2010-2019
რათა მისი სული იყოს თქვენთან
აპრილი, 2018 წ.


რათა მისი სული იყოს თქვენთან

მე მთელი გულით ვლოცულობ, რომ გაიგოთ სულიწმინდის ხმა, რომელსაც ასე უხვად გვიგზავნიან.

ჩემო დებო და ძმებო, მადლიერი ვარ, რომ მაქვს ასეთი საშუალება - მოგმართოთ დღეს, უფლის შაბათს, მისი ეკლესიის გენერალურ კონფერენციაზე, აღდგომის სეზონზე. მადლობას ვუხდი მამაზეციერს მისი საყვარელი ძის ძღვენისთვის, რომელიც საკუთარი ნებით მოევლინა დედამიწას ჩვენს მხსნელად. მადლიერი ვარ ვიცოდე, რომ მან გამოისყიდა ჩვენი ცოდვები და აღდგა. ყოველდღე დალოცვილი ვარ იმის ცოდნით, რომ მისიგამოსყიდვის გამო მეც ავღდგები, რათა მარად ვიცხოვრო მოსიყვარულე ოჯახში.

მე ეს ვიცი იმ ერთადერთიგზით, რომლითაც ნებისმიერ ჩვენგანს შეუძლია ამის გაგება. სულიწმინდამ მიკარნახა გონებასა და გულში და თანაც არა ერთხელ, რომ ეს ჭეშმარიტებაა. მე მჭირდებოდა ის ხანგრძლივი ნუგეში. ჩვენ ყველას რაღაც ტრაგედია გვემართება, რომლის დროსაც გვჭირდება სულიწმინდისგან ხელახალი დამოწმება. მე ეს ერთხელ ვიგრძენი, როცა მამაჩემის გვერდით საავადმყოფოში ვიდექი. ჩვენ ვუმზერდით დედას, რომელმაც რამდენიმე ზედაპირული ჩასუნთქვა გააკეთა და დალია სული. როცა სახეზე შევხედეთ, იგი იღიმებოდა, რადგან ტკივილი აღარ აწუხებდა. რამდენიმე წუთის სიჩუმის შემდეგ მამამ პირველმა ამოიღო ხმა. მან თქვა: „პატარა გოგო სახლში დაბრუნდა“.

მან ეს რბილად თქვა. თითქოს მშვიდად იყო. მან განაცხადა ის, რაც იცოდა, რომ იყო ჭეშმარიტება. მან ჩუმად დაიწყო დედის პირადი ნივთების შეგროვება. იგი საავადმყოფოს ჰოლში გავიდა, რათა ყოველი ექთნისთვის და ექიმისთვის, ვინც მას უვლიდა, მადლობა ეთქვა.

მამა სულიწმინდის თანხლებას გრძნობდა იმ მომენტში, რამეთუ სცოდნოდა და გაეკეთბინა ის, რაც იმ დღეს გააკეთა. მან მიიღო იგივე დაპირება, რაც მრავალმა, რომ მისი სული იქნება მათთან.(მოძღვრება და აღთქმები 20:79).

ვიმედოვნებ, გავზარდო თქვენი სურვილი და გადაწყვეტილება - მიიღოთ სულიწმინდა. გახსოვდეთ, რომ იგი სამების წევრია. მამა და ძე აღმდგარი ქმნილებებია. სულიწმინდა სულია. (იხ. მოძღვრება და აღთქმები 130:22). ეს თქვენი არჩევანია, მიიღოთ იგი და მიესალმოთ გულში და გონებაში.

ის პირობები, რომლების საფუძველზეც შევძლებთ უზენაესი კურთხევების მიღებას, ნათლად ჩანს ყოველ კვირას წარმოთქმულ სიტყვებში, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ ისინი ყოველთვის არ ილექება ჩვენს გულებში და გონებაში. იმისთვის, რომ სულიწმინდა გამოგვიგზავნონ, ჩვენ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს მხსნელი და უნდა ვიცავდეთ მის მცნებებს (მოძღვრება და აღთქმები 20:77).

წელიწადის ეს დრო გვეხმარება, გავიხსენოთ მხსნელის მსხვერპლი და მისი აღდგომა სამარხიდან აღმდგარი არსების სახით. მრავალ ჩვენგანს ეს სცენები წარმოსახული აქვს გონებაში. ერთხელ მეუღლესთნ ერთად იერუსალიმში სამარხის წინ ვიდექი. მრავალს სწამს, რომ ეს ის სამარხია, რომლიდანაც ჯვარცმული მხსნელი აღდგა, როგორც აღმდგარი და ცოცხალი ღმერთი.

იმ დღეს გიდმა, პატივისცემით, ხელით მიგვანიშნა იმ ადგილზე და გვითხრა: “მოდით, ნახეთ ცარიელი სამარხი”.

ჩვენ თავი დავხარეთ,რათა შეგვძლებოდა შესვლა. კედელთან დავინახეთ ქვის გრძელი სკამი.მაგრამ მე გონებაში სხვა სურათი ამომიტივტივდა, ისეთივე რეალური, როგორიც იმ დღეს ვიხილეთ. ეს მარიამს ეხებოდა, რომელიც მოციქულებმა სამარხთან დატოვეს. თითქოს სულიწმინდამ დამანახა და გონებაშიც მითხრა, ისე მკაფიოდ, გეგონება იქ ვიდექი:

„მარიამ კი იდგა სამარხთან, გარეთ და ტიროდა. და მტირიალი სამარხისკენ დაიხარა,

და დაინახა თეთრებში შემოსილი ორი ანგელოზი, მსხდომარენი ერთი თავთით და მეორე ფერხთით, სადაც იესოს გვამი ესვენა.

უთხრეს მას: ქალო რატომ სტირი? ეუბნება მათ: ჩემი უფალი წაიღეს და არ ვიცი, სად დადეს.“

„ამის თქმისას მოტრიალდა და დაინახა მდგომარე იესო. მაგრამ ვერ იცნო, რომ იესო იყო.

“ეუბნება მას იესო: ქალო, რატომ სტირი, ვის ეძებ?მას მებაღე ეგონა იგი და ეუბნება მას: ბატონო, თუ შენ წაიღე, მითხარი, სად დადე, და მე წამოვიღებ.“

ეუბნება მას იესო: მარიამ! მოტრიალდა მარიამი და უთხრა: რაბუნი! (რაც ნიშნავს: მოძღვარო.

„ეუბნება მას იესო: არ შემეხო, რადგან ჯერ არ ავსულვარ მამასთან. წადი ჩემს ძმებთან და უთხარი: ავდივარ ჩემს მამასთან და თქვენს მამასთან, ჩემს ღმერთთან და თქვენს ღმერთთან.“ (იოანე 20:11–17).

მე ვლოცულობდი იმაზედ, რომ ოდნავ მაინც შემძლებოდა მეგრძნო ის, რასაც მარიამი გრძნობდასამარხთან და ის, რაც ორმა სხვა მოწაფემ იგრძნო გზად ემაუსში, როცა ისინი აღმდგარ მხსნელთან ერთად მიდიოდნენ და იგი იერუსალიმში მიმავალი ადამიანი ეგონათ.

„მაგრამ ისინი აკავებდნენ მას და ეუბნებოდნენ: დარჩი ჩვენთან, ვინაიდან დღე უკვე მიიწურა და მწუხრი ჩამოდგა.ისიც შევიდა, რომ დარჩენილიყო მათთან“.

როცა მათთან იჯდა, აიღო პური, აკურთხა, გატეხა და მიაწოდა მათ.

მაშინ თვალი აეხილათ და იცნეს. მაგრამ ის უჩინარი შეიქნა მათთვის.

უთხრეს ერთმანეთს: განა არ გიზგიზებდა ჩვენი გული ჩვენში, როცა გზაში გველაპარაკობდა და როცა წერილებს განგვიმარტავდა?“ (ლუკა 24:29-32).

ზოგიერთი ამ სიტყვათაგან მეორდება ზიარების შეკრებებზე, რომლებსაც უკვე 70 წელიწადზე მეტია ვესწრები. იმ დროს ზიარება საღამოობით ტარდებოდა. გარეთ ბნელოდა. მრევლი ამ ნაცნობ სიტყვებს მღეროდა. მე ისინი მრავალჯერ მსმენია. მაგრამ მუდამ მემახსოვრება ერთი განსაკუთრებული საღამოს გრძნობა. მას უფალთან ახლოს მივყავარ. ალბათ სიტყვები რომ გითხრათ ყველას უცებ გაგვახსენდება:

დარჩი ჩემთან საღამო ჟამს.

დღე მიიწურა;

საღამოს ჩრდილი ჩამოწვა;

ღამე ახლოვდება.

ჩემთან გულში სტუმარია,

დარჩი ჩემს სახლში.

დარჩი ჩემთან საღამო ჟამს.

შენ რომ დღეს ჩემთან ერთად დადიოდი

მე გული ამიგიზგიზდა

როცა გესაუბრებოდი.

შენმა გულწრფელმა სიტყვებმა სული ამივსო

და შენს გვერდში ყოფნა მსურდა.

მხსნელო, დარჩი ჩემთან ამაღამ;

აჰა, საღამო ჟამია.

მხსნელო, დარჩი ჩემთან ამაღამ;

აჰა, საღამო ჟამია.

მოვლენების მოგონებებზე უფრო ძვირფასი არის სულიწმინდის გულზე შეხების და მის მიერ ჭეშმარიტების დამტკიცების მუდმივი დადასტურების მოგონება. საკუთარი თვალით დანახულზე ან წაკითხული და მოსმენილი სიტყვების მოგონებებზე უფრო ძვირფასი არის იმ გრძნობების გახსენება, რომლებიც სულიწმინდის ჩუმ ხმას ახლავს თან. იშვიათად მიგრძვნია იგი ზუსტად ისე, როგორც მგზავრებს გზად ემაუსისკენ ანუ გულში ნაზი გიზგიზით. უფროხშირად ეს სინათლისა და ჩუმი დასტურის გრძნობაა.

ჩვენ გვაქვს ფასდაუდებელი დაპირება, რომ სულიწმინდა ჩვენი თანამგზავრია, ასევე გვაქვს სწორი მითითებები იმაზედ, როგორ მივიღოთ ეს ძღვენი. ეს სიტყვები ითქმის უფლის უფლებამოსილი პირის მიერ, ხელდასხმის დროს: „მიიღე სულიწმინდის ძღვენი“. იმ მომენტში მე და თქვენ გვეძლევა იმის დასტური, რომ ჩვენ მას მივიღებთ. მაგრამ ჩვენი ვალდებულებაა, გავხსნათ გული და მივიღოთ სულიწმინდის მსახურება, რომელიც მთელი ცხოვრების მანძილზე თან უნდა გვახლდეს.

წინასწარმეტყველ ჯოზეფ სმითის გამოცდილებიდან მითითებას ვიღებთ. მან დაიწყო და გააგრძელა თავისი მსახურება გადაწყვეტილებით, რომ მისი პირადი სიბრძნე არ იყო საკმარისი იმისთვის, რომ სცოდნოდა, რა მიმართულებით უნდა ევლო ცხოვრებაში. მან არჩია მორჩილება ღვთის წინაშე.

შემდეგ, ჯოზეფმა გადაწყვიტა, ეკითხა ღმერთისთვის. მან ილოცა რწმენით, რათა ღმერთისგან მიეღო პასუხი. მან მიიღო პასუხი, როცა ძალიან ახალგაზრდა იყო. ეს გზავნილები მოვიდა მასთან მაშინ, როცა მას სურდა გაეგო, როგორდაეარსებინა ღვთის ეკლესია მისივე ნების თანახმად. მთელი ცხოვრების მანძილზე სულიწმინდა ანუგეშებდა და წინ უძღვოდა მას.

იგი ემორჩლებოდა შთაგონებას, როცა ამის გაკეთება რთული იყო. მაგალითად, მან მიიღო მითითება, გაეგზავნა თორმეტი მოციქულიინგლისში,როცა ისინი ყველაზე მეტად სჭირდებოდა. მან გააგზავნა ისინი.

მან მიიღო შენიშვნა და ნუგეში სულიწმინდისგან, როცა იგი ციხეში ჩასვვეს, წმინდანებს კი საშინლად ავიწროებდნენ. და იგი დაემორჩილა, როცა კართეჯის გზას გაუდგა, მიუხედავად იმისა, რომ იცოდა - ეს სახიფათო იყო.

წინასწარმეტყველი ჯოზეფი გახდა ჩვენთვის მაგალითი იმისა, როგორ მივიღოთ მუდმივი სულიერი მითითებები და ნუგეში სულიწმინდისგან.

პირველი არჩევანი, რომელიც მან გააკეთა, იყო მორჩილება ღვთის წინაშე.

მეორე - ლოცვა რწმენით უფალ იესო ქრისტეში.

მესამე იყო ზუსტად დამორჩილება. მორჩილება შეიძლება ნიშნავდეს სწრაფად მოქმედებას. მორჩილება შეიძლება ნიშნავდეს მომზადებას. ან შეიძლება ნიშნავდეს მოთმინებით შთაგონების ლოდინს.

და მეოთხე: ილოცო, რათა გაიგო სხვების გულის წადილი და მათი გასაჭირი და მიიღო უფლისთვის მათი დახმარების ხერხი. ჯოზეფი ლოცულობდა წმინდანებისთვის, როცა ციხეში სასოწარკვეთილი იყო. მე მქონდა საშუალება, მეყურებინა წინასწარმეტყველებისთვის, როცა ისინი ლოცულობდნენ, შთაგონებას ეძიებდნენ, იღებდნენ მითითებებს და შემდეგ მოქმედებდნენ მათ თანახმად.

მე მინახავს, რაოდენ ხშირად უკავშირდებოდა მათი ლოცვები იმ ადამიანებს, რომლებიც მათ უყვარდათ და ემსახურებოდნენ. სხვებზე ფიქრი ხშირად გულს უხსნიდა მათ გამოცხადების მისაღებად. ეს შეიძლება თქვენზეც ითქვას.

შთაგონება დაგვეხმარება, ვემსახუროთ სხვებს უფლისთვის. თქვენ ეს საკუთარი გამოცდილებიდან იცით ისევე, როგორც მე. ჩემმა ეპისკოპოსმა ერთხელ მითხრა - ეს იყო დრო, როცა ჩემს მეუღლეს ცხოვრებაში ძლიერი სტრესი ჰქონდა: ყოველთვის, როცა მესმის, რომ ვინმეს მეურვეობაში დახმარება სჭირდება და იქ მივდივარ დასახმარებლად ვიგებ, რომ შენმა მეუღლემ უკვე დამასწრო. როგორ ახერხებდა იგი ამას?

იგი უფლის სასუფეველში ყოველ დიად მსახურს ჰგავს. როგორც ჩანს, ისინი ორ რამეს აკეთებენ: დიადი მსახურები ღირსნი არიან იმისა, რომ სულიწმინდა მათი მარადიული თანამგზავრი იყოს. და ისინი მოწყალების ძღვენის ღირსნი არიან, რაც არის ქრისტეს სრულყოფილი სიყვარული. ეს ძღვენი მათში იზრდებოდა იმის მიხედვით, როგორ იყენებდენ მას უფლისთვის მსახურებაში.

პირადად ჩემთვის ჩვენს მსახურებაში ლოცვის, შთაგონების და უფლის სიყვარულის ერთად მოქმედების ხერხი აღწერილია ამ სიტყვებში:

„თუ რამეს ითხოვთ ჩემი სახელით, გავაკეთებ.

„თუ მე გიყვარვართ, ჩემი მცნებანი დაიცავით.

„მე მამას შევევედრები და ის სხვა ნუგეშისმცემელს მოგივლენთ, რათა თქვენთან იყოს საუკუნოდ;

„ჭეშმარიტების სულს, რისი მიღებაც არ შეუძლია სოფელს, რადგან ვერ ხედავს და არ იცნობს მას. თქვენ კი იცნობთ მას, რადგან თქვენთან რჩება და თქვენში იქნება“.

„ობლად არ დაგტოვებთ, მოვალ თქვენთან.

„კიდევ ცოტაც, და სოფელი ვეღარ მიხილავს, თქვენ კი მიხილავთ, რადგან მე ცოცხალი ვარ და თქვენც იცოცხლებთ.

„იმ დღეს გაიგებთ, რომ მე ჩემს მამაში ვარ და თქვენ ჩემში, და მე თქვენში.

„ვისაც ჩემი მცნებები აქვს და იცავს მათ, მას ვუყვარვარ მე, ჩემს მოყვარულს კი ჩემი მამაც შეიყვარებს. მეც შევიყვარებ მას და მე თავად გამოვეცხადები“ (იოანე 14:14-21).

მე ვმოწმობ, რომ მამაზეციერმა ამ მომენტში იცის თქვენს შესახებ, იცის თქვენი გრძნობები, ასევე სულიერი და მიწიერი საჭიროებები თქვენს ირგვლივ მყოფი ადამიანებისა. მე პირადად ვმოწმობ, რომ მამა და ძე აგზავნიან სულიწმინდას ყველასთან, ვასეც აქვს ეს ძღვენი და ეძიებს, იყოს მათი ღირსი. არც მამა, არც ძე და არც სულიწმინდა არ იჭრებიან ძალით ჩვენს ცხოვრებაში. ჩვენ თავისუფალნი ვართ ჩვენს არჩევანში. უფალმა ყველას უთხრა:

„აჰა, ვდგავარ კართან და ვრეკ. თუ ვინმე მოისმენს ჩემს ხმას და გამიღებს კარს, შევალ მასთან. მე მასთან ვივახშმებ და ის ჩემთან.

„გამარჯვებულს გვერდში მოვისვამ ჩემს ტახტზე ისევე, როგორც მე გავიმარჯვე და დავჯექი ჩემს მამასთან მის ტახტზე.

„ვისაც ყური აქვს, ისმინოს, რას ეუბნება სული ეკლესიებს“ (გამოცხადება 3:20-22).

მე მთელი გულით ვლოცულობ, რომ გაიგოთ სულიწმინდის ხმა, რომელსაც ასე უხვად გვიგზავნიან. და მე ვლოცულობ, რომ თქვენ ყოველთვის ღია გქონდეთ გული მის მისაღებად. თუ ჭეშმარიტი ზრახვით და რწმენით იესო ქრისტეში ითხოვთ შთაგონებას, თქვენ მიიღებთ მას უფლის გზით და მის დროს. ღმერთმა ეს ახალგაზრდა ჯოზეფ სმითისთვის მოახდინა. იგი ამას დღესაც აკეთებს ცოცხალი წინასწარმეტყველის, პრეზიდენტ რასელ მ. ნელსონისთვის. მან თქვენ ღვთის სხვა შვილებს შორის მოგათავსათ, რათა ემსახუროთ მათ უფლისთვის. მე ეს ვიციარა მხოლოდ იმის გამო, რაც საკუთარი თვალით ვიხილე, არამედ უფრო ძლიერად ვიცი ეს, რადგან სულიწმინდამ ჩამჩურჩულა ეს გულში.

მე ვიგრძენი მამისა და მისი საყვარელი ძის სიყვარული ღვთის ყოველი შვილის მიმართ ამ ქვეყნად, იმ ქვეყნად კი - მისი შვილებისთვის სულიერ სამყაროში. მე ვიგრძენი სულიწმინდის ნუგეში და მითითება. მე ვლოცულობ იმისთვის, რომ მუდამ იქონიოთ სულიწმინდის თანხლების სიხარული. იესო ქრისტეს სახელით, ამინ.

შენიშვნა

  1. “Abide with Me; ’Tis Eventide,” ჰიმნები, no. 165.