წმინდა წერილი
აბრაამი 5


თავი 5

ღმერთებმა დაასრულეს ყოველივეს შექმნის დაგეგმვა – ისინი შექმნას ახორციელებენ თავიანთი გეგმის შესაბამისად – ადამი უწოდებს სახელს ყოველ ცოცხალ არსებას.

1 და ამგვარად დავასრულებთ ზეცასა და დედამიწას და მთელ მათ მხედრობას.

2 და ღმერთებმა თქვეს ერთმანეთში: მეშვიდე დღე ჟამს დავასრულებთ ჩვენს სამუშაოს, როგორც მოვითათბირეთ; და დავისვენებთ მეშვიდე დღე ჟამს ყველა ჩვენი სამუშაოსგან, როგორც შევთანხმდით.

3 და ღმერთებმა მეშვიდე დღეს დაასრულეს, ვინაიდან მეშვიდე დღეს უნდა დაისვენონ ყოველი თავისი სამუშაოსგან, რომელზეც მათ (ღმერთებმა) მოითათბირეს ერთმანეთში, რომ შეასრულებდნენ; და წმინდად ჰყვეს იგი. და ასეთი იყო მათი გადაწყვეტილებები, როდესაც თათბირობდნენ ერთმანეთში ზეცისა და დედამიწის ჩამოყალიბების შესახებ.

4 და ღმერთები ჩამოვიდნენ და ჩამოაყალიბეს ზეცისა და დედამიწის წარმოშობა, როდესაც ისინი ჩამოყალიბდნენ იმ დღეს, როდესაც ზეცა და დედამიწა ღმერთებმა ჩამოაყალიბეს,

5 შესაბამისად ყოველივე იმისა, რაც მათ თქვეს მინდვრის ყოველი მცენარის შესახებ, სანამ ის გაჩნდებოდა დედამიწაზე და სანამ ყოველი მინდვრის ბალახი გაიზრდებოდა; ვინაიდან ღმერთები წვიმას არ ავლენდნენ დედამიწაზე, როდესაც გადაწყვიტეს მათი შექმნა და არ ჰყავდათ შექმნილი ადამიანი, რათა მიწა დაემუშავებინა.

6 მაგრამ ნისლი ამოვიდა მიწიდან და მორწყა მთელი ხმელეთის ზედაპირი.

7 და ღმერთებმა ადამიანი შექმნეს მიწის მტვრისგან და აიღეს მისი სული (ანუ ადამიანის სული) და ის მოათავსეს მასში; და ჩაბერეს მის ნესტოებში სიცოცხლის სუნთქვა; და ადამიანი იქცა ცოცხალ სულად.

8 და ღმერთებმა ბაღი გააშენეს ედემის აღმოსავლეთით და იქ მოათავსეს ადამიანი, რომელიც შექმნეს და რომლის სხეულსაც სული ჩაბერეს.

9 და ღმერთებმა მიწიდან აღმოაცენეს ყოველი ხე, თვალწარმტაცი და საკვებად კარგი; ასევე სიცოცხლის ხე, ბაღის შუაგულში, და ხე კეთილისა და ბოროტის შეცნობისა.

10 ედემიდან მდინარე გამოედინებოდა, ბაღის მოსარწყავად; და იქიდან ის დანაწევრდა და ოთხ ტოტად გაიყო.

11 და ღმერთებმა აიყვანეს ადამიანი და დასვეს იგი ედემის ბაღში, მის დასამუშავებლად და დასაცავად.

12 და ღმერთებმა უბრძანეს ადამიანს: ბაღის ყოველი ხიდან შეგიძლია ჭამო,

13 მაგრამ კეთილისა და ბოროტის შეცნობის ხიდან არ ჭამო, რადგან რა ჟამსაც შეჭამ ამ ხის ნაყოფს, აუცილებლად მოკვდები. ახლა, მე, აბრაამმა, ვიხილე, რომ ეს იყო უფლის ჟამთაღრიცხვით, რომელიც იყო კოლობის ჟამთაღრიცხვის მიხედვით; ვინაიდან ღმერთებს არ ჰქონდათ ადამისთვის დაწესებული მისი ჟამთაღრიცხვა.

14 და ღმერთებმა თქვეს: მოდით, შევუქმნათ კაცს შემწე, ვინაიდან არაა კარგი კაცისთვის მარტოობა, ამიტომ შევქმნათ მისთვის შესაფერისი შემწე.

15 და ღმერთებმა მოჰგვარეს ღრმა ძილი ადამს; და მას დაეძინა და მათ ამოუღეს ერთი ნეკნი და დაუფარეს ხორცით ის ადგილი;

16 და ნეკნისგან, რომელიც ღმერთებმა ამოიღეს მამაკაცისგან, შექმნეს დედაკაცი და მიუყვანეს იგი მამაკაცს.

17 და ადამმა თქვა: ეს ძვალი იყო ჩემს ძვალთაგანი და ეს ხორცი ჩემს ხორცთაგანია; ეწოდოს მას დედაკაცი, რადგან კაცისგანაა გამოღებული იგი;

18 ამიტომ, მიატოვებს კაცი თავის მამას და თავის დედას და მიეკრობა თავის მეუღლეს და იქნებიან ისინი ერთ ხორცად.

19 და იყვნენ ორივენი შიშველნი, კაცი და მისი მეუღლე და არ რცხვენოდათ.

20 და მიწისგან ღმერთებმა შექმნეს ყოველი ცხოველი მინდვრისა და ყოველი ფრინველი ცისა და მიიყვანეს ისინი ადამთან, რათა ეხილათ, რას უწოდებდა იგი მათ; და რასაც უწოდებდა ადამი ყოველ ცოცხალ არსებას, ის იქნებოდა სახელი მისი.

21 და უწოდა ადამმა სახელები ყველა პირუტყვს, ცის ფრინველთ, მინდვრის ყოველ მხეცს; და ადამისთვის იქ იყო ნაპოვნი მისი შესაფერისი შემწე.