ოსანა უზენაეს ღმერთს
იესოს ტრიუმფალური შესვლა იერუსალიმში და იმ კვირის მოვლენები ასახავს დოქტრინას, რომლის გამოყენება შეგვიძლია ჩვენს ცხოვრებაში.
დღეს, როგორც უკვე ითქვა, ჩვენ ვუერთდებით ქრისტიანებს მთელ მსოფლიოში, რათა ამ ბზობის კვირადღეს პატივი მივაგოთ იესო ქრისტეს. დაახლოებით 2 000 წლის წინ ბზობის კვირა გახდა იესო ქრისტეს მიწიერი მსახურების ბოლო კვირის დასაწყისი. ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი კვირა კაცობრიობის ისტორიაში.
რაც დაიწყო იესოს, როგორც დაპირებული მესიის, იერუსალიმში ტრიუმფალური შესვლით, დასრულდა მისი ჯვარცმითა და აღდგომით.1 ღვთიური ჩანაფიქრით უფლის გამომსყიდველი მსხვერპლით დასრულდა მისი მიწიერი მსახურება, რამაც შესაძლებელი გახადა ჩვენს მამაზეციერთან მარადიული ცხოვრება.
წმინდა წერილი გვაუწყებს, რომ ეს კვირა დაიწყო იმით, რომ ქალაქის კარიბჭესთან უამრავი ხალხი იდგა, რათა ენახათ „იესო, წინასწარმეტყველი გალილეის ნაზარეთიდან.“2 მათ „აიღეს პალმის რტოები, მის შესაგებებლად გავიდნენ და იძახდნენ: „ოსანა! კურთხეულ არს უფლის სახელით მომავალი, და მეფე ისრაელისა!“3
ეს უძველესი ბიბლიური ჩანაწერი მახსენებს ტაკორადის (განას), სადაც ეკლესიის დავალებით ვიმყოფებოდი. სხვათაშორის, ბზობის კვირა იყო.
მე ტაკორადის განას პალო უნდა გამეყო, რათა მპინტსინის განას პალო შექმნილიყო. დღეს განაში ეკლესიის 100 000-ზე მეტი წევრია.4 ჩვენ მივესალმებით მის აღმატებულებას, მეფე ნი ტეკი ტეიკო ტსურუ II აკრადან (განა), რომელიც დღეს ჩვენთან იმყოფება. ამ წმინდანებთან შეხვედრისას მე ვიგრძენი მათი ღრმა სიყვარული და უფლისადმი ერთგულება. მე გამოვხატე ჩემი დიდი სიყვარული მათ მიმართ და ვუთხარი, რომ ეკლესიის პრეზიდენტსაც უყვარდა ისინი. შემდეგ გამოვიყენე იოანეს მიერ ჩაწერილი მხსნელის სიტყვები: „გიყვარდეთ ერთმანეთი, როგორც მე შეგიყვარეთ თქვენ“.5 მათთვის ეს „მიყვარხარ“ კონფერენცია იყო.6
როცა სამლოცველოში შეკრებილი ძვირფასი ძმებისა და დების და მათი ოჯახების რიგებს ვუყურებდი, მათ სახეებზე იესო ქრისტესადმი მოწმობისა და რწმენის ნათებას ვხედავდი. ვგრძნობდი მათ სურვილს, ყოფილიყვნენ უფლის ეკლესიის ნაწილი. და როცა გუნდი ამღერდა, ისინი ანგელოზებივით გალობდნენ.
ისინიც, მსგავსად იესო ქრისტეს მოწაფეებისა, რომელნის ბზობის კვირას იერუსალიმის კარიბჭესთან შეიკრიბნენ, რათა პალმის რტოებით ხელში თაყვანი ეცათ უფლისთვის, იძახდნენ: „ოსანა … კურთხეულია უფლის სახელით მომავალი“!7
გვერდით მდებარე ეკლესიის მრევლიც კი პატივს გამოხატავდა ბზობის კვირას. როცა კათედრასთან ვიდექი შევნიშნე, რომ ისინი სიხარულით მოდიოდნენ ქუჩაში და პალმის ტოტებს იქნევდნენ, როგორც ამ სურათზე. ეს იყო დაუვიწყარი სანახაობა - ჩვენ ყველანი იმ დღეს მეფეთა მეფეს ვცემდით თაყვანს.
პრეზიდენტმა რასელ მ. ნელსონმა გვირჩია, ბზობის კვირა გაგვეხადა „ჭეშმარიტად წმინდა არა მხოლოდ იმით, რომ გავიხსენოთ პალმის რტოები, რომლითაც პატივს მიაგებდნენ იესოს შემოსვლას იერუსალიმში, არამედ მისი ხელის გულების გახსენებით“. შემდეგ პრეზიდენტმა ნელსონმა მიმართა ესაიას სიტყვებს, რომელიც საუბრობდა მხსნელის დაპირებაზე: „მე არ დაგივიწყებ შენ“, ასეთი სიტყვებით: „მე ხომ ჩემს ხელის გულებზე გამოგხაზე“.8
უფალმა იცის, რომ მიწიერი ცხოვრება რთულია. მისი ჭრილობები გვახსენებს, რომ „იგი … დამდაბლდა ყოველივეზე დაბლა“9 რათა ტანჯვაში დაგვხმარებოდა და ყოფილიყო ჩვენთვის „დარჩი შენს გზაზე“ -ს მაგალითი,10 რაც არის მისი გზა და „ღმერთი იქნება [ჩვენთან უკუნითი უკუნისამდე]“.11
ბზობის კვირა არ იყო უბრალო მოვლენა, ისტორიის კიდევ ერთი გვერდი თარიღით, დროითა და ადგილით. იესოს ტრიუმფალური შესვლა იერუსალიმში და იმ კვირის მოვლენები ასახავს დოქტრინას, რომლის გამოყენება დღეს შეგვიძლია ჩვენს ცხოვრებაში.
მოდით, განვიხილოთ მარადიული დოქტრინა, რომელიც ასე აშკარად ჩანს უფლის მსახურებაში, რომელიც იერუსალიმში დასრულდა.
პირველი: წინასწარმეტყველება. მაგალითად, ძველ აღთქმაში წინასწარმეტყველი ზაქარია წინასწარმეტყველებდა იესო ქრისტეს ტრიუმფალურ შესვლაზე იერუსალიმში, იმასაც კი, რომ იგი ვირზე იქნებოდა შემჯდარი.12 იესომ იწინასწარმეტყველა თავისი აღდგომა, როცა ქალაქში შესასვლელად ემზადებოდა, ამბობდა რა:
„აჰა, ჩვენ ავდივართ იერუსალიმს და კაცის ძე გადაეცემა მღდელმთავრებსა და მწიგნობართ, და სასიკვდილო მსჯავრს დასდებენ მას.
„გადასცემენ მას წარმართებს, რომ შეაგინონ, გაშოლტონ და ჯვარს აცვან, და მესამე დღეს აღდგება.“13
მეორე: სულიწმინდის ძღვენი. ჯოზეფ სმითი გვასწავლიდა: „ვერცერთი ადამიანი ვერ შეიტყობს, რომ იესო არის უფალი, თუ არა სულიწმინდის მეშვეობით“.14 მხსნელი დაპირდა თავის მოწაფეებს15 ბოლო სერობაზე16 ზედა ოთახში17 „ობლად არ დაგტოვებთ, მოვალ თქვენთან“.18 მათ მარტო არ მოუწევდათ სახარების ჭეშმარიტების ტარება, მათ სულიწმინდის შეუდარებელი ნიჭი წაუძღვებოდათ წინ. „მშვიდობას გიტოვებთ თქვენ, ჩემს მშვიდობას გაძლევთ თქვენ. სოფელი რომ იძლევა, ისე კი არ გაძლევთ“19- დაგვპირდა უფალი. სულიწმინდის ძღვენით ჩვენ გვაქვს იგივე გარანტია: მისი სული მარადჟამს [იქნება ჩვენთან]“20 და „სულიწმინდის ძალით თქვენ ჩაწვდებით ჭეშმარიტებას ყოველივეს შესახებ“.21
მესამე: მოწაფეობა. ჭეშმარიტი მოწაფეობა, უპირველეს ყოვლისა, არის უცვლელი ვალდებულება, მარადიული კანონებისადმი მორჩილება და ღმერთის მიმართ სიყვარული. არავითარი მერყეობა. ხალხი, პალმების რტოებით რომ ეგებებოდა, მას როგორც მესიას ესალმებოდა. და ისიც ხომ ზუსტადაც მესია იყო. მათ იზიდავდა მისი პიროვნება, სასწაულები, მისი სწავლება. თუმცა თაყვანისცემა მრავალი მათგანისგან დიდხანს არ გაგრძელებულა. ისინი, ვინც ადრე „ოსანა“-ს ყვიროდნენ22 მალე შებრუნდნენ და ღრიალებდნენ: „ჯვარს აცვი იგი“.23
მეოთხე: იესო ქრისტეს გამოსყიდვა.24 თავის ბოლო დღეებში, ბზობის კვირას, მან აღასრულა შესანიშნავი გამოსყიდვა, გეთსიმანიის აგონიიდან დაწყებული დამთავრებული დაცინვით, ჯვარზე წამებითა და ნათხოვარ სამარხში დამარხვით. თუმცა ამით ყველაფერი არ დამთავრებულა. თავისი მოწოდების სიდიადით, მამაზეციერის ყველა შვილის გამომსყიდველის როლში, სამი დღის შემდეგ იგი გამოვიდა ამ საფლავიდან, აღმდგარი25 როგორც ეს იწინასწარმეტყველა.
ვართ ჩვენ მუდამ მადლიერნი იესო ქრისტეს შეუდარებელი გამოსყიდვისთვის? ვგრძნობთ მის გამწმენდ ძალას ამ მომენტში? აი ამიტომ იესო ქრისტე, ხსნის მიზეზი და დამასრულებელი, წავიდა იერუსალიმში, რათა ყველანი გამოესყიდა. პოულობს თქვენში გამოძახილს ალმას ეს სიტყვები: „თუ თქვენ განიცადეთ გულში ცვლილება და თუ იგრძენით გამომსყიდველ სიყვარულზე გალობის სურვილი, მე მინდა გკითხოთ, ახლა თუ გრძნობთ ამას?26 ჭეშმარიტად შემიძლია ვთქვა, რომ იმ გუნდის ტაკორადში გალობა ბზობის კვირას „გამოსყიდვის სიყვარულის სიმღერა“ იყო.
თავისი მიწიერი მსახურების ბოლო საბედისწერო კვირას იესო ქრისტემ მოგვცა იგავი ათი ქალწულის შესახებ.27 ის ასწავლიდა თავისი დაბრუნების შესახებ მათ, ვინც მზად იყო მის მისაღებად, არა პალმების რტოებით ხელში, არამედ მათში არსებული სახარების სინათლით. მან გამოიყენა ანთებული ლამპების სიმბოლო, საკმარისი ზეთის მარაგით, როგორც მის კვალზე სიარულის, მისი ჭეშმარიტების მიღების და სინათლის გაზიარების ალეგორია.
თქვენ იცით ეს ამბავი. ათი ქალწული წარმოადგენს ეკლესიის წევრებს, ნეფე კი იესო ქრისტეს.
შემდეგ ათი ქალწული იღებს ლამპას და ისინი „გამოვიდნენ ნეფის შესახვედრად“.28 ხუთი იყო გონიერი, მათ აავსეს ლამპები ზეთით და კიდევაც დაიმარაგეს, ხუთმა უგუნურმა კი არ იზრუნა ზეთზე. როცა გაისმა ძახილი: „აჰა, ნეფე მოდის, გამოდით შესაგებებლად“29 ხუთი, რომლებიც იყვნენ „ბრძენნი და მიიღეს ჭეშმარიტება, სულიწმინდა მიიღეს თავიანთ მეგზურად“30 და მზად იყვნენ, ეხილათ „მეფე და კანონმდებელი“31 რათა „მათზე [იყოს] მისი სიდიადე“.32 სხვა ხუთი ეძებდა ზეთს. მაგრამ ძალიან გვიანი იყო. პროცესია მათ გარეშე გაგრძელდა. როცა მათ კარზე დააკაკუნეს და შესვლას ევედრებოდნენ, უფალმა უპასუხა: „არ გიცნობთ“.33
როგორ ვიგრძნობდით თავს, მას რომ ეთქვა ჩვენთვის: „არ გიცნობთ“!
ჩვენც, ათი ქალწულის მსგავსად, ლამპები გვაქვს; მაგრამ გვაქვს ზეთი? ვშიშობ, არიან ისეთნი, რომლებიც ცოტაოდენი ზეთით ცხოვრობენ და იმდენად დაკავებულები არიან მიწიერი სიამოვნებით, რომ სათანადოდ არ ემზადებიან. ზეთი მოდის, როცა გვწამს წინასწარმეტყველება და ცოცხალი წინასწარმეტყველების სიტყვები და ვმოქმედებთ ამ სიტყვების მიხედვით, განსაკუთრებით პრეზიდენტი ნელსონის, მისი მრჩევლებისა და თორმეტი მოციქულის სიტყვების რწმენითა და მოქმედებით. ზეთი ავსებს ჩვენს სულებს, როცა ვუსმენთ და ვგრძნობთ სულიწმინდას და ვმოქმედებთ მისი ღვთიური მითითებით. ზეთი ჩაედინება ჩვენს გულებში, როცა ჩვენი არჩევნით ვამჟღავნებთ სიყვარულს უფლისადმი და გვიყვარს ის, რაც მას უყვარს. ზეთი მოდის, როცა ვინანიებთ და ვეძიებთ იესო ქრისტეს გამოსყიდვის განკურნებას.
თუ ცდილობთ, შეადგინოთ აუცილებელი საქმეების სია, აი ერთ-ერთი მათგანი: აივსეთ ჭურჭელი ზეთით, იესო ქრისტეს ცოცხალი წყლის ფორმით,34 რაც არის მისი ცხოვრება და სწავლება. ამის საპირისპიროდ, შორეული ადგილის მონახულება ან შთამბეჭდავი ღონისძიების დასწრება ვერასოდეს ვერ მიანიჭებს თქვენს სულს მთლიანობის ან კმაყოფილების გრძნობას; იესო ქრისტეს მიერ ნაქადაგები მოძღვრება კი - პირიქით. მე უკვე აღვნიშნე ეს მაგალითები: მიიღეთ წინასწარმეტყველება ან წინასწარმეტყველური სწავლება, იმოქმედეთ სულიწმინდის კარნახით, გახდით ჭეშმარიტი მოწაფე და ეძიეთ ჩვენი უფლის გამომსყიდველი ძალა. ეს აუცილებელი საქმეების სია მიგიყვანთ იქ, სადაც თქვენ გსურთ ყოფნა - მამაზეციერთან.
ის ბზობის კვირა ტაკორადში ძალიან განსაკუთრებული გამოცდილება იყო ჩემთვის, რადგან მე გავუზიარე იგი ერთგული დებისა და ძმების თემს. და ასე იყო ყველა კონტინენტზე და კუნძულზე მთელ მსოფლიოში. მე გულითა და სულით, ისევე როგორც თქვენ, მსურს ვიყვირო: „ოსანა უზენაეს ღმერთს“.35
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ დღეს არ ვდგავართ იერუსალიმის კარიბჭესთან პალმის რტოებით ხელში, დადგება დრო, როცა, როგორც გამოცხადებაშია ნაწინასწარმეტყველები, „აჰა, უამრავი ხალხი, რომლის დათვლა არავის შეეძლო, ყოველი ერიდან და ტომიდან, ხალხებიდან და ენებიდან [დადგებიან] ტახტის წინაშე და კრავის წინაშე თეთრი სამოსელით შემოსილნი, პალმის რტოებით ხელში“.36
მე, როგორც იესო ქრისტეს მოციქული, გაკურთხებთ, ბეჯითად ცდილობდეთ სამართლიან ცხოვრებას და იყოთ მათ შორის, რომლებიც პალმის რტოებით ხელში მიესალმებიან ღვთის ძეს, ჩვენს დიად გამომსყიდველს. იესო ქრისტეს სახელით, ამინ.