თავი 6
პიროვნებებს, რომლებიც ინანიებენ, ნათლავენ და უძმობილდებიან. ეკლესიის წევრები, რომლებიც ინანიებენ, შენდობილნი იქნებიან. შეკრებები იმართება სულიწმინდის ძალით. დაახლოებით 401–421 წწ. ჩვენი წელთაღრიცხვით.
1 და ახლა, მე ვლაპარაკობ ნათლობის შესახებ. აჰა, უხუცესები, მღვდლები და მასწავლებლები მოინათლნენ; და მათ არ ნათლავდნენ, თუ არ გამოიღებდნენ შესაბამის ნაყოფს, რომ მზად იყვნენ ამისთვის.
2 და არავის იღებდნენ მოსანათლად გარდა მათი, რომლებიც მოდიოდნენ მოდრეკილი გულითა და მომნანიებელი სულით და მოწმობდნენ ეკლესიისთვის, რომ ჭეშმარიტად მოინანიეს ყოველი ცოდვა.
3 და არავის იღებდნენ მოსანათლად გარდა მათი, რომლებიც აიღებდნენ საკუთარ თავზე ქრისტეს სახელს გადაწყვეტილებით, ბოლომდე ემსახურონ მას.
4 და მას შემდეგ, რაც მათ ნათლობისთვის მიიღებდნენ და სულიწმინდის ძალით იმოქმედებდნენ მათზე და განწმენდნენ, ისინი ითვლებოდნენ ქრისტეს ეკლესიის ხალხს შორის; და მათ სახელებს იწერდნენ, რომ დაემახსოვრებინათ და ღმერთის კეთილი სიტყვით გამოეკვებათ, რათა სწორ გზაზე დარჩენილიყვნენ, ყოფილიყვნენ რა მუდამ ფხიზელნი ლოცვით, დაყრდნობილიყვნენ მხოლოდ ქრისტეს მადლს, რომელიც იყო მათი რწმენის შემქმნელი და სრულმყოფი.
5 და ეკლესია ხშირად იკრიბებოდა ერთად, რათა ემარხულათ, ელოცათ და ერთმანეთთან ესაუბრათ თავიანთი სულების კეთილდღეობაზე.
6 და ერთად იკრიბებოდნენ, რათა მიეღოთ პური და ღვინო უფალი იესოს მოსაგონებლად.
7 და მკაცრად თვალყურს ადევნებდნენ, რომ არ ყოფილიყო ურჯულოება მათ შორის და რომლებსაც ამხელდნენ ურჯულოების ჩადენაში და მათ უხუცესთა წინაშე ეკლესიის სამი მოწმე განსჯიდა, თუ არ მოინანიებდნენ და არ აღიარებდნენ, მათ სახელებს შლიდნენ და ისინი აღარ ითვლებოდნენ ქრისტეს ხალხში.
8 მაგრამ როდესაც ინანიებდნენ და ითხოვდნენ პატიებას, ნამდვილი მოწადინებით – მათ მიეტევებოდათ.
9 და ეკლესია მათ შეკრებებს ატარებდა სულის მოქმედების შესაბამისად და სულიწმინდის ძალით; ვინაიდან, როგორც კარნახობდა მათ სულიწმინდის ძალა – ექადაგათ, მოეწოდებინათ, ელოცათ, ეთხოვათ ან ემღერათ – იმდაგვარად ასრულებდნენ ამას.