წმინდა წერილი
იაკობი 5


თავი 5

იაკობი ახდენს ზენოსის ციტირებას, ბაღისა და ველური ზეთისხილის ხეებთან ალეგორიულ მიმართებაში. ისინი განასახიერებენ ისრაელსა და წარმართებს. მოასწავებენ ისრაელის გაფანტვასა და შეკრებას. მოიხსენიებიან ნეფიელები, ლამანიელები და მთლიანად ისრაელის სახლი. წარმართნი დაემყნობიან ისრაელს. ვენახი საბოლოოდ დაიწვება. დაახლოებით 544–421 წწ. ჩვენს წელთაღრიცხვამდე.

1 აჰა, ჩემო ძმებო, აღარ გახსოვთ, თუ როგორ კითხულობდით წინასწარმეტყველი ზენოსის სიტყვებს, რომლებითაც მან მიმართა ისრაელის სახლს:

2 ყური დამიგდე, ისრაელის სახლო და გაიგე ჩემი, უფლის წინასწარმეტყველის, სიტყვები.

3 რადგან, აჰა, ასე ამბობს უფალი: მე შეგადარებ, ისრაელის სახლო, ბაღის ზეთისხილის ხეს, რომელიც ადამიანმა აიღო და ვენახში გააპოხიერა; და ის გაიზარდა და დაბერდა და დაიწყო ლპობა.

4 და იყო ასე, რომ გამოვიდა ვენახის პატრონი და დაინახა, რომ მისმა ზეთისხილის ხემ ლპობა დაიწყო; და თქვა: გავსხლავ მას და შემოვუბარავ; და გავაპოხიერებ მას და იქნებ ამოხეთქოს ახალი და ნაზი ყლორტები და არ დაიღუპოს.

5 და იყო ასე, რომ მან გასხლა ის და შემოუბარა და აპოხიერებდა საკუთარი სიტყვისამებრ.

6 და იყო ასე, რომ მრავალი დღის შემდეგ მან დაიწყო რამდენიმე ახალი და ნაზი ყლორტის ამოყრა, მაგრამ, აჰა, მისმა მთავარმა რტომ დაიწყო გახმობა.

7 და იყო ასე, რომ ვენახის პატრონმა ეს დაინახა და თავის მსახურს უთხრა: ამ ხის დაკარგვა მაღონებს, ამიტომ მიდი, ყლორტები მოამტვრიე ველურ ზეთისხილის ხეს და აქ მომიტანე; და ჩვენ მოვამტვრევთ იმ მთავარ ყლორტებს, რომლებიც იწყებს გახმობას და ჩავყრით ცეცხლში დასაწვავად.

8 და აჰა, ამბობს ვენახის პატრონი: მე ავიღებ ამ ახალგაზრდა და ნაზი ყლორტებიდან ბევრს და დავამყნობ იქ, სადაც მომესურვება; და არ აქვს მნიშვნელობა, თუ მოხდება ისე, რომ ამ ხის ფესვები დაიღუპება, მე შევძლებ ჩემთვის მისი ნაყოფის გადარჩენას; ამიტომ, ავიღებ ამ ახალგაზრდა და ნაზ ყლორტებს და დავამყნობ იქ, სადაც მომესურვება.

9 აიღე ველური ზეთისხილის ხის ყლორტები და დაამყნე ისინი ამათ ადგილას; და ამათ, რომლებიც მოვამტვრიე, ცეცხლში ჩავყრი და დავწვავ, რათა ჩემი ვენახის მიწა არ დაიკავონ.

10 და იყო ასე, რომ ვენახის პატრონის მსახური მოიქცა ვენახის პატრონის სიტყვის თანახმად და დაამყნო ველური ზეთისხილის ხის ყლორტები.

11 და ვენახის პატრონმა იზრუნა იმაზედ, რომ შემოებარათ და გაესხლათ და გაეპოხიერებინათ ის, ეუბნებოდა რა თავის მსახურს: მე მაღონებს ამ ხის დაკარგვა; ამიტომ, მისი ფესვების გადასარჩენად, რომ არ დაღუპულიყვნენ და შემძლებოდა მათი ჩემთვის გადარჩენა, ასე მოვიქეცი.

12 ამიტომ, ასე გააგრძელე; მიხედე ხეს და გააპოხიერე ჩემი სიტყვების თანახმად.

13 და ამათ მე მოვათავსებ ჩემი ვენახის ყველაზე მოშორებულ ადგილზე, სადაც მომესურვება და შენთვის ამას არ აქვს მნიშვნელობა; და ამას ვაკეთებ, რათა ჩემთვის გადავარჩინო ამ ხის ბუნებრივი ყლორტები; ასევე, რათა ჩემთვის მოვიმარაგო მისი ნაყოფი საჭირო დრომდე; რადგან მაღონებს ამ ხის და მისი ნაყოფის დაკარგვა.

14 და იყო ასე, რომ ვენახის პატრონმა გააგრძელა მისებურად და დამალა ბაღის ზეთისხილის ხის ბუნებრივი ყლორტები ვენახის ყველაზე მოშორებულ ადგილას; ზოგი ერთ ადგილას და ზოგი მეორე ადგილას, თავისი ნებისა და სურვილის შესაბამისად.

15 და იყო ასე, რომ დიდმა დრომ გაიარა და ვენახის პატრონმა უთხრა თავის მსახურს: მოდი წავიდეთ ვენახში, რათა ვიმუშაოთ ვენახში.

16 და იყო ასე, რომ ვენახის პატრონი და მისი მსახურიც წავიდნენ ვენახში სამუშაოდ. და იყო ასე, რომ მსახურმა უთხრა თავის პატრონს: აჰა, აქეთ მოიხედე, ამ ხეს შეხედე.

17 და იყო ასე, რომ ვენახის პატრონმა შეხედა და იხილა ხე, რომელზეც დამყნობილი იყო ველური ზეთისხილის ხის ყლორტები; და ის აყვავებულიყო და ნაყოფის მოსხმაც დაეწყო. და მან იხილა, რომ ის კარგი იყო და მისი ნაყოფი იყო, როგორც ბუნებრივი ნაყოფი.

18 და მან უთხრა თავის მსახურს: აჰა, ველური ხის ყლორტებმა მიიღო მისი ფესვების სინოტივე, ამგვარად, მისმა ფესვმა მისცა დიდი ძალა; და მისი ფესვის დიდი ძალის გამო, ველურმა ყლორტებმა მოისხეს ბაღის ნაყოფი. ახლა, ჩვენ რომ არ დაგვემყნო ეს ყლორტები, მათი ხე დაიღუპებოდა. და ახლა, აჰა, მე მოვიმარაგებ ბლომად ნაყოფს, რომელიც ამ ხემ მოისხა; და მის ნაყოფს ჩემთვის მოვიმარაგებ საჭირო დრომდე.

19 და იყო ასე, რომ ვენახის პატრონმა უთხრა მსახურს: მოდი, მივიდეთ ვენახის ყველაზე მოშორებულ ადგილზე და ვნახოთ, ამ ხის ბუნებრივმა ყლორტებმა თუ მოისხა ბევრი ნაყოფი, რათა ჩემთვის მოვიმარაგო მისი ნაყოფი საჭირო დრომდე.

20 და იყო ასე, რომ ისინი მივიდნენ იქ, სადაც პატრონმა დამალა ხის ბუნებრივი ყლორტები და მან უთხრა მსახურს: შეხედე მათ; და მან იხილა, რომ პირველმა მოისხა ბევრი ნაყოფი და ასევე დაინახა, რომ ნაყოფი იყო კარგი. და მან უთხრა მსახურს: მოკრიფე ნაყოფი და მოიმარაგე საჭირო დრომდე, რათა ჩემთვის შევინახო; რადგან, აჰა, – თქვა მან, მე მას დიდი ხანი ვაპოხიერებდი და მან ბევრი ნაყოფი მოისხა.

21 და იყო ასე, რომ მსახურმა უთხრა თავის პატრონს: ან ამ ხის ჩასარგავად რატომ მოხვედი აქ და ან ამ ხის ყლორტის? რადგან, აჰა, ეს იყო შენი ვენახის მიწის ყველაზე ცუდი ადგილი.

22 და ვენახის პატრონმა უთხრა მას: რჩევას ნუ მაძლევ; მე ვიცოდი, რომ ეს იყო მიწის ცუდი ადგილი; ამიტომაც გითხარი, რომ მას დიდი ხანი ვაპოხიერებდი და შენ ხედავ, რომ მან ბევრი ნაყოფი მოისხა.

23 და იყო ასე, რომ ვენახის პატრონმა უთხრა თავის მსახურს: აქეთ მოიხედე; აჰა, მე ჩავრგე ხის მეორე ყლორტი; და შენ იცი, რომ მიწის ეს ნაკვეთი პირველზე უარესი იყო. მაგრამ, შეხედე ხეს. მე ისე დიდ ხანს ვაპოხიერებდი მას და მან მოისხა ბევრი ნაყოფი, ამიტომ შეაგროვე ის და მოიმარაგე საჭირო დრომდე, რომ შევინახო ის ჩემთვის.

24 და იყო ასე, რომ ვენახის პატრონმა კვლავ უთხრა თავის მსახურს: აქეთ მოიხედე და იხილე სხვა ყლორტიც, რომელიც ჩავრგე; აჰა, ამას ასევე ვაპოხიერებდი; და მანაც მოისხა ნაყოფი.

25 და მან უთხრა მსახურს: აქეთ მოიხედე და ნახე ბოლო ყლორტი. აჰა, ეს ჩავრგე მიწის კარგ ადგილას; და დიდ ხანს ვაპოხიერებდი და მხოლოდ ხის ნაწილმა მოისხა ბაღის ნაყოფი და ხის დანარჩენმა ნაწილმა მოისხა ველური ნაყოფი; აჰა, ამ ხეს ვაპოხიერებდი ისე, როგორც სხვებს.

26 და იყო ასე, რომ ვენახის პატრონმა უთხრა მსახურს: მოამტვრიე ის ყლორტები, რომლებმაც არ მოისხა კარგი ნაყოფი და ცეცხლში ჩაყარე.

27 მაგრამ, აჰა, მსახურმა უთხრა მას: მოდი გავსხლათ და შემოვუბაროთ და ვაპოხიეროთ ცოტა უფრო დიდი ხნით, და იქნებ მან კარგი ნაყოფი მოისხას შენთვის, რომ შეძლო მისი საჭირო დრომდე მომარაგება.

28 და იყო ასე, რომ ვენახის პატრონი და მისი მსახური აპოხიერებდნენ ვენახის ყველანაირ ხეხილს.

29 და იყო ასე, რომ ბევრი დრო გავიდა; და ვენახის პატრონმა უთხრა თავის მსახურს: მოდი, წავიდეთ ვენახში, რომ კვლავ ვიმუშაოთ ვენახში. რადგან, აჰა, ახლოვდება დრო და მალე დასასრული მოვა; ამიტომ, მე ჩემთვის უნდა მოვიმარაგო ნაყოფი საჭირო დრომდე.

30 და იყო ასე, რომ ვენახის პატრონი და მისი მსახური ჩავიდნენ ვენახში და მივიდნენ ხესთან, რომელსაც ბუნებრივი ყლორტები ჰქონდა მომტვრეული და დამყნობილი ჰქონდა ველური ყლორტები; და აჰა, ის ხე იყო დახუნძლული ყველანაირი სახის ნაყოფით.

31 და იყო ასე, რომ ვენახის პატრონმა გასინჯა ყველა ჯიშის ნაყოფი მისი რაოდენობის მიხედვით; და ვენახის პატრონმა თქვა: აჰა, ასე დიდ ხანს ვაპოხიერებდით ამ ხეს და მე მოვიმარაგე ჩემთვის ბევრი ნაყოფი საჭირო დრომდე.

32 მაგრამ, აჰა, ამჯერად მან მოისხა ბევრი ნაყოფი, მაგრამ მათ შორის არცერთი არ არის კარგი. და აჰა, აქ არის ყველანაირი ცუდი ნაყოფი; და არ მოაქვს არანაირი სარგებელი, მთელი ჩვენი შრომის მიუხედავად; და ახლა მაღონებს ამ ხის დაკარგვა.

33 და ვენახის პატრონმა უთხრა მსახურს: რა გავუკეთოთ ამ ხეს, რომ კვლავ მოვიმარაგო მისი კარგი ნაყოფი ჩემთვის?

34 და მსახურმა უთხრა თავის პატრონს: აჰა, რადგან შენ დაამყნე ველური ზეთისხილის ხის ყლორტები, მათ გააპოხიერეს ფესვები, ამიტომ ისინი ცოცხალია და არ დაიღუპნენ; ამიტომ, შენ ხედავ, რომ ისინი ჯერ კიდევ ვარგისნი არიან.

35 და იყო ასე, რომ ვენახის პატრონმა უთხრა თავის მსახურს: ეს ხე მე არაფრით არ მახეირებს და მის ფესვებსაც არ მოაქვთ ჩემთვის არანაირი ხეირი იქამდე, სანამ ცუდ ნაყოფს ისხამს.

36 მიუხედავად ამისა, მე ვიცი, რომ ფესვები კარგია და ჩემი საკუთარი მიზნისთვის შევინახე ისინი; და მათი დიდი ძალის გამო, მათ ველური ყლორტებისგან აქამდე კარგი ნაყოფი გამოჰქონდათ.

37 მაგრამ, აჰა, ველური ყლორტები გაიზარდა და დაჩაგრეს მისი ფესვები; და იმის გამო, რომ ველურმა ყლორტებმა გამოფიტეს მისი ფესვები, ის ისხამდა ბევრ ცუდ ნაყოფს; და რადგან ის ისხამდა ასეთ ბევრ ცუდ ნაყოფს შენ ხედავ, რომ მან დაიწყო კვდომა; და მალე გახმება, რომ შემდეგ შესაძლებელი გახდეს მისი ცეცხლში ჩაგდება, თუ რამეს არ გავაკეთებთ მის გადასარჩენად.

38 და იყო ასე, რომ ვენახის პატრონმა უთხრა თავის მსახურს: მოდი, მივიდეთ ვენახის ყველაზე მოშორებულ ადგილზე და ვიხილოთ ბუნებრივი ყლორტები, მათაც მოისხეს თუ არა უვარგისი ნაყოფი.

39 და იყო ასე, რომ ისინი ჩავიდნენ ვენახის ყველაზე მოშორებულ ადგილზე; და იყო ასე, რომ მათ იხილეს, რომ ბუნებრივი ყლორტების ნაყოფიც იყო გაფუჭებული; დიახ, პირველიც, მეორეც და ბოლოც და ყველა გაფუჭდა.

40 და ბოლო ველურმა ნაყოფმა სძლია ხის იმ ნაწილს, რომელიც ისხამდა კარგ ნაყოფს, იმდენად, რომ ყლორტი გახმა და მოკვდა.

41 და იყო ასე, რომ ვენახის პატრონი ატირდა და თავის მსახურს უთხრა: ამაზე მეტი რა უნდა გამეკეთებინა ჩემი ვენახისთვის?

42 აჰა, მე ვიცოდი, რომ ვენახის ყოველი ნაყოფი, ამათ გარდა, გაფუჭდა. და ახლა, ესენი, რომლებიც ოდესღაც ისხამდა კარგ ნაყოფს, ასევე გაფუჭდა; და ახლა ჩემი ვენახის არცერთი ხე არაფრად არ ვარგა, გარდა იმისა, რომ მოიკვეთოს და ცეცხლში იქნეს ჩაგდებული.

43 და აჰა, ეს ბოლო, რომლის ყლორტი გახმა, მე დავრგე მიწის კარგ ადგილზე, დიახ, იმაზე, რომელიც ჩემთვის რჩეული იყო ჩემი ვენახის ყველა სხვა ნაკვეთებს შორის.

44 და შენ ხედავ, რომ მე ასევე გავკაფე ის, რაც იკავებდა მიწის ამ ადგილს, რათა შემეძლო ჩამერგო ეს ხე იმის ნაცვლად.

45 და შენ ხედავ, რომ მისმა ნაწილმა მოისხა კარგი ნაყოფი, ნაწილმა კი მოისხა ველური ნაყოფი; და რადგან მე არ მოვამტვრიე მას ყლორტები და არ ჩავყარე ისინი ცეცხლში, აჰა, მათ სძლიეს კარგ ყლორტს, ამიტომ ის გახმა.

46 და ახლა, ყოველი ჩვენი ზრუნვის მიუხედავად, რომლითაც ვუვლიდით ჩემს ვენახს, მისი ხეები გაფუჭდა, ასე რომ არ ისხამენ კარგ ნაყოფს; და მე იმედი მქონდა მათი გადარჩენისა, რომ მათი ნაყოფი ჩემთვის მომემარაგებინა საჭირო დრომდე, მაგრამ, აჰა, ისინი დაემსგავსნენ ველურ ზეთისხილის ხეს და აღარაფრად არ ვარგანან გარდა იმისა, რომ იქნენ მოკვეთილნი და ცეცხლში ჩაყრილნი; და მაღონებს, რომ ისინი უნდა დავკარგო.

47 მაგრამ მეტი რა უნდა გამეკეთებინა ჩემი ვენახისთვის? ნუთუ მოვადუნე ხელი ისე, რომ არ ვაპოხიერებდი? არა, მე მას ვაპოხიერებდი და გარშემო ვუბარავდი და ვსხლავდი და ნაკელს ვუყრიდი; და თითქმის მთელი დღე აღმართული მქონდა ხელი და ახლოვდება დასასრული. და მაღონებს ჩემი ვენახის ყველა ხის გაკაფვა და დასაწვავად ცეცხლში ჩაყრა. ვინ გააფუჭა ჩემი ვენახი?

48 და იყო ასე, რომ მსახურმა უთხრა თავის პატრონს: შენი ვენახის სიმაღლის გამო ხომ არა? ხომ არ ფიტავდნენ მისი ყლორტები კარგ ფესვებს? და იმის გამო, რომ ყლორტები ფიტავდნენ მის ფესვებს, აჰა, ისინი იზრდებოდნენ უფრო სწრაფად, ვიდრე ფესვების ძალა, იღებდნენ რა მის ძალას. აჰა, მე ვამბობ: ნუთუ ეს არ იყო იმის მიზეზი, რომ შენი ვენახის ხეები გაფუჭდა?

49 და იყო ასე, რომ ვენახის პატრონმა უთხრა თავის მსახურს: მოდი, წავიდეთ და გავკაფოთ ხეები ვენახში და ჩავყაროთ ცეცხლში, რომ აღარ დაიკავონ მათ ჩემი ვენახის მიწა, რადგან მე ყველაფერი გავაკეთე. მეტი რა უნდა გამეკეთებინა ჩემი ვენახისთვის?

50 მაგრამ, აჰა, მსახურმა უთხრა ვენახის პატრონს: დაინდე კიდევ ცოტა ხნით.

51 და პატრონმა თქვა: დიახ, დავინდობ კიდევ ცოტა ხნით, რადგან მაღონებს ჩემი ვენახის ხეების დაკარგვა.

52 ამიტომ, მოდი ავიღოთ რამდენიმე ამ ყლორტებიდან, რომლებიც ჩავრგე ჩემი ვენახის ყველაზე მოშორებულ ადგილებში და დავამყნოთ იმ ხეზე, რომლისგანაც ისინი აიღეს; და მოვამტვრიოთ ის ყლორტები, რომელთა ნაყოფიც ყველაზე მწარეა და მათ მაგივრად დავამყნოთ ხის ბუნებრივი ყლორტები.

53 და ამას გავაკეთებ, რათა ხე არ დაიღუპოს, რომ იქნებ შევძლო ჩემთვის მისი ფესვების გადარჩენა ჩემი საკუთარი მიზნისათვის.

54 და აჰა, იმ ხის ბუნებრივი ყლორტების ფესვები, რომლებიც დავრგე იქ, სადაც მინდოდა, ჯერ კიდევ ცოცხალნი არიან: ამიტომ, რომ შევძლო ჩემი საკუთარი მიზნისთვის მათი გადარჩენაც, ავიღებ ამ ხის რამდენიმე ყლორტს და მათზე დავამყნობ. დიახ, მათზე დავამყნობ მათივე მშობელი ხის ყლორტებს, რათა ასევე შევძლო ჩემთვის მათი ფესვების გადარჩენა, რომ როდესაც ისინი იქნებიან საკმაოდ ძლიერნი, იქნებ მოისხან ჩემთვის კარგი ნაყოფი და შევძლებ, ჩემი ვენახის ნაყოფით, დიდების მოპოვებას.

55 და იყო ასე, რომ მათ აიღეს ბუნებრივი ხისგან, რომელიც გაველურდა და დაამყნეს ბუნებრივ ხეებზე, რომლებიც ასევე გაველურდა.

56 და მათ ასევე აიღეს ბუნებრივი ხეებისგან, რომლებიც გაველურდა, და დაამყნეს თავიანთ მშობელ ხეზე.

57 და ვენახის პატრონმა მსახურს უთხრა: ნუ მოამტვრევ ველურ ყლორტებს ხეებს, გარდა იმათი, რომლებიც ყველაზე მწარენი არიან და მათზე უნდა დაამყნო ისე, როგორც მე გითხარი.

58 და ჩვენ კვლავ გავაპოხიერებთ ვენახის ხეებს და გავსხლავთ მის ყლორტებს და ხეებს მოვამტვრევთ იმ ყლორტებს, რომლებიც გახმნენ ისე, რომ უნდა დაიღუპონ და ცეცხლში ჩავყრით.

59 და მე ვაკეთებ ამას, რომ იქნებ მათმა ფესვებმა ძალა მოიკრიბონ, რადგან ისინი ვარგისნი არიან; და რომ მათი ყლორტების შეცვლით კარგებმა სძლიონ ცუდებს.

60 და იმის გამო, რომ გადავარჩინე მათი ბუნებრივი ყლორტები და ფესვები და რადგან ბუნებრივი ყლორტები კვლავ დავამყნე მათ მშობელ ხეზე და გადავარჩინე მათი მშობელი ხის ფესვები, რომ, იქნებ, ჩემი ვენახის ხეებმა კვლავ შეძლონ კარგი ნაყოფის მოსხმა; და მე შემეძლოს კვლავ მივიღო სიხარული ჩემი ვენახის ნაყოფისგან და იქნებ ძალზედ გავიხარო, რომ გადავარჩინე პირველი ნაყოფის ფესვები და ყლორტები.

61 ამიტომ, წადი და დაუძახე მსახურებს, რათა ბეჯითად ვიშრომოთ ვენახში ჩვენი ძალით, რომ მოვამზადოთ გზა, რათა კვლავ მივიღოთ ბუნებრივი ნაყოფი და ეს ბუნებრივი ნაყოფი არის კარგი და ყველაზე ძვირფასი სხვა ნაყოფზედ.

62 ამიტომ, მოდით მთელი ძალით ვიშრომოთ ამ ბოლო ჯერზე, რადგან, აჰა, ახლოვდება დასასრული და უკანასკნელად ვსხლავ ჩემს ვენახს.

63 დაამყნეთ ყლორტები; დაიწყეთ ბოლოდან, რათა ისინი გახდნენ პირველნი და პირველნი გახდნენ ბოლონი და შემოუბარეთ როგორც ძველებს, ასევე ახალგაზრდებს, პირველებსა და ბოლოებს; და ბოლოებს და პირველებს, რათა ყველანი კიდევ ერთხელ საბოლოოდ იყვნენ გაპოხიერებულნი.

64 ამიტომ, შემოუბარეთ და გასხალით და დაუყარეთ ნაკელი კიდევ ერთხელ, საბოლოოდ, რადგან ახლოვდება დასასრული. და თუ ასე იქნება, რომ ესენი, ბოლოს დამყნობილნი, გაიზრდებიან და მოისხამენ ბუნებრივ ნაყოფს, მაშინ მოამზადეთ მათთვის გზა, რათა მათ შეძლონ ზრდა.

65 და როდესაც ზრდას დაიწყებენ, თქვენ მოაცლით ყლორტებს, რომლებიც მწარე ნაყოფს ისხამენ, კარგი ყლორტების ძალისა და ზომის შესაბამისად; მაგრამ ცუდ ყლორტებსაც არ მოაცლით ერთბაშად, რათა მათი ფესვები მეტისმეტად არ გაძლიერდნენ ლერწისთვის, რომ არ დაიღუპოს მათი ლერწი და არ დავკარგო ჩემი ვენახის ხეები.

66 რადგან მაღონებს მე ის, რომ ჩემი ვენახის ხეები უნდა დავკარგო, ამიტომ თქვენ მოაცილებთ უვარგისს, იმ დროს, როდესაც გაიზრდებიან კარგები, რომ ფესვი და წვერი თანაბარი ძალის იყოს, სანამ ვარგისნი არ სძლევენ უვარგისს და უვარგისნი არ მოიკვეთებიან და ცეცხლში არ ჩაიყრებიან, რათა მათ არ დაიკავონ ჩემი ვენახის მიწა; და ასეთნაირად მე გამოვხვეტავ უვარგისებს ჩემი ვენახიდან.

67 და ბუნებრივი ხის ყლორტებს მე კვლავ დავამყნობ ბუნებრივ ხეზე;

68 და ბუნებრივი ხის ყლორტებს დავამყნობ ბუნებრივი ხის ყლორტებზე; და ასეთნაირად მე მათ კვლავ გავაერთიანებ, რათა მოისხან ბუნებრივი ნაყოფი და ისინი ერთნი იქნებიან.

69 და ცუდები გადაიყრება, დიახ, ჩემი ვენახის მთელი მიწიდან, რადგან, აჰა, მხოლოდ ამ ჯერზე მე გავსხლავ ჩემს ვენახს.

70 და იყო ასე, რომ ვენახის პატრონმა გააგზავნა თავისი მსახური; და წავიდა მსახური და გააკეთა ისე, როგორც პატრონმა უბრძანა და მოიყვანა სხვა მსახურებიც; და ისინი ცოტანი იყვნენ.

71 და ვენახის პატრონმა მათ უთხრა: წადით და იშრომეთ ვენახში მთელი თქვენი ძალით. რადგან, აჰა, უკანასკნელად ვაპოხიერებ ჩემს ვენახს, რადგან დასასრული უკვე ახლოსაა და ის დრო სწრაფად მოდის; და თუ თქვენ იშრომებთ ჩემთან თქვენი ძალ-ღონით, თქვენ მიიღებთ სიხარულს იმ ნაყოფისგან, რომელსაც მე მოვიმარაგებ იმ დრომდე, რომელიც მალე მოვა.

72 და იყო ასე, რომ მსახურები მივიდნენ და მთელი ძალით შრომობდნენ და ვენახის პატრონიც მათთან ერთად შრომობდა; და ისინი ყველაფერში ვენახის პატრონის ბრძანებებს ემორჩილებოდნენ.

73 და კვლავ გამოჩნდა ბუნებრივი ნაყოფი ვენახში და ბუნებრივმა ყლორტებმაც დაიწყეს არაჩვეულებრივი ზრდა და გამრავლება; და დაიწყეს ველური ყლორტების მომტვრევა და გადაყრა; და ისინი ინარჩუნებდნენ ხის ფესვს და წვერს თანაბრად, მათი სიძლიერის მიხედვით.

74 და ასე შრომობდნენ ისინი, მთელი სიბეჯითით, ვენახის პატრონის ბრძანებების შესაბამისად, დიახ, სანამ ცუდი ყლორტები არ გადაიყარა ვენახიდან და სანამ პატრონმა თავისთვის არ გადაარჩინა ბუნებრივი ხეები, ისე რომ ამ ხეებმა კვლავ მოისხეს ბუნებრივი ნაყოფი; და გახდნენ როგორც ერთი სხეული; და ნაყოფნი იყვნენ თანაბარნი; და ვენახის უფალმა თავისთვის შეინახა ბუნებრივი ნაყოფი, რომელიც იყო ყველაზე ძვირფასი მისთვის თავიდანვე.

75 და იყო ასე, რომ როდესაც ვენახის პატრონმა იხილა, რომ მისი ნაყოფი იყო კარგი და მისი ვენახი აღარ იყო გაფუჭებული, მან მოუხმო თავის მსახურებს და უთხრა მათ: აჰა, უკანასკნელად გავაპოხიერეთ ჩემი ვენახი; და თქვენ ხედავთ, რომ მე მოვიქეცი ჩემი ნების მიხედვით და შევინარჩუნე ბუნებრივი ნაყოფი, ასე რომ, ის არის კარგი, ისეთი, როგორიც იყო დასაწყისში. და კურთხეულნი ხართ თქვენ; რადგან იმის გამო, რომ იყავით ბეჯითნი, შრომობდით რა ჩემთან ერთად ჩემს ვენახში და ასრულებდით ჩემს ბრძანებებს და კვლავ მომიტანეთ ბუნებრივი ნაყოფი, რომ ჩემი ვენახი აღარ არის გაფუჭებული და უვარგისი გადაყრილია, აჰა, თქვენ მიიღებთ ჩემთან ერთად სიხარულს ჩემი ვენახის ნაყოფის გამო.

76 რადგან, აჰა, დიდი ხნისათვის მოვიმარაგებ ვენახის ნაყოფს ჩემთვის, საჭირო დრომდე, რომელიც სწრაფად მოდის; და უკანასკნელად გავაპოხიერე ჩემი ვენახი და გავსხალი იგი, და დავბარე და ნაკელი დავუყარე; ამიტომ მე მოვიმარაგებ ჩემთვის ნაყოფს დიდი ხნისათვის, იმის მიხედვით, რაზედაც ვილაპარაკე.

77 და როდესაც მოვა ის დრო, რომ ცუდი ნაყოფი კვლავ მოვა ჩემს ვენახში, მაშინ მე ისე გავაკეთებ, რომ კარგი და ცუდი ნაყოფი დაიკრიფება; და კარგს ჩემთვის შევინახავ და ცუდს მისსავე ადგილზე გადავყრი. და მაშინ მოვა დრო და დასასრული და მე გავაკეთებ ისე, რომ ჩემი ვენახი დაიწვება ცეცხლით.