გენერალური კონფერენცია
„შენ ჩემში დარჩები, მე კი – შენში; ამიტომ, იარე ჩემთან“.
2023 წ. აპრილის გენერალური კონფერენცია


„შენ ჩემში დარჩები, მე კი – შენში; ამიტომ, იარე ჩემთან“.

მხსნელის დაპირება, რომ ჩვენში დარჩება - ჭეშმარიტია და ხელმისაწვდომი მისი აღდგენილი ეკლესიის ყოველი წევრისთვის, რომელიც აღთქმას იცავს.

ძველი დროის წინასწარმეტყველმა, ენოქმა, როგორც ეს ახსნილია ძველ აღთქმაში, მოძღვრება და აღთქმებში და ძვირფას მარგალიტში,1 მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ქალაქ სიონის დაარსებაში.

წმინდა წერილში აღწერილია ენოქის მოწოდება მსახურებაზე: „და მოესმა მას ხმა ზეციდან: ენოქ, ჩემო შვილო, უწინასწარმეტყველე ამ ხალხს და უთხარი მათ – მოინანიონ, ვინაიდან… გაუქვავდათ გული და ყურით მძიმედ ესმით და თვალებით შორს ვერ იხედებიან“.2

„და როდესაც ენოქმა მოისმინა ეს სიტყვები … მიწაზე მუხლი მოიყარა და უფლის წინაშე წარმოთქვა: რატომ მოვიპოვე კეთილგანწყობა შენს თვალში, მე უბრალოდ ბიჭი ვარ და ყველა ადამიანს ვძულვარ; ვინაიდან არ მეხერხება ლაპარაკი; მაშ რატომ ვარ შენი მსახური“?3

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ენოქის მსახურებაზე მოწოდების დროს მან კარგად გააცნობიერა თავისი პირადი შეუსაბამობა და შეზღუდვები. ვფიქრობ, ყოველ ჩვენგანს გარკვეულ პერიოდებში ეკლესიაში მსახურებისას თავი ენოქის მსგავსად უგრძვნია. მაგრამ მჯერა, რომ უფლის პასუხი ენოქის ვედრებაზე ჭკუის სასწავლებელია და დღეს ყოველ ჩვენგანს ეხება.

„და უფალმა უთხრა ენოქს: წადი და გააკეთე, როგორც გიბრძანე და ვერავინ ვერ განგგმირავს. გახსენი ბაგე და აღივსება ის და გიბოძებ მეტყველების უნარს. …

აჰა, ჩემი სულია შენზედ, ამიტომ გავამართლებ ყოველ შენს სიტყვას და მთები დაიქცევა შენ წინაშე და მდინარეები გადაუხვევს თავიანთი კალაპოტიდან; შენ ჩემში დარჩები, მე კი – შენში; ამიტომ, იარე ჩემთან.4

ენოქი საბოლოო ჯამში ძლიერი წინასწარმეტყველი გახდა, იგი დიადი საქმის შესასრულებლად ღვთის ხელში იარაღად იქცა, მაგრამ მას მსახურება ამგვარად ხომ არ დაუწყია? უფრო მეტიც, მისი შესაძლებლობები დროთა განმავლობაში გაიზარდა, როდესაც მან ისწავლა ღვთის ძეში დარჩენა და მასთან სიარული.

მე გულმოდგინედ ვლოცულობ სულიწმინდის დახმარებისთვის, როდესაც ერთად განვიხილავთ უფლის მიერ ენოქისთვის მიცემულ რჩევას და იმას, რას შეიძლება ნიშნავდეს ის დღეს თქვენთვის და ჩემთვის.

შენ ჩემში დარჩები

უფალი იესო ქრისტე ყოველ ჩვენგანს იწვევს, დავრჩეთ მასში.5 მაგრამ სინამდვილეში როგორ ვსწავლობთ და როგორ ვახერხებთ მასში დარჩენას?

სიტყვა დარჩენა ნიშნავს იყო ფიქსირებულ ან სტაბილურ მდგომარეობაში, მოითმინო და არ დათმო. უხუცესმა ჯეფრი რ. ჰოლანდმა აგვიხსნა, რომ „დარჩენა“ არის მოქმედება, რომელიც ნიშნავს „ყოფნას, მაგრამ მარადიულყოფნას“. და ეს არის სახარების გზავნილის მოწოდება ყველას ამ სამყაროში. მოდი, მაგრამ ისე, რომ არ წახვიდე. მოდი დაჯერებულად და გამძლეობით. მოდი სამუდამოდ, შენი და ყველა თაობის გულისთვის, რომელმაც შენს კვალზე უდნა იაროს“.6 ასე რომ, ჩვენ ვრჩებით ეკლესიაში, თუ ვართ მტკიცენი და ურყევნი ჩვენს ერთგულებაში გამომსყიდველისა და მისი წმინდა მიზნებისადმი, კარგ თუ ცუდ დროში.7

ჩვენ ვიწყებთ უფალში დარჩენას, როცა ვაკეთებთ მორალურ არჩევანს - ავიღოთ უფლის უღელი8 აღდგენილი სახარების აღთქმებისა და წეს-ჩვეულებების მეშვეობით. აღთქმის კავშირი, რომელიც არსებობს ჩვენს მამაზეციერსა და მის აღმდგარ ცოცხალ ძეს შორის, არის პერსპექტივის, იმედის, სიმშვიდისა და ხანგრძლივი სიხარულის ღვთიური წყარო; ის ასევე არის კლდის მყარი საფუძველი,9 რომელზეც უნდა ავაშენოთ ჩვენი ცხოვრება.

ჩვენ ვრჩებით მასში, როცა განუწყვეტლივ ვცდილობთ გავაძლიეროთ ჩვენი ინდივიდუალური აღთქმის კავშირი მამასთან და ძესთან. მაგალითად, გულწრფელი ლოცვა მარადიული მამისადმი მისი საყვარელი ძის სახელით აღრმავებს და აძლიერებს ჩვენს აღთქმის კავშირს მათთან.

ჩვენ ვრჩებით მასში, როცა ჭეშმარიტად ვნადიმობთ ქრისტეს სიტყვებით. მხსნელის დოქტრინა გვაახლოებს ჩვენ, როგორც აღთქმის შვილებს, უფალთან10 და გვიამბობს ყველაფერს, რაც უნდა გავაკეთოთ.11

ჩვენ ვრჩებით მასში, როცა გულწრფელად ვემზადებით ზიარების წეს-ჩვეულებაში მონაწილეობის მისაღებად, როცა ვანახლებთ ჩვენი აღთქმის დაპირებებს, ვფიქრდებით მათზე და გულწრფელად ვინანიებთ. ზიარების ღირსეული მიღება ღმერთისთვის არის მოწმობა იმისა, რომ ჩვენ მზად ვართ, ავიღოთ საკუთარ თავზე იესო ქრისტეს სახელი და ვეცადოთ, „ყოველთვის გვახსოვდეს იგი“12 იმ მოკლე დროის მონაკვეთის შემდეგ, რომელიც საჭიროა იმ წმინდა წეს-ჩვეულებაში მონაწილეობის მისაღებად.

ჩვენ ვრჩებით მასში, როცა ვემსახურებით ღმერთს და ამას ვახდენთ მისი შვილების მსახურებით ანუ მზრუნველობას ვუწევთ ჩვენს დებსა და ძმებს.13

მხსნელმა თქვა: „თუ ჩემს მცნებებს დაიცავთ, ჩემს სიყვარულში დარჩებით; როგორც მე დავიცავი ჩემი მამის მცნებები და ვრჩები მის სიყვარულში“.14

მე მოკლედ განვიხილე რამდენიმე იმ მრავალი ხერხიდან, რაც მაცხოვარში დარჩენის საშუალებას გვაძლევს. ახლა ვიწვევ თითოეულ ჩვენგანს, როგორც მის მოწაფეს, ვთხოვოთ, ვეძიოთ, დავაკაკუნოთ და ვისწავლოთ სულიწმიდის ძალით სხვა მნიშვნელოვანი გზები, რომლებითაც შეგვიძლია ვაქციოთ ქრისტე ჩვენი ცხოვრების ცენტრად ყველაფერში, რასაც ვაკეთებთ.

მე კი - შენში

მხსნელის დაპირება თავის მიმდევრებს ორმაგია: თუ ჩვენ დავრჩებით მასში, ის დარჩება ჩვენში. მაგრამ მართლა შესაძლებელია ქრისტესთვის თქვენში და ჩემში ყოფნა - ინდივიდუალურად და პერსონალურად? ამ კითხვაზე პასუხი არის მტკიცე „კი“!

მორმონის წიგნში ჩვენ ვკითხულობთ ალმას შესახებ, როცა ის ასწავლის და მოწმობს ღარიბთათვის, რომელნიც ტანჯვამ აიძულა, მორჩილები გამხდარიყვნენ. თავის მითითებაში მან შეადარა სიტყვა თესლს, რომელიც უნდა დაითესოს და უნდა კვებო და აღწერა “სიტყვა“ როგორც სიცოცხლე, მისია და იესო ქრისტეს გამომსყიდველი მხსვერპლი.

ალმამ თქვა: „იწამეთ ძე ღვთისა, რომ ის მოვა საკუთარი ხალხის გამოსასყიდად, რომ დაიტანჯება და მოკვდება, რათა გამოისყიდოს მათი ცოდვები; და რომ კვლავ აღდგება მკვდრეთით, რაც მოიტანს აღდგომას და ასე ყოველი ადამიანი წარსდგება მის წინაშე, რომ განიკითხოს უკანასკნელ, განკითხვის დღეს, თავისი საქმეების შესაბამისად“.15

ალმას მიერ „სიტყვის“ აღწერის გათვალისწინებით გთხოვთ, გაითვალისწინოთ ის შთამაგონებელი კავშირი, რომელიც მან შემდეგ დაადგინა.

„და ახლა … მე მსურს, რომ დათესოთ ეს სიტყვა თქვენს გულებშიდა როდესაც ის დაიწყებს ზრდას, გაანოყიერეთ იგი თქვენი რწმენით. და აჰა, ის გადაიქცევა ხედ, გადაიზრდება თქვენში მარადიულ სიცოცხლედ. და შემდეგ, დაე, ღმერთმა გიბოძოთ, რომ თქვენი ტვირთი შემსუბუქდეს მის ძეში სიხარულით. და თქვენ შეძლებთ ყველაფერ ამას, შეძლებთ, თუ მოისურვებთ“.16

თესლი, რომლის დათესვასაც უნდა ვცდილობდეთ ჩვენს გულებში, არის სიტყვა - იესო ქრისტეს ცხოვრება, მისია და მოძღვრება. და რადგან სიტყვა ნოყიერდება რწმენით, ის შეიძლება გახდეს ხე, რომელიც გარდაიქმნება ჩვენში მარადიულ სიცოცხლედ.17

რისი სიმბოლო იყო ხე ლეხის ხილვაში? ხე შეიძლება განიხილოს როგორც იესო ქრისტე.18

ჩემო საყვარელო დებო და ძმებო, ჩვენშია ეს სიტყვა? დაწერილია მხსნელის სახარების ჭეშმარიტება ჩვენი გულის ფიცარზე?19 ვუახლოვდებით და თანდათან ვემსგავსებით უფალს? იზრდება ჩვენში ქრისტეს ხე? ვცდილობთ, გავხდეთ „ახალი [არსება]“20 მასში?21

შესაძლოა, ამ საოცარმა პოტენციალმა შთააგონა ალმა, ეკითხა: „ხართ სულიერად ღვთისგან შობილნი? მიიღეთ მისი ხატება თქვენს სახეზე? განიცადეთ ეს ძლიერი ცვლილება თქვენს გულში?22

ჩვენ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს უფლის დარიგება ენოქს: „შენ ჩემში დარჩები, მე კი - შენში“.23 და მე ვმოწმობ, რომ მხსნელის დაპირება, რომ ჩვენში დარჩება - ჭეშმარიტია და ხელმისაწვდომი მისი აღდგენილი ეკლესიის ყოველი წევრისთვის, რომელიც აღთქმას იცავს.

ამიტომ, იარეთ ჩემთან

პავლე მოციქული მოუწოდებდა მორწმუნეებს, რომლებმაც მიიღეს უფალი: „იარეთ მასში“.24

მხსნელთან და მხსნელში სიარული ხაზს უსვამს მოწაფეობის ორ მნიშვნელოვან ასპექტს: (1) ღვთის მცნებების დაცვას და (2) მამასა და ძესთან დამაკავშირებელი წმინდა დაპირებების არდავიწყებასა და პატივისცემას.

იოანე მოციქულმა განაცხადა:

„იმით გავიგებთ, რომ შევიცანით იგი, თუ დავიცავთ მის მცნებებს.

„ვინც ამბობს: შევიცანიო იგი და მის მცნებებს არ იცავს, ცრუა და არ არის მასში ჭეშმარიტება.

„ხოლო ვინც იცავს მის სიტყვას, მასშია ჭეშმარიტად აღსრულებული ღვთის სიყვარული. ამით ვუწყით, რომ მასშივართ.

„ვინც ამბობს, რომ მასში რჩება ისევე უნდა მოიქცეს, როგორც ის იქცეოდა“.25

იესო ეძახის ყოველ ჩვენგანს: „მოდი და გამომყევი“26 და „იარე ჩემთან“.27

მე ვმოწმობ, რომ თუ ჩვენ მივისწრაფვით რწმენაში და დავდივართ უფლის სულის მორჩილებით,28 ჩვენ დალოცვილნი ვიქნებით ძალით, მითითებებით, მფარველობითა და სიმშვიდით.

დამოწმება და დაპირება

ალმა აღწერს უფლის სიყვარულით სავსე ვედრებას ყველა ცოცხალი სულის მიმართ.

„აჰა, ის იწვევს ყოველადამიანს, რადგან მოწყალე ხელები გაწვდილია მათკენ და ეუბნება: მოინანიეთ და მიგიღებთ.

„ … მოდით ჩემთან და იგემებთ სიცოცხლის ხის ნაყოფს, დიახ, თქვენ შეჭამთ და შესვამთ სიცოცხლის პურსა და წყალს თავისუფლად“.29

მე ხაზს ვუსვამ მაცხოვრის ვედრების აბსოლუტურ ყოვლისმომცველობას. მას ძლიერ სურს, აკურთხოს თავისი მადლითა და წყალობით თითოეული ადამიანი, ვინც ახლა ცხოვრობს, ოდესმე უცხოვრია ან იცხოვრებს დედამიწაზე.

ეკლესიის ზოგიერთი წევრი ჭეშმარიტად აღიარებს დოქტრინას, პრინციპებს და ჩვენებებს, რომლებიც არაერთხელ გამოცხადდა ამ კათედრიდან საკონფერენციო ცენტრში და ადგილობრივ მრევლში მთელ მსოფლიოში, თუმცა მაინც უჭირთ დაიჯერონ, რომ ეს მარადიული ჭეშმარიტება ეხება კონკრეტულად მათ ცხოვრებასა და ვითარებას. მათ გულწრფელად სწამთ და კეთილსინდისიერად მსახურობენ, მაგრამ მათი აღთქმის კავშირი მამასთან და მის გამომსყიდველ ძესთან ჯერ კიდევ არ გახდა ცოცხალი და გარდამტეხი რეალობა მათ ცხოვრებაში.

მე გპირდებით, რომ სულიწმიდის ძალით თქვენ შეგიძლიათ შეიცნოთ და იგრძნოთ სახარების ჭეშმარიტება, რომელიც ვეცადე, ამეღწერა თქვენთვის - ინდივიდუალურად და პერსონალურად.

მე ვმოწმობ, რომ იესო ქრისტე არის ჩვენი მოსიყვარულე ცოცხალი მხსნელი და გამომსყიდველი. თუ ჩვენ მასში დავრჩებით, ის დარჩება ჩვენში.30 და მასთან სიარულით ჩვენ მივიღებთ დალოცვას - მოვავლენთ მრავალ ნაყოფს. მე ამას ვმოწმობ უფალ იესო ქრისტეს წმინდა სახელით, ამინ.

შენიშვნები

  1. იხ. დაბადება 5:18-24; მოძღვრება და აღთქმები 107:48-57; მოსე 6:-7.

  2. მოსე 6:27.

  3. მოსე 6:31.

  4. მათე 6:32,34.

  5. იხ. იოანე 15:4-9.

  6. Jeffrey R. Holland, “Abide in Me,” Liahona, May 2004, 32.

  7. იხილეთ იოანე 15:10.

  8. იხილეთ მათე 11:29-30.

  9. იხ. ჰელამანი 5:12.

  10. იხ. 3 ნეფი 27:14-15.

  11. იხ. 2 ნეფი 32:3.

  12. მორონი 4:3; მორონი 5:2.

  13. იხ. მოსია 2:17.

  14. იოანე 15:10.

  15. ალმა 33:22.

  16. ალმა 33:23.

  17. იხ. ალმა 26:13.

  18. ეს პრინციპი ავხსენი სულიერების საათზე 2017 წ.

    „ალმამ ‘დაიწყ[ო] ხალხისათვის ღმერთის სიტყვის ქადაგება შედიოდნენ მათ სინაგოგებში და სახლებში; დიახ, მათ ქუჩებშიც კი ქადაგებდნენ სიტყვას “ [ალმა 32:1] მან ასევე შეადარა ღვთის სიტყვა თესლს.

    „ახლა, თუ თქვენ ადგილს გამოყოფთ იმისთვის, რომ თესლი დაითესოს თქვენს გულში, აჰა, თუ ეს იქნება ჭეშმარიტი თესლი ანუ კარგი თესლი, თუ არ გააძევებთ მას თქვენი ურწმუნოებით, უფლის სულისადმი წინააღმდეგობით, აჰა, იგი თქვენს მკერდში დაიწყებს გაფუებას; და როდესაც იგრძნობთ ამ ზრდას, თქვენ ეტყვით საკუთარ თავს: ეს ალბათ არის კარგი თესლი ანუ ეს კარგი სიტყვაა , რადგან აფართოებს ჩემს სულს, დიახ, ის ანათლებს ჩემს გაგებას, დიახ, ის საამო ხდება ჩემთვის (ალმა 32:28).

    საინტერესოა, რომ კარგი თესლი გადაიქცევა ხედ, როცა ის გულში დაითესება და დაიწყებს გაფუებას, გაღვივებასა და ზრდას.

    „და აჰა, როდესაც ხე დაიწყებს ზრდას, თქვენ იტყვით: მოდით გამოვკვებოთ ის დიდი ზრუნვით, რათა ფესვი გაიდგას, გაიზარდოს და მოისხას ნაყოფი ჩვენთვის. და ახლა, აჰა, თუ თქვენ კვებავთ მას დიდი ზრუნვით, იგი ფესვს გაიდგავს, გაიზრდება და ნაყოფს მოისხამს.

    მაგრამ, თუ თქვენ უგულებელყოფთ ხეს და არ იფიქრებთ იმაზე, თუ როგორ კვებოთ იგი, აჰა, ის ვერ გაიდგამს ფესვს; და როდესაც მზის მხურვალება მოადგება და გატრუსავს მას, რადგან ფესვები არ ექნება, იგი გახმება და თქვენ მას ამოაძრობთ და გადააგდებთ.

    „ახლა, ეს არა იმიტომ, რომ თესლი არ იყო კარგი, არც იმიტომ, რომ მისი ნაყოფი არ იყო სასურველი; არამედ იმიტომ, რომ თქვენი ნიადაგი არის უნაყოფო და არ გსურთ გაანოყიეროთ ეს ხე, ამიტომ თქვენ არ გექნებათ მისი ნაყოფი.

    „და ამგვარად, თუ თქვენ არ გამოკვებავთსიტყვას რწმენით, მომავალში მისი ნაყოფის ხედვით, თქვენ ვერასდროს მოწყვიტავთ სიცოცხლის ხის ნაყოფს.

    „მაგრამ, თუ თქვენ გამოკვებავთსიტყვას, დიახ, გამოკვებავთ ხეს, როდესაც ის ზრდას დაიწყებს, თქვენი რწმენით, დიდი სიბეჯითით და მოთმინებით, ნაყოფისმოლოდინით, იგი გაიდგამს ფესვს; და აჰა, ეს იქნება ხე, რომელიც გადაიზრდება მარადიულ სიცოცხლეში“ [ალმა 32:37–41]. 

    „ლეხის სიზმარში ცენტრალური ადგილი უკავია სიცოცხლის ხეს, რაც წარმოადგენს “ღვთის სიყვარულს“ [1 ნეფი 11:21–22].

    „რადგან იქამდე შეიყვარა ღმერთმა სოფელი, რომ მისცა თავისი ერთადერთი ძე, რათა არავინ, ვინც მას ირწმუნებს, არ დაიღუპოს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე“ [იოანე 3:16].

    „უფალ იესო ქრისტეს დაბადება, ცხოვრება და გამომსყიდველი მსხვერპლი არის ღვთს სიყვარულის უდიდესი გამოვლენა თავისი შვილების მიმართ. როგორც ნეფიმ დაამოწმა, ეს სიყვარული იყო „ყველაზე სანატრელი რამ და ის, რაც სულს ახარებს ყველაზე მეტად“ [1 ნეფი 11:22–23; 1 ნეფი 8:12, 15]. ნეფი თავი 11 დეტალურად გვიხსნის სიცოცხლის ხეს, როგორც სიცოცხლის, მსახურებისა და მხსნელის მსხვერპლს - „ღვთის შემწყნარებლობას“ [1 ნეფი 11:16]. ხე შეიძლება განიხილოს როგორც ქრისტე.

    „ხის ნაყოფი შეიძლება განიხილოს როგორც მხსნელის გამოსყიდვის კურთხევების სიმბოლო. ნაყოფი აღწერილია როგორც „სანატრელი, ადამიანის ბედნიერებისთვის“ [1 ნეფი 8:10] და დიდი სიხარულის მომტანი, ასევე სხვებთან გაზიარების სურვილის აღმძვრელი.

    „მნიშვნელოვანია, რომ მორმონის წიგნის ძირითადი თემა, რომელიც ყველას მოუწოდებს, მოვიდნენ ქრისტესთან [იხ. მორონი 10:32] უმთავრესია ლეხის ხილვაში [იხ. 1 ნეფი 8:19]“. (“The Power of His Word Which Is in Us” [address given at seminar for new mission leaders, June 27, 2017], 4–5).

  19. იხ. 2 კორინთელთა 3:3.

  20. 2 კორინთელთა 5:17.

  21. ალმას ანალოგია გვასწავლის, რომ რწმენის სურვილი თესავს თესლს ჩვენს გულებში, რწმენით თესლის გამოკვება ზრდის სიცოცხლის ხეს და ხის კვება იძლევა ხის ნაყოფს, რომელიც არის „უტკბესი ტკბილთა შორის“ (ალმა 32:42) და არის ღვთის უდიდესი ძღვენი. (1 ნეფი 15:36).

  22. ალმა 5:14

  23. მოსე 6:34;

  24. კოლოსელთა 2:6.

  25. 1 ნეფი 2:3-6;

  26. ლუკა 18:22.

  27. მოსე 6:34.

  28. იხ. მოძღვრება და აღთქმები 19:23.

  29. მათე 5:33-34.

  30. იხ. იოანე 15:5.

ამობეჭდვა