გენერალური კონფერენცია
გვესაჭიროება მშვიდობისმყოფელნი
2023 წ. აპრილის გენერალური კონფერენცია


გვესაჭიროება მშვიდობისმყოფელნი

თქვენ გაქვთ არჩევანი -აირჩიოთ კამათი ან შემწყნარებლობა. მე მოგიწოდებთ, აირჩიოთ მშვიდობისმყოფლობა, აწ და მარადის.

ჩემო ძვირფასო დებო და ძმებო, რამხელა სიხარულია თქვენთან ყოფნა. ბოლო ექვსი თვის მანძილზე გამუდმებით თქვენზე ვფიქრობდი და ვლოცულობდი. მე ვლოცულობ იმაზედ, რომ სულიწმინდამ გადმოგცეთ ის, რაც უფალს სურს გაიგოთ ჩემი საუბრისას.

მრავალი წლის წინ, ქირურგიული სტაჟირების დროს, ერთ-ერთი ქირურგის ასისტენტი ვიყავი. ერთხელ ვეხმარებოდი მას განგრენით დაინფიცირებული ფეხის მოკვეთაში. რთული ოპერაცია იყო. შემდეგ ისედაც დაძაბული სიტუაცია უარესად გართულდა - ერთ-ერთმა ასისტენტმა დავალება ცუდად შეასრულა და ქირურგი აფეთქდა. გაბრაზებულ გულზე მან მიკრობებით სავსე სკალპელი მოისროლა. სკალპელი მკლავში მომხვდა!

ყველანი, ვინც საოპერაციოში იმყოფებოდნენ (კონტროლ დაკარგული ქირურგის გარდა) ძალზედ შეშინდნენ ქირურგიული პრაქტიკის ასეთი საშიში დარღვევის გამო. კიდევ კარგი, რომ ინფექცია არ შემეჭრა. მაგრამ ეს გამოცდილება დიდხანს ჩამრჩა გულში. იმ მომენტში კი დავპირდი საკუთარ თავს, რომ რაც არ უნდა მომხდარიყო ჩემს საოპერაციოში, ემოციებზე კონტროლს არასოდეს არ დავკარგავდი. ასევე დავიფიცე იმ დღეს, რომ გაბრაზებული არასოდეს არაფერს არ ვისვროდი - არც სკალპელს და არც სიტყვას.

ახლაც კი, ამდენი წლის შემდეგ, ზოგჯერ ვფიქრობ იმაზე, იყო თუ არა ის დაინფიცირებული სკალპელი, რომელიც მკლავში ჩამერჭო, იმაზე მომწამვლელი, ვიდრე შხამიანი კამათი, რომელიც დღეს ჩვენს ცივილურ საუბარს და ძალიან ბევრ შემთხვევაში პირად ურთიერთობებს აზიანებს. როგორც ჩანს, პოლარიზაციისა და მწვავე უთანხმოების ეპოქაში თავაზიანობა და წესიერება გაქრა.

ვულგარულობა, ბრალის დადება და სხვებზე ბოროტად საუბარი ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. ძალიან ბევრი ექსპერტი, პოლიტიკოსი, ტელეწამყვანი და სხვა გავლენიანი პირი გამუდმებით ისვრის შეურაცმხყოფელ სიტყვებს. მე ძალიან მაწუხებს, რომ ამდენი ადამიანი, როგორც ჩანს, თვლის, რომ სრულიად მისაღებია იმ ადამიანების დაგმობა, ცილისწამება და შეურაცხყოფა, ვინც არ ეთანხმება მათ. როგორც ჩანს, ბევრს სურს საცოდავი საზიზღარი კომენტარებით სხვისი რეპუაციის შელახვა!

წყრომა არ არწმუნებს. მტრობას არავიან არ აუშენებია. კამათს არასოდეს მივყავართ შთამაგონებელ გადაწყეტილებამდე. სამწუხაროდ,ზოგჯერ ჩვენს რიგებშიც კი ვხდებით კამათის მოწმენი. ჩვენ ვიგებთ, რომ ვიღაც ამცირებს მეუღლეს ან შვილებს, იყენებს წყრომას სხვების კონტროლისთვის ან „სიჩუმით“ სჯის ოჯახის წევრებს. ვიცით, რომ არიან ახალგაზრდები და ბავშვები, რომლებიც სხვებს ჩაგრავენ ან თანამშრომლები, რომლებიც კოლეგებს ცილს სწამებენ.

ძვირფასო დებო და ძმებო, ეს არ უნდა ხდებოდეს. ჩვენ, როგორც ქრისტეს მოწაფეები, უნდა ვიყოთ სხვებთან ურთიერთობის მაგალითი,განსაკუთრებით მაშინ, როცა აზრთა სხვაობა გვაქვს. იესო ქრისტეს ჭეშმარიტი მიმდევრის ამოცნობის ერთ-ერთი ყველაზე მარტივი ხერხია ის, თუ როგორ ექცევა ეს პიროვნება სხვა ადამიანებს.

მაცხოვარმა ეს ნათლად აჩვენა თავის ქადაგებებში მიმდევრებს ორივე ნახევარსფეროში. „ნეტარ არიან მშვიდობისმყოფელნი“ - თქვა მან.1 „თუ ვინმემ მარჯვენა ლოყაში გაგაწნას, მეორე ლოყაც მიუშვირე“.2 და შემდეგ მან, რა თქმა უნდა, მოგვცა რჩევა, რომელიც ყოველი ჩვენგანისთვის გამოწვევას წარმოადგენს: „გიყვარდეთ თქვენი მტრები, დალოცეთ თქვენი მაწყევრები, სიკეთე უყავით თქვენს მოძულეებს და ილოცეთ მათთვის, ვინც თქვენ გავიწროებთ და გდევნით“.3

უფალმა გარდაცვალებამდე უბრძანა თავის თორმეტ მოციქულს, უყვარდეთ ერთმანეთი ისე, როგორც მან შეიყვარა ისინი.4 შემდეგ კი დაამატა: „ჩემი მოწაფეები რომ ხართ, ამით გაიგებენ ყველანი, თუ ერთმანეთის სიყვარული გექნებათ“.5

მხსნელის გზავნილი ცხადია: მისი ჭეშმარიტი მოწაფეები აძლიერებენ, აამაღლებენ, ამხნევებენ, არწმუნებენ და შთააგონებენ - როგორი რთულიც არ უნდა იყოს სიტუაცია. იესო ქრისტეს ჭეშმარიტი მოწაფეები მშვიდობისმყოფელნი არიან.6

დღეს ბზობაა. ჩვენ ვემზადებით იმ ყველაზე ტრანსცენდენტული მოვლენის აღსანიშნად, რაც კი ოდესმე დაფიქსირებულა დედამიწაზე - უფალი იესო ქრისტეს გამოსყიდვა და აღდგომა. მხსნელის მიმართ პატივისცემის გამოხატვის ერთ-ერთი ყველაზე უკეთესი ხერხია გახდე მშვიდობისმყოფელი.7

მხსნელის გამოსყიდვამ შესაძლებელი გახადა ჩვენთვის ყოველივე ბოროტის დაძლევა - კამათის ჩათვლით. არ შეგეშალოთ: კამათი არის ბოროტება! იესო ქრისტემ განაცხადა, რომ „ვისაც აქვს განხეთქილების სული“ არ არის მისგან, არამედ არის „ეშმაკისეული“, რომელიც არის მამა განხეთქილებისა და [ეშმაკი] უბიძგებს ადამიანთა გულებს, წყრომით დაუპირისპირდნენ ერთმანეთს“.8 ისინი, ვინც კამათს უწყობენ ხელს, სატანის თამაშებს თამაშობენ და შეიძლება ამას ვერც კი აცნობიერებენ. „არავის შეუძლია, ორ ბატონს ემსახუროს“.9 შეუძლებელია, სიტყვიერი თავდასხმით მხარს უჭერდე სატანას და ფიქრობდე, რომ მაინც ემსახურები ღმერთს.

ჩემო საყვარელო დებო და ძმებო, დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, როგორ ვექცევით ერთმანეთს! დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, როგორ ვესაუბრებით სხვებს სახლში, ეკლესიაში, სამსახურში და ონლაინ. დღეს გთხოვთ, მოექცეთ ერთმანეთს უფრო ამაღლებულად, უფრო წმინდად. გთხოვთ, ყურადღებით მოისმინოთ: „თუ არსებობს რაიმე კეთილი, მშვენიერი და ღირსეული“10 რაც შეიძლება ვთქვათ პიროვნების შესახებ (მისი დასწრებით ან მის ზურგს უკან) - ეს უნდა იყოს ჩვენი კომუნიკაციის სტანდარტი.

თუ თქვენს მეურვეობაში წყვილი განქორწინდება, ან ახალგაზრდა მისიონერი დროზე ადრე ბრუნდება სახლში, ან მოზარდი მერყეობს თავის მოწმობაში - ნუ განიკითხავთ მათ. მათ თქვენს სიტყვებში და მოქმედებებში იესო ქრისტეს წმინდა სიყვარულის ანარეკლი უნდა იხილონ.

თუ მეგობარს სოც.მედიაში აქვს ძლიერი პოლიტიკური ან სოციალური შეხედულებები, რომლებიც დარტყმას აყენებს ყველაფერს, რაც გწამთ - გაბრაზებული, მკვეთრი პასუხი არ გამოგადგებათ. ურთიერთგაგების ხიდების აშენება თქვენგან გაცილებით მეტს მოითხოვს, მაგრამ ზუსტად ამას მოითხოვს თქვენი მეგობარი.

კამათი სულიწმინდას დევნის - ეს ყოველთვის ასეა. კამათი აძლიერებს ცრუ წარმოდგენას, რომ დაპირისპირება არის უთანხმოების მოგვარების ხერხი; ეს ასე არ არის. კამათი არის არჩევანი. მშვიდობისმყოფლობა არის არჩევანი. თქვენ გაქვთ არჩევანი - აირჩიოთ კამათი ან შემწყნარებლობა. მე მოგიწოდებთ, აირჩიოთ მშვიდობისმყოფლობა, აწ და მარადის.11

დებო და ძმებო, ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ ეს სამყარო - თითო პიროვნება, თითო მოქმედებით. როგორ? უნდა წარმოვიდგინოთ, როგორ გავუმკლავდებით გულწრფელ მოსაზრებათა სხვაობას ურთიერთ პატივისცემითა და ზრდილობიანი დიალოგით.

აზრთა სხვაობა ცხოვრების ნაწილია. მე ყოველ დღე ვმუშაობ უფლის თავდადებულ მსახურებთან, რომლებსაც ერთსა და იმავე საკითხზე ზოგჯერ სხვადასხვა ხედვა აქვთ. მათ იციან, რომ მსურს მათი მოსაზრებებისა და გულწრფელი გრძნობების მოსმენა ყველაფრის შესახებ, რაზედაც ვმსჯელობთ -განსაკუთრებით სენსიტიურ საკითხებზე.

გამოსახულება
პრეზიდენტი დალინ ჰ. ოუქსი და პრეზიდენტი ჰენრი ბ. აირინგი

ჩემი ორი მრჩეველი - პრეზიდენტი დალინ ჰ. ოუქსი და პრეზიდენტი ჰენრი ბ. აირინგი, გრძნობების გამოხატვის კარგ მაგალითს წარმოადგენენ, განსაკუთრებით მაშინ, როცა ისინი განსხვავდება. ისინი ამას ერთმანეთის მიმართ წმინდა სიყვარულით აკეთებენ. არცერთი არ ფიქრობს, რომ მან ყველაზე კარგად იცის და ამიტომ მკაცრად უნდა დაიცვას თავისი პოზიცია. არც ერთი და არც მეორე არ ამჟღავნებს ერთმანეთთან კონკურენციის აუცილებლობას. რადგან ყოველი ჩვენგანი მოწყალებით სავსეა, „ქრისტეს წმინდა სიყვარულით“, ჩვენი მსჯელობა შეიძლება იმართებოდეს უფლის სულით.12 როგორ მიყვარს ეს ორი დიდებული ადამიანი და როგორ ვაფასებ მათ!

მოწყალება კამათის შხამის საწინააღმდეგო საშუალებაა. მოწყალება არის სულიერი ძღვენი, რომელიც გვეხმარება განვდევნოთ ხორციელი ადამიანი, რომელსაც ეგოიზმი, თავდაცვა, ამპარტავნობა და შური ახასიათებს. მოწყალება არის იესო ქრისტეს ჭეშმარიტი მიმდევრის ძირითადი დახასიათება.13 მოწყალება განსაზღვრავს მშვიდობისმყოფელს.

როცა ღმერთის წინაშე თავს ვიმდაბლებთ და გულის მთელი ძალით ვლოცულბთ, ღმერთი მოწყალებას გვიბოძებს.14

ამ ზეციური ნიჭით დალოცვილები სულგრძელი და კეთილი ადამიანები არიან. მათ სხვისი არ შურთ და არ ყოყოჩობენ. მათი პროვოცირება ადვილი არ არის და ისინი ბოროტად არ ფიქრობენ სხვებზე.15

დებო და ძმებო, ქრისტეს წმინდა სიყვარული არის პასუხი იმ კამათზე, რომელიც დღეს გვაწუხებს. მოწყალება გვიბიძგებს „ავიტანოთ ერთმანეთის ტვირთი“16 იმის ნაცვლად, რომ დავტვირთოთ ერთმანეთი. ქრისტეს წმინდა სიყვარული გვრთავს ნებას, „ვიყოთ ღვთის მოწმენი ყოველთვის, ყველაფერში და ყველგან“17განსაკუთრებით დაძაბულ სიტუაციებში. მოწყალება გვაძლევს იმის დემონსტრირების საშუალებას, თუ როგორ საუბრობენ და მოქმედებენ ქრისტეს მამაკაცები და ქალები,განსაკუთრებით მაშინ, როცა გაბრაზებულები არიან.

თუმცა მე არ ვსაუბრობ „მშვიდობაზე ნებისმიერ ფასად“.18 მე ვსაუბრობ იმაზე, რომ მოექცეთ სხვებს ისე, როგორც შეეფერება აღთქმას, რომელსაც ზიარების მიღებისას დებთ. თქვენი აღთქმაა ყოველთვის გახსოვდეთ მხსნელი. დაძაბულ, კამათით სავსე სიტუაციებში მე გიწვევთ გაიხსენოთ იესო ქრისტე. ილოცეთ გამბედაობისთვის და სიბრძნისთვის თქვათ ან გააკეთოთ ის, რასაც ის იზამდა. მშვიდობის მთავრის კვალზე სიარულით ჩვენ მისი მშვიდობისმყოფელნი გავხდებით.

ამ მომენტში ალბათ ფიქრობთ, რომ ეს შეტყობინება ნამდვილად დაეხმარება რომელიმე თქვენს ნაცნობს. ალბათ იმედოვნებთ, რომ ეს დაეხმარება იმ პიროვნებას, უკეთ განეწყოს თქვენ მიმართ. იმედია, მართლაც ასე იქნება! მაგრამ მე ასევე ვიმედოვნებ, რომ თქვენ ღრმად ჩაიხედებით საკუთარ გულში რათა დარწმუნდეთ, რომ შურისა ან ამპარტავნობის ნამსხვრევები თქვენ არ გიშლით ხელს იმაში, რომ მშვიდობისმყოფელნი გახდეთ.19

თუ თქვენ სერიოზულად გსურთ, დაეხმაროთ ისრაელის შეკრებაში და მარადიული ურთიერთობების ჩამოყალიბებაში, ახლა უნდა გადადოთ გვერდზე სიმწარე. ახლა უნდა შეწყვიტოთ ძალის დატანება, რომ ყველაფერი ისე უნდა იყოს, როგორც თქვენ გინდათ. ახლა არის დრო, შეწყვიტოთ ისეთი საქციელი, რომელიც აიძულებს სხვებს, თითის წვერებზე იარონ, რათა არ გაგაბრაზონ. ახლა არის დრო, დამარხოთ საომარი იარაღი.20 თუ თქვენი ლექსიკონი შედგება შეურაცხმყოფელი სიტყვებისგან და ბრალდებებისგან, ახლა არის დრო, უარი თქვათ მათზე.21 თქვენ აღდგებით, როგორც ქრისტეს სულიერად ძლიერი ქალი ან მამაკაცი.

ამაში ტაძარი დაგვეხმარებათ. იქ ჩვენ შევიმოსებით ღვთის ძალით, მივიღებთ სატანის დაძლევის შესაძლებლობას, რომელიც არის ყოველი კამათის წამქეზებელი.22 განდევნეთ იგი თქვენი ცხოვრებიდან! გაითვალისწინეთ, რომ ყოველთვის, როცა გაუგებრობას ვანეიტრალებთ ან უარს ვამბობთ წყენაზე, ჩვენ ამით მოწინააღმდეგეს კარს ვუკეტავთ. განა არ ჯობია, იესო ქრისტეს ჭეშმარიტი მოწაფის დახასიათება გამოვავლინოთ და ნაზი სათნოება გამოვხატოთ? მშვიდობისმყოფელნი ხელს უშლიან მოწინააღმდეგეს.

მოდით, გავხდეთ ჭეშმარიტი სინათლე მთაზე - სინათლე, რომელიც „ვერ დაიმალება“.23 მოდით ვაჩვენოთ, რომ არსებობს რთული საკითხების გადაჭრის თავაზიანი გზა და უთანხმოების მოგვარების ნათელი ხერხი. როდესაც თქვენ მოწყალებას ავლენთ, რაც იესო ქრისტეს ჭეშმარიტ მიმდევრებს ახასიათებს, უფალი წარმოუდგენლად განადიდებს თქვენს ძალისხმევას.

სახარების ქსელი მსოფლიოში ყველაზე დიდი ქსელია . ღმერთი იწვევს ყველას მოვიდნენ მასთან: „შავკანიანი თუ თეთრი, დატყვევებული თუ თავისუფალი, კაცი თუ ქალი“.24 ადგილი ყველასთვის მოიძებნება. მაგრამ ცრურწმენისთვის, დაგმობისთვის ან კამათისთვის - არა .

ჩემო ძვირფასო დებო და ძმებო, მათ, ვინც ცხოვრებას სხვების გამხნევებას უთმობს - ყველაფერი საუკეთესო წინ აქვთ. დღეს გიწვევთ შეამოწმოთ თქვენი მოწაფეობა სხვებთან ურთიერთობის კონტექსტში. გაკურთხებთ, შეასრულოთ ნებისმიერი კორექტირება, რომელიც შესაძლოა საჭირო გახდეს, რათა თქვენი საქციელი კეთილშობილური, პატივისცემით სავსე და იესო ქრისტეს ჭეშმარიტი მიმდევრისთვის დამახასიათებელი გახდეს.

გაკურთხებთ, შეცვალოთ მეომრობა ვედრებით, მტრობა - გაგებით, კამათი - სიმშვიდით.

ღმერთი ცოცხალია! იესო არის ქრისტე. იგი ეკლესიის სათავეში დგას. ჩვენ მისი მსახურები ვართ. იგი დაგვეხმარება, გავხდეთ მშვიდობისმყოფელნი. მე ამას ვმოწმობ იესო ქრისტეს წმინდა სახელით, ამინ.