გენერალური კონფერენცია
არასრულყოფილი მოსავალი
2023 წ. აპრილის გენერალური კონფერენცია


არასრულყოფილი მოსავალი

მხსნელი მზად არის, მიიღოს ჩვენი თავმდაბალი შეთავაზებები და დაასრულოს ისინი თავისი მადლით. ქრისტესთან ერთად არასრულყოფილი მოსავალი გამორიცხულია.

მე ბავშვობიდან შევიყვარე დრამატული სეზონური ცვლილებები სამხრეთ-დასავლეთ მონტანაში, სადაც გავიზარდე. ჩემი საყვარელი სეზონი შემოდგომა იყო - მოსავლის აღების დრო. ჩვენი ოჯახი ლოცულობდა და იმედოვნებდა, რომ თვეების განმავლობაში მძიმე შრომა უხვი მოსავლით აგვინაზღაურდებოდა. ჩემი მშობლები ნერვიულობდნენ ამინდის, პირუტყვისა და ნარგავების ჯანმრთელობაზე და უამრავ სხვა რამეზე, რისი კონტროლიც მათ დიდად არ შეეძლოთ.

რაც უფრო მემატებოდა წლები, მით უფრო მეტად მესმოდა სასწრაფო რეაგირების როლი. ჩვენი არსებობა მოსავალზე იყო დამოკიდებული. მამამ გამაცნო აღჭურვილობა, რომელსაც მარცვლეულის ასაღებად ვიყენებდით. ვუყურებდი, როგორ გაჰყავდა ტექნიკა მინდორში, როგორ ჭრიდა მარცვლეულის მცირე ზოლს და უკან იყურებოდა, რათა დარწმუნებულიყო, რომ რაც შეიძლება მეტი მარცვალი ჩაცვივდებოდა კომბაინის უკან მიმაგრებულ ავზში და ჩალასთან ერთად არ გადაყრილიყო. ის ამ მოქმედებას რამდენჯერმე იმეორებდა და ყოველ ჯერზე არეგულირებდა კომბაინის მექანიზმს. მე მამაჩემის გვერდით მივრბოდი, მასთან ერთად ჩალაში ვყოფდი ხელს, თითქოს რამე გამეგებოდა.

მას შემდეგ, რაც მამამ მექანიზმი დაარეგულირა ისე, რომ კმაყოფილი დარჩა, მე მიწაზე დაყრილი ჩალიდან რამდენიმე მარცვალი ავიღე და კრიტიკით სავსე მზერით შევხედე. არასოდეს დამავიწყდება, რაც მამამ მითხრა: „საკმაოდ კარგია, თანაც ამაზე მეტი კომბაინს არ შეუძლია“. მისმა ახსნამ დიდად არ დამაკმაყოფილა და დავიწყე ამ მოსავლის არასრულყოფილებაზე ფიქრი.

ცოტა ხნის შემდეგ, როცა საღამოობით უკვე ციოდა, მე ათასობით გადამფრენ გედს, იხვსა და ბატს ვუყურებდი. ისინი გზად სამხრეთისკენ გრძელი მოგზაურობისას ჩვენს მინდვრებზე იკვებებოდნენ. ფრინველები ჩვენი არასრულყოფილი მოსავლის აღების შედეგად დარჩენილი მარცვლეულით იკვებებოდნენ. ღმერთმა სრულყო ჩვენი მოსავალი. და არცერთი მარცვალი არ დაკარგულა.

სამყაროში და ეკლესიის კულტურაშიც კი ხშირად ჩნდება სრულყოფილებით შეპყრობის ცდუნება. სოც.ქსელები, არარეალური მოლოდინები და ხშირად ჩვენი თვითკრიტიკა ქმნის არაადეკვატურობის გრძნობას, რომ ჩვენ არ ვართ საკმარისად კარგები და არც არასოდეს ვიქნებით. ზოგს მხსნელის მოპატიჟებაც კი - „იყავით სრულყოფილნი“ - არასწორად ესმის.1

გახსოვდეთ, რომ პერფექციონიზმი და ქრისტეში სრულყოფილება ერთი და იგივე არ არის.2 პერფექციონიზმი მოითხოვს შეუძლებელ, თავზე მოხვეულ სტანდარტს, რომელიც სხვებს გვადარებს. ეს გვიჩენს დანაშაულის გრძნობას, შფოთვას და შეიძლება გამოიწვიოს ჩაკეტულობისა და იზოლირების შეგრძნება.

ქრისტეში სრულყოფილება სულ სხვა რამ არის. ეს არის მხსნელის დამსგავსების პროცესი, რომელსაც სულიწმინდა სიყვარულით წინ უძღვება. სტანდარტებს აწესებს კეთილი, ყოვლისმცოდნე მამაზეციერი და ისინი ნათლად განმარტებულია იმ აღთქმებში, რომლების მიღებასაც გვთავაზობენ. იგი გვათავისუფლებს დანაშაულისა და არაადეკვატურობის ტვირთისგან და ყოველთვის ხაზს უსვამს იმას, თუ რანი ვართ ღმერთის თვალში. მიუხედავად იმისა, რომ ეს პროცესი გვამაღლებს და უკეთესობისკენ გვიბიძგებს, ჩვენ გვაფასებენ ღმერთისადმი პირადი ერთგულებით, რასაც ვავლენთ ძალისხმევაში, რწმენით ვიაროთ მის კვალზე. როცა მივიღებთ მხსნელის მოწვევას - მივიდეთ მასთან, ჩვენ მალევე ვხვდებით, რომ ჩვენი საუკეთესო ძალისხმევაც კი საკმარისია, მოსიყვარულე მხსნელის მადლი კი ჩვენთვის წარმოუდგენელი ხერხით ამ განსხვავებას წაშლის.

ჩვენ ამ პრინციპს მოქმედებაში ვხედავთ - მხსნელის მიერ ხუთი ათასის დანაყრების მაგალითზე.

„იესომ გაიხედა და დაინახა, რომ უამრავი ხალხი მოდიოდა მისკენ და ეუბნება ფილიპეს: „სად ვიყიდოთ პური, ამათ რომ ვაჭამოთ?“

„მიუგო მას ფილიპემ: „ორასი დინარის პურიც არ ეყოფათ, რომ თითოეულ მათგანს ცოტაოდენი მაინც ერგოს.“

ეუბნება მას ერთი მისი მოწაფეთაგანი, ანდრია, სიმონ-პეტრეს ძმა:

აქ არის ერთი ბიჭი, რომელსაც ხუთი ქერის პური და ორი თევზი აქვს, მაგრამ ამდენ ხალხს ეს რას ეყოფა“?3

ოდესმე თუ გიფიქრიათ, რა უნდა ეგრძნო მაცხოვარს ამ ახალგაზრდა ბიჭის მიმართ? მან ბავშვის რწმენით შესთავაზა ის, რაც დავალების შესასრულებლად შეუძლებელი იყო.

აიღო პურები იესომ, მადლი შესწირა და ჩამოურიგა მოწაფეებს, მოწაფეებმა კი - იქ მსხდომთ, ასევე თევზიც, ვისაც რამდენი უნდოდა.

როცა დანაყრდნენ, უთხრა თავის მოწაფეებს: მოაგროვეთ ნამუსრევი, რომ არაფერი არ დაიკარგოს.“4

მხსნელმა სრულყო მწირი შესაწირი.

მალევე ამის შემდეგ იესომ ნავში გააგზავნა თავისი მოწაფეები. ღამით ისინი აბობოქრებულ ზღვაში აღმოჩდნენ. ისინი შეშინდნენ, როცა წყალზე მომავალი აჩრდილი იხილეს, რომელიც მათკენ მიემართებოდა.

„მაგრამ იესო მყისვე გამოელაპარაკა მათ და უთხრა: „გამხნევდით, მე ვარ, ნუ გეშინიათ!“

„მიუგო მას პეტრემ და უთხრა: „უფალო, თუ ეს შენა ხარ, მიბრძანე, მოვიდე შენთან წყალდაწყალ.

უთხრა: „მოდი!“ პეტრე გადმოვიდა ნავიდან და წყალდაწყალ წავიდა, რათა იესოსთან მისულიყო.

„მაგრამ, ქარი რომ დაინახა, შეეშინდა, ჩაძირვა დაიწყო და იყვირა: „უფალო, მიხსენი მე!“

„იესომ იმ წამსვე გაუწოდა ხელი, ამოიყვანა და უთხრა: „რატომ დაეჭვდი, მცირედმორწმუნევ?“5

დებო და ძმებო, ვფიქრობ, საუბარი ამით არ დამთავრდა. მწამს, რომ პეტრე და მხსნელი ნავისკენ გვერდიგვერდ ბრუნდებოდნენ და პეტრე, სულ სველი, ალბათ ბრიყვად გრძნობდა თავს, მხსნელი კი სავარაუდოდ რამე ამდაგვარს ეუბნებოდა: „ნუ გეშინია, პეტრე, არ იდარდო. შენ რომ საკუთარ თავს ჩემი თვალით უყურებდე, შენი ეჭვი გაიფანტებოდა და რწმენა მოგემატებოდა. მიყვარხარ, პეტრე, შენ ხომ ნავიდან გადმოხვედი. შენი შესაწირი მისაღებია და, მიუხედავად იმისა, რომ შეძრწუნდი, მე მუდამ მზად ვარ, სიღრმიდან ამოგიყვანო და შენი შესაწირი სრულყოფილი გახდება“.

უხუცესი დიტერ ფ. უხტდორფი გვასწავლიდა:

„მე მწამს, მხსნელ იესო ქრისტეს სურს იხილოთ, იგრძნოთ და იცოდეთ, რომ იგი თქვენი ძალაა. რომ მისი დახმარებით არ არსებობს თქვენი მიღწევების არანარირი საზღვრები. რომ თქვენი პოტენციალი უსაზღვროა. მას სურს, რომ თქვენ საკუთარ თავს ისე ხედავდეთ, როგორც იგი გხედავთ. და ეს ძლიერ განსხვავდება იმისგან, თუ როგორ გიყურებთ სამყარო“. …

„აძლევს ძალას დაღლილს და უძლურს სიმტკიცეს უმატებს“.6

უნდა გვახსოვდეს, რომ რაც არ უნდა საუკეთესო, თუმცა არასრულყოფილი იყოს ჩვენი შეთავაზება, მაცხოვარს შეუძლია მისი სრულყოფა. რაც არ უნდა უმნიშვნელო ჩანდეს ჩვენი ძალისხმევა, არასოდეს არ უნდა დავაკნინოთ მაცხოვრის ძალა. უბრალო კეთილ სიტყვას, მოკლე, მაგრამ გულწრფელ მზრუნველობის ვიზიტს, დაწყებით საზოგადოებაში სიყვარულით ჩატარებულ გაკვეთილს შეუძლია, მხსნელის დახმარებით, მოგვიტანოს ნუგეში, მოგვილბოს გული და შეგვიცვალოს მარადიული სიცოცხლე. ჩვენი მოუხერხებელი ძალისხმევა შეიძლება სასწაულის საწინდარი გახდეს და ამ პროცესში ჩვენ შეგვიძლია, სრულყოფილი მოსავლის აღების მონაწილენი გავხდეთ.

ხშირად ისეთ სიტუაციაში აღმოვჩნდებით, სადაც ვიძაბებით. შეიძლება ვიგრძნოთ, რომ დავალებას ვერ ვუმკლავდებით. შეიძლება ვუყურებთ მათ, ვისთანაც ერთად ვმსახურობთ და ვგრძნობთ, რომ ვერასოდეს ვერ შევედრებით მათ. დებო და ძმებო, თუ ასეთი გრძნობები გაქვთ, შეხედეთ ჩემ უკან მჯდომ განსაკუთრებულ მამაკაცებსა და ქალებს, რომლებთანაც ერთად ვმსახურობ.

მე ვგრძნობ თქვენს ტკივილს.

თუმცა გავიაზრე, რომ პერფექციონიზმი და ქრისტეში სრულყოფილება ერთი და იგივე არ არის, შედარება და მიბაძვა ერთი და იგივე არ არის. როცა ჩვენ საკუთარ თავს სხვებს ვადარებთ, აქ მხოლოდ ორი შესაძლო შედეგია. ჩვენ ან საკუთარ თავს სხვებზე უკეთესად ვთვლით და ვიწყებთ მათ განსჯასა და კრიტიკას ან სხვებზე ნაკლებად მივიჩნევთ თავს და შევშფოთდებით, დავიწყებთ თვითკრიტიკას და იმედგაცრუება დაგვეუფლება. საკუთარი თავის სხვებთან შედარება იშვიათად არის ნაყოფიერი; ის არ აგვამაღლებს და ზოგჯერ გვთრგუნავს. ფაქტობრივად, ასეთი შედარება შეიძლება იყოს სულიერად დამღუპველი, რაც ხელს გვიშლის საჭირო სულიერი დახმარების მიღებაში. მეორე მხრივ, როცა ვბაძავთ მათ, ვისაც პატივს ვცემთ და ვინც ქრისტეს თვისებებს ავლენს, ჩვენ ამით ვსწავლობთ, ავმაღლდებით და ეს გვეხმარება გავხდეთ იესო ქრისტეს უკეთესი მოწაფეები.

მხსნელმა მოგვცა მისაბაძი მაგალითი, რადგან თავად მამას ბაძავდა. მან თავისი მოწაფე, ფილიპე, დამოძღვრა: „რა ხანია, თქვენთან ვარ და ვერ მიცნობ, ფილიპე? ვინც მე მიხილა, მან მამაც იხილა. როგორღა ამბობ, მამა გვაჩვენეო“?7

და შემდეგ იგი ასწავლიდა: „ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვისაც ჩემი სწამს, იმ საქმეებს, რასაც მე ვაკეთებ, თავადაც გააკეთებს, და მათზე დიდსაც გააკეთებს, რადგან მე მამასთან მივდივარ“.8

რაც არ უნდა უმნიშვნელო ჩანდეს ჩვენი ძალისხმევა, თუ ის გულწრფელია, მხსნელი გამოგვიყენებს თავისი საქმის შესასრულებლად. თუ მაქსიმალურს გავაკეთებთ და ვენდობით უფალს, რომ იგი განსხვავებას წაშლის, ჩვენ გავხდებით ჩვენ გარშემო არსებული სასწაულების ნაწილი.

უხუცესმა დეილ გ. რენლანდმა თქვა: „არ არის საჭირო, სრულყოფილნი იყოთ, მაგრამ გვჭირდებით, რადგან ყველას, ვისაც სურვილი აქვს, შეუძლია, რამე მოიმოქმედოს“.9

როგორც პრეზიდენტი რასელ მ. ნელსონი გვასწავლიდა, „უფალს უყვარს ძალისხმევა“.10

მხსნელი მზად არის, მიიღოს ჩვენი თავმდაბალი შეთავაზებები და დაასრულოს ისინი თავისი მადლით. ქრისტესთან ერთად არასრულყოფილი მოსავალი გამორიცხულია. ჩვენ უნდა ვიქონიოთ გამბედაობა დავიჯეროთ, რომ მისი მადლი ჩვენთვისაა, რომ ის დაგვეხმარება, დაგვიხსნის სიღრმიდან, როცა ფეხი აგვიცდება და სრულყოფს ჩვენს სრულყოფილზე ბევრად ნაკლებ მცდელობებს.

იგავში მთესველზე მხსნელი აღწერს თესლს, რომელიც კარგ ნიადაგზე დავარდა. ზოგიდან ასი, ზოგიდან სამოცი და ზოგიდან ოცდაათი აღმოცენდება. ყველა მისი სრულყოფილი მოსავლის ნაწილია.11

წინასწარმეტყველი მორონი ყველას იწვევს: „დიახ, მოდით ქრისტესთან და გახდით მასში სრულყოფილნი; … და თუ უარყოფთ ყოველივე უღმერთოს და შეიყვარებთ ღმერთს მთელი თქვენი ძალით, გონებითა და სიძლიერით, მაშინ საკმარისი იქნება მისი მადლი თქვენთვის, რათა მისი მადლით შეგიძლიათ სრულყოფილნი იყოთ ქრისტეში“.12

დებო და ძმებო, ვმოწმობ ქრისტეს სახელით, რომელსაც ძალუძს ჩვენი ყველაზე მცირე შესაწირის სრულყოფა. მოდით, მაქსიმალურად ვეცადოთ, მოვიტანოთ რაც შეგვიძლია და მის ფერხთით დავდოთ ჩვენი არასრულყოფილი შესაწირი. სრულყოფილი მოსავლის ოსტატის, თავად იესო ქრისტეს სახელით, ამინ.

ამობეჭდვა