გენერალური კონფერენცია
ეძიე ქრისტე ყოველ აზრში
2020 წ. ოქტომბრის გენერალური კონფერენცია


ეძიე ქრისტე ყოველ აზრში

ცდუნების წინააღმდეგ ბრძოლა მოითხოვს სიბეჯითესა და ერთგულებას მთელი ცხოვრების მანძილზე. მაგრამ გთხოვთ, გახსოვდეთ, რომ უფალი მზადაა, დაგვეხმაროს.

თავის პოეტურ სადიდებელ ჰიმნში მეფსალმუნემ განაცხადა:

„უფალო, გამომცადე და მიცნობ მე.

„შენთვის ცნობილია, როდის ვჯდები და ვდგები; გაგებული გაქვს ჩემი ზრახვანი შორიდან.

„ჩემს სიარულსა და ჩემს წოლას შენ განსაზღვრავ, და ყველა ჩემი გზა შენ გამოიკვლიე“.1

ამ პოეტურ სემანტიკურ პარალელიზმში მეფსალმუნე ადიდებს უფლის ღვთიურ ყოვლისმცოდნეობის დახასიათებას, რადგან მან ჭეშმარიტად იცის ჩვენი სულის ყოველი ასპექტი.2 ყოველივე ამის ცოდნა აუცილებელია ჩვენთვის ამ ცხოვრებაში; მხსნელი გვიწვევს, ვეძიოთ იგი ყოველ აზრში და მივყვეთ მას მთელი ჩვენი გულით.3 ეს კი იმის დაპირებაა, რომ ჩვენ შეგვიძლია, ვიაროთ მის ნათელში და რომ მისი გზაკვლევა დაგვიცავს ჩვენი ცხოვრების სიბნელისგან.4

ქრისტეს ძიება ყოველ აზრში და მის კვალზე მთელი გულით სიარული მოითხოვს ჩვენგან, გონებასა და სურვილებში სწორება ვიქონიოთ მის გონებასა და სურვილებზე.5 წმინდა წერილში ამ სწორებას უწოდებენ „უფალში დგომას“6 ეს გულისხმობს იმას, რომ ჩვენი ცხოვრება მუდამ ჰარმონიაშია ქრისტეს სახარებასთან და ყოველ დღე მთელი ყურადღება გადატანილი გვაქვს ყოველივე კეთილზე.7 მხოლოდ მაშინ შევძლებთ, მივაღწიოთ „ღვთის მშვიდობა[ს], რომელიც ყოველგვარ გონებას აღემატება“ და „დაფარავს თქვენს გულებს და თქვენს ფიქრებს ქრისტე იესოში“.8 თავად მხსნელმა დამოძღვრა ეკლესიის უხუცესები 1831 წ. თებერვალში: „დაიუნჯეთ ეს თქვენს გულებში, დაე, თქვენი ფიქრები იყოს მარადიულის დიდებით“.9

მიუხედავად ჩვენი უწყვეტი მცდელობებისა, ვეძიოთ უფალი, გონებაში შესაძლოა მაინც შემოგვეპაროს შეუსაბამო აზრები. როცა ასეთ აზრებს დავუშვებთ და მოვიპატიჟებთ, ისინი შექმნიან ჩვენი გულის სურვილებს და მიგვიყვანენ იქამდე, რანი გავხდებით ამ ცხოვრებაში და საბოლოო ჯამში, რას დავიუნჯებთ მარადისობისთვის.10 უხუცესმა ნილ ა. მაქსველმა ერთხელ აქცენტი გააკეთა ამ პრინციპზე როცა თქვა: „სურვილები … განაპირობებს შედეგის გრადაციას, იმის ჩათვლით, რატომ არის „წვეული ბევრი, რჩეული კი ცოტა“11

ჩვენი ძველი დროის და თანამედროვე წინასწარმეტყველები გამუდმებით გვახსენებენ, შევეწინააღმდეგოთ ცდუნებას, რათა არ ავცდეთ სულიერი წევის ძალას და არ დავიბნეთ, არ დავკარგოთ მიმართულება და არ დავრჩეთ გულგატეხილნი.

მეტაფორულად რომ ვქვათ, ცოდვისკენ ლტოლვა ჰგავს მაგნიტთან რკინის მიახლოებას. მაგნიტის უხილავი ძალა იზიდავს რკინას და მჭიდროდ იკრავს მას. მაგნიტი კარგავს ძალას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რკინას შორს გაწევ მისგან. ასე რომ, როგორც მაგნიტი ვერ იმოქმედებს მოშორებულ რკინაზე, ისე ჩვენ, როცა ვეწინააღმდეგებით ცდუნებას, იგი სუსტდება და კარგავს ძალას ჩვენს გონებაზე და გულზე და შესაბამისად, ჩვენს ქმედებებზე.

ეს შედარება მახსენებს გამოცდილებას, რომელიც ერთ-ერთმა ერთგულმა წევრმა გამიზიარა. მან მითხრა, რომ როცა გაიღვიძა ერთ განსაკუთრებულ დილას, შეუსაბამო აზრი ეწვია, რომელიც ადრე არასდროს არ მოსვლია თავში. მიუხედავად იმისა, რომ ეს სრული მოულოდნელობა იყო, მან წამიერი რეაგირება მოახდინა ამ აზრზე და უთხრა საკუთარ თავს: „არა“! და შეცვალა იგი კარგი აზრით, რათა გონება გადაერთო არასასურველი აზრიდან. მან მითხრა, რომ რადგან თავისუფალი არჩევანი მართალზე გააკეთა, ის უარყოფითი უნებლიე აზრი უმალვე გაქრა.

როცა მორონიმ მოუხმო ხალხს, ეწამათ ქრისტე და მოენანიებინათ, მან მოუწოდა, მოსულიყვნენ მხსნელთან მთელი გულით, ჩამოეშორებინათ რა ყოველი უწმიდურობა. მეტიც, მორონიმ მოიწვია ისინი, ეთხოვათ ღმერთისთვის, ურყევი გადაწყვეტილებით, არ ჩავარდნილიყვნენ ცდუნებაში.12 ამ პრინციპების ჩვენს ცხოვრებაში გამოყენება მოითხოვს იმაზე მეტს, ვიდრე უბრალო ცოდნაა; აუცილებელია ამ ღვთიურ პრინციპებზე ჩვენი გულისა და გონების მორგება. გარდა იმისა, რომ უნდა ვეყრდნობოდეთ მხსნელს, ასეთი მორგება მოითხოვს ყოველდღიურ, თანმიმდევრულ პირად მცდელობას, რადგან ჩვენი მიწიერი არასასურველი მიდრეკილებები თავისით არ გაქრება. ცდუნების წინააღმდეგ ბრძოლა მოითხოვს სიბეჯითესა და ერთგულებას მთელი ცხოვრების მანძილზე. მაგრამ გთხოვთ, გახსოვდეთ, რომ უფალი მზადაა, დაგვეხმაროს ამ პირად მცდელობებში და იგი გვპირდება მნიშვნელოვან დალოცვებს, თუკი ბოლომდე გავძლებთ.

განსაკუთრებით რთულ დროში, როცა ჯოზეფ სმითს და მასთან ერთად ლიბერთის ციხეში მყოფ ადამიანებს ჰქონდათ მხოლოდ და მხოლოდ თავისუფალი აზრის უფლება, უფალმა უზრუნველყო მათთვის რჩევა და დაპირება, რომელიც ყოველ ჩვენგანს ეხება:

„დაე, შენი წიაღი სავსე იყოს გულმოწყალებით ყოველი ადამიანისადმი და თანამორწმუნეთადმი, დაე, მუდამ, სათნოებით იყოს შემკობილი შენი ფიქრები; მაშინ გაძლიერდება შენი ნდობა ღმერთის გარემოცვაში; …

„სულიწმინდა იქნება შენი მუდმივი მეგზური, შენი კვერთხი იქნება სამართლიანობისა და ჭეშმარიტების უცვლელი კვერთხი“.13

ასე რომ მოვიქცევით, წმინდა აზრები მუდამ შეამკობენ ჩვენს გონებას და სუფთა სურვილები მართალი საქციელისკენ წაგვიყვანს.

მორონიმ ასევე შეახსენა თავის ხალხს, არ შთანთქმულიყვნენ ავხორცობაში.14 სიტყვა ავხორცობა ნიშნავს ძლიერ ლტოლვას და შეუსაბამო სურვილს.15 იგი მოიცავს ნებისმიერ ბნელ აზრს ან ბოროტ სურვილს, რის გამოც კონკრეტული პირი ფოკუსირდება ეგოისტობაზე ან მიწიერ საკუთრებაზე ნაცვლად იმისა, რომ აკეთოს სიკეთე, იყოს კეთილი, დაიცვას ღვთის მცნებები და ა.შ. ეს ხშირად ვლინდება სულის ყველაზე ხორციელი გრძნობების მეშვეობით. პავლე მოციქულმა გამოავლინა რამდენიმე ასეთი გრძნობა, როგირიცაა „უწმიდურობა, მრუშობა, … სიძულვილი, … წყრომა, შუღლი, … შური … და ამის მსგავსი გრძნობები“.16 ავხორცობის ყველა ბოროტი ასპექტის მიუხედავად ჩვენ არ უნდა ვივიწყებდეთ, რომ მტერი იყენებს მას, როგორც საიდუმლო მოსატყუებელ იარაღს ჩვენ საწინააღმდეგოდ, როცა გვაცდუნებს, რომ რაღაც მცდარი ჩავიდინოთ.

ჩემო საყვარელო დებო და ძმებო, მე ვმოწმობ, რომ როცა ხსნის კლდეს, ჩვენი სულების მხსნელს, ვეყრდნობით და მივყვებით მორონის რჩევას, ჩვენი აზრების კონტროლის უნარი მნიშვნელოვნად გაიზრდება. შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ჩვენი სულიერი სიმწიფე დიდი სისწრაფით გაიზრდება, შეგვიცვლის გულს და უფრო დაგვამსგავსებს ქრისტეს. ამის გარდა, სულიწმინდის გავლენა უფრო ძლიერი და ხანგრძლივი გახდება. მაშინ მტრის მიერ ცდუნება ნელ-ნელა დაკარგავს ჩვენზე ძალას და ამის შედეგად მივიღებთ უფრო ბედნიერ, სუფთა და წმინდა ცხოვრებას.

მათ, ვინც ნებისმიერი მიზეზის გამო ცდუნებაში იმყოფებიან და უსამართლო ქმედებებს სჩადიან, ვარწმუნებ: არსებობს უკან დასაბრუნებელი გზა, არსებობს ქრისტეს იმედი. რამდენიმე წლის წინ შევხვდი უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიის ძვირფას წევრს, რომელმაც ძალიან მძიმე პერიოდი გამოიარა ცხოვრებაში მას შემდეგ, რაც დიდად შესცოდა. როცა პირველად დავინახე იგი, მის თვალებში სევდა ჩანდა, თუმცა სახიდან იმედი გამოსჭვიოდა. გამომეტყველებაზე მორჩილი და შეცვლილი გული აისახებოდა. იგი თავდადებული ქრისტიანი იყო და უფალმა ის უხვად დალოცა. თუმცა, თავის დროზე მან მხოლოდ ერთი შეუსაბამო აზრი შეუშვა გონებაში, რომელმაც შემდგომ სხვები მოიპატიჟა. რადგან იგი ამ აზრების მიმართ უფრო და უფრო ლმობიერი ხდებოდა, მათ მალე მის გონებაში ფესვი გაიდგეს და გულში ღრმად ჩააღწიეს. ბოლოსდაბოლოს იგი ამ უღირსი აზრების კარნახის მიხედვით მოიქცა და იქამდე მივიდა, რომ ყველაფრის წინააღმდეგ მიდიოდა, რაც კი ყველაზე ძვირფასი იყო მისთვის ამ ცხოვრებაში. მან მითხრა, თავდაპირველად იმ სულელური აზრისთვის ადგილი რომ არ დაეთმო, იგი არ გახდებოდა მტრის ცდუნებებისგან დაუცველი და მათ მიმართ მგრძნობიარე და ეს ცდუნებები არ მოუტანდა მას ამდენ მწუხარებას, ყოველ შემთხვევაში, გარკვეული დროის განმავლობაში.

საბედნიეროდ, იგი, ისევე როგორც უძღები შვილი ლუკას სახარების იგავიდან, „გონზე მოვიდა“ და ამ კოშმარისგან გამოიღვიძა.17 მან განაახლა ნდობა უფალში, ჭეშმარიტად მოინანია და გაუჩნდა სურვილი, საბოლოოდ დაბრუნებოდა უფლის ფარას. იმ დღეს ჩვენ ორივემ ვიგრძენით მხსნელის გამომსყიდველი სიხარული. ჩვენი მოკლე ვიზიტის დროს ორივენი აღვივსეთ ემოციებით და მე დღემდე მახსოვს არაჩვეულებრივი სიხარული მის სახეზე, როცა იგი ჩემს კაბინეტს ტოვებდა.

ძვირფასო მეგობრებო, როცა პატარა ცდუნებებს ვეწინააღმდეგებით, რომლებიც ხშირად მოულოდნელად შემოგვეპარება ცხოვრებაში, ჩვენ უკეთ ვართ შეიარაღებულნი იმისთვის, რომ სერიოზულად არ შევცოდოთ. როგორც პრეზიდენტმა სპენსერ ვ.კიმბალმა თქვა: „იშვიათად თუ ვინმე შეტოპავს ღრმა შეცოდებაში ისე, რომ პირველად უფრო მსუბუქი შეცოდება არ ჩაიდინოს, რომელიც შემდეგ კარს უღებს უფრო დიდს. … „სუფთა მინდორზე სარეველა უცებ არ ამოდის“.18

მხსნელმა იესო ქრისტემ, როცა მიწიერი მისიის შესასრულებლად ემზადებოდა, გვიჩვენა იმის აუცილებლობა, რომ მტკიცედ უნდა ვეწინააღმდეგებოდეთ ყოველივეს, რასაც შეუძლია, ხელი შეგვიშალოს ჩვენი მარადიული დანიშნულების მიზნის გააზრებაში. მტრის მიერ რამდენიმე უშედეგო შეტევის შემდეგ, მცდელობაზე - გადაეტანებინა მხსნელის ყურადღება თავისი მისიიდან, უფალმა კატეგორიულად გარიყა ეშმაკი სიტყვებით: „განვედ, სატანავ.… მაშინ მიატოვა იგი ეშმაკმა და აჰა, ანგელოზები მიეახლნენ და ემსახურებოდნენ მას“.19

წარმოგიდგენიათ, დებო და ძმებო, რა მოხდებოდა, ჩვენც რომ შეგვძლებოდა მხსნელისგან ამ ძალისა და გამბედაობის მოპოვება და პირველივე წამებში იმ უღირსი აზრებისთვის თქმა: „არა“, „განვედ“? რა გავლენას მოახდენდა ეს ჩვენი გულების ზრახვებზე? ამის შედეგად მიღწეული ქმედებები როგორ უფრო დაგვაახლოვებდა ქრისტესთან და ნებას დართავდა სულიწმინდას, მუდამ ჰქონოდა გავლენა ჩვენს ცხოვებაზე? მე ვიცი, რომ თუ იესოს მაგალითს მივყვებით, ჩვენ მრავალ ტრაგედიას და არასასურველ საქციელს ავიცილებთ თავიდან, რაც შესაძლოა გამხდარიყო ოჯახური პრობლემების, უთანხმოების, უარყოფითი ემოციებისა და მიდრეკილებების წყარო, რაც ჩაგვადენინებდა უსამრთლობას და ძალის ბოროტად გამოყენებას, დაგვამონებდა ბოროტი ჩვევებით და ყოველივეთი, რაც ეწინააღმდეგება უფლის მცნებებს.

ისტორიულ, გულისამაჩუყებელ აპრილის გზავნილში ჩვენი ძვირფასი წინასწარმეტყველი, პრეზიდენტი რასელ მ.ნელსონი დაგვპირდა, რომ ყოველი ადამიანი, რომელიც მზადაა, „მას უსმინოს“ ანუ უსმინოს იესო ქრისტეს და დაემორჩილოს მის მცნებებს, „ დამატებითი დალოცვის სახით, მიიღებს ცდუნებასთან, სირთულეებთან და სისუსტეებთან ბრძოლისთვის უფრო დიდ ძალას“ და გაიზრდება ჩვენი სიხარულის აღქმის უნარი, მაშინაც კი, როცა ირგვლივ მღევლარება იმატებს.20

მე ვმოწმობ, რომ ჩვენი ძვირფასი წინასწარმეტყველის დაპირებები უშუალოდ ჩვენი მხსნელის დაპირებებია. მე გიწვევთ ყველას, „მას უსმინოთ“ ყოველ აზრში და მიჰყვეთ მას მთელი გულით, რათა მიიღოთ ძალა და სიმამაცე იმისთვის, რომ უთხრათ „არა“ და „განვედ“ ყოველივეს, რაც შესაძლოა გახდეს უბედურების მომტანი ჩვენს ცხოვრებაში. თუ ასე მოვიქცევით, მე გპირდებით, რომ უფალი უფრო უხვად გამოგვიგზავნის სულიწმინდას ჩვენს გასაძლიერებლად და სანუგეშებლად და ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, გავხდეთ ისეთნი, როგორებიც უფალს სურს მთელი გულით.21

მე ვმოწმობ, რომ იესო ქრისტე ცოცხალია და რომ მისი მეშვეობით ჩვენ შეგვიძლია, გავიმარჯვოთ მტრის სიბოროტის გავლენაზე და გავხდეთ ღირსნი იმისა, რომ მარად ვიცხოვროთ უფალთან ჩვენი საყვარელი ზეციური მამის გარემოცვაში. მე ვმოწმობ ამ ჭეშმარიტების შესახებ მთელი ჩემი სიყვარულით თქვენი და ჩვენი მხსნელისთვის, რომლის სახელსაც ვადიდებ, პატივს ვცემ და მარად ვაქებ. მე ვამბობ ამას იესო ქრისტეს სახელით, ამინ.

ამობეჭდვა