ჩემს შვილიშვილებს
არსებობს ერთი მთავარი მცნება, რომელიც დაგვეხმარება სირთულეების გადალახვაში და გაგვიკვლევს გზას ბედნიერი ოჯახური
ამ წელს ჩვენი ორი შვილიშვილი დაქორწინდება. რამოდენიმე წელიწადში მათი 10 ბიძაშვილ-მამიდაშვილი მიაღწევს ცხოვრებაში იმ წერტილს, როცა ოჯახის შექმნის სამყაროს გზას დაადგებიან.
ამ სასიხარულო შესაძლებლობამ ღრმად ჩამაფიქრა, როცა მათ რჩევა მთხოვეს. ძირათადი კითხვა იყო: „როგორი არჩევანი მიმიყვანს ბედნიერებამდე?“ და მეორე მხრივ: “როგორ არჩევანს მივყავარ უბედურებისკენ?“
მამაზეციერმა განუმეორებელ არსებებად შეგვქმნა. არ მოიძებნება ორი ადამიანი, რომელსაც ერთნაირი გამოცდილება აქვს. არ არსებობს ორი მსგავსი ოჯახი. ასე რომ საკვირველი არაა, რომ რჩევის მიცემა იმაზედ, თუ როგორ ავირჩიოთ ბედნიერება ოჯახურ ცხოვრებაში, არც ისე ადვილია. მიუხედავად ამისა, მოსიყვარულე მამაზეციერმა ყოველი თავისი შვილისთვის ბედნიერებისკენ მიმავალი ერთი და იგივე გზა დააწესა. როგორიც არ უნდა იყოს ჩვენი პიროვნება ან გამოცდილება, არსებობს ბედნიერების მხოლოდ ერთი გეგმა. ეს გეგმაა – მიჰყვე ღვთის ყველა მცნებას.
ყოველი ჩვენთაგანისთვის, ჩემი შვილიშვილების ჩათვლით, რომლებიც ოჯახის შექმნის პერსპექტივას განიხილავენ, არსებობს ერთი მთავარი მცნება, რომელიც დაგვეხმარება სირთულეების გადალახვაში და გაგვიკვლევს გზას ბედნიერი ოჯახური ცხოვრებისკენ. ეს ეხება ყოველგვარ ურთიერთობას, ვითარების გარეში. ეს მრავალჯერ მეორდება წმინდა წერილსა და თანამედროვე წინასწარმეტყველების სწავლებებში. აი როგორ აწვდის ბიბლია უფლის რჩევას ყველას, ვისაც სიყვარულის ბედნიერებაში ერთად და მარადიულად სურთ ცხოვრება:
„ ერთმა მათგანმა, რჯულის მცოდნემ, გამოსაცდელად ჰკითხა მას:
„მოძღვარო, რომელი მცნებაა დიდი რჯულში?
„იესომ უთხრა მას: შეიყვარე უფალი, ღმერთი შენი, მთელი შენი გულით, მთელი შენი სულით და მთელი შენი გონებით.
„ეს არის პირველი და დიდი მცნება.
„ და მეორე ამის მსგავსი: შეიყვარე მოყვასი შენი, როგორც თავი შენი.
„ამ ორ მცნებაზე ჰკიდია მთელი რჯული და წინასწარმეტყველნი.“1
ამ მარტივი განცხადებიდან არ არის ძნელი შეაჯამო ყველაფერი, რაც კი როდესმე მისწავლია იმ არჩევანის შესახებ, რომელსაც მივყავართ ბედნიერებისკენ ოჯახებში. მე დავიწყებ შეკითხვით: „რომელმა არჩევანმა მიმიყვანა უფლის სიყვარულამდე მთელი ჩემი გულით, სულით და მთელი ჩემი გონებით?“ ჩემთვის ეს იყო არჩევანი, რომელიც საშუალებას მომცემდა უფლის გამოსყიდვის მეშვეობით მეგრძნო მიტევების სიხარული.
წლების წინ მე მოვნათლე ახალგაზრდა მამაკაცი ალბუკერკეში, ნიუ მეხიკოში, რომელსაც მე და ჩემი ძმადნაფიცი მისიონერი ვასწავლიდით. მე ის ახალგაზრდა წყალში ჩავაწვინე და წამოვაყენე. იგი ალბათ ჩემს სიმაღლე იყო, რადგან პირდაპირ ყურში მელაპარაკებოდა. სახეზე ჩამომდინარე ნათლობის წყლითა და ცრემლებით, მან სიხარულით წარმოთქვა: „მე სუფთა ვარ, მე სუფთა ვარ“.
მე მინახავს ასეთივე ბედნიერების ცრემლები იმ ადამიანების თვალებში, რომლებიც ღვთის მოციქულის სიტყვებს იმეორებდნენ. კეთილი, ამომწურავი გასაუბრების შემდეგ მან უთხრა მას: „მე მოგიტევე უფლის სახელით. იგი მოგიტევებს თავის დროზე და თავისი წესით“. მან მიუტევა კიდევაც.
მე ვიცი, რატომ ამბობს უფალი, რომ როდესაც ცოდვები მიტევებულია, ის მათ აღარ იხსენებს. ხალხი, რომელსაც კარგად ვიცნობ და მიყვარს, გამოსყიდვის ძალით შეიცვალა და ცოდვის შედეგი ჩამოირეცხა მათგან. ჩემი გული სიყვარულით აღივსო მხსნელისა და მოსიყვარულე მამის მიმართ, რომელმაც იგი გამოაგზავნა.
ეს უდიდესი დალოცვა მოვიდა, როცა ვაგულიანებდი მათ, ვისზეც ვზრუნავ, მიემართათ უფლისთვის, რადგან მხოლოდ მას შეუძლია შეგვიმსუბუქოს ტკივილი. აი რატომ ვაგულიანებ მათ, ვინც მიყვარს, მიიღონ და განადიდონ ყოველი მოწოდება, რომელსაც მათ ეკლესიაში სთავაზობენ. ეს არჩევანი არის ოჯახური ბედნიერების გასაღები.
ცხოვრების ყოველ პერიოდში არსებულმა გარკვეულმა მოთხოვნილებამ შეიძლება გვაცდუნოს, რომ უარი ვთქვათ ან უგულვებელვყოთ მოწოდებები – ვემსახუროთ უფალს. ამან შესაძლოა ჩაგვაყენოს სულიერ საფრთხეში, როგორც ჩვენ, ისევე ჩვენი მეუღლე და ოჯახი. ზოგი ასეთი მოწოდება შესაძლოა უმნიშვნელოდ მოგეჩვენოთ, მაგრამ ჩემი ცხოვრება და ჩემი ოჯახი უკეთესობისკენ შეიცვალა, როცა მივიღე მოწოდება „დიაკვანთა ქვორუმის მასწავლებელი“. მე ვიგრძენი იმ დიაკვანთა სიყვარული მხსნელის მიმართ და მხსნელის სიყვარული მათ მიმართ.
მე დავინახე იგივე ცვლილება ყოფილი პალოს პრეზიდენტისა და მისიის პრეზიდენტის ცხოვრებაში, როცა იგი მასწავლებლების ქვორუმის მრჩევლის მოწოდებაში მსახურობდა. მე ვიცი სხვაც, ვინც ეპისკოპოსად და შემდეგ სამოცდაათიანელთა ქვორუმში მსახურობდა, რომელმაც უფალმა მასწავლებლების ქვორუმში გამოიყენა ავარიაში მოყოლილი ბიჭის დასახმარებლად. ამ მსახურებიდან გამომდინარე სასწაულები ჩემი ოჯახის ჩათვლით, მრავალ ოჯახს შეეხო და გააძლიერა მათი სიყვარული მხსნელის მიმართ.
სხვებისთვის მსახურებისას ჩვენ ვევედრებით სულიწმინდის თანხლებას. უფლის მსახურებაში მიღწეულ წარმატებას ყოველთვის მოაქვს წარმოუდგენელი სასწაულები. მშობელმა, რომელიც შვილის ჯანყის წინაშე აღმოჩნდება იცის, რომ ეს ჭეშმარიტებაა, ზუსტად ისე, როგორც ეს იცის სტუმრად მისულმა მასწავლებელმა, რომელსაც მიმართა ქალმა, რათა მას ნუგეში ეპოვა მაშინ, როცა იგი ქმარმა მიატოვა. ორივე მსახური მადლიერია იმის გამო, რომ იმ დილით ილოცეს, უფალს მათთვის თანამგზავრად სულიწმინდა გამოეგზავნა.
მხოლოდ სულიწმინდის თანხლებით შეგვიძლია ვიმედოვნოთ, რომ თანაბრად ვზიდავთ ტვირთს უთანხმოებისგან თავისუფალ ქორწინებაში. მე მინახავს, რაოდენ მნიშვნელოვანია ეს თანხლება ოჯახურ ბედნიერებაში. სასწაული –გახდე ერთი მთლიანი, ითხოვს ზეცის დახმარებას, ამას კი დრო სჭირდება. ჩვენი მიზანია – ვიცხოვროთ ერთად მარადის მამაზეციერისა და ჩვენი მხსნელის გარემოცვაში.
ჩემი მშობლები ძალიან განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან. დედა მომღერალი და მხატვარი იყო. მამას ქიმია უყვარდა. ერთხელ, სიმფონიური მუსიკის კონცერტზე, დედას ძალიან გაუკვირდა,როცა მამა ადგა და გასვლა დააპირა აპლოდისმენტების დაწყებამდე. დედამ ჰკითხა, სად მიდიოდა იგი. პასუხი მიამიტი იყო „ხომ დამთავრდა?“ მხოლოდ სულიწმინდის ნაზმა ზეგავლენამ მიიყვანა იგი იქ პირველად და შემდეგ დროდადრო აბრუნებდა მას კონცერტებზე.
დედა 16 წლის განმავლობაში ნიუ ჯერსიში ცხოვრობდა, რათა მამას შეძლებოდა ქიმიის სწავლებითა და გამოკვლევებით ოჯახი ერჩინა. დედისთვის ეს დიდი მსხვერპლი იყო – მიეტოვებინა დაქვრივებული დედა და მარტოხელა და, რომლებიც მას უვლიდნენ ძველ საოჯახო ფერმის სახლში. ისინი ორივენი გარდაიცვალნენ, როდესაც დედა ნიუ ჯერსიში იმყოფებოდა. ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, როცა მე ვიხილე დედაჩემის ტირილი.
წლების შემდეგ მამაჩემს იუტაში სამსახური შესთვაზეს. მან ისევ გულუბყვრილოდ ჰკითხა დედაჩემს: „მილდრიდ, რას ფიქრობ, როგორ მოვიქცე“?
მან თქვა: „ჰენრი, მოიქეცი ისე, როგორც შენი აზრით უკეთესია“.
მამამ შეთავაზებაზე უარი თქვა. მეორე დილით დედამ მას წერილი მიწერა (ნეტავ ეს წერილი ახლაც მქონოდა). მე მახსოვს, მან თქვა: „აქ არ გახსნა. კაბინეტში შედი და იქ გახსენი.“ ის საყვედურით იწყებოდა. მამა წლების წინ შეპირდა, რომ როდესმე თუ შეძლებდა, ოჯახთან ერთად აცხოვრებდა მას. მამას ძალიან გაუკვირდა დედის ასეთი გაღიზიანებული ტონი. მას მეუღის გულის წადილი არ ახსოვდა. მან დაუყოვნებლივ გააგზავნა თანხმობის წერილი სამსახურის თაობაზე.
მან უთხრა: „მილდრიდ, რატომ არ მითხარი?“
მილდრიდმა უპასუხა: „შენ უნდა გხსომებოდა“.
იგი ყოველთვის მოიხსენიებდა თავის იუტაში ცხოვრების არჩევანს, როგორც საკუთარს და არა როგორც პროფესიული კარიერის მსხვერპლს. მათ მიიღეს გაერთიანების სასწაული. აჯობებდა, სულიწმინდას, რომ შეეხსენებინა მამისათვის, რომ იგი ეს წლების წინ შეპირდა ამას. მაგრამ მან ნება დართო სულიწმინდას მოელბო გული, რათა მეუღლის არჩევანი მისი არჩევანი გამხდარიყო.
მამაზეციერს აქვს სრულყოფილი წინასწარხედვა, იგი იცნობს თითოეულ ჩვენთაგანს და მან იცის ჩვენი მომავალი. მან იცის, რა სირთულეების გადალახვა მოგვიწევს. მან გამოგვიგზავნა თავისი ძე, რათა დატანჯულიყო და სცოდნოდა, როგორ დაგვხმარებოდა ჩვენს განსაცდელში.
ჩვენ ვიცით, რომ მამაზეციერს ჰყავს სულიერი შვილები თავის სამყაროში, რომლებიც ზოგჯერ ირჩევენ ცოდვასა და დიდ უბედურებას. აი რატომ გამოაგზავნა მან თავისი მხოლოდშობილი ძე, რომ გამხდარიყო ჩვენი მხსნელი, რაც იყო უდიდესი სიყვარულის გამომჟღავნება, რომელიც როდისმე ყოფილა ამ ქვეყნად. აი რატომ უნდა ველოდოთ იმას, რომ დაგვჭირდება ღვთის დახმარება და დრო ჩვენს დასახვეწად, ჩვენი მარადიული ცხოვრებისთვის მოსამზადებლად, რათა ვიცხოვროთ მამასთან.
ცხოვრება ოჯახში გვცდის ჩვენ. როცა ღმერთი გვაძლევს ძღვენს – მიწიერ ცხოვრებას, მისი ერთ-ერთი მიზანია განგვამტკიცოს გამოცდების ჩაბარებით. ეს განსაკუთრებით ეხება ოჯახს, სადაც დიდ სიხარულს, მწუხარებასა და განცდებს ვპოულობთ, რომლებიც ზოგჯერ აღემატება ჩვენს ძალებს – ბოლომდე გავუძლოთ მათ.
აი რა თქვა პრეზიდენტმა ჯორჯ ქ. ქენონმა ღმერთის შესახებ, რომელმაც მოგვამზადა ჩვენ და ჩვენი შვილები იმ გამოცდებისთვის, რომლებიც გველის: „არ არის არც ერთი ადამიანი, რომელსაც ღმერთმა სიყვარული არ უბოძა, არ არის არც ერთი ადამიანი, რომელზედაც იგი არ ზრუნავს ან არ ეალერსება. არ არის არც ერთი ადამიანი, რომლის გადარჩენა მას არ სურს ან არ აქვს მისი გადარჩენის საშუალებები. არ არის არც ერთი ადამიანი, რომელსაც მან არ მიუჩინა ანგელოზები. ჩვენ შესაძლოა ვიყოთ უმნიშვნელონი ან საზიზღარნი საკუთარ თვალში და სხვების თვალშიც კი, მაგრამ ჭეშმარიტება ის არის, რომ ჩვენ ყველანი ღვთის შვილები ვართ და მან მოგვივლინა ანგელოზები – ძალისა და სიძლიერის უხილავი არსებები, რომლებიც გვიცავენ და გვმფარველობენ“.2
რაც პრეზიდენტმა ქენონმა გვასწავლა, ჭეშმარიტია. თქვენც დაგჭირდებათ ეს დაჯერებულობა, როგორც მე მჭირდებოდა იგი და დამოკიდებული ვიყავი მასზე.
მე რწმენით ვლოცულობდი იმაზედ, რომ მას, ვინც მიყვარს, ეგრძნო და ეძია გამოსყიდვის ძალა. მე რწმენით ვლოცულობდი, რომ ცოცხალი ანგელოზები მოსულიყვნენ მათ დასახმარებლად, და ისინი მოდიოდნენ.
ღმერთმა იცის, როგორ გადაარჩინოს ყოველი თავისი შვილი. მრავალისთვის ეს ნიშნავს იყოს დასთან, ძმასთან ან ბებია-ბაბუასთან, რომელსაც ყველაფრის მიუხედავად უყვარხარ.
წლების წინ ერთი ჩემი მეგობარი ლაპარაკობდა თავის ბებიაზე. მან მართალი ცხოვრებით იცხოვრა, მუდამ უფლისა და მისი ეკლესიის ერთგული იყო. მიუხედავად ამისა მისმა ერთ-ერთმა შვილიშვილმა დანაშაულის გზა აირჩია. საბოლოოდ იგი ციხეში ჩასვეს. ჩემმა მეგობარმა გაიხსენა, რომ მისი ბებია, როცა ციხეში შვილიშვილის სანახავად მიდიოდა, გზაში სულ ტკივილით ლოცულობდა: „მე ვცდილობდი, კარგი ცხოვრებით მეცხოვრა. რატომ, რატომ გამიჩნდა ეს ტრაგედია შვილიშვილთან დაკავშირებით, რომელმაც სიცოცხლე გაინადგურა?“
პასუხად ასეთი აზრი მოუვიდა: „მე შენ იგი გარგუნე, რადგან ვიცოდი, რომ ყველაფრის მიუხედავად გეყვარებოდა იგი“.
ეს ყველასათვის შესანიშნავი გაკვეთილია. მოსიყვარულე მშობლებისა და ბებია-ბაბუების, ასევე ყველა ღვთის მსახურისთვის, ეს არ იქნება იოლი. ჩვენ ვერ დავაძალებთ ღვთის შვილებს ბედნიერების გზის არჩევას. ღმერთი ამას ვერ იზამს იმ თავისუფალი არჩევანის გამო, რომელიც ჩვენ მოგვცა.
მამაზეციერსა და მის საყვარელ ძეს უყვართ ღვთის ყველა შვილი, მიუხედავად იმისა, რა არჩევანს აკეთებენ ისინი ან რანი ხდებიან. მხსნელმა ყველა ცოდვის საფასური გადაიხადა, მიუხედავად სიმძიმისა. მართალია, უნდა იყოს სამართალი, მაგრამ მოწყალების საშუალებაზე ყველას მიუწვდება ხელი და ამით სამართალს არაფერი არ დააკლდება.
ალმამ გამოუხატა ეს იმედი თავის შვილს, კორიანთონს, სიტყვებით: „მაშასადამე, სამართალის მიხედვით, გამოსყიდვის გეგმა ვერ იქნებოდა წარმოდგენილი მხოლოდ ადამიანების მონანიების პირობებით ამ გამოსაცდელ მდგომარეობაში, დიახ, ამ მომზადების სტადიაში; რამეთუ, რომ არა ეს პირობები, წყალობას არ ექნებოდა ეფექტი, თუკი ეს არ გაანადგურებდა სამართალის სამუშაოს. ახლა, სამართალი ვერ განადგურდება; ასე რომ იყოს, ღმერთი აღარ იქნებოდა ღმერთი.“3
მაშასადამე, ჩემი გზავნილი ჩემს შვილიშვილებს და ყველას, ვინც ვცდილობთ ვიქონიოთ მარადიული ოჯახები, არის ის, რომ ერთგულებისთვის გარანტირებულია სიხარული. სამყაროს დაარსებამდე მოსიყვარულე მამას ზეცაში და მის საყვარელ ძეს უყვარდათ ისინი, ვინც იცნობდნენ, რომ გზას ასცდებოდნენ და მუშაობდნენ მათთან. ღმერთს ისინი მარადის ეყვარება.
თქვენ გაქვთ იმის პრივილეგია, რომ იცოდეთ: მათ შეისწავლეს ხსნის გეგმა სულიერ სამყაროში. ისინი და თქვენ საკმარისად ერთგულნი იყავით იმისთვის, რომ თქვენთვის ნება დაერთოთ მოსულიყავით ამ ქვეყნად, სადაც მრავალი სხვა არ იყო დაშვებული.
სულიწმინდის დახმარებით, ყოველი ჭეშმარიტება გაგვახსენდება. ჩვენ ამას სხვებს ვერ დავაძალებთ, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია დავანახოთ ეს მათ ჩვენს ცხოვრებაში. ჩვენ ყოველთვის შეგვიძლია მოვიპოვოთ გამბედაობა იმის დაჯერებულობით, რომ ჩვენ ყველამ ერთხელ ვიგრძენით ერთად ყოფნის სიხარული, როგორც მამაზეციერის საყვარელი ოჯახის წევრებმა. ღვთის დახმარებით ჩვენ შეგვიძლია კვლავ ვიგრძნოთ ის იმედი და სიხარული. მე ვლოცულობ, რომ ეს ასე იყოს ყოველი ჩვენთაგანისთვის. ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს სახელით, ამინ.