წმინდა წერილი
აბრაამი 4


თავი 4

ღმერთები გეგმავენ დედამიწისა და მასზე ყოველი ცოცხალის შექმნას – წარდგენილია მათი ექვსი დღის გეგმა.

1 და შემდეგ უფალმა თქვა: მოდით, ჩავიდეთ. და ისინი დასაბამისას ჩავიდნენ და მათ ანუ ღმერთებმა, დააარსეს და ჩამოაყალიბეს ზეცა და დედამიწა.

2 და დედამიწა, ჩამოყალიბების შემდეგ, იყო ცარიელი და გაპარტახებული, ვინაიდან მათ არაფერი შექმნეს დედამიწის გარდა; და სიბნელე მეფობდა ღრმა უფსკრულის პირზე და ღმერთთა სულები ლივლივებდა წყლის პირზე.

3 და მათ (ღმერთებმა) თქვეს: დაე, იყოს ნათელი; და იქმნა ნათელი.

4 და ისინი (ღმერთები) ჩასწვდნენ ნათელს, ვინაიდან ის იყო კაშკაშა; და მათ გაჰყვეს ნათელი ანუ ბნელისგან გაჰყვეს ნათელი.

5 და ღმერთებმა უწოდეს ნათელს დღე, ბნელს მათ უწოდეს ღამე. და იყო ასე: დროის მონაკვეთს საღამოდან დილამდე უწოდეს ღამე; და დილიდან საღამომდე უწოდეს დღე; და ეს იყო პირველი ანუ დასაწყისი იმისა, რასაც უწოდეს დღე და ღამე.

6 ღმერთებმა ასევე თქვეს: დაე, იყოს სივრცე წყლებს შორის და ის გაჰყოფს წყლებს წყლებისგან.

7 და ღმერთებმა ბრძანეს სივრცის შექმნა იმდაგვარად, რომ მან გაჰყო სივრცის ქვემოთ მყოფი წყლები სივრცის ზევით მყოფი წყლებისგან; და ეს იქმნა ისე, როგორც მათ ბრძანეს.

8 და ღმერთებმა სივრცეს უწოდეს ზეცა. და იყო ასე: ეს იყო საღამოდან დილამდე ჟამი, რომელსაც უწოდეს ღამე; და იყო ასე: ეს იყო დილიდან საღამომდე ჟამი, რომელსაც უწოდეს დღე; და ეს იყო მეორე ჟამი, რომელსაც მათ უწოდეს დღე და ღამე.

9 და ღმერთებმა ბრძანეს ეს სიტყვებით: დაე, წყლები ზეცის ქვეშ შეგროვდეს ერთ ადგილზე და გამოჩნდეს ხმელეთი; და იქმნა ისე, როგორც მათ ბრძანეს.

10 და ღმერთებმა ხმელეთს უწოდეს მიწა; და შეგროვილ წყალს უწოდეს დიდი წყლები; და ღმერთებმა იხილეს, რომ ისინი მათ ემორჩილებოდნენ.

11 და ღმერთებმა თქვეს: მოდით, მოვამზადოთ დედამიწა, რათა ბალახი აღმოცენდეს; მცენარე თესლის მთესველი; ხე ნაყოფიერი – თავისდა გვარისამებრ, მიწაზე თესლოვანი ნაყოფის მომტანი; და იქმნა ისე, როგორც მათ ბრძანეს.

12 და ღმერთებმა ჩამოაყალიბეს დედამიწა, რათა აღმოცენდეს ბალახი საკუთარი თესლიდან და მცენარე, რათა მოისხას თავისი თესლიდან მცენარე, თესლის მთესველი თავისი გვარისამებრ; და დედამიწა, რათა მოისხას ხე საკუთარი თესლიდან, ნაყოფის მომტანი, რომლის თესლი მოისხამს ნაყოფს თავისი გვარისამებრ; და ღმერთებმა იხილეს, რომ ისინი მათ ემორჩილებოდნენ.

13 და იყო ასე, რომ მათ დათვალეს დღეები; საღამოდან დილამდე ჟამს უწოდეს ღამე; და იყო ასე: დილიდან საღამომდე ჟამს უწოდეს დღე; და ეს იყო მესამე ჟამი.

14 და ღმერთებმა ჩამოაყალიბეს მნათობნი ზეცის სივრცეში და მოახდინეს ისე, რომ დღე ღამისგან გამოეყოთ; და დაადგინეს, რომ ისინი ყოფილიყვნენ ნიშნებისთვის და წელიწადის დროებისთვის და დღეებისთვის და წლებისთვის.

15 და დაადგინეს, რომ ყოფილიყვნენ მნათობნი ზეცის სივრცეში, რათა მისცენ ნათელი დედამიწას და იქმნა ასე.

16 და ღმერთებმა დაადგინეს ორი დიდი მნათობი, დიდი მნათობი – დღის განმგებლად და მცირე მნათობი – ღამის განმგებლად; მცირე მნათობად ასევე დანიშნეს ვარსკვლავები;

17 და ღმერთებმა დანიშნეს ისინი ზეცის სივრცეში, რათა მისცენ ნათელი დედამიწას და განაგონ დღე და ღამე და მოახდინონ ნათელის გაყრა ბნელისგან.

18 და ღმერთები თვალყურს ადევნებდნენ ყოველივეს, რაც ბრძანეს, სანამ ისინი არ დაემორჩილნენ.

19 და იყო ასე: საღამოდან დილამდე იყო ღამე; და იყო ასე, რომ დილიდან საღამომდე იყო დღე; და ეს იყო მეოთხე ჟამი.

20 და ღმერთებმა თქვეს: მოდით, მოვამზადოთ წყლები, რათა უხვად აივსოს მოძრავი, სულდგმული არსებებით და ფრინველებმა იფრინონ მიწის ზემოთ, ზეცის ღია სივრცეში.

21 და ღმერთებმა მოამზადეს წყლები, რათა მათ ეშვათ დიდი ვეშაპები და ყველა მოძრავი, სულდგმული არსებით, მათი გვარისამებრ, რომლებიც წყლებმა უხვად უნდა შვან; და ყველა ფრთოსანი ფრინველი, მათი გვარისამებრ. და ღმერთებმა იხილეს, რომ ისინი დაემორჩილებოდნენ და მათი გეგმა იყო კარგი.

22 და ღმერთებმა თქვეს: ჩვენ ვაკურთხებთ მათ, რათა ინაყოფონ და იმრავლონ და გაავსონ ზღვის წყლები, ანუ დიდი წყლები; რათა ფრინველმა იმრავლოს მიწაზე.

23 და იყო ასე: ეს იყო საღამოდან დილამდე ჟამი, რომელსაც უწოდეს ღამე; და იყო ასე: ეს იყო დილიდან საღამომდე ჟამი, რომელსაც უწოდეს დღე; ეს იყო მეხუთე ჟამი.

24 და ღმერთებმა მოამზადეს დედამიწა, რათა წარმოეშვა ცოცხალი არსებანი მათი გვარისამებრ – პირუტყვი, ქვეწარმავალნი და მიწის მხეცები – მათი გვარისამებრ. და იქმნა ისე, როგორც მათ თქვეს.

25 და ღმერთებმა ჩამოაყალიბეს დედამიწა, რათა წარმოეშვა ცხოველნი მიწისა მათი გვარისამებრ და პირუტყვი – მისი გვარისამებრ და ყოველი ქვეწარმავალი მიწისა – მისი გვარისამებრ; და ღმერთებმა იხილეს, რომ ისინი დაემორჩილებოდნენ.

26 და ღმერთებმა ერთმანეთში მოითათბირეს და თქვეს: მოდით, ჩავიდეთ და შევქმნათ ადამიანი ჩვენს ხატად; და ვუბოძებთ ბატონობას თევზებზე ზღვაში და ცის ფრინველებზე და პირუტყვზე მთელს მიწაზე და ყოველ ქვეწარმავალზე, რომელიც იძვრის მიწაზე.

27 ამგვარად, ღმერთები ჩავიდნენ, რათა შეექმნათ ადამიანი თავის ხატად, ღმერთების ხატად შეექმნათ იგი, მამაკაცის და დედაკაცის შესაქმნელად.

28 და ღმერთებმა თქვეს: ჩვენ მათ ვაკურთხებთ. და თქვეს ღმერთებმა: მოვახდენთ ისე, რომ ინაყოფიერონ და გამრავლდნენ და აღავსონ დედამიწა და დაეუფლონ მას; და იბატონონ ზღვის თევზებზე და ციურ ფრინველებზე და ყოველ ცოცხალ არსებაზე, რომელიც მიწაზე მოძრაობს.

29 და ღმერთებმა თქვეს: აჰა, ვუბოძებთ მათ ყოველ მცენარეს, თესლის მთესველს, რომელიც მიწის პირზე იქნება და ყოველ ხეს, რომელზეც თესლის მთესველი ნაყოფია; დიახ, ვუბოძებთ ნაყოფს თესლის მთესველი ხის; ეს იქნება მათი საკვები.

30 და დედამიწის ყოველ ცხოველს და ყოველ ცის ფრინველს და ყოველ ქვეწარმავალს მიწაზე, აჰა, ვუბოძებთ სიცოცხლეს, ასევე ვუბოძებთ მათ ყოველ მწვანე მცენარეს საკვებად; და ყოველივე ეს იქნება ამგვარად ჩამოყალიბებული.

31 და ღმერთებმა თქვეს: გავაკეთებთ ყოველივეს, რაც ვთქვით და ჩამოვაყალიბებთ მათ; და აჰა, ისინი იქნებიან ძალზედ მორჩილნი. და იყო ასე: ეს იყო საღამოდან დილამდე ჟამი, რომელსაც უწოდეს ღამე; და იყო ასე: ეს იყო დილიდან საღამომდე ჟამი, რომელსაც უწოდეს დღე; ეს იყო მეექვსე ჟამი.