„არ მიგატოვებ და თავს არ დაგანებებ“
ჩვენმა მამაზეციერმა … იცის, რომ ჩვენ ვსწავლობთ და ვიზრდებით, როცა გადასალახი სირთულეების წინაშე აღმოვჩნდებით.
დღეს ჩემს დღიურში ჩავწერ: „ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე სულის ასამაღლებელი გენერალური კონფერენციის სესია, რომელსაც როდესმე დავსწრებულვარ. ყველფერი ატარებდა დიდებულ სულიერ ხასიათს.“
დებო და ძმებო, ექვსი თვის უკან, როცა ჩვენ გენერალურ კონფერენციაზე ერთმანეთს შევხვდით, ჩემი საყვარელი მეუღლე, ფრენცისი, საავადმყოფოში იწვა იმის გამო, რომ სულ რამოდენიმე დღის წინ ცუდად წაიქცა. მაისში, რამოდენიმი კვირის შეუპოვარი ბრძოლის მიუხედავად, იგი მარადისობაში გადაინაცვლა. მე იგი უზომოდ მენატრება. ჩვენ 1948 წ. 7 ოქტომბერს სოლთ ლეიქ სითის ტაძარში დავქორწინდით. ხვალ ჩვენ ქორწინების 65-ე წლისთავს აღვნიშნავდით. იგი ჩემი ცხოვრების სიყვარული იყო, ჩემი მესაიდუმლე და უახლოესი მეგობარი. როცა ვამბობ, რომ იგი მენატრება, ეს ახლოც კი ვერ ასახავს ჩემი გრძნობების სიღრმეს.
მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა დევიდ ო. მაქქეიმ თორმეტ მოციქულთა ქვორუმში მომიწოდა, 50 წელი გავიდა. იმ დღიდან, მთელი წლების განმავლობაში მე მეუღლისგან მხოლოდ სრული მხარდაჭერა მქონდა. მრავალი მსხვერპლი გაიღო მან იმისთვის, რომ მე ჩემს მოწოდებაში მემსახურა. არასდროს არ გამიგონია მისგან წუწუნი იმის გამო, რომ ხშირად მიწევდა რამოდენიმე დღის და ზოგჯერ კვირის მანძილზეც მისგან და ჩვენი შვილებისგან შორს ყოფნა. იგი ნამდვილი ანგელოზი იყო.
მე მსურს ასევე გამოვხატო მადლიერება ჩემი ოჯახის წევრების მიმართ, მათგან გადმოფრქვეული სიყვარულის გამო, რომელიც მათგან მოდიოდა ფრენცისის გარდაცვალების შემდეგ. მთელი მსოფლიოდან იყო გამოგზავნილი ფრენცისის მიმართ ასობით სიყვარულის გამომხატველი, ჩვენი ოჯახისთვის კი სამძიმრის წერილები და ბარათები. ჩვენ მივიღეთ უამრავი ლამაზი თაიგული. ჩვენ მადლობლები ვართ ყველა იმ შემოწირულობისთვის, რომელიც გაკეთდა მის სახელზე ეკლესიის მისიონერულ ფონდში. მათი სახელით, ვინც ფრენცისმა აქ დატოვა, მე გიცხადებთ ღრმა მადლიერებას თქვენი კეთილი და გულითადი მხარდაჭერისთვის.
მასთან განშორების ამ გულისშემძვრელ დროს, ჩემი უდიდესი ნუგეში იყო იესო ქრისტეს სახარების მოწმობა და იმის ცოდნა, რომ ჩემი ძვირფასი ფრენცისი კიდევ ცოცხალია. მე ვიცი, რომ ჩვენი დაშორება დროებითია. ჩვენ ღვთის სახლში ჩაგვბეჭდა პიროვნებამ, რომელსაც აქვს დედამიწაზე და ზეცაში ჩაბეჭდვის უფლებამოსილება. მე ვიცი, რომ ჩვენ ერთ დღეს შევერთდებით და აღარ დავშორდებით ერთმანეთს. ეს ცოდნა მამხნევებს მე.
დებო და ძმებო, არ შევცდებით, თუ ვიტყვით, რომ არ არსებობს ადამიანი, რომელსაც არ განუცდია მწუხარება და ტანჯვა; არც ისტორიულად არ ყოფილა ისეთი დრო, რომელშიც სიღატაკე და აურზაური სრულად არ იყო გამოვლენილი.
როცა ცხოვრების ბილიკი მკვეთრ მოსახვევს გვთავაზობს, ჩნდება ცდუნება დავსვათ კითხვა: „რატომ მე“? ზოგჯერ ისეთი შეგრძნებაა, რომ გვირაბის ბოლოს სინათლე არ არის და ღამის სიბნელე მზის ამოსვლით არ დასრულდება. ჩვენ გარშემორტყმულნი ვართ შეუსრულებელი ოცნებებითა და ფუჭი იმედებით. ჩვენ ვუერთდებით ბიბლიურ შემოძახილს: „განა არ არის მალამო გილყადში“?1 ჩვენ თავს მიტოვებულად, გულგატეხილად, მარტოდ ვგრძნობთ. ჩვენ პირად უბედურებას პესიმიზმის გამრუდებულ პრიზმაში ვხედავთ. ჩვენ მოუთმენელნი ვხდებით ჩვენი პრობლემების მოგვარების სურვილში და გვავიწყდება, რომ ხშირად მოთმინების ღვთაებრივი კეთელშობილებაა საჭირო.
სირთულეები, რომლების წინაშეც აღმოვჩნდებით, ჩვენი გამძლეობის შესაძლებლობების შემოწმებას წარმოადგენენ. ყოველი ჩვენთაგანის წინაშე დგება ძირითადი კითხვა: უკან დავიხიო თუ ბოლომდე მივიყვანო? ზოგიერთი ადამიანი უკან იხევს, როცა სირთულეებს ვერ უმკლავდება. ბოლომდე მიყვანა მოიცავს სიცოცხლის ბოლომდე გაძლებას.
როცა ვუფიქრდებით იმ მოვლენებს, რომლებიც შეიძლება ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში მოხდეს, ჩვენ შეგვიძლია იობის გამონათქვამი გავიზიაროთ და ვთქვათ: „ადამიანი ტანჯვისთვის იბადება.“2 იობი „ალალი და წრფელი“ კაცი იყო, „ღვთისმოშიში, ბოროტებას განრიდებული.“3 საქციელში მართალი, ქონებაში აყვავებული, იობი ისეთი გამოცდის წინაშე აღმოჩნდა, რომელიც ნებისმიერ ადამიანს გაანადგურებდა. ქონება წართმეულს, მეგობრებისგან მოძულებულს, ტანჯვისგან გაწამებულს, ოჯახის დაკარგვის გამო შერყეულს, მას აიძულებდნენ: „დაგმე ღმერთი და მოკვდი“.4 იგი განუდგა ამ ცდუნებას და თავისი კეთილშობილი სულის სიღრმიდან განაცხადა:
„აჰა, ცაშია ჩემი მოწმე, ჩემი ქომაგი მაღალთა შინაა.“5
„მე ვიცი, ცოცხალია ჩემი მხსნელი.“6
იობმა რწმენა შეინარჩუნა. ჩვენც ასე მოვიქცევით, როცა სირთულეების წინაშე აღმოვჩნდებით?
ყოველთვის, როცა ცხოვრების დარტყმების გამო დამძიმებულნი ვართ, მოდით გვახსოვდეს, რომ სხვებმაც ეს გზა გამოიარეს, გაუძლეს და გადალახეს.
ეკლესიის ისტორია ამ დროთა სისრულის ჟამს, ითვლის იმ ადამიანების უამრავ მაგალითს, რომლებიც სირთულეების წინაშე იდგნენ, მაგრამ მაინც მყარად და მხნედ იყვნენ. რა არის ამის მიზეზი? მათ იესო ქრისტეს სახარება ცხოვრების ცენტრალურ ნაწილად გახადეს. ეს არის ის, რაც ნებისმიერი პრობლემიდან ამოგვიყვანს. ჩვენ ისევ სირთულეების წინაშე აღმოვჩნდებით, მაგრამ შევძლებთ თვალებში ჩავხედოთ მათ, თავაწეულნი ვიდგეთ და გავიმარჯვოთ მათზე.
ტკივილისგან საწოლს მიჯაჭვულნი, ცრემლებით დასველებულ ბალიშიდან ჩვენ ზეცისკენ გვიზიდავს ღვთიური დარწმუნებულობა და ძვირფასი დაპირება: „არ მიგატოვებ და თავს არ დაგანებებ.“7 ასეთი ნუგეში შეუფასებელია.
ჩემს მოწოდებასთან დაკავშირებულ ვალდებულებათა გამო მე მიწევდა მთელს მსოფლიოში მოგზაურობა. ამის წყალობით მე იმდენი რამ შევიმეცნე, მათ შორის ისიც, რომ ტანჯვა და სევდა უნივერსალური გრძნობებია. მე ვერ აღვწერ იმ გულისტკივილსა და სევდას, რომლის მომსწრე გავხდი, როცა ვსტუმრობდი მათთან, ვინც გლოვობდა, ავადმყოფობდა, განქორწინების წინაშე იდგა, შვილთან დაკავშირებული პრობლემების წინაშე აღმოჩნდა ან ცოდვის შედეგებს მოიმკიდა. ეს ჩამონათვალი შეიძლება უსაზღვროდ გავაგრძელო, რადგან შესაძლოა, უამრავი პრობლემების წინაშე აღმოვჩნდეთ. მართალია, ერთი მაგალითის ამორჩევა ძნელია, მაგრამ მაინც, ყოველთვის, როცა სირთულეებზე ვფიქრობ, მე ძმა ბრემი მომდის აზრად. ეს იყო ეკლესიის ერთგული წევრი, ადამიანი ოქროს გულით და სიჭაბუკეში ჩემი საკვირაო სკოლის მასწავლებელი. მას და მის მეუღლეს, სადის, რვა შვილი ჰყავდათ, უმეტესობა ჩემი ძმებისა და დების ასაკში იყვნენ.
მას შემდეგ, რაც მე და ფრენცისი შევუღლდით და მეურვეობიდან გადავედით, ჩვენ და და ძმა ბრემსს, ასევე მათი ოჯახის წევრებს, ქორწილებსა და დაკრძალვებზე ან მრევლის ღონისძიებებზე ვხვდებოდით.
1968 წ. ძმა ბრემსის მეუღლე, სადი, გარდაიცვალა. მისი რვა შვილიდან ორი ასევე გარდაიცვალა წლების განმავლობაში.
ერთხელ, დაახლოებით 13 წლის წინ, ძმა ბრემსის უფროსმა შვილიშვილმა დამირეკა. მან მითხრა, რომ პაპამისი 105 წლის გახდა. მან თქვა: „იგი პატარა მოხუცებულთა სახლში ცხოვრობს, მაგრამ ყოველ კვირას მთელ ოჯახს ხვდება, სადაც სახარებიდან გაკვეთილს ატარებს“. მან გააგრძელა – „გასულ კვირას პაპამ გამოგვიცხადა: ‘ჩემო ძვირფასებო, ამ შაბათ-კვირას გარდავიცვლები. გთხოვთ, დაურეკეთ ტომი მონსონს, მან იცის, რა უნდა გააკეთოს’“.
მე ძმა ბრემსი მეორე დღისითვე მოვინახულე. იგი კარგა ხნის უნახავი მყავდა. მე მას ვერ ვესაუბრებოდი, რადგან მან სმენადობა დაკარგა. ვერც წერილს ვწერდი, რადგან მხედველობა აღარ ჰქონდა. მე მითხრეს, რომ ოჯახის წევრები მას მარჯვენა ხელის თითით მარცხენა ხელის გულზე მნახველის სახელს უწერდნენ. ნებისმიერი გზავნილიც ამავე ხერხით გადაეცემოდა მას. მეც ასე მოვიქეცი: მისივე თითით ხელის გულზე „თ-ო-მ-ი მ-ო-ნ-ს-ო-ნ“ დავუწერე, რადგან ზუსტად ამ სახელით მიცნობდა იგი. ძმა ბრემსი აღელვდა და ჩემი ხელები თავზე დაიდო. მე ვიცოდი, რომ მას სამღვდელოების კურთხევის მიღება სურდა. მძღოლი, რომელმაც მოხუცებულთა სახლში მიმიყვანა, შემომიერთდა და ჩვენ ძმა ბრემსს ერთად დავასხით ხელები თავზე და ვაკურთხეთ. მას უსინათლო თვალებიდან ცრემლები ღაპა-ღუპით ჩამოუვიდა. მან მადლიერებით ჩაგვჭიდა ხელები. მიუხედავად იმისა, რომ მას არ ესმოდა კურთხევის სიტყვები, სულიწმინდა ძლიერად იგრძნობოდა და მე მჯერა, რომ მან შთაგონებით იცოდა, რომ საჭირო კურთხევა მიიღო. ეს კეთილი ადამიანი ვეღარ ხედავდა. მას ყურში არ ესმოდა. იგი მთელი დღის განმავლობაში შემოსაზღვრული იყო მოხუცებულთა სახლის პატარა ოთახით, მაგრამ მისი ღიმილი და სიტყვები გულში ჩამწვდა. „გმადლობთ“,– თქვა მან. „მამაზეციერი ისეთი კეთილია ჩემს მიმართ“.
ერთი კვირის განმავლობაში ძმა ბრემსი, საკუთარი წინასწარმეტყელების თანახმად, გარდაიცვალა. იგი არასდროს არ იყო მიჯაჭვული იმაზე, რაც აკლდა; პირიქით, იგი ყოველთვის დიდად მადლობელი იყო მრავალი ლოცვა-კურთხევებისთვის.
ჩვენმა მამაზეციერმა, რომელიც ამდენს გვაძლევს, გასახარებლად, ასევე იცის, რომ ჩვენ ვსწავლობთ და ვიზრდებით, როცა გადასალახი სირთულეების წინაშე აღმოვჩნდებით. ჩვენ ვიცით, რომ იქნება დრო, როცა გულგატეხილნი ვიქნებით, ან ვიგლოვებთ, ან ჩვენი შესაძლებლობების ზღვარზე გამოგვცდიან. მიუხედავად ამისა, ასეთი სირთულეები გვაძლევს შესაძლებლობას უკეთესობისკენ შევიცვალოთ, გადავაკეთოთ ცხოვრება მამაზეციერის სწავლებების მიხედვით და შევცვალოთ საკუთარი თავი – გავხდეთ ადრინდელთან შედარებით უკეთესნი, უფრო გამგებნი, ვიქონიოთ უფრო მეტი თანაგრძნობა და უფრო ძლიერი მოწმობა.
ეს უნდა იყოს ჩვენი მიზანი – გავხდეთ შეუპოვარნი და გამძლენი, მაგრამ ასევე გავხდეთ სულიერად უფრო სუფთანი, როცა მზესა და მწუხარებაში გზას ვიკაფავთ. რომ არა სირთულეები და პრობლემები, ჩვენ ისეთები დავრჩებოდით, როგორნიც ვართ, მარადიული ცხოვრებისკენ მიმავალ მიზანში მცირე ან ნულოვანი წინსვლით. პოეტმა ეს აზრი გამოხატა შემდეგი სიტყვებით:
კარგი ტყე ადვილად არ იზრდება,
რაც უფრო ძლიერია ქარი, მით უფრო ძლიერდება ხე.
რაც უფრო შორია ცა, მით უფრო მაღალია ხე,
რაც უფრო ძლიერია ქარიშხალი, მით უფრო მეტია ძალა.
მზეზე და სიცივეში, წვიმაში და თოვლში,
ხეებსა და ადამიანებში, ტანადობა ყალიბდება.8
მხოლოდ მოძღვარმა იცის ტკივილის, სირთულეებისა და ჩვენი ტანჯვის სიღრმე. მხოლოდ იგი გვთავაზობს მარადიულ სიმშვიდეს უბედურების ჟამს. მხოლოდ მას შეუძლია შეეხოს ჩვენს ტანჯულ სულებს თავისი მანუგეშებელი სიტყვებით:
„მოდით ჩემთან, ყოველნო მაშვრალნო და ტვირთმძიმენო, და მე მოგასვენებთ თქვენ.
„იტვირთეთ ჩემი უღელი და ისწავლეთ ჩემგან, ვინაიდან მე მშვიდი და თავმდაბალი ვარ, და ჰპოვებთ სულის სიმშვიდეს.
„ვინაიდან ჩემი უღელი ადვილია და ჩემი ტვირთი – მსუბუქი.“9
ვიმყოფებით რა საუკეთესო თუ მძიმე დროში, უფალი ჩვენთან არის. იგი დაგვპირდა, რომ მისი ნება არასდროს არ შეიცვლება.
ჩემო დებო და ძმებო, მოდით დავდოთ ვალდებულება მამაზეციერთან, რომელიც არ იცვლება წლების მანძილზე ან ჩვენი ცხოვრების კრიზისის გამო. არ არის საჭირო, გამოვიაროთ სირთულეები იმისთვის, რომ გავიხსენოთ იგი და სანამ თავს დავუმორჩილებთ, რწმენა და ნდობა უნდა ვაჩვენოთ მას.
მოდით მუდამ ვეცადოთ მამაზეციერთან ახლოს ვიყოთ. ამისთვის უნდა ყოველდღიურად ვილოცოთ და ვუსმინოთ მას. ჩვენ იგი ჭეშმარიტად ყოველ წუთს გვჭირდება, წვიმასა თუ მზეში. დაე მისი დაპირება იყოს ჩვენი დევიზი: „არ მიგატოვებ და თავს არ დაგანებებ.“10
მთელი ჩემი სულის ძალით, მე ვმოწმობ, რომ ღმერთი ცოცხალია და ჩვენ მას ვუყვარვართ, რომ მისი მხოლოდშობილი ძე ჩვენთვის ცხოვრობდა და მოკვდა, და რომ იესო ქრისტეს სახარება არის ის გამჭოლი სინათლე, რომელიც ჩვენი ცხოვრების სიბნელეში ანათებს. იმისთვის, რომ ეს მარად ასე იყოს, მე ვლოცულობ იესო ქრისტეს წმინდა სახელით, ამინ.