერთმანეთის მიმართ სიყვარულით“.9 ჩვენმა საყვარელმა წინასწარმეტყველმა, პრეზიდენტმა რასელ მ. ნელსონმა, ბოლოს განაცხადა: „კამათი ანგრევს ყველაფერს, რასაც მხსნელი უჭერდა მხარს და გვასწავლიდა“.10 ჩვენი წინასწარმეტყველი ასევე გვევედრებოდა, ყველაფერი გაგვეკეთებინა იმისათვის, რომ დაგვესრულებინა პირადი კონფლიქტები, რომლებიც ამჟამად ჩვენს გულებსა და ცხოვრებაში მძვინვარებს“.11

მოდით, განვიხილოთ ეს პრინციპები ქრისტეს ჩვენ მიმართ წმინდა სიყვარულის გათვალისწინებით, რომელსაც ჩვენ, როგორც მისი მიმდევრები, ვეძიებთ ერთმანეთის მიმართ. წმინდა წერილი ასეთ სიყვარულს განმარტავს როგორც მოწყალებას.12 როცა მოწყალებაზე ვფიქრობთ, ჩვენი გონება, როგორც წესი, მიმართავს გულუხვ შემოწირულობებსა და ქმედებებს, რომლებიც გამოვიჩინეთ მათ მიმართ, ვინც განიცდის ფიზიკურ, მატერიალურ ან ემოციურ სირთულეებს. მიუხედავად ამისა, მოწყალება არ არის დაკავშირებული მხოლოდ იმასთან, რასაც ჩვენ ვჩუქნით სხვებს. ის მაცხოვრის თვისებაა და შეიძლება გახდეს ჩვენი ბუნების ნაწილი. არ არის გასაკვირი, რომ უფალმა მოგვცა მითითება, შევიმოსოთ მოწყალების ერთობით, „რაც არის სრულყოფილებისა და მშვიდობის ერთობა“.13 მოწყალების გარეშე ჩვენ არაფერს არ წარმოვადგენთ14 და ვერ დავიმკვიდრებთ ადგილს, რომელიც უფალმა მოგვიმზადა მამაზეციერის სავანეში.15

იესომ შესანიშნავად გვაჩვენა, რას ნიშნავს სრულყოფილებისა და მშვიდობის ამ ერთობის ფლობა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მტანჯველი მოვლენების წინაშე აღმოჩნდა, მის მოწამეობას წინ რომ უძღვოდა. ერთი წუთით დაფიქრდით იმაზე, რას გრძნობდა იესო, როცა თავმდაბლად ბანდა ფეხებს თავის მოწაფეებს, იცოდა რა, რომ ერთ-ერთი მათგანი იმავე ღამეს გასცემდა მას.16 ან როცა იესომ, რამდენიმე საათის შემდეგ, გულმოწყალედ მოურჩინა ყური ერთ-ერთ მამაკაცს, რომელიც თან ახლდა იუდას, უფლის გამცემს, რათა დაეპატიმრებინა მაცხოვარი.17 ან თუნდაც მაშინ, როცა მხსნელი პილატეს წინაშე იდგა და იგი უსამართლოდ დაადანაშაულეს მღვდელმთავრებმა და უხუცესებმა, მან კი ერთი სიტყვაც არ წარმოთქვა ცრუ ბრალდებების წინააღმდეგ და გაოცებული დატოვა რომაელი მმართველი.18

ამ სამი ტრაგიკული შემთხვევის მეშვეობით მაცხოვარმა, მიუხედავად იმისა, რომ დამძიმებული იყო ზედმეტი სევდითა და განცდით, საკუთარი მაგალითით გვასწავლა, რომ „სიყვარული სულგრძელია, ქველმოქმედია … … … არ შურს … არ ყოყოჩობს, არ ამპარტავნობს, არ სჩადის უწესობას, თავისას არ ეძიებს, არ მრისხანებს და არ განიზრახავს ბოროტს“.19

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი, რომელიც უნდა ხაზგასმით აღვნიშნოთ და რომელიც პირდაპირ გავლენას ახდენს ჩვენს მოწაფეობაზე და იმაზე, თუ როგორ ვუწყობთ ხელს მაცხოვრის მშვიდობას არის ის, თუ როგორ ვექცევით ერთმანეთს. მხსნელი, თავისი მიწიერი მსახურებისას, მთელ ყურადღებას უთმობდა არა მხოლოდ, არამედ განსაკუთრებით, სიყვარულის, ქველმოქმედების, მოთმინების, თავმდაბლობისა და თანაგრძნობის კეთილშობილურ თვისებებს ანუ იმ ადამიანების ფუნდამენტურ თვისებებს, რომლებსაც სურთ, დაუახლოვდნენ უფალს და ხელი შეუწყონ მის მშვიდობას. ასეთი თვისებები ღვთის ძღვენია და როცა ვცდილობთ მათ განვითარებას, ჩვენ მოყვასის სისუსტეებსა და ჩვენგან განსხავებას მეტი თანაგრძნობით, მგრძნობელობით, პატივისცემითა და მოთმინებით ვუყურებთ. ერთ-ერთი ყველაზე აშკარა ნიშანი იმისა, რომ ვუახლოვდებით მაცხოვარს და უფრო მეტად ვემსგავსებით მას არის ის, რომ მიუხედავად გარემოებებისა ჩვენ კეთილად, სიყვარულითა და მოთმინებით ვეპყრობით მოყვასს.

ჩვენ ხშირად ვხედავთ ადამიანებს, რომლებიც უარყოფით და დამამცირებელ კომენტარებსაც კი აკეთებენ სხვების მახასიათებლებზე, სისუსტეებსა და მოსაზრებებზე, მეტწილად მაშინ, როდესაც ასეთი მახასიათებლები და მოსაზრებები განსხვავდება ან ეწინააღმდეგება მათ მოქმედებებსა და მოსაზრებებს. ხშირად ეს ადამიანები ასეთ კომენტარებს სხვებს გადასცემენ, ისინი კი უკვე იმეორებენ იმას, რაც მოისმინეს, ამ დროს კი არაფერი იციან ამ სიტუაციასთან დაკავშირებული ვითარების შესახებ. სამწუხაროდ სოც. ქსელები, შედარებითი ჭეშმარიტებისა და გამჭვირვალობის სახელით, ხელს უწყობს ასეთ საქციელს. უკონტროლო ციფრულ საუბარს ხშირად მიჰყავს ადამიანები პირად თავდასხმებამდე და ცხარე კამათამდე, ქმნის იმედგაცრუებას, იწვევს გულის ტკენას და ავრცელებს ძლიერ მტრობას.

ნეფი წინასწარმეტყველებდა, რომ უკანასკნელ დღეებში მტერი განცვიფრდებოდა და განაწყობდა ხალხს კეთილის წინააღმდეგ.20 წმინდა წერილი გვასწავლის, რომ „ყოველივე, რაც მოუხმობს და უბიძგებს სიკეთის კეთებას, ღმერთისადმი სიყვარულსა და მის მსახურებას, არის ღმერთის მიერ შთაგონებული“.21 მეორე მხრივ, „რაც ბოროტია, მოდის ეშმაკისგან; ვინაიდან, ეშმაკი არის ღმერთის მტერი და ებრძვის მას გამუდმებით და მოუხმობს და უბიძგებს ცოდვისკენ და გამუდმებით იმის კეთებისკენ, რაც არის ბოროტი“.22

ამ წინასწარმეტყველური სწავლების გათვალისწინებით გასაკვირი არ არის, რომ მოწინააღმდეგეს ერთ-ერთი ტაქტიკა არის მტრობისა და სიძულვილის გაღვივება ღვთის შვილების გულებში. მას უხარია, როცა ხედავს, რომ ადამიანები ერთმანეთს აკრიტიკებენ, დასცინიან და ცილს სწამებენ. ასეთმა ქცევამ შეიძლება გაანადგუროს ადამიანის ბუნება, რეპუტაცია და თვითშეფასება, განსაკუთრებით მაშინ, როცა უსამართლოდ განიკითხავენ მას. მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ როდესაც მსგავსი განწყობა გვიჩნდება ცხოვრებაში, ჩვენ ამით გულში ადგილს ვუთმობთ მტერს, ჩვენ შორის უთანხმოების თესლის დასათესად და გვიჩნდება მის მტაცებლურ ხაფანგში მოქცევის საფრთხე.

თუ ჩვენ არ ვიქნებით ფრთხილად ჩვენს აზრებში, სიტყვებში და ქმედებებში, შეიძლება გავებათ მტრის ეშმაკურ ხრიკებში, რაც გაგვიფუჭებს ურთიერთობას გარშემომყოფებთან და საყვარელ ადამიანებთან.

დებო და ძმებო, ჩვენ, როგოც უფლის განსაკუთრებული ხალხი და მისი სიმშვიდის უზრუნველმყოფელნი, ვერ დავუთმობთ გულში ადგილს ბოროტის ამ ხრიკებს. ჩვენ ვერ ვატარებთ ისეთ ხრწნად ტვირთს, რომელიც ანგრევს გრძნობებს, ურთიერთობებს და სიცოცხლესაც კი. სახარება აუწყებს სასიხარულო ამბებს კეთილზე.

რა თქმა უნდა, არცერთი ჩვენგანი არ არის სრულყოფილი და რა საკვირველია, არის მომენტები, როცა ჩვენ გვიტყუებენ ასეთი ტიპის ურთიერთობაში. მხსნელი, თავისი სრულყოფილი სიყვარულითა და ჩვენი ადამიანური მიდრეკილებების სრული ცოდნით, ყოველთვის ცდილობს, გაგვაფრთხილოს ასეთი საფრთხის შესახებ. იგი გვასწავლიდა: „ვინაიდან რომელი განკითხვითაც განიკითხავთ და რომელი საწყაოთიც მიუწყავთ, იმავეთი მოგეწყვებათ თქვენ“.23

ჩემო ძვირფასო დებო და ძმებო, როდესაც ჩვენ ვცდილობთ განვავითაროთ მაცხოვრის მსგავსი თვისებები, ჩვენ შეგვიძლია გავხდეთ მისი მშვიდობის იარაღი მსოფლიოში იმ ნიმუშის მიხედვით, რომელიც მან თავად დააწესა. გიწვევთ განიხილოთ გზები, რომლებითაც შეგვიძლია გარდავიქმნათ ამაღლებულ და სხვების მხარდამჭერ ადამიანებად, ადამიანებად გამგები და მიმტევებელი გულით, ადამიანებად, რომლებიც ეძებენ სხვებში საუკეთესოს და ყოველთვის ახსოვთ, რომ „თუ არსებობს რამე მაღალზნეობრივი, მშვენიერი, ქებისა და პატივისცემის ღირსი, ჩვენ ვესწრაფით ყოველივე ამას“.24

მე გპირდებით, რომ თუ მივყვებით და განვავითარებთ ამ თვისებებს, ჩვენ სულ უფრო გულთბილები და მგრძნობიარენი გავხდებით ჩვენი მოყვასის მოთხოვნილებების მიმართ25 და განვიცდით სიხარულს, სიმშვიდეს და სულიერ ზრდას.26 უფალი აუცილებლად აღიარებს ჩვენს ძალისხმევას და გვიბოძებს ძღვენს, რომელიც გვჭირდება იმისთვის, რომ ვიყოთ უფრო შემწყნარებლები და მომთმენნი ერთმანეთის განსხვავებების, სისუსტეებისა და არასრულყოფილების მიმართ. ამაზე მეტიც, ჩვენ უკეთ შევძლებთ, შევეწინააღმდეგოთ სურვილს, გვეწყინოს ან ვაწყენინოთ მათ, ვინც გულს გვტკენს. მაცხოვრის მსგავსად აუცილებლად გაიზრდება ჩვენი სურვილი, ვაპატიოთ მათ, ვინც ცუდად გვექცევა ან ბოროტად ლაპარაკობს ჩვენზე და ეს გახდება ჩვენი ბუნების ნაწილი.

მოდით, დღეს, ამ ბზობის კვირას, ფეხქვეშ დავუგოთ უფალს სიყვარულის სამოსი და მოწყალების პალმის ფოთლები, ვიაროთ მშვიდობის მთავრის კვალდაკვალ ამ მომავალ კვირას ცარიელი საფლავის სასწაულის აღნიშვნისას. მოდით, როგორც დებმა და ძმებმა ქრისტეში, სიხარულით გამოვაცხადოთ: „ოსანა დავითის ძეს: კურთხეულია უფლის სახელით მომავალი; ოსანა მაღალთა შინა“.27

მე ვმოწმობ, რომ იესო ქრისტე ცოცხალია და რომ მისი სრულყოფილი სიყვარული, რომელიც გამოიხატება მისი გამომსყიდველი მსხვერპლით, მისწვდება ყველას, ვისაც სურს მასთან ერთად სიარული და სურს, დატკბეს მისი სიმშვიდითა ამ ქვეყნად და მომავალ ცხოვრებაში. მე ვამბობ ამას მხსნელისა და გამომსყიდველის, იესო ქრისტეს წმინდა სახელით, ამინ.

ამობეჭდვა