წმინდა წერილი
იაკობი 4


თავი 4

ყველა წინასწარმეტყველი ქრისტეს სახელით ეთაყვანებოდა მამას. აბრაამის მიერ ისააკის მსხვერპლად შეწირვა იყო ღმერთისა და მისი მხოლოდშობილის მსგავსი. ადამიანები უნდა შეურიგდნენ ღმერთს გამოსყიდვის მეშვეობით. იუდეველები უარყოფენ ქვაკუთხედს. დაახლოებით 544–421 წწ. ჩვენს წელთაღრიცხვამდე.

1 ახლა, აჰა, იყო ასე, რომ მე, იაკობი, ბევრი ვემსახურე სიტყვით ჩემს ხალხს (და მე შემიძლია დავწერო ჩემი სიტყვების მხოლოდ მცირეოდენი ნაწილი, ფირფიტებზე ჩვენი სიტყვების ამოტვიფრის სირთულის გამო) და ჩვენ ვიცით, რომ ის, რასაც ფირფიტებზე ვიწერთ, უნდა შენახულ იქნას;

2 რადგან ყველაფერი, რასაც არ ვწერთ ფირფიტებზე, უნდა განადგურდეს და გაქრეს; მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ფირფიტებზე დავწეროთ რამდენიმე სიტყვა, რაც მისცემს ჩვენს შვილებს და ასევე ჩვენს საყვარელ ძმებს ცოტაოდენ ცოდნას ჩვენზედ ან მათი მამების შესახებ.

3 და ახლა, ჩვენ ვხარობთ ამით და ბეჯითად ვშრომობთ, რათა ეს სიტყვები ფირფიტებზე ამოვტვიფროთ იმედით, რომ ჩვენი საყვარელი ძმები და ჩვენი შვილები მიიღებენ მათ მადლიერი გულით, და შეხედავენ მათ, რათა სიხარულით და არა მწუხარებით ან ზიზღით, შეძლონ შეიტყონ თავიანთი პირველი მშობლების შესახებ.

4 რადგან ამ მიზნისათვის დავწერეთ ჩვენ ეს ყველაფერი, რათა მათ გაიგონ ის, რომ ჩვენ ვიცოდით ქრისტეს შესახებ და მისი დიდების იმედი გვქონდა მის მოსვლამდე ასობით წლით ადრე; და არა მარტო ჩვენ გვქონდა მისი დიდების იმედი, არამედ ყველა წმინდა წინასწარმეტყველსაც, რომელიც ჩვენამდე იყო.

5 აჰა, მათ სწამდათ ქრისტე და ეთაყვანებოდნენ მამას მისი სახელით და ჩვენც ასევე ვეთაყვანებით მამას მისი სახელით. და ამ მიზნის გამო ჩვენ ვიცავთ მოსეს რჯულს, იგი მიმართავს ჩვენს სულებს მისკენ; და ამიტომ, იგი ჩვენთვის წმინდანად არის მიღებული სამართლიანობისათვის, ისევე, როგორც ეს ებოძა აბრაამს უდაბნოში თავისი ღმერთის ბრძანებების მორჩილებისათვის, თავისი ძის, ისააკის მსხვერპლად შეწირვისას, რაც არის ღმერთისა და მისი მხოლოდშობილი ძის მაგვარი.

6 ამიტომ, ჩვენ შევისწავლით წინასწარმეტყველებს და გვაქვს მრავალი გამოცხადება და წინასწარმეტყველების სული; და გვაქვს რა, ყველა ეს მოწმობა, ვიღებთ იმედს და ჩვენი რწმენა ხდება ურყევი იმდენად, რომ ჩვენ ჭეშმარიტად ვბრძანებთ იესოს სახელით და ხეებიც კი გვემორჩილება; ან თუნდაც მთები ან ზღვის ტალღები.

7 მიუხედავად ამისა, უფალი ღმერთი ჩვენს სისუსტეს გვაჩვენებს, რათა ვიცოდეთ, რომ მხოლოდ მისი მადლითა და მისი დიდი შემწყნარებლობით ადამიანთა შვილებისადმი, ჩვენ გვაქვს ძალა ვაკეთოთ ეს საქმენი.

8 აჰა, დიადი და საოცარია უფლის საქმენი. როგორ მიუწვდომელია მისი საიდუმლოთა სიღრმეები და შეუძლებელია, ადამიანი ჩაწვდეს ყველა მის გზას და არც ერთმა ადამიანმა არ იცის მისი გზების შესახებ, თუ არ გაანდეს მას ისინი; ამიტომ, ძმებო, ნუ შეიძულებთ ღვთის გამოცხადებებს.

9 რადგან, აჰა, მისი სიტყვის ძალით, ადამიანი მოვიდა დედამიწის ზედაპირზე, მიწაზე, რომელიც შექმნილ იქნა მისი სიტყვის ძალით. ამიტომ, თუ ღმერთს შესწევს ძალა, რომ თქვას: და იყო სამყარო; და თქვას: და შეიქმნა ადამიანი, – მაშინ რატომ არ უნდა შესწევდეს ძალა, უბრძანოს დედამიწას ან მის პირზე თავისი ხელით შექმნილს, მისი ნებისა და სურვილის მიხედვით?

10 ამიტომ, ძმებო, ნუ შეეცდებით, ურჩიოთ უფალს, არამედ ეცადეთ მიიღოთ რჩევა მისი ხელიდან. რადგან, აჰა, თქვენ თვითონ იცით, რომ ის იძლევა რჩევას სიბრძნითა და სამართალით და დიდი წყალობით თავის ყოველ ქმნილებაზედ.

11 ამიტომ, საყვარელო ძმებო, შეურიგდით მას, მისი მხოლოდშობილი ძის, ქრისტეს, გამოსყიდვით და შეძლებთ მიიღოთ აღდგომა აღდგომის ძალის შესაბამისად, რომელიც არის ქრისტეში და იყოთ წარსდგენილნი ღმერთისადმი, როგორც ქრისტეს პირველი ნაყოფი, რწმენით და მასში მიღებული დიდების მყარი იმედით, სანამ ის მოევლინება ხორციელად.

12 და ახლა, საყვარელნო, ნუ გაოცდებით, რომ მე ამას გეუბნებით; რადგან რატომ არ უნდა მოგმართოთ ქრისტეს გამოსყიდვაზე და არ მივაღწიოთ მასზე სრულყოფილ ცოდნას და ასევე არ მივაღწიოთ ცოდნას აღდგომისა და მომავალი სამყაროს შესახებ?

13 აჰა, ჩემო ძმებო, ის, რომელიც წინასწარმეტყველებს, დაე, იწინასწარმეტყველოს ადამიანთა გასაგებად, რადგან სული ლაპარაკობს ჭეშმარიტებას და არ ცრუობს. ამიტომ, ის ლაპარაკობს ყველაფერზე, როგორც სინამდვილეში არის და ყველაფერზე, რაც ნამდვილად იქნება, ამიტომ ეს ყველაფერი გამოგვეცხადა ნათლად ჩვენი სულების გადასარჩენად. მაგრამ, აჰა, არა მარტო ჩვენ ვართ ამ ყველაფრის მოწმენი; რადგან ღმერთი ასევე ელაპარაკა ამაზედ წინასწარმეტყველებს ძველად.

14 მაგრამ, აჰა, იუდეველნი იყვნენ ქედფიცხელი ხალხი; და მათ სძულდათ ნათელი სიტყვები და ჰკლავდნენ წინასწარმეტყველებს და ეძებდნენ იმას, რაც არ ესმოდათ. ამიტომ, მათი სიბრმავის გამო, იმ სიბრმავის, რომელიც გაჩნდა, რადგან ისინი იყურებოდნენ მიზნის მიღმა, უნდა დაეცნენ; რადგან ღმერთმა ჩამოართვა მათ თავისი სინათლე და მისცა მრავალი რამ, რისი გაგებაც ვერ შეძლეს, რადგან მათ ეს სურდათ. და რადგან მათ ეს სურდათ, ღმერთმა მოახდინა ისე, რომ ისინი წაბორძიკდნენ.

15 და ახლა მე, იაკობს, მიმიძღვის სული წინასწარმეტყველებისაკენ; რადგან მე სულის ზემოქმედებით, რომელიც ჩემშია, ვხედავ, რომ წაბორძიკების გამო იუდეველნი უარყოფენ იმ ქვას, რომელზეც ისინი შეძლებდნენ შენებას და ექნებოდათ უსაფრთხო საფუძველი.

16 მაგრამ, აჰა, წმინდა წერილების შესაბამისად, ეს ქვა გახდება დიადი და უკანასკნელი; და ერთადერთი მყარი საფუძველი, რომელზედაც იუდეველები შეძლებენ შენებას.

17 და ახლა, ჩემო საყვარელნო, როგორ არის შესაძლებელი, რომ ესენი, უარყოფენ რა ასეთ მყარ საფუძველს, ოდესმე შეძლებდნენ შენებას მასზე, რომ ის გამხდარიყო მათი მთავარი კუთხე?

18 აჰა, ჩემო საყვარელო ძმებო, მე გაგიმხელთ ამ საიდუმლოებას, თუ არ შევკრთი სულის სიმტკიცეში რაიმე მიზეზის გამო და არ წავბორძიკდი თქვენზე დიდი წუხილის გამო.