გენერალური კონფერენცია
სთხოვეთ, ეძიეთ, აკაკუნეთ
2020 წ. ოქტომბრის გენერალური კონფერენცია


სთხოვეთ, ეძიეთ, აკაკუნეთ

მამაზეციერის გეგმის მნიშვნელოვანი ნაწილია ის, რომ შეგვიძლია, ვესაუბროთ მას ნებისმიერ ჩვენთვის სასურველ დროს.

ოთხი თვის წინ, წმინდა წერილის შესწავლისას, ვკითხულობდი ალმას მისიის შესახებ ამონიჰაში, როცა წავაწყდი ასეთ იდეას მოდი და გამომყევი-ში: „როცა კითხულობთ დიადი დალოცვების შესახებ, რომლებიც ღმერთმა უბოძა ნეფის ხალხს (იხ. ალმა 9:19-23), დაფიქრდით დიად დალოცვებზე, რომელნიც მან თქვენ გიბოძათ“.1 გადავწყვიტე, შემედგინა დალოცვათა სია, რომლებიც ღმერთმა მიბოძა და ჩამეწერა იგი ჩემი სახელმძღვანელოს ელექტრონულ ვერსიაში. სულ რამდენიმე წუთში 16 დალოცვა ჩამოვწერე.

მათ შორის ყველაზე დიდი იყო მხსნელის მადლისა და ჩემთვის გაღებული გამომსყიდველი მსხვერპლის დალოცვები. სიაში ერთ-ერთი დალოცვა იყო ის, რომ ვიყავი მხსნელის წარმომადგენელი პორტუგალიაში, როცა ახალგაზრდობაში იქ მისიონერად ვმსახურობდი, მოგვიანებით კი, ჩემს საყვარელ მარადიულ მეწყვილესთან, პატრიციასთან, ბრაზილიის პორტო ალეგრეს სამხრეთ მისიაში, სადაც ჩვენ 522 ძლიერ, შესანიშნავ მისიონერთან ერთად ვმსახურობდით. სხვათაშორის, იმ დღეს ჩამოწერილი მრავალი დალოცვით მე და პატრიცია ქორწინების 40 წლის მანძილზე ერთად ვტკბებოდით, მათ შორის სან-პაულოს ბრაზილიის ტაძარში ჩაბეჭდვა, ჩვენი სამი შესანიშნავი შვილი, მათი მეუღლეები და 13 შვილიშვილი.

მე ჩემი ალალი მშობლებიც გამახსენდა, რომლებმაც სახარების პრინციპებით აღმზარდეს. კონკრეტულად გამახსენდა მომენტი, როცა მოსიყვარულე დედამ ჩემთან ერთად ჩემს საწოლთან დაიჩოქა, რათა გველოცა; მე მაშინ დაახლოებით 10 წლის ვიყავი. მან ალბათ იგრძნო, რომ იმისთვის, ჩემს ლოცვებს მამაზეციერამდე რომ მიეღწია, მათ ცოტა კორექტირება დასჭირდებოდა. ასე რომ, მან თქვა: „ჯერ მე ვილოცებ, მერე შენ“. მრავალი დღის განმავლობაში ძილის წინ იგი ასე იქცეოდა, სანამ არ დარწმუნდა, რომ თეორიულადაც და პრაქტიკაზეც ვიცოდი, როგორ მესაუბრა მამაზეციერთან. მუდამ მადლიერი ვიქნები მისი, რომ ლოცვა მასწავლა, რადგან გავიგე, რომ მამაზეციერს ესმის ჩვენი ლოცვები და პასუხობს მათ.

ფაქტობრივად, ეს იყო ერთ-ერთი იმ დალოცვათა სიიდან - ძღვენი, ვისმინო და შევიტყო უფლის ნება. მამაზეციერის გეგმის მნიშვნელოვანი ნაწილია ის, რომ შეგვიძლია, ვესაუბროთ მას ნებისმიერ ჩვენთვის სასურველ დროს.

უფლისგან მოწვევა

როცა მხსნელი ეწვია ამერიკის კონტინენტს აღდგომის შემდეგ, მან გაიმეორა მოწვევა, რომელიც თავის მოწაფეებს უბოძა გალილეაში. მან თქვა:

„ითხოვეთ და მოგეცემათ; ეძებეთ და იპოვით; დააკაკუნეთ და გაგეღებათ.

„ვინაიდან ყველა, ვინც ითხოვს, ღებულობს; და ვინც ეძებს – ჰპოვებს და ვინც აკაკუნებს – გაეღება“ (3 ნეფი14:7–8; იხ. ასევე მათე 7:7–8).

ჩვენი წინასწარმეტყველი, პრეზიდენტი რასელ მ. ნელსონი, მსგავს მოწვევას გვიგზავნის დღეს. მან თქვა: „ილოცეთ იესო ქრისტეს სახელით თქვენი წუხილის, შიშის, სისუსტეების გამო. დიახ, თქვენი გულის სანუკვარზე. და შემდეგ მოუსმინეთ! ჩაიწერეთ აზრები, რომლებიც თავში მოგივათ. ჩაიწერეთ თქვენი გრძნობები და შემდეგ იმოქმედეთ კარნახის შესაბამისად. როცა ამ პროცესს ყოველდღე გაიმეორებთ, თვიდან თვემდე, ყოველ წელს, თქვენ “გამოცხადების პრინციპში დაოსტატდებით”.2

პრეზიდენტმა რასელ მ. ნელსონმა დაამატა: „მომავალში შეუძლებელი იქნება სულიერი გადარჩენა სულიწმინდის გაძღოლის, მითითებისა, ნუგეშისა და მუდმივი გავლენის გარეშე“.3

რატომ არის გამოცხადება ასე მნიშვნელოვანი ჩვენი სულიერი ხსნისთვის? იმიტომ, რომ სამყარო შეიძლება იყოს დამაბნეველი და ხმაურიანი, ტყუილებითა და ხელისშემშლელი ფაქტორებით სავსე. მამაზეციერთან საუბარი გვაძლევს იმის საშუალებას, რომ გავერკვიოთ იმაში, რა არის მართალი და რა - ტყუილი, რას აქვს კავშირი მამაზეციერის გეგმასთან და რას - არა. სამყარო შეიძლება ასევე იყოს უხეში და გულის დამმსხვრევი. მაგრამ როდესაც გულს გავიხსნით ლოცვისთვის, ვიგრძნობთ ნუგეშს, რომელიც მოდის მამაზეციერისგან და დაჯერებულობას, რომ მას ვუყვარვართ და გვაფასებს.

სთხოვეთ

უფალმა თქვა, რომ „ყველა, ვინც ითხოვს - მიიღებს“. თხოვნა თითქოს ადვილია, მაგრამ ძალიან ძლიერი რამ არის, რადგან ავლენს ჩვენს სურვილებსა და რწმენას. თუმცა, საჭიროა დრო და მოთმინება იმისთვის, რომ ისწავლო უფლის ხმის გაგება. ჩვენ ყურადღებას ვაქცევთ აზრებსა და გრძნობებს, რომელნიც გონებაში და გულში გვებადება, ვიწერთ მათ, როგორც ეს წინასწარმეტყველმა გვირჩია. ჩვენი გრძნობების ჩაწერა მიღების მნიშვნელოვანი ნაწილია. ეს გვეხმარება, გავიხსენოთ, გავიმეოროთ და ხელახლა ვიგრძნოთ ის, რასაც უფალი გვასწავლის.

ცოტა ხნის წინ საყვარელმა ადამიანმა მითხრა ასეთი რამ: „მწამს, რომ პირადი გამოცხადება ჭეშმარიტი რამ არის. მჯერა, რომ სულიწმინდა მიჩვენებს ყოველივეს, რაც უნდა გავაკეთო.4 ადვილია, დაიჯერო, როცა გულმკერდის არე დამაჯერებელი გრძნობით მევსება.5 მაგრამ როგორ შევძლო, რომ სულიწმინდა სულ ამ დონეზე მესაუბრებოდეს“?

ჩემს საყვარელ ადამიანს და ყოველ თქვენგანს ვეყტვი, რომ მეც მინდა, მუდამ ვგრძნობდე ასეთ ძლიერ გრძნობებს სულიწმინდისგან და ყოველთვის ნათლად ვხედავდე ბილიკს, რომელსაც უნდა მივყვე. მაგრამ ეს ასე არ არის. თუმცა, ყველაზე ხშირად ალბათ უფლის ჩუმ, ნაზ ხმას ვგრძნობთ, რომელიც გულსა და გონებაში ჩასჩურჩულებს: „აქ ვარ“. მიყვარხარ! არ გაჩერდე; მაქსიმალურად ეცადე. მე მხარში დაგიდგები. არ არის საჭირო, ყოველთვის ყველაფერი ვიცოდეთ ან ყველაფერს ვხედავდეთ.

ჩუმი, ნაზი ხმა გვიდასტურებს, გვამხნევებს და გვანუგეშებს და ხშირად ეს არის ზუსტად ის, რაც იმ დღეს გვჭირდება. სულიწმინდა რეალობაა, მისგან მოვლენილი შთაბეჭდილებებიც - დიდი თუ პატარა, ასევე რეალურია.

ეძიეთ

უფალი დაგვპირდა: „ის, ვინც ეძიებს - ჰპოვებს“. ძიება მოიცავს გონებრივ და სულიერ ძალისხმევას - დაფიქრებას, გამოცდას, მცდელობასა და შესწავლას. ჩვენ ვეძიებთ, რადგან ვენდობით უფლის დაპირებებს. „ვინაიდან ვინც ღმერთთან მიდის უნდა სწამდეს, რომ ღმერთი არსებობს და თავის მაძიებელს სანაცვლოს მიაგებს“ (ებრაელთა 11:6). როცა ვეძიებთ, ჩვენ თავმდაბლად ვაღიარებთ, რომ კიდევ ბევრი გვაქვს სასწავლი და უფალი გააფართოვებს ჩვენს წვდომას, მოგვამზადებს რა მეტის მისაღებად. „რადგან, აჰა, ასე ამბობს უფალი ღმერთი: მე მივცემ ადამიანთა შვილებს სტრიქონს სტრიქონზე, სწავლებას სწავლებაზე, ცოტას აქ და ცოტას იქ;(2 ნეფი 28:30).

აკაკუნეთ

ბოლოს უფალმა თქვა: „ვინც აკაკუნებს - გაეღება“. დაკაკუნება ნიშნავს რწმენით ქმედებას. როცა ჩვენ აქტიურად მივყვებით მას, უფალი გვიხსნის კარს. არის შესანიშნავი ჰიმნი, რომელიც გვასწავლის, „გაიღვიძეთ და გააკეთეთ რამე იმისთვის, რომ ზეციური სასუფეველი მხოლოდ ოცნება არ იყოს. სიკეთის კეთება სიამოვნებაა, განუზომელი სიხარული, სიყვარულისა და მოვალეობის დალოცვა“.6 უხუცესმა გერიტ ვ. გონგმა თორმეტ მოციქულთა ქვორუმიდან ცოტა ხნის წინ აგვიხსნა, რომ გამოცხადება ხშირად მოდის სიკეთის კეთების პროცესში. მან თქვა: „როცა ვცდილობთ, ვემსახუროთ ჩვენს ირგვლივ მყოფთ, ვფიქრობ, უფალი გვიბოძებს თავისი სიყვარულის უფრო დიდ ულუფას მათთვის და შესაბამისად ჩვენთვისაც. ვფიქრობ, ჩვენ გვესმის მისი ხმა, ჩვენ სხვანაირად ვგრძნობთ მას, როცა ვლოცულობთ, რათა დავეხმაროთ ჩვენს ირგვლივ მყოფთ, რადგან ეს ის ლოცვაა, რომელზედაც პასუხის გაცემა მას ყველაზე მეტად სურს.7

ალმას მაგალითი

ამ უბრალო იდეამ მოდი და გამომყევი -დან - დავფიქრდე ჩემს დალოცვებზე, მომგვარა ტკბილი სული და მოულოდნელი სულიერი შთაგონებანი. როცა გავაგრძელე კითხვა ალმასა და მისი მსახურების შესახებ ამონიჰაში, აღმოვაჩინე, რომ ალმა არის კარგი მაგალითი იმისა, რასაც გულისხმობს „სთხოვე, ეძიე, აკაკუნე“. ჩვენ ვკითხულობთ, რომ „ალმა ბევრს იღვწოდა სულში, მხურვალე ლოცვით ეჭიდებოდა ღმერთს, რათა მას გადმოეღვარა მისი სული ხალხზედ“. თუმცა ამ ლოცვაზე პასუხი მან არ მიიღო იმ ფორმით, რა ფორმითაც ელოდა ამას და ალმა განდევნეს ქალაქიდან. ალმამ თითქმის დაყარა ფარ-ხმალი, როცა ანგელოზმა აუწყა: „კურთხეული ხარ, ალმა; ამიტომ, აიმაღლე თავი და გაიხარე, რადგან გაქვს დიდი მიზეზი სიხარულისთვის“. შემდეგ ანგელოზმა უთხრა, ამონიჰაში დაბრუნებულიყო და ისევ ეცადა და ალმაც „სწრაფად დაბრუნდა“.8

რას ვსწავლობთ ალმასგან სთხოვე, ეძიე, აკაკუნე-ს შესახებ? ჩვენ ვსწავლობთ, რომ ლოცვა მოითხოვს სულიერ გარჯას და შედეგი ყოველთვის ისეთი არ არის, როგორც ჩვენ ვიმედოვნებთ. მაგრამ როცა იმედგაცრუებული ამ სევდით დამძიმებულნი ვართ, უფალი სხვადასხვა ხერხით გვაძლევს ნუგეშსა და ძალას. შესაძლოა, მან არ გვიპასუხოს ყველა კითხვაზე და მაშინვე არ გადაგვიწყვიტოს ყველა პრობლემა, მაგრამ ის გვამხნევებს, რომ არ შევწყვიტოთ ძალისხმევა. და თუ ჩვენ სწრაფად ავაწყობთ ჩვენს გეგმას მის გეგმაზე, იგი გაგვიხსნის კარს, როგორც მან ეს ალმასთვის გააკეთა.

მე ვმოწმობ, რომ ეს არის სახარების სისრულის წყობა. ჩვენ შეგვიძლია, დავტკბეთ იესო ქრისტეს გამოსყიდვის დალოცვებით ჩვენს ცხოვრებაში. ჩვენ თავისუფლად მიგვიწვდება ხელი წმინდა წერილზე. ჩვენ წინ მიგვიძღვიან წინასწარმეტყველები, რომლებიც გვასწავლიან უფლის ნებას ამ რთულ დროში, რომელშიც ვცხოვრობთ. ამის გარდა, ჩვენ შეგვიძლია, პირდაპირ მივიღოთ გამოცხადება და უფალი შეძლებს, გვანუგეშოს და პირადად გაგვიძღვეს წინ. როგორც ანგელოზმა უთხრა ალმას, ჩვენ გვაქვს „დიდი მიზეზი სიხარულისთვის“ (ალმა 8:15). იესო ქრისტეს სახელით, ამინ.

ამობეჭდვა