წმინდა წერილი
მორონი 10


თავი 10

მორმონის წიგნზე დამოწმება მიიღება სულიწმინდის ძალით. სულის ძღვენი ებოძება ერთგულებს. სულიერი ძღვენი ყოველთვის თან სდევს რწმენას. მორონის სიტყვები ისმის, ვითარცა მტვრიდან მოღაღადე. მოდით ქრისტესთან, გახდით მასში სრულყოფილნი და განიწმინდეთ სული. დაახლოებით 421 წ. ჩვენი წელთაღრიცხვით.

1 ახლა, მე, მორონი, ვწერ ცოტაოდენს, რასაც სასარგებლოდ ვთვლი; და მე ვწერ ჩემი ძმებისთვის, ლამანიელებისთვის; და მინდა, მათ იცოდნენ, რომ ოთხას ოც წელზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც ნიშანი იქნა მოცემული ქრისტეს მოსვლის შესახებ.

2 და მე ჩავბეჭდავ ამ ჩანაწერებს მას შემდეგ, რაც გეტყვით რამდენიმე სიტყვას მოწოდების სახით.

3 აჰა, მოგიწოდებთ, როდესაც ყოველივე ამას წაიკითხავთ, თუ ღვთის სიბრძნით მოგიწევთ ამის წაკითხვა, გახსოვდეთ, როგორი მოწყალე იყო უფალი ადამიანთა შვილების მიმართ ადამის შექმნიდან იმ დრომდე, როდესაც მიიღებთ ამას და გულში იმსჯელებთ.

4 და როდესაც ყოველივე ამას მიიღებთ, მე მოგიწოდებთ, ჰკითხოთ ღმერთს, მარადიულ მამას, ქრისტეს სახელით, ჭეშმარიტია თუ არა ყოველივე ეს; და თუ ჰკითხავთ გულწრფელად, ნამდვილი მოწადინებითა და ქრისტეში რწმენით, იგი გამოგიცხადებთ ამის ჭეშმარიტებას სულიწმინდის ძალით.

5 და სულიწმინდის ძალით თქვენ ჩაწვდებით ჭეშმარიტებას ყოველივეს შესახებ.

6 და ყველაფერი, რაც არის კეთილი, არის სამართლიანი და ჭეშმარიტი; ამიტომ, რაც კეთილია, არ უარყოფს ქრისტეს, არამედ სცნობს, რომ ის არსებობს.

7 და სულიწმინდის ძალით შეძლებთ გაიგოთ, რომ იგი არსებობს; ამიტომ, მოგიწოდებთ, არ უარყოთ ღმერთის ძალა; ვინაიდან იგი მოქმედებს ძალით, ადამიანთა შვილების რწმენის შესაბამისად, დღეს, ხვალ და მარადის.

8 და კიდევ, მოგიწოდებთ, ჩემო ძმებო, რომ არ უარყოთ ღვთის ძღვენნი, ვინაიდან ისინი მრავალია და მოდის იმავე ღმერთისგან. და არსებობს ამ ძღვენთა მიღების სხვადასხვა გზები; მაგრამ ეს არის იგივე ღმერთი, რომელიც ამოქმედებს ყველას ყველაში; და ისინი ეძლევათ ადამიანებს ღმერთის სულის გამოცხადებით, მათსავე სასარგებლოდ.

9 ვინაიდან, აჰა, ერთს ეძლევა ღვთის სულით, ასწავლოს სიბრძნის სიტყვა;

10 და სხვას – რომ იგივე სულით ასწავლოს ცოდნის სიტყვა;

11 კიდევ სხვას – ძალზედ დიდ რწმენას; და სხვას – იგივე სულით განკურნების ძღვენს;

12 და კიდევ სხვას – შეძლოს ძლევამოსილი სასწაულების მოხდენა;

13 და კიდევ სხვას – შეძლოს ყველაფრის შესახებ წინასწარმეტყველება;

14 და კიდევ სხვას – ანგელოზებისა და მსახურებაში მყოფ სულთა ხილვა;

15 და კიდევ სხვას – ყოველგვარი ენა;

16 და კიდევ სხვას – ენებისა და სხვადასხვა მეტყველებების განმარტება.

17 და ყველა ეს ძღვენნი მიიღება ქრისტეს სულით; და ისინი მიიღება მისი ნების შესაბამისად, თითოეული ადამიანის მიერ.

18 და მე მოგიწოდებთ, ჩემო საყვარელო ძმებო, გახსოვდეთ, რომ ყოველი კეთილი ძღვენი ქრისტესგან მოდის.

19 და მე მოგიწოდებთ, ჩემო საყვარელო ძმებო, გახსოვდეთ, რომ იგი არის უცვლელი გუშინ, დღეს და უკუნისამდე და რომ ყოველი ძღვენი, რომელზეც ვლაპარაკობდი, რომელიც არის სულიერი, არასდროს შეწყდება, სანამ ქვეყანა იარსებებს, გარდა ადამიანთა შვილების ურწმუნოების გამო.

20 ამიტომ, უნდა იყოს რწმენა; და თუ უნდა იყოს რწმენა, ასევე უნდა იყოს იმედი; და თუ უნდა იყოს იმედი, ასევე უნდა იყოს გულმოწყალება.

21 და თუ არ გაქვთ გულმოწყალება, ვერანაირად ვერ გადარჩებით ღვთის სასუფეველში; და ვერ გადარჩებით ღვთის სასუფეველში, თუ არ გაქვთ რწმენა; ვერც მაშინ გადარჩებით, თუ არ გექნებათ იმედი.

22 და თუ არ გაქვთ იმედი, მაშინ უნდა იყოთ სასოწარკვეთილნი; და სასოწარკვეთილება მოდის ურჯულოებიდან.

23 და ქრისტემ ჭეშმარიტად უთხრა ჩვენს მამებს: თუ რწმენა გაქვთ, ყველაფრის გაკეთებას შეძლებთ, რაც ჩემთვის საჭიროა.

24 და ახლა, მივმართავ დედამიწის ყოველ კიდეს: თუ მოვა ისეთი დღე, როდესაც თქვენ შორის აღარ იქნება ღმერთის ძალა და ძღვენი, ეს მოხდება თქვენი ურწმუნოების გამო.

25 და ვარამი ადამიანთა შვილებს, თუ ასე მოხდება; ვინაიდან არავინ იქნება თქვენ შორის სიკეთის მკეთებელი – არცერთი. რამეთუ თქვენ შორის სიკეთის მკეთებელი თუ იქნება, იგი სიკეთეს გააკეთებს ღმერთის ძალითა და ძღვენით.

26 და ვარამი მათ, რომლებიც ყოველივე ამას შეწყვეტენ და მოკვდებიან, ვინაიდან ისინი მოკვდებიან თავიანთ ცოდვებში და ვერ გადარჩებიან ღვთის სასუფეველში; და ვამბობ ამას ქრისტეს სიტყვების შესაბამისად; და არ ვცრუობ.

27 და მოგიწოდებთ, დაიმახსოვროთ ყოველივე ეს; ვინაიდან მალე მოვა დრო, როდესაც გაიგებთ, რომ არ ვცრუობ, ვინაიდან მიხილავთ ღმერთის სამსჯავროსთან; და უფალი ღმერთი გეტყვით: ნუთუ არ გაუწყეთ ჩემი სიტყვები, რომლებიც დაწერილ იქნა ამ ადამიანის მიერ, ვითარცა მკვდრეთიდან მოღაღადე, დიახ, როგორც მტვრიდან მოლაპარაკე.

28 მე ვაცხადებ ყოველივე ამას წინასწარმეტყველებების ასახდენად. და აჰა, ისინი მოვა მარადიული ღმერთის პირიდან; და მისი სიტყვა გადავა თაობიდან თაობაზე.

29 და ღმერთი დაგანახებთ, რომ რაც დავწერე არის ჭეშმარიტება.

30 და კიდევ, მოგიწოდებთ, მოხვიდეთ ქრისტესთან და ჩაეჭიდოთ ყოველ კეთილ ძღვენს და არ შეეხოთ ბოროტ ძღვენს, არც რაიმე უწმინდურს.

31 და გაიღვიძე და აღსდექი მტვრიდან, იერუსალიმო; ჩაიცვი მშვენიერი სამოსი, სიონის ქალიშვილო; გაამაგრე შენი პალოები და გააფართოვე შენი საზღვრები მარად, რომ აღარ იყო შერცხვენილი, რათა ახდეს მარადიული მამის აღთქმები, რომლებიც მან შენთან დადო, ისრაელის სახლო.

32 დიახ, მოდით ქრისტესთან და გახდით მასში სრულყოფილნი; და უარყავით ყოველივე უღმერთო; და თუ უარყოფთ ყოველივე უღმერთოს და შეიყვარებთ ღმერთს მთელი თქვენი ძალით, გონებითა და სიძლიერით, მაშინ საკმარისი იქნება მისი მადლი თქვენთვის, რათა მისი მადლით შეგიძლიათ სრულყოფილნი იყოთ ქრისტეში; და თუ ღმერთის მადლით სრულყოფილნი გახდებით ქრისტეში, ვერანაირად ვერ შეძლებთ ღმერთის ძალის უარყოფას.

33 და კიდევ: თუ ღმერთის მადლით იქნებით სრულყოფილნი ქრისტეში და არ უარყოფთ მის ძალას, მაშინ ღვთის მადლით ქრისტეში იქნებით განწმენდილნი, ქრისტეს სისხლის დაღვრით, თქვენი ცოდვების მისატევებლად, რაც არის მამის აღთქმაში, რათა გახდეთ წმინდანი, უმწიკვლონი.

34 და ახლა, მე ვემშვიდობები ყველას. მალე წავალ ღვთის სამოთხეში დასასვენებლად, სანამ კვლავ არ გაერთიანდება ჩემი სული და სხეული და არ ავმაღლდები ცაში საზეიმოდ, რათა შეგხვდეთ დიდი იეჰოვას საამო სამსჯავროს წინაშე, ცოცხალთა და მკვდართა მარადიული მოსამართლისა. ამინ.

დასასრული