ცაში ახედვა
დღეს დადგა დრო, როცა უნდა ჭეშმარიტების წყაროს შევხედოთ და დავრწმუნდეთ იმაში, რომ ჩვენი მოწმობები ძლიერია.
როცა რვა წლის ვიყავი, მე და ორი ჩემი დეიდაშვილი ახლომდებარე ქალაქში გაგვაგზავნეს სურსათის საყიდლად. ეს 15 დღის მარაგი უნდა ყოფილიყო. უკან რომ ვიხედები, მიკვირს, როგორ გვენდობოდნენ ბებია, დეიდა და ბიძა. დილის ზეცა მოწმენდილი და კაშკაშა იყო, როცა ჩვენ სამი ცხენისგან შემდგარი პატარა ქარავანით გზას დავადექით.
პრერიების შუაგულში ჩვენ თავში ბრწყინვალე იდეა მოგვივიდა – გვეთამაშა მარმარილოს ბურთულებით. ასეც მოვიქეცით და დიდხანს ვთამაშობდით. ჩვენ ისე გავერთეთ თამაშით, რომ „დროის ნიშანი“ ვერ შევნიშნეთ: ჩვენს თავზედ შავმა ღრუბლებმა დაფარეს ცა. სანამ გავიაზრებდით, რა მოხდა, იმის დროც კი აღარ გვქონდა, რომ ცხენებზე ავმხედრებულიყავით. ძლიერი წვიმა და სეტყვა ისე გვირტყავდა სახეში, რომ ერთადერთი ისღა დაგვრჩენოდა, ცხენების უნაგირები მოგვეხსნა და მათ ქვეშ დაფენილი გადასაფარებლების ქვეშ შეგვეფარებინა თავი.
დასველებულებმა, გათოშილებმა, ფეხით გავაგრძელეთ ჩვენი მოგზაურობა; ახლა ვცდილობდით, რაც შეიძლება სწრაფად გვემოძრავა. როცა დანიშნულების ადგილს მივუახლოვდით, შევნიშნეთ, რომ განიერი გზა, რომელიც ქალაქში შედიოდა, დატბორილიყო და წყალი მდინარესავით მოედინებოდა ჩვენკენ. ახლა ერთადერთი გამოსავალი იყო დაგვეყარა გადასაფარებლები და ავსულიყავით ეკლიანი მავთულისგან მოწნულ ღობეზე, რომელიც ქალაქს გარს ერტყა. გვიან ღამით დაღლილები, დასველებულები და გათოშილები, ჩვენ ვეძებდით თავშესაფარს.ქალაქის დასაწყისში პირველივე სახლში კარგმა ახალგაზრდა ოჯახმა მიგვიღო და გაგვაშრო, გემრიელი ლობიოს ბურიტო გვაჭამა და ცალკე ოთახში დაგვაწვინა. მალე აღმოვაჩინეთ, რომ ოთახში მიწის იატაკი იყო, ასე, რომ ჩვენ კიდევ ერთი ბრწყინვალე იდეა გვეწვია: იატაკზე წრე მოვხაზეთ და მარმარილოს ბურთულებით თამაში გავაგრძელეთ, სანამ იატაკზევე ძილმა არ გვძლია.
რადგან ბავშვები ვიყავით, ჩვენ მხოლოდ საკუთარ თავზე ვფიქრობდით. ჩვენ ერთხელაც არ გვიფიქრია ჩვენს საყვარელ ადამიანებზე, რომლებიც სასოწარკვეთილნი გვეძებდნენ სახლში. რომ შეგვძლებოდა, არასდროს არ დავიგვიანებდით ასე ძალიან უსარგებლო საქმის გამო. და მეტი ჭკუა რომ გვქონოდა, ცას შევხედავდით, ღრუბლებს შევნიშნავდით და დაუჩქარებდით, წვიმაში რომ არ მოვმხდარიყავით. ახლა, როცა ცოტა მეტი გამოცდილება მაქვს, ყოველთვის ვახსენებ საკუთარ თავს: ნუ გავიწყდება ცაში ახედვა.
ჩემმა გამოცდილებამ დეიდაშვილებთან მასწავლა, ყურადღება მიმექცია თანამედროვე დროის ნიშნებისთვის. ჩვენ ვცხოვრობთ სახიფათო, ქარიშლხებით სავსე დროში, რაც პავლე მოციქულმა აღწერა: „ადამიანები იქნებიან თავის მოყვარენი, ... მშობლების ურჩნი, უმადურნი, უწმიდურნი, ... ცილისმწამებელნი, შეუკავებელნი, ... უფრო სიამეთა მოყვარულნი, ვიდრე ღვთისა“ (2nb} ტიმოთე 3:2–4).
ამ დროსთან მიმართებაში, უხუცესმა დალინ ჰ. ოუკსმა თქვა: „ჩვენ უნდა მოვემზადოთ, როგორც მიწიერად, ისევე სულიერად. ... და მზადება, რომელსაც უფრო უარყოფენ, არის ნაკლებად ხილული და მეტად რთული, რაც არის სულიერი მზადება. (“Preparation for the Second Coming,” Ensign ან ლიახონა, მაისი 2004, 9). სხვაგვარად, რომ ვთქვათ, ნუ უგულებელყოფთ ცაში ახედვას.
რადგან ამ სახიფათო დროში გაჩნდა სულიერი მომზადების აუცილებლობა, მე მინდა მივაწვდინო გაფრთხილების ხმა დროის ერთ-ერთი ძლიერი ნიშნის შესახებ. ჩემი პროფესიის გამო მე მიწევდა უახლეს ტექნოლოგიებთან შეხება, ასე რომ, მე ვაღიარებ მის მნიშვნელობას, განსაკუთრებით კომუნიკაციების სფეროში. ამდენი ინფორმაცია ახლა ისეთი ხელმისაწვდომია ჩვენთვის, მაგრამ იმავდროულად ინტერნეტი სავსეა სიბინძურითა და შეცდომაში შემყვანი ინფორმაციით. ტექნოლოგიამ გაზარდა ჩვენი საუბრის თავისუფლება, მაგრამ ის იმავე დროს აძლევს არაკვალიფიციურ პირს საშუალებას, მოიპოვოს ნდობა, რომელიც დაფუძნებულია მხოლოდ მკითხველთა რაოდენობაზე. აი რატომ ახლა ისე, როგორც არასდროს, ჩვენ უნდა გვახსოვდეს მარადიული პრინციპი: „მათი ნაყოფით იცნობთ მათ“ (მათე 7:20).
განსაკუთრებით გაფრთხილებთ, არ უყუროთ ბინძურ სურათებს და არ დაუთმოთ ყურადღება ქრისტესა და ჯოზეფ სმითის ცილისმწამებლებს. ორივე ქმედებას იგივე ეფექტი აქვს:სულიწმინდისა და მისი მფარველი, მხარდამჭერი ძალის დაკარგვა. ამას კი ყოველთვის უბედურება და ცოდვა მოჰყვება.
ძვირფასო დებო და ძმებო, თუ როდისმე გაგიჩნდათ ეჭვი სახარების მოწმობაზე, გევედრებით აიხედოთ ზეცაში. შეხედეთ მთელი ჭეშმრიტებისა და სიბრძნის წყაროს. კვებეთ თქვენი რწმენა და მოწმობა ღვთის სიტყვით. მსოფლიოში არის ხალხი, რომელიც სიცრუისა და ნახევრად სიმართლის შეერთებით ცდილობს დაასუსტოს თქვენი რწმენა. აი რატომ არის აბსოლუტურად აუცილებელი, დარჩეთ ღირსნი სულიწმინდისა. სულიწმინდის თანხლება მხოლოდ სასიამოვნო კომფორტს კი არ ნიშნავს, ეს თქვენი სულიერი გადარჩენისთვის არის აუცილებელი. თუ თქვენ ქრისტეს სიტყვებს დიდად არ აფასებთ და სულიწმინდის კარნახს არ უგდებთ ყურს, თქვენ მოტყუებულნი იქნებით (იხ.იოსებ სმითი – მათე 1:37).
იესო ქრისტე, რომელიც სრულყოფილი იყო და ჯოზეფ სმითი, რომელიც აღიარებდა, რომ სრულყოფილი არ იყო, ორივენი დახოცეს ცრუ ცილისმწამებლების გამო, რომლებიც არ იღებდნენ მათ მოწმობას. საიდან შეიძლება ვიცოდეთ, რომ მათი მოწმობა ჭეშმარიტია, რომ იესო ქრისტე არის ღვთის ძე და რომ ჯოზეფ სმითი ჭეშმარიტი წინასწარმეტყველია, ჭეშმარიტია?
„მათი ნაყოფით იცნობთ მათ“. განა ცუდ ხეს შეუძლია კარგი ნაყოფის მოტანა? მე ვიცი, რომ მხსნელმა ცოდვები მომიტევა და მომხსნა პირადი ტვირთი, მომიყვანა რა ბედნიერების იმ ზომამდე, რომელიც არც კი წარმომიდგენია. და მე ვიცი, რომ ჯოზეფ სმითი წინასწარმეტყველი იყო, იმიტომ, რომ გამოვიყენე უბრალო დაპირება მორმონის წიგნიდან: „ჰკითხეთ ღმერთს, მარადიულ მამას, იესო ქრისტეს სახელით, (მორონი 10:4). მარტივად, რომ ვთქვათ: აიხედეთ ცაში.
არიან ისეთნიც, რომლებიც გეტყვიან, რომ ქრისტეს აღდგომის დასაჯერებლად ან მისი აღდგენილი სახარების ჭეშმარიტების შესახებ ფიზიკური სამხილია საჭირო. ასეთებს მოვახსენებ სიტყვებს, რომლებიც ალმამ უთხრა კორიხორს, რომელიც ცდილობდა სხვებისთვის შეეშალა ხელი, რომ მათ ერწმუნათ. აი ეს სიტყვები: „თქვენ საკმარისი ნიშნები გქონდათ; განა გამოსცდით თქვენს ღმერთს? იტყვით: მაჩვენე ნიშანი, მაშინ, როცა გაქვთ თქვენი ყველა ძმების მოწმობა და ასევე ყველა წმინდა წინასწარმეტყველისა? შენს წინაშე წმინდა წერილია გადაშლილი“ (ალმა 30:44).
მე და თქვენ ვართ მაცხოვრის გამოსყიდვის მტკიცებულება. ჩვენ ვართ ცოცხალი მტკიცებულება ჯოზეფ სმითის მსახურებისა და იმ ადრინდელი წმინდანების, რომლებიც ურყევნი დარჩნენ თავიანთ მოწმობაში. იესო ქრისტეს ეკლესია გავრცელდა მთელს მსოფლიოში და არნახული სიჩქარით იზრდება. ისევე, როგორც ქრისტეს დროს, თავმდაბალმა ხალხმა, რომლებსაც დასაჯერებლად არ სჭირდებათ, არც დანახვა და არც ხელით შეხება, იგი გულში ჩაიკრა.
არავინ არ იცის, როდის მოვა კვლავ უფალი, მაგრამ ჩვენ ახლა სახიფათო დროში ვცხოვრობთ. დღეს დადგა დრო, როცა უნდა ჭეშმარიტების წყაროს შევხედოთ და დავრწმუნდეთ იმაში, რომ ჩვენი მოწმობები ძლიერია.
ჩემს მონაყოლს რომ დავუბრუნდეთ, გეტყვით; მე და ჩემმა დეიდაშვილებმა გავიღვიძეთ დილით და დავინახეთ კაშკაშა მზე და ლამაზი ცა. კარზე მამაკაცმა დააკაკუნა – იგი სამ დაკარგულ ბიჭს ეძებდა. მან ცხენებზე შეგვსვა და ჩვენ იმავე პრერიის გავლით სახლისკენ გავეშურეთ. მე არასდროს არ დამავიწყდება, რა ვიხილეთ გზაში – უამრავი ადამიანი, რომელიც მთელი ღამე გვეძებდა. მათი ტრაქტორები და სატვირთო მანქანები ტალახში გაიჭედა. ხალხმა აქეთ უნაგირი, იქით ცხენი ნახა და როცა დაგვინახეს, რომ სახლში ვბრუნდებოდით, მე მათი სიყვარული და შვება ვიგრძენი. ქალაქის შესასვლელთან მრავალი ხალხი გველოდებოდა და ყველაზე წინ ჩემი მოსიყვარულე ბებია, ბიძა და დეიდა იყვნენ. მათ ჩაგვიხუტეს და ტირილი დაიწყეს, მათ სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, რომ მათი დაკარგული ბავშვები გამოჩნდნენ. რა დიადი შეხსენებაა ეს ჩემთვის იმაზედ, რომ ჩვენი მოსიყვარულე მამაზეციერი გვიცნობს ჩვენ. იგი მოუთმენლად ელის ჩვენს შინ დაბრუნებას.
დიახ, ჩვენს ირგვლივ ყველგან ქარიშხლების ნიშნებია. მოდით ავიხედოთ ცაში და მოვემზადოთ. ძლიერ მოწმობაში უსაფრთხოებაა. მოდით ყოველდღიურად გავაძლიეროთ და გავუფრთხილდეთ ჩვენს მოწმობას.
მე ვიცი, ჩვენ შეგვიძლია ერთად, როგორც ერთი ოჯახი, ვიცხოვროთ მარადისობაში, რომ ჩვენი მოსიყვარულე მამაზეციერი გველის ჩვენ, თავის შვილებს, გაშლილი ხელებით. მე ვიცი, რომ იესო ქრისტე, ჩვენი მხსნელი, ცოცხალია. ისევე, როგორც პეტრეს, არა სისხლმა და ხორცმა, არამედ მამაჩემმა, რომელიც ცაშია, გამომიცხადა ეს (იხ.მათე 16:15–19). იესო ქრისტეს წმინდა სახელით, ამინ.