გენერალური კონფერენცია
გამოცდა გავლილი, დამტკიცებული და გასალაშინებული
2020 წ. ოქტომბრის გენერალური კონფერენცია


გამოცდა გავლილი, დამტკიცებული და გასალაშინებული

ყველაზე დიდი დალოცვა, რომელიც მოვა, როცა დავამტკიცებთ, რომ სირთულეების დროს ვრჩებით ერთგულნი ჩვენი აღთქმებისა, იქნება ჩვენი ბუნების შეცვლა.

ჩემო ძვირფასო დებო და ძმებო, მადლიერი ვარ ამ შესაძლებლობისთვის, სიტყვით მოგმართოთ. იმედია, შევძლებ თქვენს გამხნევებას იმ დროს, როცა ცხოვრება განსაკუთრებით რთული და გაურკვეველია. ზოგიერთი თქვენგანისთვის ეს დრო ახლა დადგა. თუ არა და მომავალში დაგიდგებათ.

ეს არ არის პესიმისტური შეხედულება. ეს რეალობაა, მაგრამ მაინც ოპტიმისტური, ღვთის მიერ ამ სამყაროს შექმნის მიზნის გამო. მიზანი იყო, მიეცა თავისი შვილებისთვის შესაძლებლობა, დაემტკიცებინათ, რომ შეუძლიათ და სურთ კიდევაც სწორი არჩევანის გაკეთება მძიმე პერიოდში. ასე რომ მოქცეულიყვნენ, მათი ბუნება შეიცვლებოდა და ისინი უფრო დაემსგავსებოდნენ უფალს. მან იცოდა, რომ საამისოდ აუცილებელი იქნებოდა მისი ურყევი რწმენა.

ჩემი ცოდნის უდიდესი წილი ჩემივე ოჯახიდან მოდის. როცა დაახლოებით რვა წლის ვიყავი, ბრძენმა დედამ გვთხოვა მე და ჩემს ძმას, სახლის უკან ბაღში მასთან ერთად სარეველა გაგვეგლიჯა. ეს თითქოს უბრალო დავალებაა, მაგრამ ჩვენ ნიუ-ჯერსიში ვცხოვრობდით. იქ ხშირად წვიმდა. მიწა მძიმე თიხას წარმოადგენდა. სარეველა ბოსტნეულზე მალე იზრდებოდა.

მახსოვს, როგორი იმედგაცრუებული ვიყავი, როცა სარეველა წყდებოდა და ხელში მრჩებოდა, მისი ფესვები კი მძიმე ნიადაგში რჩებოდა. დედა და ძმა მალე ჩემზე ბევრად უფრო წინ წავიდნენ რიგებში. რაც უფრო მეტ ძალისხმევას ვიჩენდი, მით უფრო უკან ვრჩებოდი.

„ეს ძალიან ძნელია“! დავიყვირე მე.

იმის ნაცვლად, რომ დედას შევცოდებოდი, მან გამიღიმა და თქვა: „რა თქმა უნდა ძნელია, ჰალ. მაგრამ ასეც უნდა იყოს. ცხოვრება გამოცდაა“.

იმ მომენტში ვიცოდი, რომ მისი სიტყვები ჭეშმარიტი იყო და მუდამ ჭეშმარიტი იქნებოდა მომავალშიც.

დედაჩემის სიყვარულით სავსე ღიმილის მიზეზი წლების შემდეგ გახდა ნათელი, როცა წავიკითხე მამაზეციერისა და მისი საყვარელი ძის სიტყვები ამ სამყაროს შექმნის მიზნის შესახებ, რათა მიეცათ სულიერი შვილებისთვის საშუალება, ეცხოვრათ მიწიერი ცხოვრებით.

„და ჩვენ მათ გამოვცდით, რათა ვნახოთ, შეასრულებენ თუ არა ისინი ყველაფერს, რასათ უფალი, მათი ღმერთი, უბრძანებს მათ;

„და ისინი, ვინც შეინარჩუნებენ თავიანთ საწყის მდგომარეობას, მიემატებიან; და ისინი, ვინც ვერ შეინარჩუნებენ თავიანთ საწყის მდგომარეობას, ვერ იქონიებენ დიდებას იმავე სასუფეველში მათთან, ვინც შეინარჩუნა საწყისი მდგომარეობა; და ისინი, ვინც შეინარჩუნებენ მეორე მდგომარეობას, მათ თავს დიდება შეემატება მარადის“.1

მე და თქვენ მივიღეთ ეს მოწვევა, გავიაროთ გამოცდა და დავამტკიცოთ, რომ გავაკეთებდით არჩევანს, დაგვეცვა ღვთის მცნებები, როცა აღარ ვიქნებოდით მამაზეციერის გარემოცვაში.

მამაზეციერისგან ასეთი მოსიყვარულე მოწვევითაც კი ლუციფერმა დაარწმუნა სულების ერთი მესამედი, მიჰყოლოდნენ მას და უარი ეთქვათ ჩვენი ზრდისა და მარადიული ბედნიერების მამის გეგმაზე. სატანის ჯანყის გამო იგი განდევნილ იქნა ზეციდან თავის მიმდევრებთან ერთად. ახლა იგი ცდილობს, რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩამოაშოროს ღმერთს ამ მიწიერ ცხოვრებაში.

ჩვენ, ვინც მივიღეთ ის გეგმა, ასე მოვიქეცით ჩვენი იესო ქრისტეს რწმენის გამო, რომელმაც შემოგვთავაზა, გამხდარიყო ჩვენი მხსნელი და გამომსყიდველი. ალბათ მაშინ გვწამდა, რომ რა მიწიერი სისუსტის წინაშეც არ უნდა აღმოვჩენილიყავით და რა ბოროტი ძალებიც არ უნდა აღმდგარ იყვნენ ჩვენ წინააღმდეგ, სიკეთის ძალები გაცილებით უფრო დიდი იქნებოდა.

მამაზეციერი და იესო ქრისტე გვიცნობენ და ჩვენ მათ ვუყვარვართ. მათ სურთ, დაუბრუნდეთ მათ და დაემსგავსოთ მათ. თქვენი წარმატება მათი წარმატებაა. თქვენ გიგრძვნიათ ეს სიყვარული სულიწმინდის დადასტურებით, როცა წაგიკითხავთ ან მოგისმენიათ ეს სიტყვები: „რამეთუ ეს არის ჩემი საქმე და დიდება - მოვავლინო ადამიანთა უკვდავება და მარადიული ცხოვრება“?2

ღმერთს აქვს ძალა, შეგვიმსუბუქოს გზა. იგი ისრაელის შვილებს მანანს აჭმევდა გზად აღთქმული მიწისკენ. უფალი მიწიერი მსახურების დროს კურნავდა ავადმყოფთ, მკვდრეთით აღადგენდა და ზღვაში ქარიშხალს აწყნარებდა. თავისი აღდგომის შემდეგ მან გაუხსნა „ციხის კარი მათ, ვინც შებოჭილნი იყვნენ“.3

და მიუხედავად ამისა, წინასწარმეტყველი ჯოზეფ სმითი, ერთ-ერთი ყველაზე დიდი მის წინასწარმეტყველთა შორის, იტანჯებოდა ციხეში და მას ასწავლეს გაკვეთილი, რომელიც ყველასთვის სასარგებლოა და გვჭირდება ჩვენი რწმენის გამოცდის განმეორებითი გამოცდების დროს. „ორმოში ან მკვლელთა ხელში თუ ჩაგაგდებენ და სიკვიდილის სასჯელს მოგისჯიან; თუ ჩაგაგდებენ ღრმაწყლისეულში და აზვირთული ტაღლები წამოვლენ შენ წინააღმდეგ, მძვინვარე ქარები თუ გახდება შენი მტერი, ზეცა თუ მოიკუპრება ბნელეთით და ბუნების ყოველი ძალა შეიკრიბება შენთვის გზის გადასაღობად, ამ ყოველივესთან ერთად ჯოჯოხეთის ხახა შენ უკან ფართოდ თუ გაიხსნება, იცოდე, ჩემო შვილო, ყოველივე ეს შეგძენს გამოცდილებას და იქნება შენთვის სასარგებლო“.4

თქვენ გაგიჩნდებათ გონივრული კითხვა: რატომ უშვებს მოსიყვარულე და ყოვლის შემძლე ღმერთი იმას, რომ ჩვენი მიწიერი გამოცდები ასეთი რთულია. იმიტომ, რომ მან იცის, რომ ჩვენ უნდა გავზარდოთ საკუთარი სულიერი სისუფთავე და მივაღწიოთ ისეთ მდგომარეობას, როცა შევძლებთ ოჯახებთან ერთად მის გარემოცვაში ცხოვრებას მარადის. იმისთვის, რომ ეს შესაძლებელი გახდეს, ზეციურმა მამამ გვიბოძა მხსნელი და ძალა, გავაკეთოთ რწმენაზე დაფუძნებული საკუთარი არჩევანი - დავიცვათ მისი მცნებები, მოვინანიოთ და მაშასადამე, მივიდეთ მასთან.

მამის ბედნიერების გეგმის ცენტრალური ნაწილია, უფრო და უფრო დავემსგავსოთ მის საყვარელ ძეს, იესო ქრისტეს. მხსნელის მაგალითი ყველაფერში ჩვენი საუკეთესო წინამძღოლია. იგი არ იყო თავისუფალი იმისგან, რომ ისიც გამოეცადათ. მან ბოლომდე გაძლო გამოცდა მამაზეციერის ყველა შვილის ნაცვლად და გადაიხადა ჩვენი ყოველი ცოდვის საფასური. მან იგრძნო ყოველი ადამიანის ტანჯვა, რომელიც ოდესმე დაბადებულა ან დაიბადება მიწიერ ცხოვრებაში.

როცა გაიფიქრებთ, რამხელა ტკივილის ატანა შეგიძლიათ, გაიხსენეთ იგი. მან აიტანა თქვენი ტანჯვა, რათა სცოდნოდა, როგორ აგამაღლოთ. შეიძლება მან ვერ მოგაცილოთ ტვირთი, მაგრამ იგი მოგცემთ ძალას, ნუგეშსა და იმედს. მან იცის ხერხი. მან შესვა მწარე თასი. მან აიტანა ყოველი ადამიანის ტანჯვა.

თქვენ გასაზრდოვებთ და განუგეშებთ მოსიყვარულე მხსნელი, რომელმაც იცის, როგორ დაგეხმაროთ ნებისმიერი გამოცდის დროს. ალმა გვასწავლიდა:

„და ის ივლის, აიტანს რა ყველანაირ ტკივილსა და ტანჯვას და ცდუნებას; და ეს ყველაფერი იმისათვის, რომ აღსრულდეს სიტყვა, რომელიც ამბობს: ის აიღებს თავის თავზე საკუთარი ხალხის ტკივილსა და ავადმყოფობას.

და ის თავის თავზე აიღებს სიკვდილს, რათა გაწყვიტოს სიკვდილის ბორკილები, რომლებითაც შებოჭილია მისი ხალხი; და ის აიღებს თავის თავზე მათ უძლურებას, რათა მისი წიაღი წყალობით აღივსოს ხორციელისამებრ, რათა მან შეიცნოს ხორციელის შესაბამისად, თუ როგორ დაეხმაროს საკუთარ ხალხს მისივე უძლურების შესაბამისად“.5

დახმარების ერთ-ერთი ხერხი იქნება ის, რომ უფალი მოგიპატიჟებთ, ყოველთვის გახსოვდეთ იგი და მიხვიდეთ მასთან. მან გაგვამხნევა:

„მოდით ჩემთან, ყოველნო მაშვრალნო და ტვირთმძიმენო, და მე მოგასვენებთ თქვენ.

„იტვირთეთ ჩემი უღელი და ისწავლეთ ჩემგან, ვინაიდან მე მშვიდი და თავმდაბალი ვარ, და ჰპოვებთ სულის სიმშვიდეს“.6

მასთან მისვლის ხერხი არის მისი სიტყვით ნადიმი, რწმენის გამოვლენა მონანიებისთვის, არჩევანი, მოინათლო და დამტკიცდე წევრად მისი უფლებამოსილი პირების მიერ და შემდეგ, დაიცვა ღმერთთან დადებული აღთქმები. იგი გიგზავნით სულიწმინდას, რათა განუგეშოთ, დაგამშვიდოთ და გაგიძღვეთ წინ.

როცა ვცხოვრობთ ისე, რომ სულიწმინდის ძღვენის ღირსნი ვართ, უფალს შეუძლია, მოგცეთ მიმართულება უსაფრთხოებისკენ მაშინაც კი, როცა გზას ვერ ხედავთ. ჩემთვის მას ყველაზე ხშირად უჩვენებია ერთი ან ორი წინ გადასადგმელი ნაბიჯი. იშვიათად წამიერად უჩვენებია მას ჩემთვის შორეული მომავალი, მაგრამ ასეთი იშვიათი ხედვები მიმითითებდა, რა არჩევანი უნდა გამეკეთებინა ყოველდღიურ ცხოვრებაში.

უფალმა აგვიხსნა:

„თქვენ ამჟამად არ შეგიძლიათ, იხილოთ ბუნებრივი თვალებით თქვენი ღმერთის ჩანაფიქრი იმის შესახებ, რაც მოხდება მომავალში და დიდება, რომელიც მოვა მრავალი განსაცდელის შემდეგ.“

„ვინაიდან, მრავალი განსაცდელის შემდეგ მოვა კურთხევები. “7

ყველაზე დიდი დალოცვა, რომელიც მოვა, როცა დავამტკიცებთ, რომ სირთულეების დროს ვრჩებით ერთგულნი ჩვენი აღთქმებისა, იქნება ჩვენი ბუნების შეცვლა. ჩვენი არჩევანით - დავიცვათ აღთქმები, ჩვენში იმუშავებს იესო ქრისტეს ძალა და მისი გამოსყიდვის დალოცვა. გული მოგვილბება სიყვარულისთვის, მიტევებისთვის და იმისთვის, რომ მოვიწვიოთ სხვები, მოვიდნენ მხსნელთან. გაიზრდება ჩვენი ნდობა უფლისა. შემცირდება შიში.

მართალია, გასაჭირში დაპირებული დალოცვების მიუხედავად ჩვენ მაინც არ ვეძიებთ გასაჭირს. მიწიერი ცხოვრებისას ჩვენ საკმარისზე მეტი საშუალება გვექნება იმისთვის, რომ დავრწმუნდეთ საკუთარ ძალებში, ჩავაბაროთ გამოცდები და უფრო მეტად დავემსგავსოთ მხსნელსა და მამაზეციერს.

ამის გარდა, სხვების გასაჭირიც უნდა შევამჩნიოთ და ვეცადოთ, დავეხმაროთ მათ. ეს განსაკუთრებით რთული იქნება იმ დროს, როცა საკუთარ მტკივნეულ გამოცდებს გავდივართ. მაგრამ ჩვენ აღმოვაჩენთ, რომ როცა სხვის ტვირთს ავწევთ, ცოტათი მაინც, ჩვენ წელში ვიმართებით და სიბნელეში ნათელს ვგრძნობთ.

ამაში კი ჩვენი მაგალითი უფალია. გოლგოთაზე, ჯვარზე, მას შემდეგ, რაც უკვე ისეთი ტკივილი აიტანა, რომ ღვთის მხოლოდშობილი ძე რომ არ ყოფილიყო, მოკვდებოდა, მან შეხედა ჯალათებს და თქვა: „მიუტევე ამათ, რადგან არ იციან რას აკეთებენ“.8 მაშინ, როცა იგი იტანჯებოდა ყოველი ადამიანის ტანჯვით, რომელიც ოდესმე დაბადებულა, მან ჯვრიდან იოანესა და დამწუხრებულ დედას გადმოხედა და ემსახურა დედას მის გასაჭირში:

„იესომ დაინახა იქ მდგომი დედა და მოწაფე, რომელიც უყვარდა, და ეუბნება დედას, „ქალო, აჰა, შენი ძე „.

„მერე მოწაფეს ეუბნება: აჰა, დედაშენი“! „და მოწაფემ მაშინვე თავისთან წაიყვანა იგი“.9

ამ უწმინდეს დღეს თავისი ქმედებებით მან ნებაყოფლობით დათმო სიხოცხლე ყოველი ჩვენგანისთვის, შემოგვთავაზა რა დახმარება არა მხოლოდ ამ ცხოვრებაში, არამედ მომავალ ცხოვრებაშიც, რომელიც გველის.

მე მინახავს ადამიანები, რომლებმაც საშინელ გასაჭირში ყოფნისას ჩააბარეს ერთგულების გამოცდა და ავიდნენ დიდ სიმაღლეებზე. ჩვენ გვაქვს ამის უამრავი მაგალითი ეკლესიაში. გასაჭირის დროს ადამიანები მუხლებზე ეცემიან. თავისი ერთგული ბოლომდე გაძლებითა და მცდელობით ისინი უფრო ემსგავსებიან მხსნელსა და მამაზეციერს.

მე დედისგან სხვა გაკვეთილიც ვისწავლე. პატარაობისას მას დიფტერია ჰქონდა და კინაღამ მოკვდა. მერე მენინგიტი დაემართა. მამა ადრე გარდაეცვალა და ამიტომ დედაჩემი და თავისი ძმა დედას ფინანსურად ეხმარებოდნენ.

მთელი ცხოვრება მას ავადმყოფობასთან დაკავშირებული სირთულეები მოსდევდა. ცხოვრების ბოლო 10 წლის მანძილზე მას მრავალი ოპერაცია დასჭირდა. მაგრამ მიუხედავად ყოველივე ამისა, მან უფალს ერთგულების გამოცდა ჩააბარა, მაშინაც კი, როცა ლოგინს იყო მიჯაჭვული. მისი საძინებლის კედელზე მხოლოდ ერთი სურათი ეკიდა - მხსნელის. მისი ბოლო სიტყვები სარეცელზე იყო:“ჰალ, შენი ხმა არ მომწონს, ხომ არ გაცივდი? თავს მოუარე“.

მის დაკრძალვაზე ბოლო სიტყვით გამომსვლელი უხუცესი სპენსერ ვ. კიმბალი იყო. მას შემდეგ, რაც მან მის გასაჭირზე და ერთგულებაზე ისაუბრა, მან ეს სიტყვები თქვა: „ალბათ ზოგიერთი თქვენგანი ფიქრობს, რატომ დაიტანჯა მილდრედი ასე ძალიან და ამდენ ხანს. მე გეტყვით, რატომ: იმიტომ, რომ უფალმა მისი ცოტათი მეტად გასალაშინება მოინდომა“.

მე გამოვხატავ მადლიერებას იესო ქრისტეს ეკლესიის მრავალი ერთგული წევრის მიმართ, რომლებიც მყარი რწმენით ატარებენ ტვირთს და ეხმარებიან სხვებს მათი ტვირთის ზიდვაში, როცა უფალი ეძიებს, ცოტა მეტად გაასალაშინოს ისინი. მე ასევე გამოვხატავ სიყვარულსა და აღტაცებას მომვლელებისა და ხელმძღვანელებისადმი მთელს მსოფლიოში, რომლებიც ემსახურებიან სხვებს მაშინ, როცა თავად ან მათი ოჯახები ასეთ გასალაშინების პროცესს გადიან.

მე ვმოწმობ, რომ ჩვენ მამაზეციერის შვილები ვართ და მას ვუყვარვართ. მე ვგრძნობ პრეზიდენტ რასელ მ. ნელსონის სიყვარულს ყოველი ჩვენგანის მიმართ. იგი უფლის წინასწარმეტყველია დღეს მსოფლიოში. მე ამას ვმოწმობ უფალ იესო ქრისტეს წმინდა სახელით, ამინ.

ამობეჭდვა