გათელე სარბიელი შენი ფეხისა
როცა ჩვენ იესოს ვუყურებთ, როგორც მაგალითს, რათა მივყვეთ მის ნაკვალევს, უსაფრთხოდ შეგვიძლია დავუბრუნდეთ მამაზეციერს.
ძვირფასო დებო და ძმებო, მე ამ დილით მორჩილი ვდგავარ თქვენს წინაშე. გთხოვთ, იქონიოთ რწმენა და ილოცოთ ჩემთვის, თქვენთვის ამ გზავნილის გაზიარებისას.
ყოველმა ჩვენგანმა შეასრულა შესანიშნავი და მნიშვნელოვანი მოგზაურობა, როცა დატოვა სულების სამყარო და მიიღო ეს ხშირად გამომწვევი მდგომარეობა, რომელსაც უწოდებენ მიწიერ ცხოვრებას. ჩვენი დედამიწაზე არსებობის მთავარი მიზეზია ხორცისა და ძვლებისგან შემდგარი სხეულის მიღება, იმ გამოცდილების მიღება, რომელიც მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, როცა ზეციურ მშობლებს ჩამოვშორდებით და დავინახავთ, შევძლებთ თუ არა მცნებების დაცვას. აბრაამის წიგნში, მესამე თავში, ვკითხულობთ, რომ ჩვენ უნდა გამოგვცადონ, რათა დაინახონ, შევასრულებთ თუ არა ყველაფერს, რაც უფალმა, ჩვენმა ღმერთმა გვიბრძანა.1
დედამიწაზე მოსვლისას ჩვენ თან მოგვაქვს ღმერთის დიდი ძღვენი – თავისუფალი არჩევანი. ათასობითი სხვადასხვა საშუალება გვეძლევა არჩევანის გასაკეთებლად. აქ ჩვენ ვსწავლობთ მკაცრი მასწავლებლისგან სახელად გამოცდილება. ჩვენ ვანსხვავებთ კარგსა და ცუდს, მწარესა და ტკბილს შორის ვხედავთ სხვაობას. ჩვენ ვსწავლობთ, რომ გადაწყვეტილებები განსაზღვრავს ჩვენს საბოლოო ბედს.
დარწმუნებული ვარ, ჩვენ დავტოვეთ მამაზეციერი მასთან დაბრუნების დიდი სურვილით, რათა ამაღლება შევძლოთ. მან ეს დაგეგმა ჩვენთვის და ჩვენც ეს ძალიან გვსურდა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ დამოუკიდებლად უნდა ვიპოვოთ ის გზა, რომელსაც უკან, მამაზეციერთან მივყავართ, მას აქ არ გამოვუშვივართ მითითებებისა და დარიგებების გარეშე. მან მოგვცა საჭირო იარაღი და დაგვეხმარება, როცა მისგან დახმარებას ვითხოვთ და ვცდილობთ ყველაფერი გავაკეთოთ, რაც კი შეგვიძლია, იმისთვის, რომ გავძლოთ ბოლომდე და მივიღოთ მარადიული ცხოვრება.
მიმართულების მისაღებად ჩვენ გვაქვს ღვთისა და მისი ძის სიტყვები წმინდა წერილიდან. ჩვენ გვაქვს ღვთის წინასწარმეტყველებების სწავლებები და რჩევა. რაც ყველაზე მთავარია, ჩვენ გვაქვს თავად ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს, სრულყოფილი მაგალითი, და ჩვენ გვირჩევენ მივყვეთ მას. უფალმა თქვა: „მოდი და გამომყევი“.2 ის, რასაც მე ვაკეთებდი, თქვენც უნდა გააკეთოთ“.3 მან დასვა კითხვა: “რანაირი ადამიანები უნდა იყოთ“? და თავადვე გასცა პასუხი: „ისეთნი, როგორც მე ვარ“.4 მან მოგვინიშნა გზა და წინ გაგვიძღვა.5
როცა ჩვენ იესოს ვუყურებთ, როგორც მაგალითს, რათა მივყვეთ მის ნაკვალევს, უსაფრთხოდ შეგვიძლია დავუბრუნდეთ მამაზეციერს მის გვერდით მარადიული ცხოვრებისთვის. წინასწარმეტყველი ნეფი ამბობს, რომ ადამიანი ვერ გადარჩება, თუკი ბოლომდე არ გაძლებს და არ მიჰყვება ცოცხალი ღმერთის ძის მაგალითს.6
ერთი ქალბატონი, რომელიც ხშირად გვიზიარებდა წმინდა მიწაზე ყოფნასთან დაკავშირებულ განცდებს, წამოიძახებდა ხოლმე: „მე იესოს ნაკვალევზე დავდიოდი“!
იგი იმ არემარეში იმყოფებოდა, სადაც იესო დადიოდა და ასწავლიდა. ალბათ იმ ქვაზე იდგა, რომელზედაც უფალი მდგარა ან შეუხედია იმ მთებისთვის, რომლებსაც ერთ დროს უფალი უყურებდა. თვითონ ეს გამოცდილება ძალიან ამაღელვებელი იყო მისთვის; მაგრამ ფიზიკურად სიარული იქ, სადაც იესო დადიოდა, იმაზე ნაკლებად მნიშვნელოვანია, ვიდრე მის ნაკვალევზე სიარული. მისი ქმედებების გამეორება და მაგალითის მიყოლა ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე იმ ბილიკებზე სიარული, სადაც ის დადიოდა მიწიერი ცხოვრების დროს.
როცა იესომ უთხრა ერთ მდიდარ კაცს: „მოდი და გამომყევი“,7 იგი არ გულისხმობდა იმ გორაკებსა და ველებზე სიარულს, სადაც თავად დადიოდა.
ჩვენ ის კი არ გვჭირდება, რომ გალილეის ნაპირზე ვიაროთ ან იუდეის გორაკებზე, სადაც იესოს უვლია. ჩვენ შეგვიძლია მის ნაკვალევზე სიარული მაშინ, როცა მისი სიტყვები მუდამ ყურში გვესმის, მისი სული გულს გვივსებს და მისი სწავლებები ჩვენი ცხოვრების გზამკლეი ხდება და ჩვენ ვირჩევთ, მივყვეთ მას ამ მიწიერი მოგზაურობის დროს. მისი მაგალითი გზას გვინათებს. მან თქვა: „მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე“.8
როცა ვიკვლევთ იესოს გზებს, ვხედავთ, რომ მანაც მრავალი სირთულე გაიარა ცხოვრებაში ისევე, როგორც ჩვენ.
მაგალითად, იესოს გულგატეხილობის გზით უვლია. მიუხედავად იმისა, რომ მრავალჯერ გამოუცდია გულგატეხილობა, ერთ-ერთი ყველაზე მწარე, აღწერილია თავისი ხალხისთვის ქადაგების დასასრულს, როცა იგი დასტირის იერუსალიმს. ისრაელის შვილები უარს ამბობენ იმ დამცავ ფრთაზე, რომელიც უფალმა მათ შესთავაზა. როცა მან გადახედა ქალაქს, რომელიც მალე განადგურების გამო უნდა დაცარიელებულიყო, მას მწუხარების ღრმა ემოცია დაეუფლა. ტანჯვით მან წამოიყვირა: „იერუსალიმო, იერუსალიმო, დამხოცველო წინასწარმეტყველთა და ჩამქოლავო შენთან მოვლინებულთა! რამდენჯერ მინდოდა შენი შვილების შეკრება, როგორც ფრინველი იკრებს ფრთებქვეშ თავის ბარტყებს, მაგრამ თქვენ არ ისურვეთ“.9
იესოს ცდუნების გზაზეც უვლია. ლუციფერმა, ეშმაკმა, მთელი თავისი ძალა მოიკრიბა, ყველაზე მაცდუნებელი ტყუილი იხმარა და აცდუნებდა უფალს, რომელიც 40 დღისა და ღამის განმავლობაში შიმშილობდა. იესო არ დანებდა; პირიქით, იგი ყოველ ცდუნებას შეეწინააღმდეგა. მისი საბოლოო სიტყვები იყო: „განვედ, სატანავ“.10
იესომ ტკივილის გზითაც იარა. გაიხსენეთ გეთსიმანია, სადაც იგი „აგონიაში იყო ... და გახდა მისი ოფლი, როგორც სისხლის მსხვილი წვეთები, რომლებიც მიწაზე ცვიოდა“.11 და ვერავინ ვერ დაივიწყებს მის ტანჯვას ჯვარზე.
ყოველი ჩვენგანი გაივლის გულგატეხილობის გზას, როცა არ გამოიყენებს რაიმე შესაძლებლობას, არასწორედ გამოიყენებს ძალას, ან საყვარელი ადამიანი არასწორ არჩევანს რომ გააკეთებს, თუნდაც ჩვენ თვითონ რომ რამე შეგვეშლება. ყოველივე ეს ცდუნების გზას უკავშირდება. მოძღვრება და აღთქმების 29-ე თავში ვკითხულობთ, რომ ასეა საჭირო, რომ ეშმაკი აცდუნებდეს ადამიანთა შვილებს, რამეთუ სხვაგვარად ისინი ვერ გააკეთებენ არჩევანს“.12
ასე ჩვენც უნდა გამოვიაროთ ტკივილის გზა. მოძღვარი წავიდა მიწიერი ცხოვრებიდან მხოლოდ მას შემდეგ, რაც დიდი ტკივილი და ტანჯვა გადაიტანა, ჩვენ არ უნდა ველოდოთ სხვა შედეგს.
თუმცა როცა გზაზე მწარე მწუხარებას გადავეყრებით, ჩვენ შეგვიძლია იმავდროულად დიდი ბედნიერებაც განვიცადოთ.
ჩვენ, იესოსთან ერთად, შეგვიძლია მორჩილების გზით ვიაროთ. ეს ყოველთვის არ იქნება ადვილი, მაგრამ მოდით დევიზად გავიხადოთ სამუელის მემკვიდრეობა: „მოსმენა უკეთესია საკლავზე, მორჩილება – ცხვრების ლურთებზე“.13 მოდით გვახსოვდეს, ურჩობის შედეგია ტყვეობა და სიკვდილი, მორჩილების ჯილდო კი თავისუფლება და მარადიული ცხოვრებაა.
ჩვენ, ისევე, როგორც იესოს, შეგვიძლია მსახურების გზით ვიაროთ. იესოს ცხოვრება ადამიანთა შორის მსახურებისას, სიკეთის კაშკაშა პროჯეკტორივითაა. უფალმა ხეიბრის კიდურებს ძალა დაუბრუნა, ბრმას – მხედველობა, ყრუს – სმენა.
იესო ლოცვის გზით დადიოდა. მან გვასწავლა, როგორ უნდა ვილოცოთ და დაგვიტოვა მშვენიერი ლოცვა, რომელიც ცნობილია როგორ უფლის ლოცვას. განა ვინმეს დაავიწყდება მისი ლოცვა გეთსიმანიის ბაღში: „ჩემი ნება კი არა, შენი იყოს“.14
მხსნელის სხვა რჩევა-დარიგებანი ხელთ გვიპყრია, ისინი წმინდა წერილშია. მთაზე მსახურებისას უფალი გვეუბნება, ვიყოთ მორჩლნი, მოწყალენი, მართალნი, გულით სუფთა, მშვიდობის მყოფელნი. იგი გვაძლევს რჩევას, მამაცად დავიცვათ ჩვენი მრწამსი, მაშინაც კი, როცა დაგვცინიან და გვდევნიან. იგი გვთხოვს, ჩვენი სინათლე ანათებდეს, რათა სხვები ხედავდნენ მას და მოისურვონ მამაზეციერის დიდება. იგი გვასწავლის მორალურ სისუფთავეს საქმეშიც და აზრებშიც. იგი გვეუბნება, რომ გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, შეაგროვო საგანძური ზეცაში, ვიდრე დედამიწაზე.15
მისი იგავები გვასწავლის ძალითა და უფლებამოსილებით. კეთილი სამარიელის მაგალითზე იგი გვასწავლის მოყვასის სიყვარულსა და მსახურებას.16 იგავში ტალანტებზე იგი მოგვიწოდებს სრულყოფილებისკენ.17 დაკარგული ცხვრის მაგალითზე გვირჩევს მათ გადარჩენას, ვინც გზიდან გადაუხვია და გზა აებნა.18
როცა ვცდილობთ, გავხადოთ ქრისტე ჩვენი ცხოვრების ცენტრალური ნაწილი იმით, რომ ვისწავლოთ მისი სიტყვები და ვიაროთ მისი გზით, იგი შეგვპირდა, რომ გაგვიზიარებდა იმ მარადიულ ცხოვრებას, რომლის მოსაპოვებლადაც მან თავი გაწირა. არ არსებობს ამაზე დიდი დასასრული, რომლის არჩევაც შეიძლებოდეს, ვიდრე მისი სწავლება და მისი მოწაფეობა და მისი საქმის შესრულება სოცოცხლის მანძილზე. სხვა არაფერი, არც ერთი არჩევანი, ვერ მიგვიყვანს ჩვენი სრული პოტენციალის მიღწევამდე.
როცა ვფიქრობ მათზე, ვინც ჭეშმარიტად ცდილობდა მხსნელის მაგალითის მიყოლას და ვინც იარა მისი გზით, მაშინვე გუსტავი და მარგარეტ უექერი მახსენდება, ის ორი ადამინი, რომლებიც ყველა იმ ადამიანებიდან, რომლებიც შემხვედრია, ყველაზე მეტად გვანან ქრისტეს. ისინი წარმოშობით გერმანელები იყვნენ, რომლებიც აღმოსავლეთ კანადაში ემიგრაციაში ცხოვრობდნენ. მე მათ შევხდი, როცა იქ მისიის პრეზიდენტად ვმსახურობდი. ძმა უექერი პარიკმახერად მუშაობდა. მათ ძალიამ მწირი შემოსავალი ჰქონდათ, ყველაფერს ერთმანეთს უზიარებდნენ. შვილებით არ იყვნენ დალოცვილნი, მაგრამ ზრდიდნენ ყველას, ვინც მათ სახლში შემოდიოდა. განათლებული, ნასწავლი ადამიანები ცდილობდნენ ამ უბრალო, უსწავლელ ღვთის მსახურებთან ურთიერთობას და თავს ბედნიერეად თვლიდნენ, თუ მოუწევდათ მათთან სახლში ერთი საათის გატარება.
ისინი უბრალო გარეგნობის იყვნენ, ინგლისურში მოიკოჭლებდნენ და მათი გაგება ცოტა ძნელი იყო, სახლიც ძალიან უბრალო ჰქონდათ. არც მანქანა არ ჰქონდათ, არც ტელევიზორი, არც ისეთ რამეებში მონაწილეობდნენ, რაც სამყაროსთვის ასე მიმზიდველია. მიუხედავად ამისა, მორწმუნე ადამიანებმა გზა გაკვალეს მათ კარისკენ, რათა სულიწმინდის მიღება შეძლებოდათ. მათი სახლი დედამიწაზე არსებულ ზეცას ჰგავდა, სული კი, რომელსაც ისინი ასხივებდნენ, სრული სიმშვიდისა და სიკეთის იყო.
ჩვენც შეგვიძლია ვიქონიოთ ეს სული და გავუზიაროთ იგი სამყაროს, როცა მხსნელის კვალზე ვივლით და მის სრულყოფილ მაგალითს მივბაძავთ.
იგავებში ვკითხულობთ დარიგებას: „გათელე სარბიელი შენი ფეხისა“.19 ასე თუ მოვიქცევით, გვექნება რწმენა, სურვილიც კი, ვიაროთ იესოს კვალზე. ჩვენ არ გვექნება არანაირი ეჭვი იმისა, რომ ვდგავართ იმ გზაზე, რომელიც მამას სურს ჩვენთვის. მხსნელის მაგალითი წარმოადგენს ღერძს ყველაფრისთვის, რასაც ვაკეთებთ და მისი სიტყვები ჩვენი საიმედო გზამკვლევია. მისი გზა უსაფრთხოდ დაგვაბრუნებს სახლში. მე ვლოცულობ იმაზედ, რომ ჩვენ მივიღოთ ეს დალოცვა სახელით, რომელიც მე მიყვარს და რომელსაც ვემსახურები და რომელზედაც ვმოწმობ, ამინ.