მეოთხე დღის შემდეგ
როცა წინ მივიწევთ იესო ქრისტეს რწმენით, მეოთხე დღე ყოველთვის დადგება. უფალი ყოველთვის მოვა ჩვენს დასახმარებლად.
როგორც დილით შეგვახსენეს, დღეს ბზობაა, მხსნელის იერუსალიმში ტრიუმფალური შესვლისა და მისი დიადი გამოსყიდვის წმინდა კვირის დასაწყისი, რომელიც მოიცავს მის ტანჯვას, ჯვარცმასა და აღდგომას.
იესო ქრისტე, ქალაქში მის ნაწინასწარმეტყველებ შესვლამდე ცოტა ხნით ადრე, სრულად იყო ჩართული მსახურებაში, როდესაც თავისი საყვარელი მეგობრების, მართასა და მარიამის ძმის, ლაზარეს, ავადმყოფობის შესახებ შეიტყო.1
მიუხედავად იმისა, რომ ლაზარე სერიოზულად ავად იყო უფალი კიდევ „ორი დღე დარჩა იმ ადგილზე, სადაც იმყოფებოდა. ამის შემდეგ ეუბნება მოწაფეებს: „ისევ იუდეაში წავიდეთ.“2 მეგობრის სახლში, ბეთანიაში, გამგზავრებამდე „უთხრა [თავის მოწაფეებს] იესომ გაცხადებით: „ლაზარე მოკვდა“.3
როცა იესო ბეთანიაში მივიდა და პირველად მართას, შემდეგ კი მარიამს შეხვდა, ისინი, ალბათ მისი დაგვიანების გამო, მიესალმნენ მას ასეთი სიტყვებით: „უფალო, შენ რომ აქ ყოფილიყავი, ჩემი ძმა არ მოკვდებოდა“.4 შემდეგ მართამ წამოიძახა: „უკვე ყარს, რადგან მეოთხე დღეა, რაც დავმარხეთ.“5
ეს ოთხი დღე მნიშვნელოვანი იყო მარიამსა და მართასთვის. ზოგიერთი რაბინული სკოლა თვლიდა, რომ გარდაცვლილის სული სამი დღის განმავლობაში სხეულთან რჩებოდა, რაც იმის იმედს იძლეოდა, რომ სიცოცხლე ჯერ კიდევ შენარჩუნებული იყო. თუმცა, მეოთხე დღეს ეს იმედი უკვე დაკარგული იყო ალბათ იმიტომ, რომ სხეული უკვე ხრწნას იწყებდა და „ყარდა“.6
მარიამი და მართა სასოწარკვეთლებაში იყვნენ. „როცა იესომ დაინახა მტირალი მარიამი, შეიძრა სულით და ატირდა”,
უთხრა: „სად დაასვენეთ იგი? ეუბნებიან: „უფალო, მოდი და ნახე.“7
ამ მომენტში ჩვენ ვხედავთ მხსნელის მიწიერი მსახურების ერთ-ერთ ყველაზე დიდ სასწაულს. თავიდან უფალმა თქვა: „აიღეთ ლოდი“.8 მერე ილოცა მამაზეციერისადმი და „დიდი ხმით შესძახა: ლაზარე, გამოდი“!
„და გამოვიდა მიცვალებული, ხელ-ფეხი სახვევებით ჰქონდა შეკრული და სახეც სუდარით ჰქონდა შეხვეული“. ეუბნება მათ იესო: „გახსენით და გაუშვით, იაროს.“9
ჩვენც, მარიამისა და მართას მსგავსად, გვაქვს შესაძლებლობა, მივიღოთ მიწიერი ცხოვრების სრული გამოცდილება, მწუხარებისა10 და სისუსტის ჩათვლით.11 ყოველი ჩვენგანი იგრძნობს გულგატეხილობას, რომელიც საყვარელი ადამიანის დაკარგვას ახლავს. ჩვენი მიწიერი მოგზაურობის ნაწილი შეიძლება იყოს ჩვენი ან საყვარელი ადამიანის მძიმე ავადმყოფობა, დეპრესია, შფოთვა ან მენტალური ჯანმრთელობის სხვა პრობლემები, ფინანსური პრობლემები, ღალატი, ცოდვა. და ზოგჯერ ამას თან ახლავს უიმედობის გრძნობა. მეც არ ვარ გამონაკლისი. მეც, თქვენ მსგავსად, გამოვცადე უამრავი ცხოვრებისეული სირთულე. მე მიზიდავს ეს ამბავი მხსნელის შესახებ და ის, რასაც იგი მასწავლის უფალთან ჩვენი ურთიერთობის შესახებ.
ყველაზე დიდი მწუხარების დროს ჩვენც, მარიამის მსგავსად, ვეძიებთ მხსნელს ან ვთხოვთ მამას ღვთიურ ჩარევას. ლაზარეს ამბავი გვასწავლის ისეთ პრინციპებს, რომლების გამოყენება შესაძლებელია პირადი რთული გამოწვევების წინაშე აღმოჩენის დროს.
როცა მხსნელი ბეთანიაში ჩამოვიდა, არავის არ ჰქონდა ლაზარეს გადარჩენის იმედი - უკვე ოთხი დღე იყო გასული. ზოგჯერ, ჩვენი გამოწვევების დროს, ჩვენც ქრისტეს მსგავსად ვფიქრობთ, რომ ძალიან გვიანია და შესაძლოა, ჩვენი იმედი და რწმენაც ეჭვის ქვეშ დადგეს. მე ვმოწმობ, რომ როცა იესო ქრისტეს რწმენით წინ მივიწევთ, მეოთხე დღე ყოველთვის დადგება. უფალი ყოველთვის მოვა დასახმარებლად ან ჩვენი იმედების აღსადგენად. ის დაგვპირდა:
„ნუ შეკრთება თქვენი გული.12
„ობლად არ დაგტოვებთ, მოვალ თქვენთან“.13
და ზოგჯერ ისეთი შეგრძნება გვაქვს, რომ უფალი არ მოვა ჩვენთან გადატანითი მნიშვნელობით მეოთხე დღემდე, როცა იმედი უკვე გადაგვეწურება. მაგრამ რატომ ასე გვიან? პრეზიდენტი თომას ს. მონსონი გვასწავლიდა: „ჩვენმა მამაზეციერმა, რომელიც ამდენს გვაძლევს გასახარებლად, ასევე იცის, რომ ჩვენ ვსწავლობთ და ვიზრდებით, როცა სირთულეების წინაშე აღმოვჩნდებით და გადავლახავთ მათ.14
წინასწარმეტყველ ჯოზეფ სმითსაც კი მოუწია ამ უმძიმესი მეოთხე დღის გამოცდილების მიღება. გახსოვთ მისი ვედრება? „ო, ღმერთო, სად ხარ“? და სად არის კარავი, რომელიც ფარავს შენს საიდუმლო ადგილს“?15 როცა უფალს ვანდობთ თავს, შეგვიძლია ველოდოთ ასეთ პასუხს: „შვილო ჩემო, მშვიდობა შენს სულს, შენი გასაჭირი და ტანჯვა ხანმოკლე იქნება“.16
ლაზარეს ამბავი კიდევ ერთ რამეს გვასწავლის - რა როლს ვასრულებთ ღვთაებრივ ჩარევაში, რომელსაც ჩვენ ვეძიებთ. როცა იესო მიუახლოვდა სამარხს, მან თავდაპირველად უთხრა მათ, ვინც იქ იყვნენ: „აიღეთ ლოდი“.17 იმ ძალაუფლებით, რომელიც მხსნელს ჰქონდა, განა მას არ შეეძლო, სასწაულებრივად გადაეგორებინა ლოდი ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე? ეს იქნებოდა შთამბეჭდავი სანახაობა და დაუვიწყარი გამოცდილება, მაგრამ მან უთხრა სხვებს: „აიღეთ ლოდი“.
შემდეგუფალმა „დიდი ხმით შესძახა: ლაზარე, გამოდი“!18 განა უფრო შთამბეჭდავი არ იქნებოდა, თავად უფალს რომ სასწაულებრივად დაეყენებინა ლაზარე შესასვლელთან, რათა შეკრებილებს ლოდის აღებისთანავე შეეძლოთ ლაზარეს დანახვა?
მესამე: როცა ლაზარე გამოვიდა, მას „ხელ-ფეხი სახვევებით ჰქონდა შეკრული და სახეც სუდარით ჰქონდა შეხვეული“. ეუბნება მათ იესო: „გახსენით და გაუშვით, იაროს.“19 დარწმუნებული ვარ, უფალს შეეძლო, დაეყენებინა ლაზარე შესასვლელში, უკვე გასუფთავებული, კოხტად დაკეცილი და გვერდზე გადადებული დაკრძალვის სამოსით.
რატომ ვამახვილებ ამაზე ყურადღებას? ამ სამივე მომენტს რაღაც საერთო აქვს - არცერთი არ მოითხოვს ქრისტეს ღვთიური ძალის გამოყენებას. მან გააკეთებინა მოწაფეებს ის, რისი გაკეთებაც მათ თავადაც შეეძლოთ. მოწაფეებს, რა თქმა უნდა, თავად შეეძლოთ ლოდის გადაგორება; ლაზარეს, აღდგომის შემდეგ, შეეძლო ამდგარიყო და გამოქვაბულის შესასვლელში გამოჩენილიყო; მათ კი, ვისაც ლაზარე უყვარდათ, შეეძლოთ დახმარებოდნენ მას დასამარხი სამოსის გახდაში.
თუმცა, მხოლოდ ქრისტეს ჰქონდა ლაზარეს აღდგინების უფლებამოსილება. მე ისეთი შთაბეჭდილება მაქვს, რომ მხსნელი ელის ჩვენგან, რომ ყველაფერს გავაკეთებთ, რაც შეგვიძლია, იგი კი გააკეთებს მხოლოდ იმას, რისი ძალაც მხოლოდ მას შესწევს.20
ჩვენ ვიცით, რომ „რწმენა [უფალ იესო ქრისტეში] არის მოქმედების პრინციპი“21 და „სასწაულები არ წარმოშობს რწმენას, ხოლო ძლიერი რწმენა ყალიბდება იესო ქრისტეს სახარების მორჩილებაში. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რწმენა მოდის მართალი ცხოვრების შედეგად“.22 როდესაც ჩვენ ვცდილობთ ვიმოქმედოთ სამართლიანად, წმინდა აღთქმების დადებითა და დაცვით და ქრისტეს მოძღვრების ცხოვრებაში გამოყენებით, ჩვენი რწმენა საკმარისი იქნება არა მხოლოდ იმისთვის, რომ მეოთხე დღემდე მიგვიყვანოს, არამედ იმისთვის, რომ უფლის დახმარებით შევძლოთ ჩვენი გზიდან ქვების გადაადგილება, სასოწარკვეთილების დაძლევა და ყველაფრისგან, რაც გვბოჭავს, განთავისუფლება. უფალი ელის ჩვენგან, რომ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც ჩვენს ძალაშია“.23 გახსოვდეთ, რომ დანარჩენში იგი დაგვეხმარება, თუკი მას მივანდობთ თავს.
როგორ შევძლოთ ლოდის გადაგორება და უფლის კლდეზე აშენება?24 ჩვენ შეგვიძლია, ვუსმინოთ წინასწარმეტყველების რჩევას .
მაგალითად, გასული წლის ოქტომბერში პრეზიდენტი რასელ მ. ნელსონი გვევედრებოდა, აგვეღო პასუხისმგებლობა მხსნელისა და მისი სახარების დამოწმებაზე, გვეშრომა ამისთვის და გვეზრუნა მასზე, გამოგვეკვება ჭეშმარიტებით და თავი აგვერიდებინა ურწმუნოთა ცრუ ფილოსოფიებით მათი დაბინძურებისთვის. იგი დაგვპირდა: „როცა იესო ქრისტეს შესახებ დამოწმების გაძლიერება თქვენი უმთავრესი პრიორიტეტი გახდება, ელოდეთ სასწაულებს თქვენს ცხოვრებაში.25
ჩვენ ეს შეგვიძლია!
როგორ შეგვიძლია, გადატანითი მნიშვნელობით, ავდგეთ და გამოვიდეთ? ჩვენ შეგვიძლია, სიხარულით მოვინანიოთ და ავირჩიოთ მცნებებისდამორჩილება. უფალმა თქვა: „ვისაც ჩემი მცნებები აქვს და იცავს მათ, მას ვუყვარვარ მე, ჩემს მოყვარულს კი ჩემი მამაც შეიყვარებს. მეც შევიყვარებ მას და მე თავად გამოვეცხადები“.26 ჩვენ შეგვიძლია, ყოველდღე მოვინანიოთ და სიხარულით მივიწევდეთ წინ უფლისადმი სიყვარულით სავსე გულით.
ჩვენ ეს შეგვიძლია!
როგორ შევძლებთ, უფლის დახმარებით გავთავისუფლდეთ ყოველივესგან, რაც გვბოჭავს? ჩვენ შეგვიძლია, აღთქმებისმეშვეობით განზრახ დავუკავშირდეთ პირველ რიგში, ჩვენს მამაზეციერსა და მის ძეს, იესო ქრისტეს. უხუცესი ტოდ კრისტოფერსონი გვასწავლიდა: „რა არის ჩვენი მორალური და სულიერი ძალის წყარო და როგორ მივიღოთ იგი? მისი წყარო ღმერთია. ჩვენ ხელი მიგვიწვდება ამ ძალაზე, ღმერთთან დადებული აღთქმების მეშვეობით”. ამ ღვთიურ შეთანხმებაში ღმერთი გვპირდება, რომ მხარს დაგვიჭერს, განგვწმენდს და აგვამაღლებს, ჩვენ კი, ჩვენი მხრიდან, ვემსახურებით მას და დავიცავთ მის მცნებებს“.27 ჩვენ შეგვიძლია წმინდა აღთქმების დადება და მათი დაცვა.
ჩვენ ეს შეგვიძლია!
„აიღეთ ლოდი“ „გამოდით“. „გაუშვით, იაროს“.
რჩევები, მცნებები და აღთქმები. ჩვენ ეს შეგვიძლია!
უხუცესმა ჯეფრი რ. ჰოლანდმა თქვა: „ზოგი კურთხევა მალე მოდის, ზოგი გვიან, ზოგი კი მხოლოდ ზეცაში დაგვეწევა; მაგრამ მათთვის, ვინც იესო ქრისტეს სახარება მიიღო, ეს კურთხევები მოვა“.28
და ბოლოს: „ამიტომ, გამხნევდით და ნუ შეშინდებით, ვინაიდან მე, უფალი, ვარ თქვენთან და გვერდით დაგიდგებით“.29
ეს არის ჩემი მოწმობა და დამოწმება, მისი სახელით, ვინც ყოველთვის მოვა, თავად იესო ქრისტე, ამინ.