2010-2019
ღმერთთან დაახლოვება
ოქტომბერი 2013


ღმერთთან დაახლოვება

მხსნელს სურს ისე შევიყვაროთ იგი, რომ ჩვენი ნება მის ნებას გაუტოლდეს.

ჩვენს 6 წლის შვილიშვილს, ოლის, რომელიც სიყვარულით „პაპი“-ს მეძახის, მანქანიდან რაღაც უნდა აეღო. მამამ მანქანა სახლიდან დისტანციური მართვის აპარატით ისე გააღო, რომ ოლიმ ამის შესახებ არ იცოდა; როცა ბავშვმა თავისი საქმე მოამთავრა, მამამ მანქანა ასევე დისტანციურად ჩაკეტა. ოლიმ სახლში გაბადრულმა შემოირბინა.

მთელმა ოჯახმა ჰკითხა: „როგორ გაიღო შენთვის მანქანა და მერე ისევ როგორ ჩაიკეტა“? მან უბრალოდ გაიღიმა.

მისმა დედამ, ჩვენმა ქალიშვილმა, თქვა: „ალბათ ისე, როგორც ამას პაპი აკეთებს – იქნებ შენც, მის მსგავსად, ჯადოსნური ძალა გაგაჩნია“!

როცა რამოდენიმე წუთის შემდეგ ეს განმეორდა, მისი პასუხი ახლად შეძენილ უნართან დაკავშირებულ კითხვებზე იყო შემდეგი: „საოცარია! ვფიქრობ ეს იმიტომ ხდება, რომ პაპის ვუყვარვარ და იგი ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო მეგობარია და ზრუნავს ჩემზე“!

მე დალოცვილი ვარ იმით, რომ მქონდა შესაძლებლობა გამეგო ნამდვილად საოცარი მოვლენების შესახებ ერთგული წმინდანების ცხოვრებაში, აფრიკაში, პაპუა ახალ გვინეიაში, ავსტრალიაში, ახალ ზელანდიასა და წყნარი ოკეანის კუნძულებზე. მე ვეთანხმები ოლის; ვფიქრობ, ეს იმიტომ ხდება, რომ ეს ადამიანები ისევე ფიქრობენ მამაზეციერის შესახებ, როგორც ოლი ფიქრობს ჩემზე. მათ უყვართ ღმერთი, როგორც ახლო მეგობარი და იგი ზრუნავს მათზე.

ამ ეკლესიის წევრებს უფლება აქვთ მიიღონ სულიერი დამოწმება და ბევრი იღებს კიდევაც მას და დადონ წმინდა აღთქმა იმაზედ, რომ მიჰყვნენ უფალს. მიუხედავად ამისა, ზოგიერთნი მიდიან ახლოს უფალთან, ზოგიერთნი კი არა. თქვენ რომელ კატეგორიას მიეკუთვნებით?

ღმერთი უნდა იყოს ჩვენი სამყაროს ცენტრი, ამ სიტყვის სრული გაგებით. ასეა ეს? თუ იგი ზოგჯერ შორს არის ჩვენი აზრებიდან და გულებიდან? (იხ. მოსია 5:13). სხვათაშორის, მხოლოდ ჩვენი გულების აზრები კი არ არის მნიშვნელოვანი, არამედ „წადილიც“. როგორ ასახავენ ჩვენი საქციელი და ქმედებები ჩვენი ზრახვების ზნეობას?

ჩვენმა ვაჟმა, ბენმა, როცა 16 წლის იყო და პალოს კონფერენციაზე გამოდიოდა სიტყვით, დასვა ასეთი შეკითხვა: „როგორ იგრძნობდით თავს, ყოველ კვირას ვინმე რომ რაღაცას გპირდებოდეს და არ გისრულებდეს“? შემდეგ თქვა: „სერიოზულად ვუყურებთ ჩვენ იმ დაპირებას, რომელსაც ყოველ კვირას ვიძლევით ზიარების მიღებისას, აღთქმას – დავიცვათ უფლის მცნებები და რომ ყოველთვის გვემახსოვრება იგი“?

უფალი გვაძლევს იმის საშუალებას, რომ გვახსოვდეს იგი და ასევე მისი დამხმარე ძალა. ამის ერთ-ერთი ასეთი საშუალებაა უბედურება, რომელსაც ვერავინ ვერ გაექცევა (იხ.ალმა 32:6). როცა უკან ვიყურები დავხედავ ცხოვრებაში გადატანილ უბედერებებს, ნათელი ხდება, რომ ეს ყველაფერი ჩემი ზრდის, გაგებისა და თანაგრძნობის განვითარებისთვის მოხდა. ამით მე ჩემს მამაზეციერსა და მის ძეს დავუახლოვდი და ეს გამოცდილება და განწმენდა გულში ჩამრჩა.

უფლის ხელმძღვანელობა და მითითებები საჭიროა. იგი დაეხმარა იარედის ერთგულ ძმას, ორი პრობლემიდან ერთის გადაწყვეტაში, როცა უთხრა მას, როგორ შეეშვა სუფთა ჰაერი ასე მორჩილად აგებულ ბარჟებში (იხ. ეფერი 2:20). მაგრამ ცხადია, რომ უფალმა არა მარტო დროებით დაუტოვა სინათლის შეყვანის პრობლემა, არამედ ცხადად აჩვენა, რომ იგი, ანუ უფალი, დაუტოვებდა სირთულეებსა და პრობლემებს, რომლებიც მოგვარებას საჭიროებდა. ზუსტად უფალი გამოუგზავნიდა მათ ქარს, წვიმასა და წყალდიდობებს (იხ. ეფერი 2:23–24).

რატომ იზამდა ამას? და რატომ გვაფრთხილებს, თავი ავარიდოთ საფრთხეს, როცა მას უბრალოდ შეუძლია არ დაუშვას საშიშროება? პრეზიდენტმა უილფორდ ვუდროფმა მოგვიყვა ამბავი, როცა რაღაცამ შინაგანად გააფრთხილა, გადაეადგილებინა ჩარდახიანი ურემი, რომელშიც მას, მის მეუღლესა და შვილს ეძინათ. და მალე გამოჩნდა, რატომ: ტორნადომ ძირ-ფესვიანად ამოაძრო ხე და ზუსტად იმ ადგილას დააგდო, სადაც ამის წინ ჩარდახიანი ურემი იდგა (იხ.Teachings of Presidents of the Church: Wilford Woodruff [2004], 47).

ორივე განხილულ შემთხვევაში შესაძლო იყო ამინდი ისე შეცვლილიყო, რომ საშიშროება არ შექმნილიყო. მაგრამ ზუსტად ამაშია აზრი – იმის ნაცვლად, რომ თვითონ გადაწყვიტოს პრობლემა, უფალს სურს, რომ ჩვენ განვავითაროთ იმის რწმენა, რომელიც დაგვეხმარება მივენდოთ მას და დავეყრდნოთ მას ჩვენი პრობლემის მოსაგვარებლად. მაშინ შეგვიძლია უფრო უწყვეტად, უფრო ძლიერად, უფრო მკაფიოდ და უფრო პირადად ვიგრძნოთ მისი სიყვარული. ჩვენ მასთან ერთიანნი ვხდებით და შეგვიძლია დავემსგავსოთ მას. მისი მიზანია – გავხდეთ მისი მსგავსნი. სხვათა შორის, ეს მისი დიდებაც არის, ისევე, როგორც მისი სამუშაო. (იხ. მოსე 1:39).

ერთი ახალგაზრდა ბიჭი ცდილობდა სახლის უკან მიწა გადაესწორებინა, რათა იქ თამაში შეძლებოდა, მაგრამ მიუხედავად დიდი მცდელობისა, ქვა არ იძვროდა ადგილიდან.

მამამისმა ცოტა ხანს უყურა, შემდეგ კი მივიდა შვილთან და უთხრა მას: „ასეთი დიდი ქვის გადასაადგილებლად მთელი ძალა-ღონე უნდა მოიხმარო“.

ბიჭმა მიუგო: „მე მთელი ძალ-ღონე მოვიხმარე“!

მამამ კი ნათქვამი შეუსწორა; „არა. შენ ჯერ ჩემი ძალა არ გამოგიყენებია“!

შემდეგ ორივემ ქვა ადვილად გადააადგილეს.

ჩემი მეგობრის, ვაიბა როუმის მამა, პაპუა ახალი გვინეის პირველი პალოს პრეზიდენტს, ასწავლეს, რომ მას შეეძლო მიემართა მამაზეციერისთვის გაჭირვების ჟამს. მას და მის თანასოფლელებს თავის სარჩენად მხოლოდ ნათესების იმედი ჰქონდათ. ერთხელ მან ცეცხლი დაანთო იმისთვის, რომ დასათესად მიწის ნაკვეთი გაენთავისუფლებინა. ამის წინ დიდი ხნის გვალვა იყო და ნარგავები გადამხმარი იყო. ისე რომ, მისი ცეცხლი ბოლო კონფერენციაზე პრეზიდენტ მონსონის მიერ აღწერილ ხანძარს დაემსგავსა (იხ. თომას ს. მონსონის „მორჩილებას ლოცვა-კურთხევები მოაქვს“, ჟურნალი Ensign ან ლიახონა, მაისი 2013, 89–90). იგი ბალახსა და ბუჩქებს მოედო და მისი შვილის სიტყვებით, „ცეცხლის დიდ ურჩხულად“ იქცა. მამა შეშინდა თავისი თანასოფლელებისა და მათი ნათესების გამო. ისინი, რომ განადგურებულიყვნენ, მას მთელი სოფელი განიკითხავდა. როცა დაინახა, რომ ვერ უმკლავდებოდა ხანძარს, მას უფალი გაახსენდა.

ახლა მე მისი შვილის, ჩემი მეგობრის, ციტირებას მოვახდენ: „მან დაიჩოქა გორაკზე ბუჩქებს შორის და დაიწყო ლოცვა მამაზეციერისადმი ხანძრის შესაჩერებლად. უეცრად იქ, სადაც იგი ლოცულობდა, ცაში დიდი შავი ღრუბელი გაჩნდა და შხაპუნა წვიმა წამოვიდა, მაგრამ მხოლოდ იმ ადგილას, სადაც ცეცხლი გიზგიზებდა. როცა მან აქეთ-იქით მოიხედა, ირგვლივ ცა მოწმენდილი იყო გარდა იმ ადგილისა, სადაც ხანძარი მძვინვარებდა. იგი ვერ იჯერებდა, რომ უფალი უპასუხებდა მისნაირ უბრალო ადამიანს და მან კვლავ დაიჩოქა და ბავშვივით ტირილი დაიწყო. მან თქვა, რომ ეს უტკბილესი გრძნობა იყო“ (იხ.ალმა 36:3).

მხსნელს სურს ისე შევიყვაროთ იგი, რომ ჩვენი ნება მის ნებას გაუტოლდეს. მაშინ შევძლებთ ვიგრძნოთ მისი სიყვარული და შევიცნობთ მის დიდებას. მაშინ იგი დაგვლოცავს და მას ეს სურს. ასე დაემართა ნეფის, ჰელამანის ვაჟს, რომელმაც მიაღწია ისეთ საფეხურს, სადაც უფალი სრულად ენდობოდა მას და ამის გამო მას შეეძლო დაელოცა იგი ყველაფრით, რასაც კი ის მოისურვებდა (იხ. ჰელამანი 10:4–5).

იან მარტელის წიგნში Life of Pi მთავარი გმირი ახმოვანებს თავის გრძნობებს ქრისტეს მიმართ: „მე იგი თავიდან არ ამომდიოდა. ჯერ კიდევაც არ ამომსვლია. მე სამი დღე გავატარე მასზე ფიქრში. რაც უფრო მეტად მაწუხებდა იგი, მით უფრო ვერ ვივიწყებდი მას. და რაც უფრო მეტს ვსწავლობდი მასზე, მით უფრო ნაკლებად მინდოდა მისი მიტოვება“([2001], 57).

ზუსტად ასეთი გრძნობები მაქვს მხსნელის მიმართ. იგი ყოველთვის ახლოსაა, განსაკუთრებით წმინდა ადგილებში და გაჭირვების ჟამს. და ზოგჯერ, როდესაც ამას ნაკლებად ველოდები, მე ვგრძნობ, რომ იგი თითქმის მხარზე ხელს მირტყავს, რათა მაგრძნობინოს, რომ მე მას ვუყვარვარ. მე შემიძლია დავუბრუნო მას ეს სიყვარული ჩემი საკუთარი არასრულყოფილი ხერხით – ვაჩუქო მას ჩემი გული. (იხ. მოძღვრება და აღთქმები 64:22, 34).

სულ რამოდენიმე თვის წინ მე უხუცეს ჯეფრი  რ. ჰოლანდთან ვიჯექი, როცა იგი მისიონერებს ამწესებდა მისიებზე. როცა ჩვენ გავედით, იგი დამელოდა და სიარულისას ხელი გადამხვია. მე აღვნიშნე, რომ მან იგივე რამ ავსტრალიაშიც გააკეთა. მან კი მიპასუხა: „იმიტომ, რომ მიყვარხარ“. და მე ვიცოდი, რომ ეს მართლაც ასე იყო.

მე მწამს, რომ ჩვენ რომ ფიზიკურად მხსნელის გვერდით სიარულის პრივილეგია გვქონოდა, იგი ზუსტად ასე გადაგვხვევდა ხელს. ისე, როგორც ემაუსში მიმავალ მოწაფეებს, ჩვენც „აგვიგიზგიზდებოდა გული“ (ლუკა 24:32). აი მისი გზავნილი; „წამოდით და ნახავთ“ (იოანე 1:39). ეს არის პირადი მოპატიჟება – ვიაროთ მის გვერდით მხარზე გადახვეული ხელით.

დაე ყველამ ენოსის ნაირად თავდაჯერებულად ვიგრძნოთ თავი, როგორც ეს აღწერილია მის მოკლე, მაგრამ ღრმა წიგნში: “და მე ვხარობ იმ დღით, როდესაც ჩემი მოკვდავი შეიმოსება უკვდავებით და წარსდგება მის წინაშე; მაშინ ვიხილავ მის სახეს სიხარულით და ის მეტყვის: მოდი ჩემთან, კურთხეულო, მამაჩემის სავანეებში შენთვის ადგილი არის მომზადებული”(ენოსი 1:27).

იმ დიდი გამოცდილებიდან და იმ ძალიდან გამომდინარე, რომლითაც სულიწმინდამ დამიმოწმა, მე სრული რწმენით ვმოწმობ, რომ ღმერთი ცოცხალია. მე ვგრძნობ მის სიყვარულს. ეს ძალიან ტკბილი გრძნობაა. დაე ვაკეთოთ ის, რაც მოგვეთხოვება იმისთვის, რომ ჩვენი ნება მის ნებას დავუმორჩილოთ და ჭეშმარიტად გვიყვარდეს იგი. იესო ქრისტეს სახელით, ამინ.