იაკობის წიგნი
ნეფის ძმისა
მისი ქადაგების სიტყვები თავისი ძმებისათვის. იგი შემუსრავს ადამიანს, რომელიც ცდილობს ქრისტეს მოძღვრების დამხობას. რამდენიმე სიტყვა ნეფის ხალხის ისტორიის შესახებ.
თავი 1
იაკობი და იოსები ცდილობენ დაარწმუნონ ადამიანები, იწამონ ქრისტე და დაიცვან მისი მცნებები. ნეფი კვდება. სიბოროტე ვრცელდება ნეფიელთა შორის. დაახლოებით 544–421 წწ. ჩვენს წელთაღრიცხვამდე.
1 რადგან, აჰა, იყო ასე, რომ გავიდა ორმოცდათხუთმეტი წელი, რაც ლეხიმ დატოვა იერუსალიმი, ამიტომ ნეფიმ მომცა მე, იაკობს, ბრძანება პატარა ფირფიტების შესახებ, რომლებზეც ეს სიტყვები არის ამოტვიფრული.
2 და მე, იაკობს, მომცა ბრძანება, დამეწერა ამ ფირფიტებზე მცირედი რამ იმაზე, რაც მიმაჩნია ყველაზე ღირებულად; და თუ შევეხებოდი, მხოლოდ მოკლედ, ამ ხალხის ისტორიას, რომელთაც ნეფის ხალხი ეწოდებათ.
3 რადგან მან თქვა, რომ მისი ხალხის ისტორია უნდა იყოს ამოტვიფრული მის სხვა ფირფიტებზე, რომ მე უნდა შევინახო ეს ფირფიტები და გადავცე ისინი ჩემს შთამომავლობას, თაობიდან თაობაზე.
4 და თუ იქნებოდა წმინდა ქადაგება, ან დიდი გამოცხადება, ან წინასწარმეტყველება, მე ეს უნდა ამომეტვიფრა ამ ფირფიტების მთავარ ნაწილზე და შევხებოდი მათ, რამდენადაც შესაძლებელი იქნებოდა, ქრისტესა და ჩემი ხალხისათვის.
5 რადგან რწმენისა და დიდი ზრუნვის გამო, ჩვენ ჭეშმარიტად გვამცნეს ჩვენი ხალხის შესახებ, თუ რა მოუვა მათ.
6 და ჩვენ ასევე გვქონდა მრავალი გამოცხადება და დიდი წინასწარმეტყველების სული და ამიტომ ჩვენ ვიცოდით ქრისტესა და მისი სასუფევლის შესახებ, რომელიც მოვა.
7 ამიტომ, ჩვენ ბეჯითად ვშრომობდით ჩვენს ხალხს შორის, რათა შეგვძლებოდა დაგვერწმუნებინა ისინი, ქრისტესთან მოსულიყვნენ და ეგემათ ღვთის სიკეთე, რათა შესულიყვნენ მის სავანეში, რომ არავითარ შემთხვევაში არ დაეფიცა მას მრისხანებაში, რომ ვერ შევიდოდნენ ისინი იქ, როგორც გამოწვევისას, ცდუნების ჟამს, როდესაც ისრაელის შვილები უდაბნოში იყვნენ.
8 ამიტომ, ჩვენ ვევედრებოდით ღმერთს, რომ დაგვერწმუნებინა ყოველი ადამიანი, არ აჯანყებულიყო ღმერთის წინააღმდეგ, რათა არ გამოეწვია მისი რისხვა, რომ ყველა ადამიანმა იწამოს ქრისტე და დაფიქრდეს მის სიკვდილზე და ატაროს მისი ჯვარი და აიტანოს ამა ქვეყნის სირცხვილი; ამიტომ, მე, იაკობი, საკუთარ თავზე ვიღებ ჩემი ძმის, ნეფის, ბრძანებების შესრულებას.
9 ახლა, ნეფიმ იგრძნო თავისი სიბერე და იხილა, რომ მალე უნდა გარდაიცვალოს; ამიტომ მან სცხო ზეთი ერთ ადამიანს, რათა ყოფილიყო იგი მისი ხალხის მეფე და მმართველი, შესაბამისად მეფეთა მმართველობისა.
10 ხალხს ძალზედ შეუყვარდა ნეფი, რადგან ის იყო მათთვის დიდი მფარველი, ლაბანის მახვილის მფლობელი მათ დასაცავად; და მთელი თავისი დღენი მშრომელი მათი კეთილდღეობისთვის –
11 ამიტომ, ხალხმა ისურვა, რომ შემოენახათ მისი სახელი მეხსიერებაში. ამიტომ, ვინც კი მეფობდა მის შემდეგ, ხალხი მას უწოდებდა მეორე ნეფის, მესამე ნეფის და ასე შემდეგ, მეფეთა მმართველობის შესაბამისად; და ასე უწოდებდა ხალხი მათ, რა სახელიც არ უნდა რქმეოდათ.
12 და იყო ასე, რომ ნეფი მოკვდა.
13 ამგვარად, ხალხი, რომელნიც არ იყვნენ ლამანიელები, იყვნენ ნეფიელები; მიუხედავად ამისა, ისინი მოიხსენიებოდნენ, როგორც ნეფიელები, იაკობიელები, იოსებიელები, ზორამიელები, ლამანიელები, ლემუელიელები და ისმაელიელები.
14 მაგრამ მე, იაკობი, აღარ გამოვარჩევ მათ ამ სახელებით, მაგრამ ვუწოდებ ლამანიელებს მათ, რომლებიც ცდილობენ ნეფის ხალხის განადგურებას და მათ, რომლებიც არიან მეგობრულად განწყობილნი ნეფის მიმართ, ვუწოდებ ნეფიელებს ანუ ნეფის ხალხს, მეფეთა მმართველობის შესაბამისად.
15 და ახლა, იყო ასე, რომ ნეფის ხალხმა, მეორე მეფის მმართველობისას, დაიწყო გულის გაქვავება და ნაწილობრივ მიეცნენ ბოროტ ჩვევებს, მსგავსად ძველი დროის დავითისა, რომელიც იყო მრავალი ცოლისა და ხარჭების მოსურნე და ასევე სოლომონისა – მისი შვილისა.
16 დიახ, და მათ ასევე დაიწყეს ბევრი ოქროსა და ვერცხლის ძებნა; და დაიწყეს აღზევება ამპარტავნობით.
17 ამიტომ, მე, იაკობმა, გამოვუცხადე მათ ეს სიტყვები, როდესაც ტაძარში ვასწავლიდი, მივიღე რა, უფლისგან ჩემი დავალება.
18 რადგან მე, იაკობი, და ჩემი ძმა, იოსები, ნეფიმ გვაკურთხა ამ ხალხის მღვდლებად და მასწავლებლებად.
19 და ჩვენ ვადიდებდით ჩვენს რწმუნებულებას უფლისადმი, ვიღებდით რა პასუხისმგებლობას და თავით ვაგებდით პასუხს ამ ხალხის ცოდვებზე, თუ არ ვასწავლიდით მათ ღვთის სიტყვას მთელი სიბეჯითით; ამიტომ, ვშრომობდით მთელი ჩვენი ძალით, რათა მათი სისხლი არ გადმოსულიყო ჩვენს სამოსელზე; წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი სისხლი გადმოვიდოდა ჩვენს სამოსელზე და ვერ გვცნობდნენ უმწიკვლოდ უკანასკნელ დღეს.