მორმონის მეორე წერილი თავისი შვილის, მორონისადმი.
მოიცავს მე-9 თავს.
თავი 9
ნეფიელებიც და ლამანიელებიც გაირყვნენ და გადაგვარდნენ. ისინი ერთმანეთს აწამებენ და ხოცავენ. მორმონი ლოცულობს, რათა მადლი და სიკეთე ყოფილიყო მარად მორონისთან. დაახლოებით 401 წ. ჩვენი წელთაღრიცხვით.
1 ჩემო საყვარელო შვილო, მე კვლავ გწერ, რათა იცოდე, რომ ცოცხალი ვარ, მაგრამ ასევე გწერ ცოტაოდენს იმაზე, რაც არის სამწუხარო.
2 ვინაიდან, აჰა, ლამანიელებთან მქონდა ცხარე ბრძოლა, რომელშიც ჩვენ ვერ გავიმარჯვეთ; და არქეანტუსი მახვილისგან დაეცა, ასევე ლურამი და ემრონი; დიახ, რჩეული ვაჟკაცები დავკარგეთ დიდი რაოდენობით.
3 და ახლა, აჰა, ჩემო შვილო, ვშიშობ, რომ ლამანიელები გაანადგურებენ ამ ხალხს; ვინაიდან არ ინანიებენ და სატანა მუდმივად აღვივებს მათში ერთმანეთის მიმართ წყრომას.
4 აჰა, მე მუდამ მათთან ვშრომობ; და როდესაც ღვთის სიტყვას მკაცრად ვეუბნები, ისინი კანკალებენ და ჩემზე ბრაზობენ; და როდესაც მკაცრად არ ვეუბნები, ისინი მის წინააღმდეგ გულს იქვავებენ; ამიტომ, ვშიშობ, რომ უფლის სული აღარ მოქმედებს მათზედ.
5 რამეთუ იმდენად ძლიერად მრისხანებენ, რომ მგონია, არ ეშინიათ სიკვდილის და დაკარგული აქვთ სიყვარული ერთმანეთის მიმართ; და მუდამ სწყურიათ სისხლი და შურისძიება.
6 და ახლა, ჩემო საყვარელო შვილო, მათი გულქვაობის მიუხედავად, მოდი, ბეჯითად ვიშრომოთ; თუ შრომას შევწყვეტთ, ჩვენ თავზე ვიწვნევთ განაჩენს; ვინაიდან გვაქვს სამუშაო, რომელიც უნდა შევასრულოთ, სანამ ვიმყოფებით ამ თიხის სამლოცველოში, რათა გავიმარჯვოთ მთელი სიმართლის მტერზე და დავიმშვიდოთ სული ღვთის სასუფეველში.
7 და ახლა, ვწერ ცოტაოდენს ამ ხალხის ტანჯვის შესახებ. ვინაიდან, იმისდა მიხედვით, რაც ამორონისგან ვიცი, აჰა, ლამანიელებს ჰყავთ მრავალი ტყვე, რომელიც შერიზას კოშკიდან წაიყვანეს; და იყვნენ კაცები, ქალები და ბავშვები.
8 და მათ დახოცეს იმ ქალებისა და ბავშვების ქმრები და მამები და ქალებს საჭმელად აძლევენ თავიანთი ქმრების ხორცს და ბავშვებს – თავიანთი მამებისას; და აძლევენ მხოლოდ ცოტაოდენ წყალს.
9 და ლამანიელთა ამ დიდი სისაძაგლის მიუხედავად, ეს არ აღემატება იმას, რასაც ჩვენი ხალხი სჩადის მორიანტუმში. ვინაიდან, მრავალი ლამანიელის ქალიშვილი ტყვედ შეიპყრეს; და მას შემდეგ, რაც მათ წაართვეს მათთვის ყველაზე საყვარელი და ძვირფასი, რაც არის უბიწობა და სათნოება –
10 და მას შემდეგ, რაც ეს ჩაიდინეს, მათ ისინი დახოცეს ყველაზე სასტიკი წესით, აწამებდნენ რა სიკვდილამდე მათ სხეულებს; და მას შემდეგ, რაც ეს ჩაიდინეს, ისინი ჭამენ მათ ხორცს ველური მხეცებივით, თავიანთი გულქვაობის გამო და ამას სიმამაცის ნიშნად სჩადიან.
11 ჩემო საყვარელო შვილო, როგორ შეუძლია ასეთ ხალხს, რომელსაც არ აქვს განათლება –
12 (და სულ რამდენიმე წელი გავიდა მას შემდეგ, რაც იყვნენ განათლებული და მიმზიდველი ხალხი)
13 მაგრამ, შვილო ჩემო, როგორ შეუძლია ასეთ ხალხს, რომელიც ამ დიდი სისაძაგლით ხარობს –
14 როგორ შეგვიძლია ლოდინი იმისა, რომ ღმერთი ჩვენი განსჯისგან ხელს შეიკავებს?
15 აჰა, ჩემი გული ღაღადებს: ვარამი ამ ხალხს. ღმერთო, გამოდი სამსჯავროთი და შენი სახისგან დაფარე მათი ცოდვები, სიბოროტე და სისაძაგლე!
16 და კიდევ, ჩემო შვილო, იქ არის მრავალი ქვრივი და მათი ქალიშვილები, რომლებიც რჩებიან შერიზაში; და სურსათის ნაწილი, რომელიც ლამანიელებმა არ წაიღეს, აჰა, ზენეფის ჯარმა წაიღო და მიატოვეს ისინი საკვების ძებნაში სახეტიალოდ; და ამასობაში, მრავალი მოხუცებული ქალი უძლურდება და კვდება.
17 და ჯარი, რომელიც არის ჩემთან, დაუძლურებულია; და ლამანიელთა ჯარები იმყოფება შერიზასა და ჩემს შორის; და რომლებიც გაიქცნენ აარონის ჯარის მხარეზე, დაეცნენ მათი საშინელი სისასტიკის მსხვერპლად.
18 ო, უზნეობა ჩემი ხალხისა! არც წესრიგი აქვთ და არც წყალობა. აჰა, მე უბრალოდ ადამიანი ვარ და მაქვს უბრალო ადამიანის ძალა; და აღარ შემწევს ძალა ჩემი ბრძანებების აღსასრულებლად.
19 და ისინი მომძლავრდნენ თავიანთ უზნეობაში; არიან ერთნაირად სასტიკნი, არ ინდობენ არავის – არც მოხუცსა და არც ახალგაზრდას; და ხარობენ ყველაფრით, გარდა კეთილისა; და ჩვენი ქალებისა და შვილების ტანჯვა აღემატება ყველაფერს ამ მიწის პირზე; დიახ, ეს ვერც ენით ითქმის, ვერც დაიწერება.
20 და ახლა, შვილო ჩემო, აღარ გავჩერდები ამ საშინელ ამბავზე. აჰა, შენ იცი ამ ხალხის სიბოროტის შესახებ; შენ იცი, რომ არ აქვთ წესად პატიოსნება და გრძნობა; და მათმა ბოროტებამ გადააჭარბა ლამანიელებისას.
21 აჰა, შვილო ჩემო, ვერ ვუქომაგებ მათ ღმერთის წინაშე, რათა მის მიერ არ შევიმუსრო.
22 მაგრამ, აჰა, შვილო ჩემო, შენ გიქომაგებ ღმერთის წინაშე და ვენდობი ქრისტეს, რომ გადარჩები; და ვლოცულობ ღმერთისადმი, რომ დაინდოს შენი სიცოცხლე, რათა იხილო მისი ხალხის მასთან დაბრუნება ან მათი სრული განადგურება; ვინაიდან ვიცი, რომ უნდა დაიღუპონ, თუ არ მოინანიებენ და მასთან არ დაბრუნდებიან.
23 და თუ დაიღუპებიან, ეს იქნება იარედიელთა მაგვარად, მათი გულების თვითნებობის გამო, ეძებდნენ რა სისხლსა და შურისძიებას.
24 და თუ იქნება ისე, რომ ისინი დაიღუპებიან, ვიცით, რომ მრავალი ჩვენი ძმა გადავიდა ლამანიელთა მხარეს და კიდევ მრავალი გადავა; ამიტომ, დაწერე კიდევ ცოტაოდენი, თუ შენ დაგინდეს, მე კი დავიღუპე და ვეღარ გნახე; მაგრამ ვიმედოვნებ, რომ მალე გიხილავ, ვინაიდან მაქვს წმინდა ჩანაწერები, რომლებიც მინდა გადმოგცე.
25 ჩემო შვილო, იყავი ქრისტეში ერთგული; და არ დაგაღონოს ყოველივე იმან, რაც დავწერე, არ მიგიყვანოს სიკვდილამდე; არამედ ქრისტემ აგამაღლოს, დაე, მისი ტანჯვა, სიკვდილი და ჩვენი მამებისადმი გამოცხადება, მისი წყალობა და სულგრძელობა, იმედი მისი სიდიადისა და მარადიული სიცოცხლისა, მარად იყოს შენს ხსოვნაში.
26 დაე, მამა ღმერთის მადლი, რომლის ტახტი მაღლა ზეცაშია და ჩვენი უფლის, იესო ქრისტესი, რომელიც ზის მისი ძლევამოსილების მარჯვენა მხარეს, სანამ ყოველივე არ დაემორჩილება მას, დაე, უკუნისამდე იყოს შენთან. ამინ.