წმინდა წერილი
იაკობი 3


თავი 3

გულით სუფთანი იღებენ ღვთის საამო სიტყვას. ლამანიელთა სამართლიანობა აღემატება ნეფიელებისას. იაკობი აფრთხილებს სიძვის, ავხორცობისა და ყოველგვარი ცოდვის წინააღმდეგ. დაახლოებით 544–421 წწ. ჩვენს წელთაღრიცხვამდე.

1 მაგრამ, აჰა, მე, იაკობმა, მინდა მოგმართოთ თქვენ, ვინც ხართ გულით სუფთანი. მიენდეთ ღმერთს მტკიცე გონებით და ილოცეთ მისადმი ღრმა რწმენით და ის განუგეშებთ გასაჭირში და იქნება თქვენი ქომაგი და მოავლენს სასჯელს მათზედ, რომლებიც ცდილობენ თქვენ განადგურებას.

2 ყველანი, ვინც გულით სუფთანი ხართ, აწიეთ თავი და მიიღეთ ღვთის საამო სიტყვა და ინადიმეთ მისი სიყვარულით; ამას შეძლებთ, თუ გონება მუდამ მტკიცე გექნებათ.

3 მაგრამ ვარამი, ვარამი თქვენ, რომლებიც არ ხართ გულით სუფთანი, რომლებიც ღვთის წინაშე ხართ ბინძურნი ამ დღეს, რადგან თუ არ ინანიებთ, თქვენ გამო მიწა დაწყევლილია და ლამანიელები, რომლებიც არ არიან თქვენსავით ასეთი ბინძურნი, მიუხედავად იმისა, რომ არიან დაწყევლილნი მწარე წყევლით, გაგამათრახებენ თქვენ, განადგურებამდეც კი.

4 და სწრაფად მოდის ის დრო, რომ თუ არ მოინანიებთ, ისინი დაეუფლებიან თქვენი მემკვიდრეობის მიწას და უფალი ღმერთი წაიყვანს სამართლიანებს თქვენი გარემოცვიდან.

5 აჰა, ლამანიელები, თქვენი ძმები, რომლებიც გძულთ მათი სიბინძურისა და წყევლის გამო, რომელიც მათ კანზედ გადმოვიდა, არიან თქვენზე უფრო სამართლიანნი; რადგან მათ არ დაივიწყეს უფლის მცნება, რომელიც მიეცა ჩვენს მამას, რომ არ უნდა ჰყავდეთ ერთ ცოლზე მეტი და ხარჭები არ ჰყავდეთ და არ უნდა იყოს მრუშობა მათ შორის.

6 და ახლა, ამ მცნებას ისინი გულდასმით იცავენ, ამიტომ, ამ ძალისხმევის გამო, ამ მცნების დაცვისათვის, უფალი ღმერთი არ გაანადგურებს მათ, არამედ მოწყალე იქნება მათ მიმართ და ერთ დღეს ისინი კურთხეულ ხალხად იქცევიან.

7 აჰა, მათ ქმრებს უყვართ თავიანთი ცოლები და მათ ცოლებს უყვართ თავიანთი ქმრები; და მათ ქმრებსა და ცოლებს უყვართ თავიანთი შვილები; და მათი ურწმუნოება და სიძულვილი თქვენ მიმართ არის მათი მამების ურჯულოების გამო, ამიტომ, რამდენად უკეთესნი ხართ მათზე თქვენი დიდი შემქმნელის თვალში?

8 ჩემო ძმებო, მე ვშიშობ, რომ თუ არ მოინანიებთ თქვენს ცოდვებს, მათი კანი უფრო თეთრი იქნება, ვიდრე თქვენი, როდესაც მათთან ერთად მიყვანილ იქნებით ღმერთის ტახტის წინაშე.

9 ამიტომ, ბრძანებას გაძლევთ, რომელიც არის ღვთის სიტყვა, რომ აღარ გალანძღავთ მათ მუქი კანის გამო და აღარ გალანძღავთ მათი სიბინძურის გამო, მაგრამ გემახსოვრებათ საკუთარი სიბინძურე და გეხსომებათ, რომ მათი სიბინძურე მოვიდა მათი მამების გამო.

10 ამიტომ, თქვენ გაიხსენებთ საკუთარ შვილებს, თუ როგორ დაუღონეთ მათ გული იმ მაგალითის გამო, რომელსაც თქვენ მათ აძლევდით; და ასევე გახსოვდეთ, რომ შესაძლოა თქვენი სიბინძურის გამო, თქვენი შვილები განადგურებამდე მიიყვანოთ და მათი ცოდვები თავზე დაგემხობათ უკანასკნელ დღეს.

11 ჩემო ძმებო, ყური დაუგდეთ ჩემს სიტყვებს; გამოაღვიძეთ თქვენი სულების შესაძლებლობები; შეკრთით, რომ გამოიღვიძოთ სიკვდილის ძილისგან; და განთავისუფლდით ჯოჯოხეთის ტკივილისაგან, რათა არ იქცეთ ანგელოზებად ეშმაკისათვის, ცეცხლისა და გოგირდის ტბაში ჩასაგდებად, რაც მეორე სიკვდილია.

12 და ახლა, მე, იაკობი, ველაპარაკე უფრო მეტი ნეფის ხალხს, ვაფრთხილებდი რა, სიძვისა და ავხორცობის შესახებ; და ყველანაირ ცოდვაზე ვუყვებოდი მათ ამის საშინელ შედეგებზე.

13 და ამ ხალხის, რომელთაც დაიწყეს გამრავლება, საქმეთა ერთი მეასედის ჩაწერა შეუძლებელია ამ ფირფიტებზე, მაგრამ მრავალი მათი საქმე ჩაწერილია დიდ ფირფიტებზე და მათი ომები და მათი განხეთქილებები და მათი მეფეთა მმართველობანი.

14 ამ ფირფიტებს ეწოდება იაკობის ფირფიტები, რომლებიც დამზადებულია ნეფის ხელით. და მე ვამთავრებ ამ სიტყვების თქმას.