სამი მოწმის დამოწმება
ცნობილი იყოს ყველა ერის, ტომის, ენისა და ხალხისათვის, ვისთანაც მივა ეს ნაშრომი, რომ ჩვენ, მამა ღმერთისა და ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს, მადლით, ვიხილეთ ეს ფირფიტები, რომელნიც მოიცავს ჩანაწერებს. ჩანაწერები, რომლებიც არის ნეფის ხალხის შესახებ, ასევე მათ ძმებზე, ლამანიელებზე, ასევე იარედის ხალხზე, რომელიც მოვიდა გოდოლიდან, რომელზეც უკვე ითქვა. ჩვენ ასევე ვიცით, რომ ისინი ითარგმნა ღვთის ძღვენითა და ძალით, ვინაიდან ეს გვაუწყა მისმა ხმამ. ამიტომ, ნამდვილად ვიცით, რომ ეს საქმე არის ჭეშმარიტი. ასევე ვმოწმობთ, რომ ვიხილეთ ამოტვიფრული გრავიურები ფირფიტებზე და ისინი ვიხილეთ ღვთის და არა ადამიანის ძალით. ჩვენ ვაცხადებთ საყოველთაოდ, რომ ღვთის ანგელოზი ჩამოვიდა ზეციდან, მოიტანა ეს ფირფიტები და დადო ჩვენ თვალწინ, რათა გვეხილა ფირფიტები და მათზე გრავიურები. ვიცით, რომ ყოველივე ეს ვიხილეთ ჩვენი მამა ღმერთისა და უფალი იესო ქრისტეს მადლით და ვართ მოწმენი, რომ ყოველივე ეს არის ჭეშმარიტება. და ეს არის საოცრება ჩვენს თვალში. მიუხედავად ამისა, უფლის ხმამ გვიბრძანა, ვყოფილიყავით ამის მოწმენი და ამიტომ, იმისათვის, რომ ვიყოთ ღვთის ბრძანების მორჩილნი, ჩვენ ვმოწმობთ ყოველივე ამას. და ვიცით, რომ თუ ვიქნებით ქრისტეში ერთგულნი, ამით განვწმენდთ ჩვენს სამოსს ყოველი ადამიანის სისხლისაგან და გვცნობენ უმწიკვლოდ ქრისტეს სამსჯავროს წინაშე და მასთან ვიცხოვრებთ ზეცაში სამარადისოდ. დაე, იყოს დიდება მამისა და ძისა და სულიწმინდისა, რომელიც არის ერთი ღმერთი. ამინ.
ოლივერ ქაუდერი
დევიდ ვიტმერი
მარტინ ჰარისი