გენერალური კონფერენცია
ჩვენ ვსაუბრობთ ქრისტეზე
2020 წ. ოქტომბრის გენერალური კონფერენცია


ჩვენ ვსაუბრობთ ქრისტეზე

იმ დროს, როცა მსოფლიო ნაკლებად საუბრობს ქრისტეზე, მოდით, ჩვენ მეტი ვისაუბროთ მასზე.

ჩვენო საყვარელო მეგობრებო და თანამორწმუნენო, მინდა გამოვხატო ჩემი სიყვარული თქვენ მიმართ. ამ ბოლო თვეებში, როცა მსოფლიო პანდემია ჩაერია ჩვენს ცხოვრებაში და იმსხვერპლა ჩვენი საყვარელი ოჯახის წევრებისა და ძვირფასი მეგობრების სიცოცხლეები, მე აღფრთოვანებული ვიყავი თქვენი რწმენითა და სიმამაცით.

ამ გაურკვეველ პერიოდში ვიგრძენი უჩვეულო მადლიერება ჩემი უდაო, მტკიცე ცოდნისთვის, რომ იესო არის ქრისტე. თქვენ გიგრძვნიათ ეს? ყოველ ჩვენგანს სირთულეები დააწვა, მაგრამ ყოველთვის ჩვენ წინაშე არის ის, ვინც მორჩილად განაცხადა „მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე“.1 იმ დროს, როცა იძულებულნი ვართ, ფიზიკურად დისტანციაზე ვიყოთ ერთმანეთისგან, ჩვენ არ უნდა დავუშვათ სულიერი დისტანცირება მასთან, ვინც სიყვარულით გვეძახის: „მოდით ჩემთან“.2

იესო ქრისტე, როგორც გზამკვლევი ვარსკვლავი მოწმენდილ შავ ცაზე, გვინათებს გზას. იგი დედამიწას მოკრძალებულ თავლაში მოევლლინა. მან სრულყოფილი ცხოვრებით იცხოვრა. იგი სნეულთა მკურნალი იყო და მკვდრეთით აღადგენდა. იგი დავიწყებულთა მეგობარი იყო. მან გვასწავლა სიკეთის კეთება, მორჩილება და ერთმანეთის სიყვარული. იგი ჯვარზე აღესრულა, სამი დღის შემდეგ დიდებულად აღდგა და ამით ჩვენ და ჩვენს საყვარელ ადამიანებს გვიბოძა სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ. შეუდარებელი წყალობითა და მადლით მან საკუთარ თავზე აიღო ჩვენი ცოდვები და ტანჯვა, მოგვიტანა რა ამით მიტევება, თუკი მოვინანიებთ და სიმშვიდე ცხოვრების აბობოქრებულ ზღვაში. ჩვენ გვიყვარს იგი. ჩვენ თაყვანს ვცემთ მას. ჩვენ მას მივყვებით. იგი ჩვენი სულის ღუზაა.

საინტერესოა, რომ იმ დროს, როცა ეს სულიერი დარწმუნებულობა ჩვენში იზრდება, არსებობს მრავალი ადამიანი დედაიწაზე, რომლებმაც ძალიან ცოტა რამ იციან ქრისტეს შესახებ; დედამიწის ზოგიერთ ნაწილში კი, სადაც მისი სახელი საუკუნეების მანძილზეა გაცხადებული, რწმენა იესო ქრისტეში იკლებს. მამაცი წმინდანები ევროპაში ხედავდნენ, რომ რწმენა მათ ქვეყნებში წლების მანძილზე იკლებდა.3 სამწუხაროდ აქ, შეერთებულ შტატებში, რწმენა ასევე სუსტდება. ბოლო კვლევებმა აჩვენა, რომ ბოლო ათი წლის განმავლობაში 30 მილიონ ადამიანს აღარ სწამს იესოს ღვთიური წარმოშობა.4 მეორე კვლევა მსოფლიო მასშტაბის ფარგლებში გვიწინასწარმეტყველებს, რომ რამდენიმე ათწლეულში ქრისტიანობის უარმყოფელი ორჯერ მეტი იქნება ვიდრე გაქრისტიანებული.5

ჩვენ, რა თქმა უნდა, პატივს ვცემთ ყოველი პიროვნების არჩევანის უფლებას, მაგრამ მაინც, მამაზეციერმა განაცხადა: „ეს არის ჩემი საყვარელი ძე, უსმინე მას“.6 მე ვმოწმობ, რომ დადგება დღე, როცა ყოველი მუხლი მოიდრიკება და ყოველი ენა აღიარებს, რომ იესო არის ქრისტე.7

რა უნდა ვუპასუხოთ ამ ცვლილებად სამყაროს? მაშინ, როცა ზოგიერთნი უარს ამბობენ რწმენაზე, სხვები ჭეშმარიტების ძიებაში არიან. ჩვენ საკუთარ თავზე ავიღეთ მხსნელის სახელი. კიდევ რა შეიძლება, გავაკეთოთ?

პრეზიდენტ რასელ მ. ნელსონის მომზადება

პასუხს ნაწილობრივ ვიპოვით, თუ გავიხსენებთ, რას ასწავლიდა უფალი პრეზიდენტ რასელ მ. ნელსონს თვეების წინ, სანამ მას ეკლესიის პრეზიდენტობაზე მოიხმობდნენ. მოწოდებამდე ერთი წლით ადრე, პრეზიდენტმა ნელსონმა მოგვიწვია, უფრო ღრმად შევისწავლოთ სარჩევში 2 200- ჯერ ნახსენები იესო ქრისტეს სახელი.8

გამოსახულება
პრეზიდენტი ნელსონი სწავლობს წმინდა წერილს

სამი თვის შემდეგ, აპრილის გენერალურ კონფერენციაზე, მან ისაუბრა იმაზე, თუ რამდენად იმოქმედა მასზე ამ გაღრმავებულმა სწავლამ იესო ქრისტეს შესახებ, მიუხედავად მისი თავდადებული ათწლეულების მანძილზე მოწაფეობისა. და ვენდი ნელსონმა ჰკითხა მას ამ გავლენის შესახებ. მან უპასუხა: „მე სხვა ადამიანი ვარ ახლა“! იგი სხვა ადამიანი იყო? 92 წლის ასაკში, სხვა ადამინი? პრეზიდენტმა ნელსონმა ახსნა:

„როცა ჩვენი დროის ინვესტიციას ვდებთ მხსნელსა და მის გამომსყიდველ მსხვერპლზე სწავლაში, ჩვენ ვუახლოვდებით … მას. …

„… ჩვენი ყურადღება მთლიანად მიჯაჭვულია მხსნელსა და მის სახარებაზე“.9

მხსნელმა თქვა: „მე დამეყრდენით ყოველ ფიქრში“.10

საქმითა და წუხილით სავსე სამყაროში ჩვენ ღირსეულ ძალისხმევას ვატანთ იმას, რომ გული, გონება და ფიქრები გვქონდეს მასზე, ვინც არის ჩვენი იმედი და ხსნა.

თუ მხსნელის განახლებული შეცნობა დაეხმარა პრეზიდენტ ნელსონს, განა ჩვენ არ დაგვეხმარება?

გამოსახულება
პრეზიდენტი რასელ მ. ნელსონი

ეკლესიის სახელზე ყურადღების გამახვილებისას პრეზიდენტმა ნელსონმა გვასწავლა: „თუ ჩვენ … გვაქვს წვდომა იესო ქრისტეს გამოსყიდვის ძალაზე, რომელიც გვწმენდს, გვკურნავს, გვაძლიერებს, განგვადიდებს და საბოლოოდ აგვამაღლებს, მაშინ ცხადია, უნდა მივიღოთ იგი, როგორც ამ ძალის წყარო“.11 პრეზიდენტმა ნელსონმა გვასწავლა, რომ თანმიმდევრულად ეკლესიის სწორი სახელის გამოყენება შეიძლება უმნიშვნელოდ მოგვეჩვენოს, მაგრამ ეს სულაც არ არის უმნიშვნელო რამ და ეს დიდად შეცვლის მომავალს.

დაპირება თქვენი მომზადებისთვის

მე გპირდებით, რომ როცა ემზადებით საამისოდ, როგორც ეს პრეზიდენტმა ნელსონმა გააკეთა, თქვენც შეიცვლებით, უფრო მეტს იფიქრებთ მხსნელზე და უფრო ხშირად ისაუბრებთ მასზე ნაკლები ყოყმანით. როცა შეიცნობთ მას და უფრო ღრმად შეიყვარებთ, თქვენი სიტყვები უფრო მოხერხებულად დალაგდება, თითქოს ერთ-ერთ თქვენს შვილზე ან ძვირფას მეგობარზე საუბრობდეთ. თქვენს მსმენელს ნაკლებად გაუჩნდება დებაებში შესვლის ან თქვენი შეწყვეტის სურვილი; პირიქით - მათ თქვენგან სწავლის სურვილი დაებადებათ.

მე და თქვენ ვსაუბრობთ იესო ქრისტეზე, მაგრამ იქნებ შესაძლებელია, უკეთ გავაკეთოთ ეს. თუ სამყარო აპირებს, ნაკლებად ისაუბროს უფალზე, ვინ უნდა ისაუბროს მეტი მასზე? ჩვენ! სხვა ერთგულ ქრისტიანებთან ერთად!

ქრისტეზე საუბარი ჩვენს ოჯახებში

სახლში თუ გვაქვს მხსნელის გამოსახულებები? შვილებს ხშირად თუ ვესაუბრებით იესოს იგავებზე? „ამბები ქრისტეზე ჰგავს ნიავს, რომელიც ჩვენი შვილების გულებში რწმენის ნაკვერჩხალს აღვივებს“.12 როცა შვილები კითხვებს გისვამენ, შეგნებულად ასწავლეთ მათ ის, რასაც მხსნელი ასწავლიდა. მაგალითად, თუ შვილი გეკითხებათ: „მამა, რატომ ვლოცულობთ“? შეგიძლიათ უპასუხოთ: „კარგი შეკითხვაა. გახსოვს, იესო რომ ლოცულობდა? მოდი, ვისაუბროთ, რატომ ლოცულობდა და როგორ ლოცულბდა იგი“.

„ჩვენ ვლაპარაკობთ ქრისტეზე, ჩვენ ვხარობთ ქრისტეში … რათა ჩვენმა შვილებმა იცოდნენ, რომელ წყაროს დაეყრდნონ თავიანთი ცოდვების მისატევებლად“.13

ქრისტეზე საუბარი ეკლესიაში

ამავე ნაწყეტში ნათქვამია, რომ ჩვენ „ვქადაგებთ ქრისტეზე“.14 ჩვენს ღვთისმსახურებებში მოდით, ყოველთვის ვიქონიოთ ყურადღება მხსნელ იესო ქრისტეზე და მისი გამოსყიდვის მსხვერპლის ძღვენზე. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ შეგვიძლია საკუთარი ცხოვრების გამოცდილების ან სხვისი აზრების გაზიარება. შეიძლება ჩვენი თემა უკავშირდებოდეს ოჯახებს, მსახურებას, ტაძრებს ან მისიას, მაგრამ ყველაფერი ჩვენს ღვთისმსახურებისას უნდა მიმართული იყოს უფალ იესო ქრისტეზე.

ოცდაათი წლის წინ პრეზიდენტმა დალინ ჰ. ოუქსმა ისაუბრა წერილზე, რომელიც მან მიიღო „მამაკაცისგან, რომელმაც თქვა, რომ დაესწრო [ზიარების] შეკრებას და მოისმინა ჩვიდმეტი დამოწმება, რომელშიც მხსნელი არც უხსენებიათ“.15 პრეზიდენტმა ოუქსმა შემდეგ აღნიშნა: „შეიძლება ეს გაზვიადებული ინფორმაციაა [მაგრამ] მე ვახდენ მის ციტირებას, რადგან ეს ყოველი ჩვენგანისთვის ნათელი შეხსენებაა“.16 შემდეგ მან მოგვიწოდა, მეტი ვისაუბროთ იესო ქრისტეზე ჩვენი სიტყვით გამოსვლის დროს და გაკვეთილებზე. მე შევნიშნე, რომ ჩვენს შეკრებებზე ჩვენ უფრო და უფრო მეტად გადაგვაქვს მთელი ყურადღება ქრისტეზე. მოდით, შეგნებულად გავაგრძელოთ ეს ძალიან პოზიტიური მცდელობები.

ქრისტეზე საუბარი სხვებთან

ჩვენს ირგვლივ მყოფებთან კი მოდით ვიყოთ უფრო გახსნილნი, უფრო მოსურნენი, ვისაუბროთ ქრისტეზე. პრეზიდენტმა ნელსონმა თქვა: „იესო ქრისტეს ჭეშმარიტი მოწაფეები მზად არიან, ადგნენ, ისაუბრონ და გამოირჩეოდნენ საერო ადამიანებისგან“17

ზოგჯერ ვფიქრობთ, რომ ვინმესთან საუბრის შედეგი უნდა გახდეს მათი ეკლესიაში მოსვლა ან მისიონერებთან შეხვედრა. დაე, უფალი მიუთითებდეს მათ, თუ იქნება მათი სურვილი, ჩვენ კი მეტი ვიფიქროთ ჩვენს ვალდებულებაზე, ვიყოთ უფლის ხმა, ვიყოთ გულისმიერნი და ღია ჩვენი რწმენის შესახებ. უხუცესი დიტერ ფ. უხტდორფი გვასწავლიდა, რომ როცა ვინმე გვეკითხება, როგორ გავატარეთ შაბათ-კვირა, ჩვენ უნდა სიხარულით ვუპასუხოთ, რომ სიამოვნებით მოვუსმინეთ დაწყებითი საზოგადოების ბავშვების მიერ შესრულებულ სიმღერას „ვცდილობ, დავემსგავსო ქრისტეს“.18 მოდით, კეთილად დავამოწმოთ ჩვენი რწმენა ქრისტეში. როცა ვინმე საუბრობს პირად პრობლემაზე, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ: „ჯონ, მერი, თქვენ იცით, რომ მე ქრისტე მწამს. მე ვფიქრობდი მის მიერ ნათქვამ სიტყვებზე, რომლებიც იმედია, დაგეხმარებათ“.

სოცქსელებშიც უფრო ღია იყავით თქვენი იესოში რწმენის შესახებ. მეტწილად ადამიანები პატივისცემით მოეკიდებიან ჩვენს რწმენას, მაგრამ თუ ვინმე თქვენს საუბარს მხსნელზე არასერიოზულად აღიქვამს, გამხნევდით უფლის დაპირებით: „ნეტარ ხართ თქვენ, როცა გაგლანძღავენ … ჩემ გამო“. … ვინაიდან დიდია თქვენი საზღაური ცაში“.19 ჩვენ უფრო გვაწუხებს ის, რომ მისი მიმდევრები ვიყოთ ვიდრე ის, რომ ჩვენს თაყვანისცემლებს მოვწონდეთ. პეტრე მოციქული გვმოძღვრავდა: “მუდამ მზად იყავით … უპასუხოთ ყველას: ვინც თქვენი იმედის გამო ახსნა-განმარტებას მოგთხოვთ”.20 მოდით, ვისაუბროთ ქრისტეზე.

მორმონის წიგნი იესო ქრისტეს ძლიერი მოწმობაა. ფაქტობრივად ყოველი გვერდი მოწმობს მხსნელსა და მის ღვთიურ მისიაზე.21 მისი ფურცლები გაჯერებულია უფლის გამოსყიდვის წვდომით. მორმონის წიგნი, როგორც ახალი აღთქმის თანამგზავრი, გვეხმარება, უკეთ გავიგოთ, რატომ მოვიდა მხსნელი ჩვენს გადასარჩენად და როგორ შევძლებთ მასთან უფრო საფუძვლიანად მისვლას.

ზოგი ჩვენი ქრისტიანი მეგობარი ხანდახან ყოყმანობს ჩვენი მრწამსისა და მამოძრავებელი ძალის გამო. მოდით, გულწრფელად გავიხაროთ მათთან ერთად ჩვენი იესო ქრისტეში საერთო რწმენისა და ახალი აღთქმის გამო, რომელიც ყველას გვიყვარს. მომავალში მათ, ვისაც ქრისტე სწამთ, ერთმანეთის მეგობრობა და მხარდაჭერა დასჭირდებათ.22

გამოსახულება
სოფლის ნათელი

იმ დროს, როცა მსოფლიო ნაკლებად საუბრობს ქრისტეზე, მოდით, ჩვენ მეტი ვისაუბროთ მასზე. როცა ჩვენ, როგორც უფლის მიმდევრები, გამოვავლენთ ჩვენს ჭეშმარიტ ბუნებას, მრავალი ადამიანი ჩვენს ირგვლივ მზად იქნება, მოგვისმინოს. როცა ჩვენ სხვებს ვუზიარებთ მისგან მიღებულ ნათელს, მისი ნათელი და ხსნის საოცარი ძალა იბრწყინებს მათთვის, ვინც გულს გაუხსნის ამას. იესომ თქვა: „მე ნათელი მოვედი სოფელში”23

ქრისტეზე საუბრის სურვილის გაღვიძება

არაფერი არ აღვიძებს ჩემში იმაზე დიდ სურვილს, ვისაუბრო ქრისტეზე როგორც მისი დაბრუნების წარმოდგენა. რადგან არ ვიცით, როდის დაბრუნდება უფალი, მის დაბრუნებასთან დაკავშირებული მოვლენები სულისშემკვრელი იქნება! იგი მოვა ზეციურ ღრუბლებში, მთელი დიდებითა და სიდიადით, თავის წმინდა ანგელოზებთან ერთად. არა მხოლოდ რამდენიმე ანგელოზთან ერთად, არამედ ყველა თავის ანგელოზთან ერთად. ეს რაფაელის წითელლოყებიანი ქერუბიმები არ არიან, რომლებსაც ვალენტინობის ბარათებზე ვხედავთ. ესენი არიან საუკუნეების ანგელოზები, ანგელოზები, რომლებიც გამოაგზავნეს ლომთა ხახის დასახურად,24 საპყრობილის კარის გასაღებად,25 უფლის დიდი ხნის ნანატრი დაბადების გამოსაცხადებლად,26 მის სანუგეშოდ გეთსიმანიაში,27 მისი ამაღლების დროს მოწაფეების დასაიმედებლად28 და სახარების დიდებული აღდგენის დასაწყებად.29

გამოსახულება
მეორედ მოსვლა

შეგიძლიათ, წარმოიდგინოთ, რომ აგიტაცებენ მის შესახვედრად საბურველის ერთ ან მეორე მხარეს?30 ეს მართალთა დაპირებაა. ეს საოცარი გამოცდილება სამუდამოდ ჩაიბეჭდება ჩვენს სულში.

რაოდენ მადლიერნი ვართ ჩვენი საყვარელი წინასწარმეტყველის, პრეზიდენტ რასელ მ. ნელსონისთვის, რომელმაც გაგვიძლიერა სურვილი, გვიყვარდეს მხსნელი და განვაცხადოთ მისი ღვთიურობა. მე ვარ თვითმხილველი იმისა, რომ მას უფლის ხელი ადევს და რომ მისი გზამკლევი გამოცხადებაა. პრეზიდენტო ნელსონ, მოუთმენლად ველით თქვენს რჩევას.

ჩემო ძვირფასო მეგობრებო მთელს მსოფლიოში, მოდით, ვისაუბროთ ქრისტეზე და გვახსოვდეს მისი დიდებული დაპირება: „ვინც მე მაღიარებს ადამიანთა წინაშე, იმას მეც ვაღიარებ ჩემი ზეციური მამის წინაშე“.31 მე ვმოწმობ, რომ იგი არის ძე ღვთისა. იესო ქრისტეს სახელით, ამინ.

შენიშვნები

  1. იოანე 14:6.

  2. მათე 11:28.

  3. See Niztan Peri-Rotem, “Religion and Fertility in Western Europe: Trends across Cohorts in Britain, France and the Netherlands,” European Journal of Population, May 2016, 231–65, ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC4875064.

  4. ამერიკელთა სამოცდახუთი პროცენტი გამოკითხვისას ამბობს, რომ არიან ქრისტიანები, ეს ბოლო ათი წლის მანძლზე 12 პროცენტით ნაკლებია. ამასობაში იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც აცხადებენ, რომ არიან ათეისტები, აგნოსტიკები ან არაფერი განსაკუთრებული, ახლა უკვე 26% შეადგენს (2009 წ. მათ რიცხვი 17% შეადგენდა). Pew Research Center, “In U.S., Decline of Christianity Continues at Rapid Pace,” Oct. 17, 2019, pewforum.org.

  5. Pew Research Center, “The Future of World Religions: Population Growth Projections, 2010–2050,” Apr. 2, 2015, www.pewforum.org/2015/04/02/main-factors-driving-population-growth/#the-potential-impact-of-religious-switching-in-china.

  6. მარკოზი 9:7; ლუკა 9:35; see also მათე 3:17; Joseph Smith—History 1:17.

  7. იხ. ფილიპელთა 2:9-11.

  8. See Russell M. Nelson, “Prophets, Leadership, and Divine Law” (worldwide devotional for young adults, Jan. 8, 2017), broadcasts.ChurchofJesusChrist.org.

  9. Russell M. Nelson, “Drawing the Power of Jesus Christ into Our Lives,” Liahona, May 2017, 40–41.

  10. მოძღვრება და აღთქმები 6:36.

  11. Russell M. Nelson, “The Correct Name of the Church,” Liahona, Nov. 2018, 88.

  12. Neil L. Andersen, “Tell Me the Stories of Jesus,” Liahona, May 2010, 108.

  13. 2 ნეფი 25:26.

  14. 2 ნეფი 25:26.

  15. Dallin H. Oaks, “Another Testament of Jesus Christ” (Brigham Young University fireside, June 6, 1993), 7, speeches.byu.edu.

  16. Dallin H. Oaks, “Witnesses of Christ,” Ensign, Nov. 1990.

  17. Russell M. Nelson, “Drawing the Power of Jesus Christ into Our Lives,” 40.

  18. See Dieter F. Uchtdorf, “Missionary Work: Sharing What Is in Your Heart,” Liahona, May 2019, 17; “I’m Trying to Be like Jesus,” Children’s Songbook, 78.

  19. მათე 5:11-12.

  20. 1 პეტრე 3:15.

  21. „მორმონის წიგნის ჩანაწერებში მწერლებმა დააფიქსირეს თავიანთი დამოწმებები ღვთის საყვარელ ძეზე საშუალოდ ყოველ 1.7 მუხლში. ისინი მოიხსენიებენ იესო ქრისტეს 101 სხვადასხვა სახელით. იმის გათვალისწინებით, რომ წმინდა წერილის მუხლი მოიცავს ერთ წინადადებას, მორმონის წიგნის მკითხველი ვერ წაიკითხავს ორ წინადადებას ისე, რომ არ შეხვდეს ქრისტეს რომელიმე სახელი. (Susan Easton Black, Finding Christ through the Book of Mormon [1987 5, 15).

    „მაშინ, როცა სიტყვები გამოისყიდა ან გამოსყიდვა მეფე იაკობის ახალი აღთქმის თარგმანში გვხვდება მხოლოდ ერთხელ, მორმონის წიგნში ისინი 35 -ჯერ არის ნახსენები. ეს, როგორც კიდევ ერთი დამოწმება იესო ქრისტეს შესახებ, ძვირფას ნათელს მოჰფენს მის გამოსყიდვას“ (რასელ მ.ნელსონი,The Atonement,” Ensign, Nov. 1996, 35).

  22. უფრო ახალგაზრდები ტოვებენ ქრისტიანების რიგებს. „1928 -1945 წწ დაბადებულთა შორის ათიდან რვა ადამიანი აცხადებს, რომ ქრისტიანები არიან, რაც 84% შეადგენს, ასევე ბეიბი ბუერების 76%. მათგან განსხვავებით მხოლოდ ნახევარი მილენიალი (49%) ამბობს, რომ ქრისტიანია; ათიდან ოთხი არ არის რელიგიური და ათიდან ერთი მილენიალი ამბობს, რომ არ არის ქრისტიანი“ (In U.S., Decline of Christianity Continues,” pewforum.org).

  23. იოანე 12:46.

  24. იხ. იოანე 6:22.

  25. იხილეთ საქმეები 5:19.

  26. იხ. ლუკა 2:2-14.

  27. იხ. ლუკა 22:42-43.

  28. იხ. საქმეები 1:9–11.

  29. მოძღვრება და აღთქმები 13; 27:12–13; 110:11–16; Joseph Smith—History 1:27–54.

  30. იხ. 1 თესალონიელთა 4:16; მოძღვრება და აღთქმები 88:96-98.

  31. მათე 10:32.

ამობეჭდვა