წმინდა წერილი
წინასწარმეტყველ ჯოზეფ სმითის დამოწმება


წინასწარმეტყველ ჯოზეფ სმითის დამოწმება

წინასწარმეტყველი ჯოზეფ სმითის პირადი სიტყვები მორმონის წიგნის გამოსვლის შესახებ:

„ოცდაერთ სექტემბერს მივედი [1823 წ.] … საწოლთან დასაძინებლად, დავიწყე ლოცვა და შევევედრე ყოვლადძლიერ ღმერთს. …

იმ დროს, როდესაც შევღაღადებდი ღმერთს დავინახე, რომ ჩემი ოთახი აივსო სინათლით, რომლის სიკაშკაშე თანდათან ძლიერდებოდა, იქამდე, სანამ მთელი ოთახი შუადღის სინათლეზე ძლიერად არ განათდა და ამასობაში საწოლთან გაჩნდა ადამიანი, რომელიც იდგა ჰაერში, ვინაიდან მისი ფეხები არ ეხებოდა იატაკს.

იგი შემოსილი იყო განსაკუთრებული სიქათქათის სამოსელით. ეს იყო სითეთრე, რომლის მსგავსიც მიწაზე არასდროს არაფერი არ მინახავს. მწამს, რომ რაიმე მიწიერს არ შეეძლო, ჰქონოდა ასეთი განსაკუთრებული სითეთრე და სიკაშკაშე. ხელის გულები და მაჯის ზედა ნაწილი ჰქონდა შიშველი, ისევე როგორც ფეხები კოჭების ცოტა ზემოთ. თავი და კისერიც არ ჰქონდა დაფარული. მე შემეძლო დამენახა, რომ სხვა არაფერი სამოსელი არ ეცვა მანტიის გარდა, რადგან ის შეხსნილი ჰქონდა და მკერდი მოუჩანდა.

არა მარტო სამოსელი იყო არაჩვეულებრივი სითეთრის, არამედ მისი გარეგნობაც იყო დიდებული, რომლის აღწერაც შეუძლებელია და სახის იერი ჰქონდა ვითარცა ელვა. ოთახი ძალზედ განათებული იყო, მაგრამ ისე არა, როგორც უშუალოდ მის გარშემო. როდესაც პირველად შევხედე, შემეშინდა, მაგრამ მალე შიში გამიქრა.

მან მომმართა სახელით და მითხრა, რომ იგი ღვთის გარემოცვიდან ჩემთან გამოგზავნილი მაცნე იყო და მისი სახელი იყო მორონი; რომ ღმერთს ჩემთვის ჰქონდა საქმე, რომელიც უნდა გამეკეთებინა; და რომ ჩემი სახელი იქნებოდა ცნობილი კეთილად და ბოროტად ყოველ ერში, ტომსა და ენაში ანუ მოიხსენიებენ მას ყველა ხალხთა შორის, კეთილად და ბოროტად.

მან მითხრა დამალული წიგნის შესახებ, რომელიც დაწერილი იყო ოქროს ფირფიტებზე, რომელშიც აღწერილი იყო ამ კონტინენტის ყოფილ მცხოვრებთა ამბავი და მათი წარმოშობის ადგილი. ასევე მითხრა, რომ ის მოიცავდა მარადიული სახარების სისრულეს, იმ სახით რა სახითაც მხსნელმა ის უბოძა უძველეს მცხოვრებთ.

ფირფიტებთან ერთად ასევე დამალული იყო ორი ქვა ვერცხლის ჩარჩოში და ეს ქვები, მიმაგრებული სამკერდულზე, წარმოადგენდა იმას, რასაც ეძახიან ურიმს და თუმიმს; და ისინი, ვინც ფლობდნენ და ხმარობდნენ ამ ქვებს წარსულში ანუ უძველეს დროს, ხდებოდნენ ‘წინასწარმჭვრეტელნი’ და ღმერთმა მოამზადა ეს ქვები წიგნის გადასათარგმნად. …

შემდეგ მითხრა, რომ როდესაც მივიღებდი მის მიერ ნახსენებ ფირფიტებს – ვინაიდან მათ მისაღებად ჯერ არ იყო შესაფერისი დრო – მე არავისთვის არ უნდა მეჩვენებინა არც ფირფიტები და არც სამკერდული ურიმით და თუმიმით, მათ გარდა, ვისთვისაც ამის ჩვენებას უფალი მიბრძანებდა, წინააღმდეგ შემთხვევაში განადგურებულ ვიქნებოდი. როდესაც ის მესაუბრებოდა ამ ფირფიტებზე, ხილვა მივიღე გონებაში, ისე, რომ დავინახე ადგილი, სადაც ფირფიტები იყო დამალული, თანაც ისე ნათლად და მკაფიოდ, რომ მე ვიცანი ეს ადგილი, როდესაც იქ მივედი.

ამ საუბრის შემდეგ შევნიშნე, რომ ოთახში სინათლემ უმალვე იწყო მის გარშემო შემოკრება, ვინც მესაუბრებოდა და ასე გრძელდებოდა, სანამ ოთახში კვლავ არ დაბნელდა და სინათლე მხოლოდ მის გარშემო ანათებდა; შემდეგ, უცბად დავინახე, თითქოს მის თავზედ ზეცაში გაიხსნა ასასვლელი რომელშიც იგი ადიოდა, სანამ მთლიანად არ გაქრა და ოთახი გახდა ისეთი, როგორიც იყო მანამდე, ზეციური სინათლის გამოჩენამდე.

ვიწექი და ვფიქრობდი ამ უცნაურ მოვლენაზე და ძალზედ გაოცებული ვიყავი იმით, რაც მითხრა ამ განსაკუთრებულმა მაცნემ. მაშინ, როდესაც ვიყავი ჩემს ფიქრებში უცბად შევამჩნიე, რომ ოთახი კვლავ ივსებოდა სინათლით და უცბად, იგივე მაცნე, კვლავ გამომეცხადა საწოლთან.

მან დაიწყო და კვლავ გაიმეორა ზუსტად იგივე, რაც მანამდე თქვა, პირველი გამოცხადებისას, ყოველგვარი ცვლილებების გარეშე და ამის შემდეგ შემატყობინა დიდი სასჯელის შესახებ, რომელიც დედამიწაზე მოვიდოდა შიმშილით, მახვილითა და ჭირით, რომ ეს მძიმე სასჯელი მოვიდოდა დედამიწაზე ამ თაობის ჟამს. თქვა რა ყოველივე ეს, იგი კვლავ ამაღლდა ისე, როგორც მანამდე.

ამ დროისთვის იმდენად ძლიერი შთაბეჭდილების ქვეშ ვიყავი, რომ სულ გამიქრა ძილი, ვიწექი გრძნობებით აღსავსე და განცვიფრებული იმით, რაც ვიხილე და გავიგე, მაგრამ როგორი იყო ჩემი გაოცება, როდესაც კვლავ გამომეცხადა იგივე მაცნე საწოლთან და მოვისმინე, როგორ გაიმეორა იგივე და გამაფრთხილა, რომ სატანა შეეცდებოდა ჩემ შეცდენას, რათა მიმეთვისებინა ეს ფირფიტები და მათი მეშვეობით გავმდიდრებულიყავი (ვინაიდან მამაჩემის ოჯახი იმყოფებოდა მძიმე მატერიალურ პირობებში). ამის გაკეთება მან ამიკრძალა და მითხრა, რომ ფირფიტების მისაღებად არ უნდა მქონოდა არანაირი სხვა მიზანი, გარდა ღვთის დიდებისა, რომ მისი სასუფევლის შენების სურვილის გარდა არ უნდა ვყოფილიყავი რაიმე სხვა გავლენის ქვეშ, თორემ ვერ მივიღებდი მათ.

ამ მესამე ვიზიტის შემდეგ იგი კვლავ ამაღლდა ზეცად, როგორც მანამდე და კვლავ მარტო დავრჩი ჩაფიქრებული იმ უცნაურ მოვლენაზე, რაც განვიცადე; და მაშინ, თითქმის დაუყოვნებლივ, როდესაც მესამედ მოვლენილი ზეციური მაცნე ამაღლდა, დაიყივლა მამალმა და დავინახე, რომ გათენებულიყო. გამოდის, რომ ეს საუბრები მთელი ღამე გრძელდებოდა.

ცოტა ხნის შემდეგ ავდექი საწოლიდან და ჩვეულებისამებრ წავედი, როგორც ყოველთვის, ყოველდღიური სამუშაოს შესასრულებლად; მაგრამ, როგორც კი საქმეს შევუდექი, ვიგრძენი ისეთი დაღლილობა, რომ საერთოდ ვერ ვაკეთებდი ვერაფერს. მამაჩემმა, რომელიც გვერდზე მუშაობდა, შემატყო, რომ ვერ ვიყავი კარგად, მითხრა, სახლში წავსულიყავი. მე გავეშურე სახლისაკენ, მაგრამ როდესაც ვცდილობდი მინდორთან ღობეზე გადაძრომას, ძალა გამომეცალა და უგონოდ დავეცი მიწაზე; და ასე უგონოდ ვიწექი გარკვეული დროის განმავლობაში.

პირველი, რაც შემიძლია გავიხსენო არის ხმა, რომელმაც სახელით მომმართა. ავიხედე და აჰა, კვლავ იგივე მაცნე იდგა ჩემს თავზედ ისე, როგორც მანამდე, სინათლით გაბრწყინებული. მან კვლავ გაიმეორა იგივე, რაც მანამდე მითხრა გასულ ღამეს და მიბრძანა, მივსულიყავი მამაჩემთან და მეთქვა ჩემი ხილვისა და ბრძანებების შესახებ, რომელნიც მივიღე.

მე დავემორჩილე, დავბრუნდი მამაჩემთან მინდორში და ყველაფერი მოვუყევი. მან მიპასუხა, რომ ყოველივე ეს ღვთისაგან იყო და მითხრა, წავსულიყავი და გამეკეთებინა ყველაფერი, როგორც მაცნემ მიბრძანა. წამოვედი მინდვრიდან და გავეშურე იმ ადგილისკენ, სადაც მაცნეს სიტყვებით ინახებოდა ფირფიტები და რადგან იმ ადგილის შესახებ ნანახი ხილვა იმდენად მკაფიო იყო, ის მისვლისთანავე ვიცანი.

სოფელ მანჩესტერთან ახლოს, ონტარიოს ოლქში, ნიუ-იორკის შტატი, მდებარეობს საკმაოდ დიდი გორაკი, ყველაზე დიდი, რაც კი მის გარშემოა. ამ გორაკის დასავლეთ მხარეს, მწვერვალთან ახლოს, საკმაოდ დიდი ქვის ქვეშ, იდო ქვის ყუთში მოთავსებული ფირფიტები. ეს ქვა იყო დიდი და შუაში გამობერილი, ხოლო ნაპირებისკენ თხელდებოდა და მიწით იყო დაფარული ისე, რომ მარტო ქვის შუა ნაწილი მოჩანდა, გარშემო ნაპირები კი მიწით იყო დაფარული.

ქვას მიწა მოვაცილე, ავიღე ჯოხი, ქვას ქვემოდან ამოვუდე და მცირე ძალისხმევით ავწიე. როდესაც შიგ ჩავიხედე, იქ ნამდვილად ვიხილე ფირფიტები, ურიმი და თუმიმი და სამკერდული, ისე როგორც მაცნემ მითხრა. ყუთი, რომელშიც ისინი ელაგა, იყო ქვის და შეკრული რაღაც დუღაბით. ყუთის ფსკერზე იდო ჯვარედინად ორი ქვა და ამ ქვებზე ელაგა ფირფიტები და ასევე სხვა ნივთები.

მე შევეცადე ისინი ამომეღო, მაგრამ მაცნემ ამიკრძალა და კვლავ შემატყობინა, რომ მათი მიღების დრო ჯერ არ დამდგარა და არ დადგებოდა, სანამ ამ დღიდან ოთხი წელი არ გავიდოდა. მან ასევე მითხრა, რომ უნდა მოვსულიყავი ამ ადგილზე ზუსტად ერთი წლის შემდეგ და იგი აქ შემხვდებოდა; და ასე უნდა მოვქცეულიყავი, სანამ ფირფიტების მიღების დრო არ დადგებოდა.

იმისდა მიხედვით როგორც მიბრძანა, ყოველი წლის ბოლოს მივდიოდი იმ ადგილზე და ყოველთვის იქ მხვდებოდა იგივე მაცნე; და ყოველი ჩვენი შეხვედრისას ვიღებდი მისგან დარიგებასა და ცოდნას იმაზე, თუ რას გააკეთებდა უფალი, როგორი და რანაირი იქნებოდა მისი სასუფევლის მართვა ბოლო დღეებში. …

ბოლოს დადგა დრო, როდესაც უნდა ამეღო ფირფიტები, ურიმი და თუმიმი და სამკერდული. ათას რვაას ოცდაშვიდი წლის ოცდაორ სექტემბერს, ჩვეულებისამებრ, წლის ბოლოს, მივედი იმ ადგილზე, სადაც ისინი იდო და იმავე ზეციურმა მაცნემ გადმომცა ისინი შემდეგი ბრძანებით, რომ მათზე პასუხისმგებელი ვიყავი და თუ დაუდევრად მოპყრობის ან უყურადღებობის გამო მათ ხელიდან გავუშვებდი – მოკვეთილი ვიქნებოდი, მაგრამ თუ მთელი ძალისხმევით მათ დავიცავდი და მოვუფრთხილდებოდი იქამდე, სანამ მაცნე არ მოვიდოდა მათთვის, ისინი დაცული იქნებოდა.

მალე მივხვდი, თუ რატომ მივიღე ასეთი მკაცრი ბრძანება მათ უსაფრთხოდ შენახვაზე და რატომ მითხრა მაცნემ, რომ როდესაც ყველაფერს გავაკეთებდი რაც მე მომეთხოვებოდა, იგი დაბრუნდებოდა მათ წასაღებად, რადგან როგორც კი გახდა ცნობილი, რომ მე მქონდა ისინი, ძალზედ სერიოზულად შეეცადნენ, ისინი ჩემგან წაეღოთ. ყოველნაირი ხრიკები იქნა გამოყენებული, რისი მოფიქრებაც კი შეიძლებოდა იმისათვის, რომ თავიანთი მიზნისათვის მიეღწიათ. დევნა უფრო გამძაფრდა და გახდა დაუნდობელი; და მრავალი ადამიანი განუწყვეტლივ ეძებდა ჩემგან ფირფიტების დაუფლების შესაძლებლობას. მაგრამ, ღვთის სიბრძნით, ისინი უსაფრთხოდ იყო ჩემს ხელში, სანამ მათი მეშვეობით არ შევასრულე ყველაფერი, რაც მომეთხოვებოდა. როდესაც, დაპირებისამებრ, მაცნე მოვიდა მათ წასაღებად, მე ისინი გადავეცი და ფირფიტები დღემდე მასთან არის ანუ ათას რვაას ოცდათვრამეტი წლის მაისის მეორე დღეს.“

მთლიანი ტექსტისათვის, იხილეთ ჯოზეფ სმითის ისტორია ძვირფას მარგალიტში.

ეს უძველესი ჩანაწერები, მოწვდენილი მიწიდან, როგორც მტვრიდან მოსაუბრე ხალხის ხმა, გადათარგმნილი თანამედროვე ენაზე ღვთის ძღვენითა და ძალით, როგორც ეს დადასტურებულია ღვთიური დამოწმებით, გამოცემულ იქნა ამქვეყნად ინგლისურ ენაზე 1830 წელს, როგორც The Book of Mormon.