წმინდა წერილი
მორმონის წიგნის თავფურცელი


მორმონის წიგნი

მორმონის ხელით
ფირფიტებზე დაწერილი ამბავი,
რომელიც აღებულია ნეფის ფირფიტებიდან

მაშასადამე, ეს არის ნეფის ხალხისა და ასევე ლამანიელთა ჩანაწერები შემოკლებული სახით. დაწერილია ლამანიელთათვის, რომლებიც არიან ისრაელის სახლის ნარჩენი, ასევე იუდეველთათვის და წარმართთათვის. დაწერილია მცნებების მიხედვით, ასევე წინასწარმეტყველებისა და გამოცხადების სულით. დაწერილი, ჩაბეჭდილი და უფლისათვის დაფარული, რათა არ განადგურებულიყო. მოევლინება ღვთის ძღვენითა და ძალით, რათა ითარგმნოს. ჩაბეჭდილია მორონის ხელით და დაფარულია უფლისთვის, რათა გამოჩნდეს შესაფერის დროს წარმართის მიერ. ნათარგმნია ღვთის ძღვენით.

ეფერის წიგნიდან ასევე აღებულია შემოკლებული ჩანაწერები იარედის ხალხის, რომელიც გაიფანტა იმ დროს, როდესაც უფალმა არია ადამიანთა ენები, მათ მიერ ზეცის მისაღწევად გოდოლის მშენებლობის დროს. ამან უნდა დაანახოს ისრაელის სახლის ნარჩენს, თუ რაოდენ დიადი საქმენი გააკეთა უფალმა მათი მამებისათვის, რათა შეიცნონ უფლის აღთქმები, რომ ისინი არ არიან სამუდამოდ განდევნილნი. ასევე იუდეველისა და წარმართის დასარწმუნებლად, რომ იესო არის ქრისტე, მარადიული ღმერთი, რომელიც მოევლინება ყველა ერს. და ამჟამად, თუ არის რაიმე არასწორი, ეს არის ადამიანთა შეცდომების გამო. ამიტომაც არ განკიცხოთ ღვთის საქმენი, რათა გცნონ უმწიკვლოდ ქრისტეს სამსჯავროს წინაშე.

ფირფიტებიდან ინგლისურად დედანი ითარგმნა
ჯოზეფ სმით უმცროსის მიერ.